Accessibility links

კორონავირუსი: ირანისა და იტალიის მდგომარეობა დამაფიქრებელია საქართველოსთვის


კორონავირუსით შეშინებული საქართველოს მოქალაქეების საგანგებო ყურადღება, ჩინეთის შემდეგ, მიპყრობილია ირანისკენ და იტალიისკენ. ეს ორი ქვეყანა ამ ეტაპზე მსოფლიოს თავსატეხადაც არის ქცეული - ირანი, სადაც დიდია ვირუსის გავრცელების რისკები და მწირია შემაკავებელი მექანიზმები და იტალია, რომელიც არა მხოლოდ ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. იტალიისკენ საქართველოს საგანგებო ყურადღება იმის გამოც არის მიპყრობილი, რომ იქ ბევრი ემიგრანტია საქართველოდან.

რა მდგომარეობაა ირანსა და იტალიაში? როგორია საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკა ამ ქვეყნებთან მიმართებით? რამდენად დაცული არიან ირანსა და იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები? რით ეხმარება მათ საქართველოს სახელმწიფო?

ირანი

კავკასიის უნივერსიტეტის 15-კაციანი ჯგუფი, რომელიც ირანში საერთაშორისო ორგანიზაციის ღონისძიების ფარგლებში იყო მიწვეული, საქართველოში დაბრუნების გზებს ბოლო რამდენიმე დღეა ეძებს. დაბრუნების გეგმა მას შემდეგ აირია, რაც კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველომ ირანთან საჰაერო ფრენები შეწყვიტა.

„წამოსვლა თავიდან 27 თებერვლისთვის გვქონდა დაგეგმილი. თუმცა, ბოლო ღონისძიება გუშინ (25 თებერვალს) გაიმართა და პრინციპში, დღეს (26 თებერვალს) უკვე შეგვეძლო წამოსვლა, საშუალება რომ ყოფილიყო... დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს ირანში. შეგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი არაფერი შეეძლოთ და ისევ მასპინძლების დახმარებით, სავარაუდოდ, სპეცრეისით გადმოვფრინდებით ბაქოში და შემდეგ - საქართველოში“- ეუბნება რადიო თავისუფლებას კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი.

  • „საელჩო ხაზზეა მუდმივად. არ მინდა, რომ დავადანაშაულო... რაც შეუძლიათ, სავარაუდოდ - აკეთებენ“;
  • „ვიცი, რომ მაგალითად ერთ ადამიანს საელჩო დაეხმარა, რომ ტაქსით წამოსულიყო თეირანიდან თბილისში“.

მანამდე, 23 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ირანში საქართველოს ელჩმა მათ ჯგუფს საქართველოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნება ურჩია.

„მან შემოგვთავაზა მარშრუტი, რომ ჩავიდეთ ჩვენით აზერბაიჯანის საზღვრამდე და იქიდან შემდეგ უკვე გადმოვფრინდეთ საქართველოში... ახლა ვარკვევთ, თუ არსებობს უფრო ადვილი გზა საქართველოში დასაბრუნებლად“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა - რამდენად ხშირად მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ირანში, რა გზებს სთავაზობს დიპლომატიური წარმომადგენლობა მათ და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა სპეცრეისების დანიშვნასთან დაკავშირებით?

მცდელობის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხები ამ და სხვა შეკითხვებზე და უწყების დახმარებით, დაკავშირება ვერც ირანში მოქმედ საქართველოს საელჩოსთან მოხერხდა.

ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 23 თებერვალს გამოაქვეყნა. გადაწყვეტილება ეფუძნება მოცემულობას, რომ „ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში“.

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ირანში ეპიდაფეთქების რისკი საკმაოდ მაღალია“;
  • ასევე მისი თქმით, შესაძლებელია, კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოსთვის ირანი უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიდრე ჩინეთი.

მთავრობის 23 თებერვლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება“, ხოლო მათ, ვისაც ირანში ყოფნისას შეექმნებოდათ პრობლემა, მთავრობა საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევდა.

ჯერჯერობით, ისევ შესაძლებელია სახმელეთო გადაადგილება, თუმცა, ვითარების დამძიმების შემთხვევაში, შესაძლებელია ეს გზაც ჩაიკეტოს. ვითარება კი, სულაც არ არის დამაიმედებელი.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) 26 თებერვლის ინფორმაციით, ირანში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 95-ს შეადგენს;
  • სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 15-ს უტოლდება.

სხვა ინფორმაციით, ირანში უკვე დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების - 139 და გარდაცვალების 19 შემთხვევა.

კავკასიის უნივერსიტეტის ჯგუფის წევრები ამჟამად კუნძულ ქიშზე იმყოფებიან და უსაფრთხოდ არიან, რადგან იქ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი. შესაბამისად, არც პანიკა და შიში იგრძნობა. თუმცა მზარდი მაჩვენებლები უკვე აშინებთ ირანელებს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში.

  • ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა ლოცვა და საჯარო ღონისძიებები;
  • დაიხურა უნივერსიტეტები და სკოლები;
  • ირანელებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ;
  • 25 თებერვალს კორონავირუსი დაუდგინდა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს - ირაჯ ჰარირჩის, რომელმაც 24 თებერვალს პრესკონფერენცია ჩაატარა.

ირანის ხელისუფლება ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. თუმცა ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სიმშვიდისთვის საფუძველი არა აქვთ - ხელისუფლების ქმედებებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და ჯანდაცვის სუსტი სისტემის პირობებში.

მედიაში ისმის ვარაუდი იმის შესახებაც, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ვერ შეძლებს ვირუსის შეკავებას და ასევე, დახურული სისტემიდან ძნელი იქნება რეალური სტატისტიკის მიღებაც.

იტალია

26 თებერვლის მონაცემებით იტალიაში:

  • ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 330-ზე მეტია (ბოლო სამ დღეში შემთხვევების რიცხვი გაორმაგდა);
  • 11 შემთხვევა პაციენტის სიკვდილით დასრულდა (ეს მაჩვენებელი 25 თებერვალს 6 იყო).

იტალია თავის ტკივილად იქცა და არა მხოლოდ ევროპისთვის: ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ძალიან სწრაფი ზრდა და ასევე, იტალიიდან გავრცელდა ვირუსი სხვა ქვეყნებშიც.

  • ავსტრიაში, ხორვატიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გამოვლენილი შემთხვევები მოიცავს პირებს, რომლებიც ახლო წარსულში სტუმრობდნენ იტალიას;
  • 26 თებერვალს დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა საბერძნეთში - პაციენტმა ახლახან იმოგზაურა იტალიაში;
  • ალჟირში კორონავირუსი გამოუვლინდა იტალიის მოქალაქეს;
  • ბრაზილიაში კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელმაც ახლახან იმოგზაურა იტალიაში.

ასეთი ვითარების მიუხედავად, იტალიასთან მიმოსვლის თავისუფლება არ შეზღუდეს: საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ. ამ შეზღუდვას არც ევროკომისია ეთანხმება.

ჯერჯერობით იტალიასთან საჰაერო მიმოსვლა არც საქართველოს შეუზღუდავს და შესაბამისად, ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდა, ხელს ამაში არაფერი უშლის.

თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში თერმოსკრინინგი და შემოწმება უკვე უტარდებათ იტალიიდან საჰაერო გზით შემოსულ მგზავრებს.

ამ ეტაპზე კორონავირუსის სახიფათო გავრცელების არეალებად მიიჩნევა იტალიის შემდეგი რეგიონები:

  • ლაციო - დედაქალაქია რომი;​
  • ლომბარდია - დედაქალაქია მილანი;​
  • ვენეტო - დედაქალაქია ვენეცია;
  • პიემონტი - დედაქალაქია ტურინი;​
  • ემილია-რომანია - დედაქალაქია ბოლონია.

სოციალურ ქსელებში და მედიაში მრავლად არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიაში გარკვეული პანიკა შეინიშნება. ხალხი წუხს, რომ აფთიაქებში ნიღბების შეძენა თითქმის შეუძლებელია. უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყანა უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებზეა გადასული:

  • შეწყვეტილია სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში;
  • დახურულია მუზეუმები და კინოთეატრები;
  • არ ტარდება მასობრივი საეკლესიო რიტუალები;
  • გადადებულია სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

იტალიაში მოქმედი საქართველოს საელჩო ავრცელებს იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, რომ მოქალაქეებმა „თვითნებურად არ მიმართონ ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს რესპირატორული სიმპტომების დროს (სურდო, ხველა, სიცხე)“. ირკვევა, რომ თავდაპირველად საჭიროა ტელეფონით დაკავშირება. განცხადებაში მოცემულია საჭირო სატელეფონო ნომრები.

საქართველოს საელჩომ ჯერ კიდევ 23 თებერვალს გააფრთხილა იტალიაში მცხოვრები და ტურისტად მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომ „გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები“; ამასთან, „განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან“ და „დაიცვან ჰიგიენური წესები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG