Accessibility links

ლადო აფხაზავა: ხალხი ფულს მირიცხავს, მესიჯები არ წყდება


„მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტის, ლადო აფხაზავას ტელეფონი არ ისვენებს. სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის ფარგლებში სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელს უამრავი ადამიანი ურიცხავს ფულს, ძირითადად - თითო ლარს. თუმცა ზოგს მეტიც ემეტება. ლადო აფხაზავა ხალხის ყურადღებას ძალიან აფასებს, თუმცა ბოლო დღეებში სალანძღავი კომენტარიც ბევრი ნახა.

მასწავლებელი მადლიერია

„ჯერ ბანკამდე არ მივსულვარ და არ ვიცი, რამდენი შეგროვდა. მაგრამ ფულის გადმორიცხვის შესახებ იმდენი მესიჯი მომდის, რომ ტელეფონის ელემენტი ხშირ-ხშირად მიჯდება“, - უთხრა ლადო აფხაზავამ რადიო თავისუფლებას.

ყველაზე დიდი თანხა, რაც ლადო აფხაზავას ანგარიშზე ჩაირიცხა, 100 ლარი იყო. ყველაზე მეტი ადამიანი, სოციალური კამპანიის დათქმის მიხედვით, ლადო აფხაზავას თითო ლარს ურიცხავს - „ლარიანები ირიცხება ძალიან დიდი რაოდენობით“. თუმცა იყო ასევე 2, 3, 4, 5 ლარის ჩარიცხვის არაერთი ფაქტებიც.

„ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ყურადღება გამოიჩინა და ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი განათლებაშია. ხალხს ამ ნდობის სანაცვლოდ ვეტყვი, რომ გავამართლებ მათ ნდობას, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ და სხვა სკოლებსაც აუცილებლად დავეხმარები“, - ამბობს ლადო აფხაზავა.

ვიდრე რადიო თავისუფლებას ელაპარაკებოდა, 10 წუთის მანძილზე, 8 სატელეფონო მესიჯი მიიღო, ფულის ჩარიცხვის შეტყობინებით.

წინასწარ იცის, რომ ჯერ ამ ფულს ხელს არ ახლებს, ხოლო შემდეგ - გამჭვირვალე პირობებში დახარჯავს. კანონთან ანგარიშვალდებულებაც გასათვალისწინებელია - „უნდა გავერკვე, საგადასახადო კუთხით რა მევალება. შეიძლება ფონდიც შეიქმნა იყოს უკეთესი გამოსავალი“.

„შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“, - ჩიბათელი მასწავლებლისთვის ფულის შეგროვების კამპანია, სოციალურ ქსელში 26 მარტს დაიწყო. მეწარმის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ინიციატივას ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა.

რატომ მილიონი? ჯილდოდ სწორედ მილიონი (ოღონდ - დოლარი) იყო დაწესებული მასწავლებელთა მსოფლიო კონკურსში გამარჯვებულისთვის.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) 2019 წლის მფლობელი 24 მარტს დუბაიში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გამოავლინეს. ჯილდოს მფლობელი გახდა მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი კენიიდან.

წარმატება ისჯებაო?!

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. იცის, რომ სიტყვის თავისუფლება უდიდესი მონაპოვარია და ხალხს აზრის გამოთქმა ყველაფრის შესახებ უნდა შეეძლოს.

მაგრამ მაინც უსიამოვნოა მისთვის, სოციალურ ქსელში ათასნაირ, სიძულვილით სავსე კომენტარს რომ კითხულობს - „არ ვიცი, ხალხი რატომ გაღიზიანდა. შეიძლება ვიღაც აგულიანებს მათ?! არ ვიცი“.

„სკოლაში რომ დავბრუნდი, ზეიმით დამხვდნენ. ბავშვებმა იატაკზე დახატული სიმბოლური ვარსკვლავი გამიხსნეს და ბევრი ამაზეც გაღიზიანდა“.

მასწავლებელს ყველაზე ძალიან მაინც ის აწუხებს, რომ მისკენ წამოსულმა სიძულვილის ტალღამ მოსწავლეებს შეკითხვები და ეჭვები გაუჩინა.

„მაგალითად, ერთმა მოსწავლემ მითხრა დღეს - როგორც ვატყობ, წარმატებას არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ამ ქვეყანაში, სიძულვილი რომ არ მიიღოსო. სხვებიც მეკითხებიან - წარმატებულ ადამიანს რატომ სჯიანო?!“.

ლადო აფხაზავა ცდილობს აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველაფერი ხდება, ქვეყნად ათასნაირი ადამიანი არსებობს და წარმატებაზე უარი არასოდეს უნდა თქვან, უკან არასოდეს უნდა დაიხიონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG