Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყვ**ები გაქვთ ვინმეს?" - კრემლის პროპაგანდა აიჭრა


2022 წლის 11 სექტემბერი. "რასია 24-ის" წამყვანი, დმიტრი კისილიოვი იმეორებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მესიჯბოქსს და ხარკოვის რეგიონში მარცხს "გადაჯგუფებას" ეძახის.
2022 წლის 11 სექტემბერი. "რასია 24-ის" წამყვანი, დმიტრი კისილიოვი იმეორებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მესიჯბოქსს და ხარკოვის რეგიონში მარცხს "გადაჯგუფებას" ეძახის.

ვისი ბრალია? - თვეზე მეტია კითხულობენ კრემლისტური მედიასაშუალებები. ეს დაიწყო ხარკოვის ოლქის დაკარგვით, და გაგრძელდა მობილიზაციის გამოცხადებით. პროპაგანდისტები ვერც ოთხი რეგიონის ანექსიამ გაამხნევა.

სულ რაღაც ორ დღეში, რუსეთმა ჯერ დონეცკის ოლქი მიიერთა, შემდეგ კი მასში შემავალი ქალაქი, წითელი ლიმანი დაკარგა. პირველ ოქტომბერს, პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ანდრეი გურულიოვი გამოტყდა, ამ მარცხის ახსნა შეუძლებელიაო.

“ყველაფერი დაუსრულებელი ტყუილების ბრალია. ეს სისტემა მუშაობს ზემოდან ქვემოთ”, - თქვა მან, რის შემდეგაც ეთერიდან გაითიშა.

2 ოქტომბერს, ტელეკომპანია “ენტევეს“ ეთერში, პოლიტოლოგი მაქსიმ იუსინი პესიმიზმს არ მალავდა.

“არ მახსენდება მსოფლიო ისტორიაში პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოს მიუღია თავის შემადგენლობაში რეგიონები, რომლებსაც ვერ აკონტროლებს”, - თქვა იუსინმა და დაამატა: “ალბათ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, დაგვეხმარება თუ არა მობილიზაცია საბრძოლო მოქმედებების შემოტრიალებაში”.

იმავე დღეს, სახელმწიფო მედია RT-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა აღიარა, რომ რუსეთს გაუჭირდება უკრაინის დამარცხება. მისი თქმით, განრისხებული და დამწუხრებულია. “ლაჩრობა, სტრატეგიული პოზიციების მიტოვება ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად და ხელისუფლების უმოქმედობა”, - ასე ახსნა სიმონიანმა ლიმანის დაკარგვა.

იქამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსული პროპაგანდის შეფმა პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის მსვლელობა გააკრიტიკა. სამხედრო კომისრები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, ჯარში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და მეტისმეტად ასაკოვან ადამიანებს იწვევენო.

“უნდა დავასრულოთ ტყუილები მთლიანად ჩვენს ქვეყანაში: ბანკებში, სამინისტროებში, სამხედრო კომისარიატებში, ქარხნებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, მედიაორგანიზაციებში. კმარა ტყუილები”, - თქვა სიმონიანმა.

რა ხდება?

რუსულმა მედიამ გადაუხვია იმას, რასაც კრემლი და თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე ომზე ამბობენ, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიერ 2 ოქტომბერს საღამოს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში.

ერთსულოვნება დაირღვა სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ხარკოვის ოლქი გაათავისუფლა. ქალაქებიდან, იზიუმიდან და ბალაკლეიდან უკან დახევას თავდაცვის სამინისტრომ “გადაჯგუფება” უწოდა. “ენტევეს“, “როსია სევოდნიას“ და სხვა ტელეარხების ეთერში სპიკერებმა ეს ნეიტრალური შეფასება არ გაიზიარეს.

“ვინმეს მართლა სჯერა, რომ 6 თვის წინ ჩვენ დავგეგმეთ ბალაკლეის დატოვება, რომ ხარკოვთან კონტრშეტევას ვერ მოვიგერიებდით, რომ ვერ შევძლებდით ხარკოვის აღებას?” - ამბობდა 12 სექტემბერს პოლიტოლოგი ვიქტორ ოლევიჩი.

IWP წერს, რომ კრემლის ოპტიმისტური ნარატივები ომზე ბოლო დღეებში დააზარალეს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა და კერძო სამხედრო დაჯგუფების, ვაგნერის დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, რომელსაც რუსეთში “პუტინის მზარეულს” ეძახიან.

ისინი ეძებენ დამნაშავეს, რომელიც პასუხს აგებს რუსეთის დამარცხებებზე უკრაინაში. მთავარი კანდიდატია გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი, რომელიც ლიმანის თავდაცვას ედგა სათავეში.

“სამწუხარო ის კი არაა, რომ ლაპინი უნიჭოა. არამედ ის, რომ მას გენშტაბის ხელმძღვანელები მფარველობენ. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს რიგითამდე ჩამოვაქვეითებდი, ჩინ-მედლებს ჩამოვართმევდი, და ავტომატით ხელში გავუშვებდი წინა ხაზზე, მისი სირცხვილის სისხლით ჩამოსარეცხად”, - დაწერა კადიროვმა ტელეგრამზე.

ტელევიზორით არა. სოც. ქსელებით - კი

IWP-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ პუტინმა სიტყვის თავისუფლება კი ჩაახშო (განსაკუთრებით ომის შემდეგ), თუმცა არა ისე მკაცრად, როგორც ეს თავის დროზე სტალინმა გააკეთა. მაგალითად, რუსეთში ომის ომად მოხსენიება კანონით კი ისჯება, თუმცა ჯერჯერობით ყველას შეუძლია სამხედრო გადაწყვეტილებების კრიტიკა. განსაკუთრებით, ტელეგრამში და სხვა (ჯერ დაუბლოკავ) სოციალურ ქსელებში.

ახლა, ეს მცირე “სიტყვის თავისუფლებაც” კი პუტინს ძვირად უჯდება. სოციალურ ქსელებში, სამხედრო ბლოგერები და მიმომხილველები, ისინი, ვინც აქამდე უკრაინაში შეჭრას პატრიოტული სულისკვეთებით აშუქებდა, ხისტ პოსტებს აცხობენ სამხედრო ხელმძღვანელების შეცდომებზე. როგორც მობილიზაციის დროს, ისე უკრაინაშიც.

ჟურნალისტი და წარსულში რუსეთის სათათბიროს სპიკერის თანაშემწე, ანასტასია კაშევაროვა წერს, რომ პრეტენზიები ლაპინზე მეტად, პირდაპირ თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან აქვს.

“კაცები ხართ თუ არა? ყვ**ები გაქვთ ვინმეს? რას ყოყმანობთ, სიტყვებს ეძებთ… სახელები და გვარები ვერ გითქვამთ … ბლოგერ-ჟურნალისტებს შორის ამ ქვეყანაში კვერცხები მხოლოდ მე მაქვს… პრეზიდენტმა იცის, რაც ხდება?! ვინ ატყობინებს?!“ - დაწერა მან ტელეგრამში.

რუსი მწერალი ზახარ პრილეპინი, რომელიც მარტის დასაწყისში ამბობდა, რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკში ცხოვრების ხარისხს ერთ წელიწადში გააუმჯობესებსო, წერს, რომ “ამიერიდან ყველა დანაკარგი - მთავარსარდლის [პუტინის] პირადი დანაკარგია. აქამდე დანაკარგებზე ცოტას ვთხოვდით. ამიერიდან მოთხოვნა აბსოლუტური იქნება”.

თუმცა რაღაცები უცვლელია: კომენტატორები აკრიტიკებენ ომის მიმდინარეობას და არა მის დაწყებას. ეძებენ დამნაშავეს, თუმცა დამნაშავედ პუტინი ჯერ ღიად არავის დაუსახელებია. მარცხს კი იმით ხსნიან, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინას კი აღარ ეომება, არამედ ნატოს ქვეყნებს და მათ აღჭურვილობას. ეს რუსი ძალოვნების ლამის ერთადერთი თეზისია, რომელსაც პროპაგანდისტები დღემდე სიტყვასიტყვით იმეორებენ.

აჭრა კონტრშეტევისგან

უკრაინამ კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და უკვე რამდენიმე დღეში თითქმის მთლიანად გაათავისუფლა ხარკოვის ოლქი და ჯამში თითქმის 3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.

უკრაინის სამხედრო წარმატებებს ვლადიმირ პუტინმა ჯერ უპასუხა “ნაწილობრივი მობილიზაციით”, რომლის ფარგლებშიც ომში გააგზავნიან, სულ ცოტა, 300 ათას კაცს. შემდეგ, 30 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის ოთხი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიერთების შესახებ. სცენარი იგივეა, რაც ყირიმის შემთხვევაში: ჯერ ფორმალური რეფერენდუმი, შემდეგ კი ანექსია.

მომდევნო დღესვე უკრაინამ გაათავისუფლა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი წითელი ლიმანი, რომელსაც კონტრშეტევის გასაგრძელებლად, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 4 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ჯარი განაგრძობს კონტრშეტევას და წინ მიიწევს ხერსონისა და ნოვაია კახოვკის მიმართულებით.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG