Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონა - "კედელი" პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის


საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოში COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებიან, რომ კორონავირუსმა მათ უკვე შეუქმნა მნიშვნელოვანი პრობლემები ამომრჩევლებთან სრულფასოვნად ურთიერთობის კუთხით; ხოლო მზარდი სტატისტიკის ფონზე, ყველაფერი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

ხელის ჩამორთმევა, კოცნა, ჩახუტება, ახლო დისტანციაზე საუბარი - ყოველთვის იყო წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი. კორონავირუსის მიერ დაწესებულმა აკრძალვებმა ბევრი რამ შეცვალა როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვისაც.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „ამომრჩევლების ერთ ნაწილს სწყინს კიდეც, როცა მათთან შეხვედრის დროს დისტანციის დაცვას ცდილობ“.

ლაშა ჩხარტიშვილის დაკვირვებით, ამომრჩევლები სამ კატეგორიად იყოფიან:

  • ვინც არ აღიარებს საფრთხეებს, არ ეშინია კორონავირუსის და ზედმეტად მჭიდრო კონტაქტის მომხრეა;
  • ვისაც ისე ეშინია, რომ ყველა წესის დაცვის პირობებშიც კი, შეხვედრებზე მოსვლისგან იკავებს თავს;
  • ვინც იცავს რეგულაციებს, უკეთია პირბადე, იცავს დისტანციას და შეხვედრებშიც მონაწილეობს.

„ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომელიც არის ზომიერი და ადეკვატური - იქნება ეს პირბადის ტარება თუ სოციალური დისტანციის დაცვა. ვერიდებით შეხვედრებს დახურულ სივრცეებში, რაც გონივრულად მიგვაჩნია, ხელისუფლების მიერ უწინ დაწესებული აკრძალვებისგან განსხვავებით, როცა, მაგალითად, ერთი ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ ერთი ავტომობილით მგზავრობა“, - გვეუბნება ჩხარტიშვილი.

ჯანდაცვის სტრუქტურების მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სავალდებულო არ არის პოლიტიკური პარტიებისთვის. თუმცა ცესკოს მიერ 2020 წლის არჩევნებისთვის შემუშავებულ დოკუმენტში - პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსში კორონავირუსთან დაკავშირებული ჩანაწერიც გვხვდება:

თითოეული ამომრჩევლის, ჩვენი აქტივისტების და მხარდამჭერების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ზედმიწევნით დავიცავთ სოციალურ დისტანციას და კორონავირუსის (Covid19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს.

კორონავირუსთან დაკავშირებით ცესკოს გამოცემული აქვს არაერთი საგანგებო დადგენილება - ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით. მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები განსაზღვრულია უშუალოდ კენჭისყრის დღისთვისაც.

უსაფრთხოების რეგულაციებს მაქსიმალურად ვიცავთ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი, - „ვცდილობთ, რომ შეხვედრები მაქსიმუმ 10-12 ადამიანის მონაწილეობით გავმართოთ და ამ ფარგლებს არ გავცდეთ... ყოველთვის გვაქვს ნიღბები მათთვის, ვისაც წამოღება დაავიწყდება. ყოველთვის გვაქვს სადეზინფექციო ხსნარებიც“.

ანა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიაში პირველად არის ჩართული და შედარებებს ვერ აკეთებს, მაგრამ ხედავს, რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის კოვიდმა შუშის კედელი აღმართა:

  • „ხვდები ამომრჩეველს, უხსნი შენს სათქმელს და გინდა, ხელი ჩამოართვა, გულითადად ესაუბრო... მაგრამ ამ პირბადეების გამო ერთმანეთის სახეებსაც ვერ ვხედავთ, იკარგება ემოცია, ბევრი რამ და რთულდება ყველაფერი“;
  • „კარგი და ეფექტურია, როდესაც კანდიდატები დადიან ხალხმრავალ ადგილებში - ბაზარში თუ პარკებში, მაგრამ ამ შესაძლებლობას ფაქტობრივად მოკლებული ვართ, რადგან ვერიდებით ხალხმრავლობას ადამიანების ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით“.

„ამ არჩევნებისთვის ვერ ვიყენებთ ჩვენი ტრადიციული საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობების დაახლოებით 60%-ს.. ძალიან ბევრ ხალხმრავალ შეხვედრას ვატარებდით ხოლმე, როგორც წესი. ახლა ვაწყობთ ძირითადად 100-200-კაციან შეხვედრებს...

დიდი შეხვედრა გვქონდა ახლახან გლდანში, ნიკა მელიას მხარდასაჭერად და ისიც დიდი სიფრთხილით. პირბადეები დავარიგეთ, ტარდებოდა დეზინფექცია შესასვლელთან“, - გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

ის ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკა ხელისუფლების არასწორი ქმედებების დამსახურებაა და მათ შორის იმისაც, რომ „სწორად არ იქნა გამოყენებული საერთაშორისო დახმარება“. ამასთან, გოცირიძე ვარაუდობს, რომ მზარდი სტატისტიკა მოსახლეობაში შიშსაც გაზრდის და ხელისუფლება შეეცდება ეს მოცემულობა სათავისოდ გამოიყენოს - „შეაშინონ ადამიანები, რათა არჩევნებზე არ მოვიდნენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები. ხოლო თვითონ გააჩნიათ ადმინისტრაციული რესურსი, ავტობუსები და თავიანთ მომხრეებს მიიყვანენ“.

12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებაში ძირითადად ოპოზიცია დაადანაშაულა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მან თქვა, რომ დარღვევები „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისასაც შეინიშნება, თუმცა ოპოზიციისას ვერც კი შეედრება:

  • ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი არის აბსოლუტურად განსხვავებული ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას“.
  • „კონკრეტული რეგულაციები პოლიტიკურ აქტივობებს არ ეხება და არ ზღუდავს, მაგრამ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული რეგულაცია და საარჩევნო პროცესის მშვიდობიან წარმართვასთან ერთად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა პრიორიტეტულია პარტიისთვის.

ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობასთან ერთად, ამ საკითხს ის „მნიშვნელოვანი მიზნის“ განუყოფელ ნაწილად განიხილავს - - „ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები ესაჭიროება და ეს ვერ მოხდება ხელისუფლების შეცვლის გარეშე... ამიტომ ვცდილობთ, რომ უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვით ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები“.

კაპანაძე გვეუბნება ასევე, რომ კორონავირუსის გამო პარტია „წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვერ იყენებს შესაძლებლობების მაქსიმუმს“ და „წელს მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ნაკლებად აქტიურობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს“, მაგრამ მას მაინც არ ჰგონია, რომ კორონავირუსის შიშის გამო ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა.

პირბადეს და სადეზინფექციო საშუალებებს განუყოფელ ატრიბუტებად ასახელებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდიაც, მაგრამ ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა მის თანაგუნდელებს ყოველთვის არ გამოსდით - „ამომრჩეველი როცა მოდის გამოწვდილი ხელით, შეუძლებელია, უარი თქვა“.

როგორც აქუბარდია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ერიდებოდნენ დახურულ სივრცეებს და ამომრჩევლებთან შეხვედრის პრობლემა ამ დრომდე არ ჰქონიათ; მაგრამ ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა სტატისტიკამ შესაძლოა დამატებითი პრობლემები შექმნას დარჩენილ ორ კვირაში - „ცხადია, გართულდება საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ რეკორდული მაჩვენებლების ფონზე“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნაკლებად მოელიან არჩევნების გადადებას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მასშტაბური აკრძალვები დაწესდეს არჩევნების შემდეგ.

მასშტაბური აკრძალვების დაწესების საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია: - „რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ არანაირი მძიმე სისტემური შეზღუდვები, სისტემური ლოკდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება“. თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი კორონავირიუსის გავრცელების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული:

„საბოლოო ჯამში, ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული; იგივე პირბადეებზეა დამოკიდებული; იგივე კერძო და საჯარო ორგანიზაციები წესებს როგორ დაიცავენ, ამაზეა დამოკიდებული და კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღეს ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ჩვენ ასეთი გეგმა არა გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG