Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ლაზარე გრიგორიადისმა ისარგებლა საპარიკმახერო მომსახურებით” - ციხის სერვისი თუ დამამცირებელი მოპყრობა?


ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, 1 აპრილი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, 1 აპრილი, 2023 წელი

7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის და პოლიციელის ავტომობილის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დღეს პირველად მოინახულეს ადვოკატებმა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ თქვეს, რომ პატიმარს იძულებით გადაპარსეს თავი.

ასევე, ადვოკატები ამბობენ, რომ პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისს ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინა და შეუზღუდა ადვოკატის ყოლის უფლება. 21 წლის დემონსტრანტი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, კვლავ დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, არც ადვოკატები საუბრობენ საქმის დეტალებზე.

“ლაზარემ თქვა, რომ რაიმე ფიზიკურ ზეწოლას პოლიციაში ან ძალადობას საპატიმრო დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია; ასევე თქვა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში, თმა გადაპარსეს იმის მიუხედავად, რომ მას ამის სურვილი არ ჰქონდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა.

სერვისი, დასჯა თუ სავალდებულო პროცედურა?

ჩვენი კითხვის პასუხად, არის თუ არა თმის გადაპარსვა სავალდებულო ყველა პატიმრისთვის საკანში შესახლებამდე, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს:

“როდესაც დაწესებულებაში შეჰყავთ, გადაპარსვის პროცესი ხორციელდება ხოლმე, ეს პრაქტიკა არსებობს, აქ უბრალოდ ლაზარემ თქვა, რომ არ უნდოდა თმის გადაპარსვა, მაგრამ ვინაიდან მოთხოვნა იყო, ეს მოთხოვნა შეასრულა. რასაც მე ვფლობ ინფორმაციას, რიგ შემთხვევაში ასე ხდება, მაგრამ რადგან ლაზარეს არ უნდოდა თმის გადაპარსვა, ამ მიმართულებითაც გვექნება ჩვენ რეაგირება. პენიტენციურ სამსახურს ვკითხავთ, როგორ ხდება ზოგადად, გადაპარსვა სავალდებულოა თუ ადამიანის სურვილის შესაბამისად უნდა განხორციელდეს”.

ლაზარეს დაკავებისას მოგრძო, შეღებილი თმა ჰქონდა. მისი გარეგნობა, შეღებილი თმის, პირსინგებისა და ტატუების გამო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კომენტარების საბაბად იქცა ჯერ კიდევ მანამ, სანამ სასამართლო წინასწარ პატიმრობას შეუფარდებდა.

ლაზარე სასამართლო პროცესზე, 30 მარტი, 2023 წელი
ლაზარე სასამართლო პროცესზე, 30 მარტი, 2023 წელი

პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის თავის მთლიანი გადაპარსვის მოთხოვნის უფლება პენიტენციურ დაწესებულებას მხოლოდ მაშინ აქვს, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა. იგივე კანონი გულისხმობს პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობას პატივისა და ღირსების შეულახავად და ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს შხაპის კვირაში ორჯერ მაინც და საპარიკმახერო მომსახურების მინიმუმ თვეში ერთხელ მიღების შესაძლებლობა.

იურისტი დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ იძულებით თმის შეჭრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტის მიხედვით შესაძლოა დამამცირებელ მოპყრობად იქნეს მიჩნეული და არღვევდეს კონვენციის მე-3 მუხლს, ანუ წამების აკრძალვას. ჯანდიერი იხსენებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2003 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ.

“სასამართლომ [ამ საქმეზე ] აღნიშნა, რომ პატიმრის თმის იძულებით გაპარსვისას, ე.ი. გარეგნობის იძულებით შეცვლისას ადამიანი განიცდის არასრულფასოვნების განცდას, რადგან მისი ფიზიკური გარეგნობა იცვლება მისი ნების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ამგვარ მოპყრობას დაქვემდებარებული ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატარებს მოპყრობის ნიშანს, რაც დაუყოვნებლივ შესამჩნევია სხვებისთვის, მათ შორის ციხის თანამშრომლების და თანაპატიმრებითვის, მისი სტუმრების თუ საზოგადოებისთვის. ამგვარი პირი მაღალი ალბათობით განიცდის ღირსების ხელყოფას თვალსაჩინო ფიზიკურ ნიშანს.

ამ საქმეში სასამართლომ, როგორც დაუსაბუთებელი, უარყო მთავრობის პოზიცია, რომ გაპარსვა ჰიგიენური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი, ვინაიდან იმ კონკრეტულ დაწესებულებაში ამგვარი პრობლემა არ არსებობდა, შესაბამისად, სასამართლომ თმის გადაპარსვა დამამცირებელ მოპყრობად მიიჩნია და დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა. მომჩივანი პატიმარი მიიჩნევდა, რომ მისთვის იძულებით თმის შეჭრა წარმოადგენდა ბარბაროსულ აქტს”, - წერს დავით ჯანდიერი ფეისბუკზე.

