Accessibility links

ლადო აფხაზავა: სკოლებში ნამდვილად უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება


მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავმასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 50 ფინალისტს შორის მოხვდა.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.

"ვლადიმერი ასწავლის საქართველოს ღარიბ რეგიონში, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მისი მოსწავლეების მშობლების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნებშია წასული სამუშაოდ, რათა დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს ფინანსურად. ბავშვები ხშირად საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში და ყოფილა შემთხვევები, როცა სასწრაფოს გამოძახება დასჭირვებიათ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსწავლეებს ზოგჯერ უწევთ სწავლის შეწყვეტა იმისათვის, რომ თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ.

ამ რეგიონში ბავშვებს ბევრი პრობლემა აქვთ და ვლადიმერის მისიაა როგორც ბაშვების დახმარება, ისე ამ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მან გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოც მოიპოვა." - ასე აცნობენ დაჯილდოების ორგანიზატორები ქართველ მასწავლებელს.

როგორ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

პატარაობისას ვცეკვავდი. მერვე კლასში რომ ვიყავი, ცეკვის მასწავლებელი მეუბნებოდა, თმები გაიზარდე, სოლოს გაცეკვებო, დამრიგებელი მეუბნებოდა, თმები შეიჭერიო. ბოლოს ისე მოხდა, რომ შუა გაკვეთილზე, ჩემი კლასელების წინ თმები შემაჭრეს. სწორედ მაშინ, მასწავლებელი კი არ შემძულდა, ვთქვი, რომ მე გავხდები მასწავლებელი და შეცვლი არსებულ რეალობას.

როდესაც მასწავლებლობა დავიწყე, ცვლილებები დავიწყე ჩემი კლასიდან. ჩემი სადამრიგებლო კლასი წავიყვანე აბასთუმანში 21 დღით ბანაკში. ლადოს ბანაკი ერქვა და 9 წელი იარსება.

გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდით. რა გამოგარჩევთ სხვა მასწავლებლებისგან?

საქართველოში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, უბრალოდ მე გადავწყიტე პროექტული მეთოდით მესწავლებინა. პირველი პროექტი დავწერე იმაზე, რომ ჩვენს სკოლას არ ჰქონდა საპირფარეშო, მოუწესრიგებელი იყო, კარების არ ჰქონდა, შიგნით ცუდი წარწერები იყო და ა.შ. პირველად ეს პროექტი ვერ მოვიგე და მივხვდი, რომ არასწორად ვწერდი პრობლემას, რაც იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ საპირფარეშოები საშინელ დღეში იყო, პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ახალი რომ გამეკეთებინა, იმასაც გააფუჭებდნენ. ამ კუთხით უნდა მემუშავა ბავშვების ცნობიერების შეცვლაზე.

მოსწავლეებსაც ამას ვასწავლი, რომ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ და ძირეულად, ფესვეულად დაავიწყოთ მათ მოსაგვარებლად მუშაობა.

ჩვენ სკოლაში დემოკრატიული რევოლუცია მოხდა უკვე ოთხი წელია და ჩვენ სოფელში თუ ჩამოხვალთ, შიდა გზები ასფალტირებულია, რამდენიმე ხიდი გაკეთდა ბავშვების ადვოკატირებით, სანაგვე ურნები დაიდგა, საფეხმავლო გადასასვლელები მოეწყო და ა.შ. პირველსავე წელს ბავშვების ცნობიერება ისე შეიცვალა, რომ ბოლო 3 წელია, მასწავლებლებისგან ინიციატივა აღარ მოდის, ყველაფერს ბავშვები აკეთებენ. ჩვენ უბრალოდ გარემოს ვქმნით, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თავისუფლებად მოქმედება, რომ ინიციატივები არ შეწყდეს.

უფროსი თაობაც რომ უყურებს, ფიქრობენ, რომ თურმე ვიღაცას ხოტბა კი არ უნდა შეასხა, რაც საჭიროა ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა, ვისაც ეკუთვნის, იმას მოვთხოვოთ გაკეთება. მაგალითად, თუ სოფელში ნაგავი ყრია, ჩვენ კი არ მივდივართ დასასუფთავებლად, ვითხვოთ, დაიდგეს ნაგვის ურნები და ვისაც ეკუთვნის იმან მიხედოს. ჩვენ იმ ნაგავს ვასუფთავებთ, რაც სკოლის ტერიტორიაზე გროვდება.

თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად განათლების სისტემას?

მე ვფიქრობ რომ დეცენტრალიზაციის ხარისხი უნდა ამაღლდეს. კი ვამბობთ, რომ სკოლა დეცენტრალიზებულია, მაგრამ თუ ასეა, რაც უნდა განათლების სამინისტროს უზარმაზარი ცხელი ხაზი. დირექტორები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და ყველაფერზე სამინისტროში უწევთ დარეკვა.

არასოდეს მიფიქრია სკოლის დირექტორობაზე, ვიცი, რომ მერე თავისუფალი აღარ ვიქნები. ერთხელ ჩემ ბიჭებთან ერთად საკალმახეში წავედით და იქიდან ამოყვანილ კალმახებს წინწკლები არ ჰქონდათ წითელი ფერის. მერე ჩქარ მდინარეებში ვითევზავეთ ერთად, დავიჭირეთ კალმახი და ჰქონდა წითელი ხასხასა ფერი. აი მაშინ მივხვდი, რომ როდესაც თავისუფალი ხარ, კალმახივით მრავალფეროვანი შეიძლება იყო და როცა რაღაც გბოჭავს, იმ მეორე კალმახებს ვგავართ, როცა შეიძლება ვიღაცამ ბადით დაგიჭიროს.

თუკი მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოსაც მოიგებთ, მილიონი ლარი გადმოგეცემათ. გიფიქრიათ, როგორ გამოიყენებდით ამ ფულს?

ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ძალიან მტკივა აფხაზეთი, ცხინვალი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ დარჩენილ ბავშვებს სასწავლო რესურსები მივაწოდოთ. მე დიდი შემოსავლები არ მაქვს, ცოტა შემოსავლები მაქვს, ხანდახან ხელსაც კი ვიქნევ, რომ ვიღაცამ წამიყოლოს სკოლამდე, მაგრამ მაინც შევძელი აფხაზეთში რამდენიმე სკოლაში სახელმძღვანელოები გამეგზავნა. თუ ეს ყველაფერი მოხდება, ალბათ აფხაზეთში არსებულ ქართულ სკოლებს და იქ მომუშავე მასწავლებლებს, რომლებიც ახლა ძალიან ჩუმად არიან, დავეხმარებოდი.

იმასაც ვფიქრობ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მოსწავლემ ეკონომიკური მდგომარეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და ალბათ ასეთ სტუდენტებს დავეხმარებოდი სრულფასოვანი განათლების მიღებაში.

კოლეგებს თუ შეგიძლიათ რაიმე ურჩიოთ?

სკოლებში ნამდვილად უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. მარტო ადექი, დაჯექი,ახლა მომიყევი, ახლა გაჩუმდი და მე მომისმინე, ამით ვერასოდეს ვერ მივაღწევთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. ცოდნაც უნდა მივცეთ, მაგრამ უნარები და დამოკიდებულებებიც უნდა შევძინოთ, რომ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება შეძლონ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქართულ სკოლაში პროექტული სწავლება დავიწყოთ.

და ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ძალიან მიკვირს მასწავლებლების, რომლებიც კითხულობენ ხოლმე, ამ ტრენინგზე რომ წავიდე, კრედიტ ქულა მომემატება?

არ უნდა შეშინდე, მხოლოდ ხელფასზე და კრედიტ ქულაზეც არ უნდა იფიქრონ, ასე შედეგი არ ექნებათ. ჩემი ყველაზე დიდი კრედიტ ქულა იმის ყურებაა, როგორ იქცევიან, ვითარდებიან ჩემი მოსწავლეები. მაგალითად ჩვენს სკოლაში პატარა დანგრეულ შენობაში რამდენიმე მოსწავლე კოლხური ბზის გადარჩენას ცდილობს და 800-მდე ნერგი აქვს დარგული.

დაწერეთ კომენტარი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG