Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო ჩინელი ძიუდოისტები პარიზის გრან სლემს გამოტოვებენ


ძიუდოში 2020 წლის საერთაშორისო სეზონი ჩინეთის ნაკრების გარეშე გაიხსნება. 8-9 თებერვალს პარიზში ტრადიციული გრან სლემი გაიმართება. უპრესტიჟულესი ტურნირისადმი ინტერესი წლეულს კიდევ უფრო დიდია, ვიდრე წინა წლებში, რადგან, მედლების გარდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც უნდა გათამაშდეს, ასეთ დროს კი ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ჩინელი ძიუდოისტები.

კორონავირუსის რისკის შესამცირებლად, ჩინეთში საფრანგეთის საელჩომ მუშაობა 10 თებერვლამდე შეწყვიტა, რითაც ამ ქვეყნის სპორტულ დელეგაციას პარიზის ტურნირზე მოხვედრის შანსი წაართვა.

შექმნილ ვითარებას უმალ გამოეხმაურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF). მსოფლიო ძიუდოს მმართველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ სიტუაციას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება და აქტიურად თანამშრომლობს როგორც ჩინეთთან, ისე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან.

„იმედია, კრიზისის პერიოდი მალე დასრულდება და ჩინელ სპორტსმენებს ძიუდოს მსოფლიო ტურში შემავალ შეჯიბრებებში მონაწილეობის საშუალება ისევ მიეცემათ“, - დაწერა IJF-ის ოფიციალურმა ვებსაიტმა.

პარიზის გრან სლემიდან ორ კვირაში, 21-23 თებერვალს, ძიუდოისტები დიუსელდორფში შეიკრიბებიან ასევე გრან სლემზე საჭიდაოდ. გერმანიის ტურნირზე ჩინეთის ნაკრებიცაა დარეგისტრირებული, მაგრამ რეალური შანსია, ჩინელები სეზონის მეორე გრან სლემის განაცხადიდანაც ამოწერონ.

XS
SM
MD
LG