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება არც ლაზარესთვის თმის სრულად შეჭრის შესახებ ინფორმაცია და არც ის, რომ მას თმა მისი ნების საწინააღმდეგ შეჭრეს.

“დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა კითხვის პასუხად, რამდენად სავალდებულია თმის გადაპარსვა ციხეში ახლად მიყვანილებისთვის.

როგორ მოექცნენ ლაზარეს ციხეში მოხვედრამდე, პოლიციაში

ლაზარეს ადვოკატი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჰყვება იმ დარღვევებზე, რაც აშკარად ჩანს 21 წლის დემონსტრანტის საქმეში მის საპატიმრო დაწესებულებაში შესახლებამდე და სასამართლო პროცესამდე.

თათია მანეჟაშვილი ამბობს, რომ ლაზარეს დაერღვა დაცვის უფლება და ჩვენება, რომელიც მან პოლიციას ზეწოლისა და დაშინების შედეგად მისცა, სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება.

“ლაზარე ისევ იყენებს დუმილის უფლებას, თუმცა საუბრის დროს განგვიმარტა, რომ დაირღვა მისი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესუალური უფლებები. კერძოდ, როდესაც ხდება ადამიანის დაკავება, დაკავების დროს უნდა განემარტოს მას ის უფლებები, რაც გააჩნია, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება. ლაზარეს შემთხვევაში, არათუ ეს უფლებები არ განემარტა, მისი გამოკითხვა ჩატარდა ადვოკატის გარეშე, იმის მიუხედავად, რომ მან მოითხოვა დასწრებოდა მის გამოკითხვას ადვოკატი. მისი ეს მოთხოვნა არ შესრულდა და უარი ეთქვა ადვოკატის ყოლაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევა.

საერთოდ, ზოგადად გამოკითხვაზე მან თანხმობა განაცხადა მხოლოდ იმიტომ, რომ [პოლიციის] ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომლის სახელი და გვარიც ლაზარემ არ იცის, უთხრა, რომ ჩვენებას თუ არ მისცემდა, დააკავებდნენ მის მეგობარს, ვინმე გიორგი ჯარიაშვილს. ლაზარე განმარტავს, რომ ჩვენება მისცა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მეგობარი არ დაეკავებინათ. შესაბამისად, გამოდის, რომ ეს გამოკითხვის ოქმი და მასში არსებული ინფორმაცია არ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ. ჩვენ ამას საქმის არსებითი განხილვები როცა დაიწყება, იქაც ვიტყვით და მანამდეც მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ ეს საქმე”, - გვითხრა თათია მანეჟაშვილმა. ლაზარეს კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ დღესვე ისაუბრა იმაზე, რომ პოლიციამ მოტყუებით გამოართვა ლაზარეს ტელეფონი იქიდან სასურველი ინფორმაციის ამოსაღებად იმ დროს, როცა მას თითქოს ადვოკატთან დარეკვის უფლებას აძლევდნენ.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს ჩვენ ვკითხეთ, რამდენად მყარია ის მტკიცებულებები ლაზარეს ბრალის დასამტკიცებლად, რაც დღეს საქმეში დევს. თათია მანეჟაშვილის თქმით, ლაზარეს სურვილია, რომ საქმის მასალები და გარემოებები არ განიხილებოდეს ამ ეტაპზე, თუმცა პირადად ის, როგორც ადვოკატი, თვლის, რომ დღეს არსებული მდგომარეობით და მტკიცებულებებით ლაზარეს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებები საქმეში არ არის.

“მტკიცებულებებით, რაც ბრალდების მხარემ ჩვენ გადმოგვცა, საქმეში რაც არსებობს, ის მაღალი სტანდარტი, რასაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ჰქვია და რაც აუცილებელია სასამართლოსთვის, რომ დარწმუნდეს, რომ ეს დანაშაული ლაზარე გრიგორიადისმა ჩაიდინა, გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, ჩვენი ღრმა რწმენით. გამოძიება კიდევ მიმდინარეობს, ჩანიშნულია კიდევ სხვადასხვა სახის საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რომლის პასუხებსაც ველოდებით და უნდა მივიღოთ წინა სასამართლო სხდომამდე არა უგვიანეს 5 დღისა. დეტალებში მე არ შევალ, დაველოდებით იმ დასკვნებს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, - ამბობს ადვოკატი.

XS
SM
MD
LG