„დაგირეკავთ“, - ეუბნებიან ადამიანებს, რომლებიც თავიანთ დანგრეულ სახლებთან მიახლოებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
კურსების დამეწყრილი ნაწილი ისევ ჩაკეტილია. ხალხი კი, ვინც 12 მარტის მეწყრის გამო ყველაფერი დაკარგა, დროებით ან ისევ ქუთაისის სასტუმროებშია, ან უკვე გადავიდა ქირით. ბინის ქირისთვის სახელმწიფომ მათ ყოველთვიურად 1000 ლარი გამოუყო.
კურსების მკვიდრი გოჩა ალფაიძე დღემდე შორიდან შეჰყურებს თავის მიწაში ჩამარხულ სახლს - უფრო სწორედ, უკვე ნასახლარს.
„ახლოს არავინ გვიშვებს. დრონების კადრებში დავეძებ ხოლმე ჩემ სახლს“, - გვეუბნება ის.
ის და მისი ოჯახი, ორი დღის წინ გავიდნენ იმ სასტუმროდან, სადაც სტიქიის შემდეგ რჩებოდნენ და ბინა იქირავეს.
გოჩაც, თანასოფლელების მსგავსად, მთავარი პასუხების მოლოდინშია - რა ეწერება გეოლოგიურ დასკვნაში და როგორ შეფასდება მისი დანაკარგი, რომელიც მისთვის „შეუფასებელია“:
“ჩემი ანტიკვარიც ეგ იყო და ყველაფერი. რამდენიმე თაობის ისტორიაა ეგ სახლი. ოთხი თაობის ფოტოები, ჩემი დიდი ბაბუის დატოვებული ნივთები… ახლა ყველაფერი მიწაშია ჩამარხული. ჩვენი საგვარეულო საფლავებიც მანდაა. მაგაზე წმინდა ჩვენ არაფერი გაგვაჩნია და სხვაგან ცხოვრება არც წარმოგვიდგენია. ახლა ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ”.
იმ 45 ოჯახიდან, რომელიც სოფლის სტიქიის ზონიდან გაიყვანეს, ყველა იმაზე ფიქრობს, სად დაიწყონ ახალი ცხოვრების შენება.
გოჩა ალფაიძე გვიყვება, რომ მათ უბანში რამდენიმე გვარი ერთად ცხოვრობდა, ყველა ერთმანეთის ახლობელი, მეგობარი და “ნათელ-მირონი” იყო და დაცალკევებაზე ფიქრი ყველასთვის ერთნაირად მტკივნეულია.
“არ გვინდა შორს წასვლა. იდეაც გაჩნდა, რომ იქნებ ისევ ერთად დავსახლდეთ როგორმე, თუმცა ამდენი მიწა ერთად სად იქნება, არ ვიცით…"
გოჩა ალფაიძის სახლის მსგავსად, მიწაშია ჩამარხული ვახტანგ არიშვილის სახლიც. დროდადრო ის ისევ მიდის სოფელში და მოშორებული ადგილიდან, დურბინდით გაჰყურებს თავის უბანს.
“ჩემი მეზობლები იყვნენ მისულები ახლოს და მათ მითხრეს, ვერც წარმოიდგენ შენს ეზოში ამდენი მიწა საიდან მოვიდაო”.
ვახტანგს ქუთაისში ბინა აქვს და ახლაც იქ ცხოვრობს, თუმცა კურსების სახლი მისი აშენებულია: “ნეტა გენახათ როგორი სახლი მქონდა... ერთი ჩემოდანი რომ მქონდეს, რიონის პირზე მივდიოდე წყალდიდობის დროს და წყალში გადავაგდო, აი, ეგრე ვარ. ჯერჯერობით, არავინ არაფერს კონკრეტულს არ გვეუბნება, დაგირეკავთო და ველოდებით… არ იფიქრო და ინერვიულოო, მეუბნებიან - დღე კიდევ გულს ვაყოლებ რაღაცას, ტელევიზორს შევხედავ, რაღაცას წავიკითხავ, მაგრამ გამთენიას ფიქრებით ისევ სოფელში ვარ…"
მეწყრის მიზეზებზე საუბრისას, ვახტანგ არიშვილიც, ისევე როგორც კურსების სხვა არაერთი მცხოვრები, ხშირად ახსენებს სოფლის თავზე, მთაზე არსებულ ძველ ქვის კარიერებს - მასაც ეფიქრება, რომ შესაძლოა, იქ დროთა განმავლობაში წყალი დაგროვდა, რამაც ბოლოს მეწყრული პროცესი გამოიწვია.
“თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ეგ მიზეზი გეოლოგებმა უნდა გვითხრან, თუ გვეტყვიან”.
ცოტა ხნის წინ კურსების მცხოვრებთა დახმარების ფონდიც შეიქმნა, რომ სანამ ზარალი დაითვლება, მოქალაქეებმა დაზარალებულებისთვის თანხა შეაგროვონ.
როგორც მარიამ ბეროძემ გვითხრა, ამ ეტაპზე 15 000 ლარი უკვე შეგროვდა და ეს პროცესი კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება.
მარიამ ბეროძე, რომელიც სტიქიის მეორე დღიდანვე ავრცელებდა დამეწყრილი სოფლის ფოტოებს, დრონის კადრებს და ახალ ინფორმაციას იქ არსებულ ვითარებასა და ხალხის საჭიროებებზე, გვეუბნება, რომ დედა უკვე დააბინავა - დროებით ქუთაისში ბინა იქირავეს. თუმცა ხალხის ნაწილი ისევ ქუთაისის სასტუმროებში რჩება.
“ადგილობრივმა ხელისუფლებამ გვითხრა, ჩვენც დავიწყეთ დასაქირავებელი სახლების ძებნა, მაგრამ თქვენც ეძებეთო, მათ რა ქნეს არ ვიცი. ჩვენ კი, ვინც ახალგაზრდები ვართ, ჩვენი ძალებით მოვძებნეთ ბინები… ვიცი, რომ ერთი ადამიანი კურსებში დარჩა, არ წამოსულა, ერთი - გელათში გადავიდა, იქ ნახეს რაღაც სახლი. ყველა თავისთვის ეძებს გამოსავალს”, - გვეუბნება ის.
მარიამი სტიქიის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ადიოდა სოფელში. ამბობს, რომ მერეც ესმოდა სახლების ნგრევის ხმა. “როგორც ჩანს, მიწა ისეც მოძრაობდა და ნგრევის პროცესიც გრძელდებოდა”.
მარიამის სახლი ისევ დგას, თუმცა გარშემო მეწყერია და ზუსტად ჯერ არავინ იცის, რამდენად სახიფათოა იქ მისვლა: “მითუმეტეს, რომ ჯერ გეოლოგიური დასკვნაც არ გვინახავს და ისიც კი არ ვიცით, რეალურად ეს რამ გამოიწვია”.
უცნობია რა თანხას მიიღებენ სტიქიით დაზარალებულები.
“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მაქვს მოსმენილი რომ ეს თანხები ინდივიდუალურად დაითვლება. მეტი ჯერ არაფერი ვიცით”, - გვითხრა მარიამ ბეროძემ.
ადამიანი იყვირებს, მიშველეო და ცხოველმა რა ქნას?
“ოჯახში გვყავდა თვინიერი, მეწველი პირუტყვი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ გავასხვისოთ და გულწრფელად გვინდა, რომ ის მოხვდეს მზრუნველ და კეთილ ადამიანთან”, - ეს სოციალურ ქსელში, კურსების ერთ-ერთი მკვიდრის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაა, რომლითაც გამოსავლის პოვნას ცდილობს, რომ სტიქიის ზონაში დარჩენილი შინაური პირუტყვი უპატრონოდ არ დარჩეს.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი შინაური ცხოველების ნაწილი ოჯახებმა გამოიყვანეს, ზოგმა კატა-ზოგმა ძაღლი. ზოგმა საქონლის გადმორეკვაც შეძლო სხვა მხარეს, თუმცა პირუტყვის ნაწილი ისევ იქ რჩევა, სადაც შესვლა აკრძალულია.
“ცრემლები მერევა მაგაზე რომ ვფიქრობ. ადამიანი იყვირებს, მიშველეო და ხმას მოგაწვდენს და მათ რა ქნან? კი, იმის ფონზე, რაც ადამიანებმა დაკარგეს, შეიძლება ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ეჩვენება ვინმეს, მაგრამ სულიერია და მათაც ხომ უნდა ვუშველოთ?” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ არიშვილი.
მარიამ ბეროძემ ისიც გვითხრა, რომ ძაღლების ნაწილი ქუთაისის ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანეს, თუმცა - მხოლოდ დროებით.
“ჩემს მეზობელს უთხრეს, ახლა მოვუვლით, მაგრამ მერე წაიყვანეთო…"
დაელოდეთ, დაგირეკავთ!
“გეოლოგიური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ზარალი ინდივიდუალურად დაითვლება”, - ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხალხს ჯერჯერობით ასეთი წინასწარი პასუხი აქვს.
ტყიბულის მერიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე კურსების მეწყრით დაზარალებული მოსახლეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია 17 მარტს განახლდა, საიდანაც ვიგებთ, რომ სტიქიით დაზარალებულები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებდნენ.
ხალხს ასევე ჩაერიცხა ერთჯერადი ფულადი დახმარება - ერთ ადამიანზე 500 ლარი და დროებით ქირით ცხოვრების ხარჯებიც (თვეში 1000 ლარი).
უძრავი ქონების პორტალების თანახმად, ქუთაისში 1-2-ოთახიანი ბინების გაქირავების ფასი 800-დან 1500 ლარამდე მერყეობს.
ჯერჯერობით გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიური დასკვნა არ გამოუქვეყნებია, თუმცა, როგორც ადგილზე მომუშავე გეოლოგების ჯგუფის წევრი ანრი ნამიჭეიშვილი აცხადებდა, სოფლის ის ტერიტორია, რომელიც მეწყერმა დააზიანა, საცხოვრებლად აღარ გამოდგება.
მისივე თქმით, მეწყრის მდგომარეობა ახლა შედარებით სტაბილურია, თუმცა დაზიანებულ სახლებთან მისვლა კატეგორიულად აკრძალულია.