Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი vs. ეკლესია


მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესმა კიდევ ერთხელ შთაბერა სული ათასწლოვან დავას ქრისტიანულ სამყაროში.

მართლმადიდებელმა მღვდელმა საერთო კოვზი უნდა გამოიყენოს ზიარებისას თუ არა?

ამ საკითხის გარშემო დისკუსია გამწვავდა მას შემდეგ, რაც ვირუსულმა დაავადება COVID-19-მა, რომელიც ჩინეთში გაჩნდა დეკემბერში, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიცვა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა.

ამის გამო რელიგიური დაწესებულებები მთელ მსოფლიოში იძულებული არიან, დროებით ცვლილებები შეიტანონ ღვთისმსახურებაში, რომელიც, სპეციალისტთა აზრით, დაავადების გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

ამ რელიგიურ პრაქტიკათა შორისაა, მაგალითად, წირვაზე დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრა, სხვა მორწმუნეებთან გადახვევა მშვიდობის ნიშნად, ჯვრებისა და ხატების კოცნა ან ზიარების რიტუალი, რომელიც მორწმუნეთა მიერ მღვდლის ხელიდან პურისა და ღვინის მიღებას ითვალისწინებს.

იტალიაში, სადაც ამჟამად ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული საკარანტინო ზომები და ხალხს სახლების დატოვება ეკრძალება, ვატიკანმა დროებით გააუქმა საეკლესიო ღონისძიებები კათოლიკური აღდგომისთვის, რომელიც წელს 12 აპრილსაა.

იტალიაში ზოგიერთ კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია იმოქმედოს, მაგრამ აკრძალულია მასობრივი შეკრებები. მორწმუნეებს ნება ეძლევათ, ინდივიდუალური წესით ილოცონ.

იტალიაში ჩინეთის შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარებაა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. 16 მარტისთვის ქვეყანაში აღრიცხული იყო 30 ათასი ინფიცირებული. COVID-19-ით გარდაცვლილია 2158.

მაგრამ კორონავირუსის მიმართ ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიები. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთში, სადაც მსოფლიოს მართლმადიდებელთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა 14 მარტს რუსეთის ტელევიზიით განაცხადა: „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არც ეკლესიებს დავხურავთ და არც წირვას გავაუქმებთ [კორონავირუსის გამო].“

თუმცა ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი თანახმაა, რომ პანდემიის პირობებში დაცულ იქნეს მორწმუნეთა უსაფრთხოებისკენ მიმართული ზომები, რათა მათ კორონავირუსი არ შეეყაროთ.

უკრაინის მეტოქე მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მორწმუნეებს მოუწოდეს, ჯვრებსა და ხატებს სანამ აკოცებენ, მათ დეზინფექცია გაუკეთონ. ისინი მრევლს ასევე მოუწოდებენ, თავი შეიკავონ წმინდა რელიკვიების შეხებისა და კოცნისგან, რაც ჩვეულებრივ პირობებში ნორმალური პრაქტიკაა.

საქართველოსა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიები უფრო კონსერვატიულ გზას ადგანან.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების აზრით, საერთო კოვზით იქმნება მრევლის მიერ სახიფათო ვირუსის გავრცელების საფრთხე.

საქმე ეხება პირველ რიგში ზიარების საიდუმლოს, რიტუალს, რომლის დროსაც საერთო კოვზი გამოიყენება მორწმუნეებისთვის ნაკურთხი ღვინის მისაწოდებლად.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების აზრით, ამით იქმნება მრევლის მიერ სახიფათო ვირუსის გავრცელების საფრთხე.


„აიღეთ და კოვზით მიირთვით“

ევქარისტია ანუ ზიარება, როგორც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანობის, ისე კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალია.

ამ ცერემონიის დროს მღვდელი პურსა და ღვინოს აკურთხებს და შემდეგ მრევლს უნაწილებს.
კათოლიკური ეკლესიის წირვების უმრავლესობის დროს მორწმუნეები საერთო ბარძიმიდან წრუპავენ ღვინოს.

აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში მღვდელი მორწმუნეებს რიტუალური კოვზით უდებს პირში ღვინოში ჩამბალ პურს.

ისტორიკოსებს თუ ვენდობით, კოვზის ტრადიცია VII საუკუნეში გაჩნდა ბიზანტიაში და XI საუკუნისთვის აღმოსავლეთის საქრისტიანოში ნორმად ქცეულა.

ჰუმბერტის თანახმად, საიდუმლო სერობისას ქრისტეს არ უთქვამს თავისი მოწაფეებისთვის: „აიღეთ და კოვზით მიირთვით“.

დაავადების გამავრცელებლები?

თითქმის ათასი წლის შემდეგ საერთო კოვზის მოწინააღმდეგეებს შეემატნენ სამედიცინო სფეროს მუშაკები, რომლებიც შიშობენ, რომ ეს რიტუალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ და რუსეთმა აკრძალეს მასობრივი ღონისძიებები, არცერთს არ აუკრძალავს რელიგიური შეკრებები და გადაწყვეტილების მიღება ეკლესიის ხელმძღვანელებს მიანდეს.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 12 მარტს მრევლს მოუწოდა, სიფრთხილე დაიცვან წირვის დროს. სიფრთხილის ზომები გულისხმობს ჯვრებისა და ხატების დეზინფექციას კოცნის ან ხელით შეხების წინ. მორწმუნეებს ასევე შეუძლიათ, ეკლესიაში საკუთარი ჭიქები მიიტანონ ზიარებისთვის.

„ჩვენი აზრით, არავითარი ვირუსული დაავადების გადადება არ შეიძლება ზიარების გზით“, განაცხადა 7 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა ილარიონმა. „მაგრამ თუკი საქმე ეხება [ხელისუფლების მხრიდან] სავალდებულო აკრძალვებსა და რეკომენდაციებს, მაშინ ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებულ იქნება ერთჯერადი კოვზები“, დასძინა მან.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების მიერ ყაზანში, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, მრევლის წევრები საერთო კოვზს იყენებენ.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკუაგდო მოწოდებები, შეჩერებულიყო ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენება.

ეკლესიის მესვეურები მოსკოველ მიტროპოლიტ ილარიონის მსგავსად აცხადებენ, რომ შეუძლებელია კორონავირუსით ინფიცირება, ვინაიდან კოვზს ნაკურთხ ღვინოში დებენ.

ზოგი ამბობს, რომ რიტუალისთვის გამოყენებულ ღვინოს მეტაფიზიკური თვისებები აქვს და შეუძლებელია დაავადებას ავრცელებდეს.

რუსეთის, ბელარუსისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები ასევე აცხადებენ, რომ სარიტუალო ღვინო ალკოჰოლს შეიცავს და დაავადებას კლავს.

მაგრამ სამედიცინო სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

მათი თქმით, ყველაზე მაგარი ღვინოც კი მაქსიმუმ 20% ალკოჰოლს შეიცავს. ღვინოების უმრავლესობა კი - დაახლოებით 12%-ს.

ეკლესიის მესვეურები აცხადებენ, რომ შეუძლებელია კორონავირუსით ინფიცირება, ვინაიდან კოვზს ნაკურთხ ღვინოში დებენ.

როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, ეთილის ალკოჰოლს, რომელსაც შეიცავს ალკოჰოლური სასმელები, მართლაც შეუძლია ნაკლებად აგრესიული ვირუსების მოსპობა. მაგრამ სასმელში ალკოჰოლის კონცენტრაცია 60-80% უნდა იყოს, რომ დაავადებას მოერიოს.

მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არგუმენტისა ღვინის მეტაფიზიკური თვისებების თაობაზე, საპატრიარქომ 14 მარტს გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა იმ ხატებისა და ჯვრების დეზინფექცია მოახდინოს, რომლებსაც მორწმუნეები ემთხვევიან.

გამოცხადდა ასევე, რომ დროებით დაშვებულია საკუთარი ჭიქის მიტანა ზაიარების მისაღებად: „რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით“. დაავადებულ მორწმუნეებს მოუწოდებენ, ეკლესიაში არ მივიდნენ და მათ სახლში ზიარებას სთავაზობენ.

ქართული, რუმინული, ბერძნული, ბულგარული მართლმადიდებლების ერთობა

მართალია, ზოგი მორწმუნე იყენებს საკუთარ ჭიქას, მაგრამ ქართველი მღვდლები კვლავაც საერთო კოვზით უნაწილებენ მათში სასმელს.

ამავე დროს, ბევრი ქართველი მართლმადიდებელი ძველებურად, პირდაპირ საერთო კოვზით იღებს ზიარებას.

რუმინეთში მართლმადიდებელმა ეკლესიამ „განსაკუთრებული ზომები“ გამოაცხადა კორონავირუსის დასაძლევად. მორწმუნეებს ურჩიეს, რომ „გამონაკლისის სახით შეუძლიათ სთხოვონ მღვდელს საკუთარი კოვზით ზიარების უფლება“.

კოვზის შესახებ დავაში ჩაერია საბერძნეთის საავადმყოფოების ექიმთა კავშირიც. ის აფრთხილებს მორწმუნეებს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცემულ აკრძალვებს ყველა უნდა დაემორჩილოს „რელიგიური, რიტუალური თუ მეტაფიზიკური მიზეზებისგან“ დამოუკიდებლად.

მაგრამ საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკუაგდო ექიმების რჩევა. მათ იგივე არგუმენტები აქვთ, რაც სხვა ტრადიციონალისტებს აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.

ეს არის სრულიად მიუღებელი განცხადება, რომელიც შუასაუკუნეობრივი დემენციის ზღვარზეა.
ლუბომირ ალამანოვი

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანახმად, ზიარების კოვზით მორწმუნის პირში ღვინის ჩაწვეთებამ „შეუძლებელია დაავადების გავრცელება გამოიწვიოს“.

მან ზიარებას უწოდა „სიყვარულის აქტი“, რომელიც თრგუნავს შიშს და პირობა დადო, რომ განაგრძობს ზიარების ტრადიციული წესით ჩატარებას „იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენ ვეზიარებით სიცოცხლეს და უკვდავებას“.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის მიმდევრებს არწმუნებს, რომ ნაკურთხი ღვინო უვნებელია.

„წმიდა საიდუმლოებანი ვერ იქნება ინფექციის ან რამე სხვა დაავადების გადამტანი“, წერს მართლმადიდებელი პატრიარქი ნეოფიტე ბულგარელ სასულიერო პირთა და მორწმუნეთა მიმართ ეპისტოლეში.

ბევრნი მწვავედ აკრიტიკებენ ამ ეპისტოლეს. ერთ-ერთი მათგანია კონსულტანტი საზოგადოებრივი ურთიერთობების საკითხებში, ლუბომირ ალამანოვი.

„ეს არის სრულიად მიუღებელი განცხადება, რომელიც შუასაუკუნეობრივი დემენციის ზღვარზეა და გამოხატავს ფინანსური დანაკარგების შიშით გამოწვეულ უკმაყოფილებას“, დაწერა ალამანოვმა ფეისბუკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG