Accessibility links

„ერთ ტელევიზიას შეხედავ - ქვეყანა ყვავის, მეორეს შეხედავ - ქვეყანა ინგრევა, ქუჩაში გადიხარ და გაქვს მესამე საქართველო"


კორნელი კაკაჩია, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი

“პარტიები არ იტყვიან უარს პოლარიზაციასა და პოპულიზმზე, მანამ სანამ, მათ საარჩევნო წარმატება მოაქვთ”, - ასე თვლის იმ ექსპერტების უმრავლესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში. სულ 34 ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოიკითხა. მათ უნდა შეეფასებინათ პოლარიზაციისა და პოპულიზმის დონე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიამაუწყებლობებში. ექსპერტთა ზოგადი შეფასებით, მთავრობა და ოპოზიცია თანაბრად არიან პასუხისმგებლები საზოგადოებაში პოპულიზმისა და პოლარიზაციის ზრდაზე.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ პრობლემა უფრო ღრმაა და მას მხოლოს პარტიებისა და ლიდერების მოწადინება ვერ განაპირობებს:

„აშკარად ჩანს, რომ მარტო პარტიების და ლიდერების პრობლემა არ არის, არამედ ის უფრო ღრმაა. ეს ვერ მოხდებოდა, რომ იყოს მეტი რეზისტენტულობა საზოგადოების მხრიდან. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, საზოგადოება ამას იღებს და მოაქვს შედეგი. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება“.

ექსპერტების გამოკითხვაში პოპულიზმის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები ლიდერობს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე პოპულისტურ პარტიებად კი: „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლეიბორისტული პარტია“ სახელდებიან.

კორნელი კაკაჩია მნიშვნელოვან გამოწვევად თვლის პოლიტიკური პარტიების მიერ წამყვანი ტელემაუწყებლების დღის წესრიგის განსაზღვრას:

„ერთ ტელევიზიას შეხედავ - ქვეყანა ყვავის, მეორეს შეხედავ - ქვეყანა ინგრევა, ქუჩაში გადიხარ და გაქვს მესამე საქართველო. როცა დღის წესრიგი დგება პარტიების მიერ, ხდება გამრუდება სიტუაციის, ერთი მხრიდან იქნება თუ მეორე მხრიდან. მესამე მხარე ფაქტობრივად არ არის და ეს როლი თავის დროზე უნდა აეღო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ გაამართლა თავისი ფუნქცია.

ნდობა მედიისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი არის სერიოზული პრობლემა. ამაზე უნდა მუშაობდნენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. ეს იწვევს პოლიტიკური პროცესების ეროზიას. დღეს შეიძლება ვერ ხვდებიან, მაგრამ ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს.

ერთხელ შეიძლება მოატყუო ადამიანი, მეორედ, მაგრამ მესამედ ვერ მოატყუებ. საბოლოოდ ეს ქმნის ხიდჩატეხილობის პრობლემას მედიასა და საზოგადოებას, პარტიებსა და საზოგადოებას შორის. მთლიანობაში ეს აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს“.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაპარაკობს ამომრჩევლის იმ უდიდეს ნაწილზე, რომელიც თვლის, რომ მის ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს:

„მივდივართ იქამდე, რომ რეალურად გადაუწყვეტელი ნაწილი ვერასდროს იპოვნის თავის პარტიას თუ ლიდერს, რადგან ეს ორი პოლუსი ცდილობს თეთრით და შავით განსაზღვროს ვითარება. ეს არა მარტო მომაბეზრებელია, არამედ სერიოზულად არყევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. არ შეიძლება ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებდეს ქვეყანა, ეს სადღაც უნდა გაწყდეს, ალბათ“.

პოლიტოლოგი არ მოელის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება. კორნელი კაკაჩიას აზრით, ერთი წლის შემდეგაც იქნებიან „ზუსტად იგივე აქტორები, იმავე შემადგენლობით“.

პოპულიზმს აქვს კიდევ ერთი მიზეზი - საქართველოში ყველა პარტია ცდილობს ყველა ამომრჩეველს მოერგოს:

„ერთ-ერთი პრობლემა, რაც აქვთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს არის ის, რომ არ აქვთ გამმიჯნავი ხაზები. ყველა პარტიამ უნდა აირჩიოს ასეთი ხაზები - ქალაქი-სოფელი, მდიდარი-ღარიბი და ა.შ.. ჩვენთან ყველა ცდილობს ყველას მოერგოს. ასე ვერასდროს იქნება უზრუნველყოფილი პარტიის მდგრადობა. ამ პროცესში იყენებენ ეკლესიის ავტორიტეტსაც. ზოგი წარმატებით, ზოგი წარუმატებლად და შემდეგ ხდება პროცესების გამრუდება“.

გამოკითხული ექსპერტების მსგავსად, კორნელი კაკაჩიაც ამახვილებს ყურადღებას შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების საჭიროებაზე:

„შეუცვლელი ლიდერი არ არსებობს და თუ პარტია ჯანსაღი ორგანიზმია და დემოკრატიული პროცესის მონაწილე, არ შეიძლება არ არსებობდეს შიდაპარტიული დემოკრატია, არ იყოს მეტოქეობა სხვადასხვა ლიდერს შორის და ბუნებრივია, თუ შიგნით დემოკრატიაა, ეს ითარგმნება იმაში, რომ ლიდერი იცვლება.

პოლარიზაციის გარემოში აქცენტი კეთდება პერსონებზე, რომლებიც თვითონ პოლიტიკური ლიდერები არიან და მათ მიერ დანახულ დღის წესრიგს სთავაზობენ საზოგადოებას. ეს გუშინდელი დღის წესრიგია. ხვალინდელი არ არის და ეს გადაიზრდება ამომრჩევლის არმოსვლაში“.

„დილის საუბრების“ სტუმარი დანანებით აღნიშნავს, რომ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ნაკლებად ჩანან მედიასივრცეში და არ მონაწილეობენ მიმდინარე პროცესები ანალიზში:

„ძირთადად აქცენტია მოლაპარაკე თავებზე და არა ცოდნაზე დაფუძნებულ ანალიზზე. აკადემიური სივრცის წარმომადგენლებიც არ აქტიურობენ. ისინი უნდა იყვნენ დასაყრდენი.

იგივეს ვერ ვიტყვი არასსამთავრობო სექტორზე. აკადემიური სივრცის სისუსტის ფონზე მათი ნიშა აიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ნორმალურ ქვეყანაში ეს ყველაფერი აკადემიურ სივრცეში უნდა ხდებოდეს“.

ყველა ამ გამოწვევის პირობებში, კორნელი კაკაჩია პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან წილს აკისრებს ამომრჩეველს, რომელიც კრიტიკული უნდა იყოს:

„საღი აზრი არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა ავყვეთ პოლარიზაციის აგენტებს“.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG