Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს ძალა ხელისუფლებაში მოვიდა, მათ შორის, იმ კატასტროფული სიღარიბის გამო გაბრაზებული ხალხის ხმებით, ვისაც უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდა"


ლაზარე ჯიბლაძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანალიტიკოსი
ლაზარე ჯიბლაძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანალიტიკოსი

3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გააღვივა მსჯელობა ქვეყანაში არსებული სოციალური პოლიტიკის არაადეკვატურობაზე, იმაზე თუ როგორ ხედავს სახელმწიფო სიღარიბეს, ადამიანების უკიდურეს გაჭირვებას და როგორ პასუხობს მას.

უმძიმეს ფაქტს არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომლის ანალიტიკოსი, ლაზარე ჯიბლაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„აუცილებელია კონსენსუსი არსებობდეს ამ პრობლემების დანახვასთან მიმართებით საზოგადოების ყველა ჯგუფში, ყველა წრეში. ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც მედიას, ისე არასამთვრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ყველაზე ძლიერად ამ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს მმართველი ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია და ხელისუფლებაში მოვიდა, მათ შორის იმ კატასტროფული სიღარიბიდან გამომდინარე გაბრაზებული ხალხის ხმებით, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდა და რომელთა ცხოვრებაშიც ბევრი არაფერი შეცვლილა“.

ლაზარე ჯიბლაძის თქმით, პრობლემის სწორად დანახვისა და შეფასების გარეშე შეუძლებელია ვითარების გაუმჯობესება:

„აუცილებელია, სახელმწიფოში არსებული სოციალური დახმარების მექანიზმები არ იყოს მორგებული მხოლოდ გარკვეულ პოპულისტურ მიზნებზე, არ იყოს მხოლოდ გადაგდებული ლუკმა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მართლა სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ეს დახმარება და ეს დავინახოთ უფრო ფართოდ და მიზანი იმისა, რომ ადამიანებს დღეს ვეხმარებით, ის კი არ იყოს, რომ დღეს გამოვკვებოთ ეს ადამიანები, არამედ ის, რომ ხვალ სიღარიბიდან ამოვიყვანოთ. სწორედ ამას ვერ ვხედავთ ვერც ერთ პოლიტიკურ დოკუმენტში, ვერც ერთ სამართლებრივ დოკუმენტში. ამის გააზრება ჯერ არ მომხდარა.

...როგორც უნდა ვთვალოთ, თუკი ამ პრობლემას ბიუჯეტში მეტი ყურადღება არ დაეთმობა, უფრო მეტი ფინანსები არ გამოიყოფა, ყოველთვის გვეყოლება ადამიანები, რომლებიც საჭირო დახმარების გარეშე დარჩებიან. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ დაფინანსების პროპორციულად ქულების გამოთვლაც გახდეს უფრო სამართლიანი. ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ორგანიზაციაში - გვირეკავენ, მოდიან ადამიანები. გარკვეულ შემთხვევებში ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ ხშირად არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ გაძლევს დახმარების საშუალებას“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG