Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მოქალაქე აზროვნებს


ბევრი ნერვიულობს და ცხარობს, ხმაურობს ან მდუმარედ იბღვირება, მაგრამ ის კი უდავოდ უნდა აღვნიშნოთ ჩვენდა სანუგეშოდ, რომ ბრმად, უენერგიოდ და მორჩილად ნამდვილად აღარ მივუყვებით დროის მსვლელობას...

ბევრს ვკამათობთ არჩევნებზე (თუკი კამათი ჰქვია "დაბალსტანდარტულ" საეთერო ლანძღვა-გინებას), ვშფოთავთ (რადგან ისიც ხომ ვიცით, როგორ ააყვირებს ხოლმე განსჯა-აზროვნებას შეუჩვეველ ადამიანს ფიქრის პროცესი), ჩვენს პოზიციას ვიცავთ - თუკი გვაქვს ასეთი, ან თუკი არ გვაქვს, საკუთარ თავს და სხვებს ვეპაექრებით, ჭმუნვით ვარკვევთ, რა ჯობია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინც ვფიქრობთ, ასეა თუ ისე, ჩვენი ინტელექტისა და ტემპერამენტის შესაბამისად ვართ ჩართული კრიტიკულ, ანალიტიკურ პროცესში და ცხვრის ფარასავით არ მივექანებით ახალი ან ძველი ილუზიისკენ.

მართალია, ირაციონალური კვლავაც მრავლად არის ჩვენში და რეალობას წარსულიდან ნასესხები შიშებით ვაბუნდოვანებთ, მაგრამ ილუზიებისგან აშკარად გავთავისუფლდით - ერთმნიშვნელოვნად უკვე აღარც ერთ ადგილობრივ პოლიტ-მესიას აღარ ვენდობით, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური სუბიექტები სახელმწიფოსათვის მავნებლურ-აგრესიულ-პროპაგანდისტული პოპულიზმით არიან დაკავებულები - "სისხლიანი 9 წლის" შემახსენებელი "ასავალ-დასავალური" ბილბორდებით დაწყებული, სესხების "გაქრობით", ანუ ამომრჩევლის პირდაპირ მოსყიდვის მცდელობით გაგრძელებული და თითქმის "ქართველ მარშელთა" რიტორიკის მსგავსი ბანალური რასიზმის გამოვლინებით დასრულებული ("ებრაელი აფერისტი მოშე").

თუმცა რაც უნდა იყოს, მაინც მგონია, რომ ხმის მიცემა, როგორც იქნა, არა ირაციონალურ, არამედ რაციონალურ პროცესად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ჩანს და საინტერესო მხოლოდ ისღაა, რომელი საწყისი იმძლავრებს უშუალოდ არჩევნების დღეს მოქალაქეში - შედარებით პრაგმატული თუ შეუდარებლად ნევროტული?!

ამას კი ვისურვებდი, რომ ამ და მომავალ არჩევნებში ყოველთვის დემოკრატია (ხალხის მმართველობა) გამოდიოდეს გამარჯვებული და არა ოხლოკრატია (ბრბოსი), რადგან დემოკრატიული პროცესი აზროვნებას მოითხოვს მოქალაქისგან (რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან რთულია შემოთავაზებული არჩევანის სიმწირის, უფრო სწორად, რეალურად არჩევანის არარსებობის პირობებში), ხოლო ოხლოკრატიული - სიბეცეში თავდაჯერებულობას.

სიბეცეში თავდაჯერებულობის მაგალითები მრავლად გვქონია ჩვენს უახლეს ისტორიაში და, ცხადია, არც ახლა ვუჩივით მათ ნაკლებობას.

ერთ-ერთი მთავარი სახელისუფლებო სიბეცე კი ტრადიციულად მმართველთა არაადეკვატური რეაქციებია, სახელდობრ, მორალური ფენომენების მიმართ არაადეკვატურობა, რაც ყოველთვის იმის მანიშნებელია, თუ როგორ ყინავს ზნეობრივად გარყვნილ-გამრყვნელი სისტემის შიგნით ყოფნა არასათანადოდ მგრძნობიარე, არასაკმარისად კეთილ და არცთუ ჭკვიან ადამიანებს.

ოდესღაც ოდინდელ ხელისუფლებას მეტისმეტად ძვირად დაუჯდა, როცა ოქროყანის ტყეში მოკლული ადამიანის დედის და, უპირველეს ყოვლისა, თავად შემზარავი დანაშაულის მასშტაბურობის იგნორირებას ცდილობდა, ახლა კი არსებული ხელისუფლება იმსხვრევა მორალურად შვილებმოკლული მამების ზნეობრივი სიმტკიცის წინაშე, რადგან წლებისწინანდელი ტრაგიკული ამბის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დამაბნეველ და, პრინციპში, არაპრაგმატულ ანტიჰუმანურ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე.

თუმცა ხელისუფლების ზნეობრივი სიღატაკის ფონზე, ერთადერთ და შესაძლოა მთავარ ნუგეშად სწორედ ის კრიტიკული და მორალურად სამაგალითო პროცესი უნდა მივიჩნიოთ (მორალი - როგორ აკლია ეს სათნოება ჩვენს პოლიტიკას), რომელსაც - ბოდიშს ვიხდი პათეტიკისათვის, - ჩვენი დროისა და სინამდვილის ზვიადაური და ჯოყოლა უდგანან სათავეში, ქართველი და ქისტი კაცი, რადგან ვაჟა-ფშაველას პოემის უკომპრომისო გმირებიც სწორედ ისევე უპირისპირდებიან ძლიერთა სისტემას, როგორც ეს ორნი, რამდენიმე თვეა წვიმისა და სიცივისგან დამცავი კარვებისთვის, ზოგადად კი სამართლიანი და კანონიერი სახელმწიფოს შექმნისთვის რომ იბრძვიან ცარიელი ხელებით.

სახელმწიფოებრივად ახლა ეს ორი აზროვნებს და არა ისინი, ვისაც წესით კონსტიტუციით ევალება ამგვარად აზროვნება - ანუ ხელისუფლება, მაგრამ ისიც ხომ ვიცით ჩვენი უახლოესი ისტორიიდან, რა მძიმედ და უხერხულად ასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას ის მმართველები, რომლებიც თავს "ოდნავ ზემოთ" (ოღონდ ოდნავ კი არა, მიუწვდომლად მაღლა) აყენებენ მოქალაქეზე და იმ პრინციპებზე, რომელზედაც სამართლიანი სახელმწიფო დგას.

ამ ორ კაცს დიდი მისია აქვს: პირველი მორალურად აფხიზლებს თავის თანამოქალაქეებს, ხოლო მეორე, სხვა ყველაფერთან ერთად, მახინჯ, ზერელე და უსამართლო სტიგმას აცილებს პანკისს... ამ კაცის შემყურე ვეღარავინ გაიმეორებს იმ უგვან სტერეოტიპს, რომ პანკისი "ჩაკეტილი და უცხოა". შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის გასაღებს (თუკი "პანკისი" რაიმე ფორმით მაინც იყო ან არის პრობლემა) ახლა სწორედ ეს ადამიანი ფლობს, ანუ მისი მაგალითი. ახლა მაინც ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ხალხი ჩვენი სახელმწიფოს ნაწილია და ისინი ჩვენზე არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) მგრძნობიარე მოქალაქეები ყოფილან - ამხელა ტრაგედიისა და უსამართლობის განცდის მიუხედავად, შვილმოკლულ მამას არც ერთხელ არ დავიწყებია, რომ ის საქართველოს მოაზროვნე, მაშასადამე პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეა.

ჰოდა, მართალია, ჩვენი ისტორია და ქვეყანა მუდმივად გვიწყობს ერთგვარ პოლიტიკურ-ფატალისტურ გამოცდებს, მაგრამ რას ვიზამთ, ფიქრის გარეშე არც ჩვენ გამოგვივა რამე და არც იმათ, ვისაც ჩვენ მაგივრად აზროვნება ქცევია ძველ თუ ახალ ჩვევად - ჩვენს საქციელზე, ამ შემთხვევაში კი ჩვენს ხმებზე ჩვენვე უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები და არა ისინი. ისინი, როგორც წესი, ყოველთვის უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ჩვენგან გაცემულ ნდობის მანდატს...

თუმცა პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაც ხომ ჩვენი პასუხისმგებლობაა.

ამიტომ - ვიფიქროთ. ჩვენი არჩევანი - ფიქრია.

როცა მოქალაქე აზროვნებს
please wait

No media source currently available

0:00 0:06:45 0:00
გადმოწერა
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG