Accessibility links

კუბილიუსი: დაიკარგა ნდობა 2020 წლის არჩევნების მიმართ


საქართველოს მოქალაქეებმა და ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობაში, დავკარგეთ ნდობა მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა, ევროპარლამენტარმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ. მისი თქმით, ნდობის დაკარგვა განაპირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხისთვის მიცემული დაპირების არშესრულებამ. კუბილიუსი ასევე ამბობს, რომ ხალხის პოლიტიკური აქტივობების გამო გასამართლება და დაპატიმრება შეუსაბამოა ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან.

„როდესაც ხალხი ქუჩაშია, ნიშნავს, რომ რაღაც ცუდად არის... როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობაში, შეშფოთებული ვართ... ახლახან მე ვილაპარაკე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როდესაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხს განვიხილავდით და მე ძალიან ნათლად ვთქვი - როდესაც მმართველმა პარტიამ არ შეასრულა თავისი დაპირება, ეს არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენა.

ეს, სამწუხაროდ, იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობაში დავკარგეთ ნდობა, მომავალი წლის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა.

დაპირება, რომელიც გაკეთდა ივნისის მოვლენების დროს, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ძლიერი დაპირება იყო მმართველი პარტიის ლიდერის (ბიძინა ივანიშვილის) მხრიდან. როდესაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეესრულებინა ეს დაპირება, ეს რაღაც მეტს ნიშნავს...

ჩემი შეხვედრების დროს მმართველიო პარტიის ლიდერებს მოვუწოდე, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, არჩევნების ჩატარების მიმართ ნდობის აღსადგენად, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნდობის აღსადგენად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის... მე ნათლად ვუთხარი: თქვენ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჩატარებული რეფორმები; ეს არის ასევე კოპენჰაგენის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები შეეხება დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.

თუკი ქვეყანა უკან იხევს ამ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, ევროკავშირი იმოქმედებს პრინციპით - ნაკლები ნაკლების სანაცვლოდ“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეების მიერ 10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრების დროს მან დაპირებებიც მოისმინა და კერძოდ, საარჩევნო სისტემის გარშემო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგთან დაკავშირებით:

  • „ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ლიდერებისგან, რომ ისინი სერიოზულად მიუდგებიან ამ შეთავაზებების განხილვას“;
  • „ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ლიდერებისგან, რომ საკმაოდ მალე მიიღწევა ნაყოფიერი შედეგი“.

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, აუცილებლად უნდა მოგვარდეს პოლიტიკური აქტივობების გამო დაკავებულ და გასამართლებულ პირთა პრობლემა.

„მე ასევე ძალიან ნათლად ვთქვი - ეს არ არის ევროპული სტილი, რომ საპატიმროში გვყავდეს ხალხი, ანდა სისხლის სამართლის წესით გყავდეს ისინი გასამართლებული, პოლიტიკური აქტივობების გამო. მე არ ვიცი ყველა დეტალი, მაგრამ როცა არსებობს სია (ეს სია ჩვენ ოპოზიციამ მოგვაწოდა და იქ 87-ზე მეტი ადამიანია... 87 თუ რაღაც მსგავსი...), ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კუბილიუსის თქმით, „ქართული ოცნებისგან“ მიღებული დაპირება ამ საკითხსაც შეეხებოდა. „ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგის ფარგლებში ისინი ეცდებიან მოძებნონ გზები ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. ევროპარლამენტისა და ევრონესტის დელეგაციის მხრიდან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა მან.

8-10 დეკემბერს თბილისი მასპინძლობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიურ სესიას. მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყანათა პარლამენტების წევრები.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (Euronest Parliamentary Assembly) 2011 წლის მაისში, ბრიუსელში დაფუძნდა. ის წარმოადგენს საპარლამენტო ინსტიტუტს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკისთვის.

საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ასევე ჩართულები არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელარუსი. ბელარუსის წევრობა დროებით შეზღუდულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG