Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის მიწურულს


იმდენი კარგი, გამაოგნებელი, საგონებელში ჩამგდები თუ დრამატული ამბავი მოხდა გასულ წელს, რომ, ალბათ, შეუძლებელი იქნება ყველა მსხვილი თუ მცირე მოვლენის ჩამოთვლა, ამიტომ ახლა მხოლოდ იმასღა გავიაზრებ, რითაც წლის მიწურულმა დაგვამახსოვრა თავი...

1. წლის შუბლთა ბჯენა

ალბათ, დიდად არაფრით დაგვამახსოვრდებოდა ის მოსალოდნელად უხერხული საპრეზიდენტო ინაუგურაცია, ორ ტიტანს, სახელმწიფოს წარმომადგენელს - პოლიციელთა ყოჩს და პოლიტიკური ოპოზიციის მოწინავე ვაცს რომ შუბლები არ ეტაკებინათ ერთმანეთისთვის. დიდი ბჯენა იყო, ვერაფერს იტყვი, რამაც კიდევ უფრო აამაღლა პოლიტიკური ოპონირების კულტურა საქართველოში. გარეთ (ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ) ოცდამეერთე საუკუნეა, ხალხი მარსამდე ცდილობს მიღწევას, ჩვენთან კი პოლიციელთა ალფა-ყოჩი შუბლურით აკავებს თავადაც შუბლმაღალ ალფა-ვაცს. შუბლი შუბლს ეხლება, ცხვარი ცხვარს და ჩვენ კი, მართლაც დაბნეულ ცხვრებად ქცეულები ამათ შემყურე, ამ ორის შუბლებს შორის გვიწევს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავლის განჭვრეტა. იქით - გეტოსავით ჩარაზულ-ჩაკეტილი საესტრადო ინაუგურაცია, აქეთ კი - მიბჯენილი შუბლები და სრული უპერსპექტივობა, რადგან იქ, სადაც ორი თხა რქა-შუბლით ებჯინება ერთმანეთს, ბევრი არც არაფერი უკლია კლდიდან დასრიალებას...

2. შენობა და მორალი

ეს კი ნამდვილად აღარ მეგონა, რომ ჩვენში შენობებსაც ჰქონიათ მორალი. განსაკუთრებით - პოლიტიკურ შენობებს. პოლიტიკოსებს, მით უფრო ხელისუფლებაში მყოფებს, მორალს თითქმის არასდროს ვთხოვთ, მაგრამ შენობებისადმი კი დიდი მორალური პრეტენზიები გვაქვს. მაგალითად, პრეზიდენტის სასახლის მიმართ, სადაც შრომა-მოღვაწეობა ამორალურ საქციელად მიაჩნდა და კვლავაც მიაჩნია საქართველოს მთავარ პოლიტიკურ მორალისტს (გვარის გახსენება მეზარება - ისედაც იცით). ვეჭვობ, ახლად შერჩეულ პრეზიდენტს ძალიანაც უნდა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაბანაკება, მაგრამ ვერ ბედავს, რადგან თუკი გაბედავს, უმალ დაკარგავს შემრჩევის ისედაც მერყევ კეთილგანწყობას, თავად შემრჩევი კი, ასე ჩანს, უკვე წლებია იმაზეღა ზრუნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი (ვინც არ უნდა იყოს ამ პოსტზე) როგორმე სრულ მთხლედ წარმოაჩინოს, თორემ იმდენი ამორალური შენობა გვიდგას და ახლაც შენდება თბილისში, რომ ბოლოს და ბოლოს, ამ ერთსაც აიტანდა.

თუმცა ეს ფიქრი კი მაინც არ მასვენებს: რატომ არის უფრო ამორალური დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მუშაობა, ვიდრე კომუნისტური ცეკას ძველ შენობაში? რაც უნდა იყოს, ავლაბრის რეზიდენცია დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეა, მთავრობა კი საქ სსრ ცენტრალური კომიტეტის მართლაც ობიექტურად და ისტორიულად ამორალურ შენობაშია განთავსებული... ჰოდა, სად ცეკას შენობის მორალი და სად დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციის? სად უფრო სირცხვილია თუნდაც "ფასადურად" ფუნქციონირება - იმ შენობაში, რომლის არქიტექტურული ნაწილიც იქვე მორიდებულად მჯდომარე ლენინი იყო ოდესღაც, თუ მცირედ კიტჩურ სასახლეში, რომლის სახურავზეც დამოუკიდებელი (და არა სსრკ-ის პროვინცია) საქართველოს დროშა ფრიალებდა ყოველთვის?!

ისე კი, რა ცოტა რამ სჭირდება ამ ეტაპზე ახლად შერჩეულ პრეზიდენტს ნაციონალურ-ფსიქოლოგიური ლეგიტიმაციისთვის: მხოლოდღა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა და შრომა, ანუ იმის ჩვენება, რომ სულ-სულ ოდნავ მაინც თავისუფალია დიდი შემრჩევისგან. ვისაც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ მეხუთე პრეზიდენტს არავის ვალი არ უნდა ჰქონდეს - არც თუნდაც იმათი, ვინც ახლა მისი არჩევის წყალობით ვალი.ჯი-ზე ეძებს საკუთარ გვარს...

3. ის, რასაც რეპუტაცია ერქვა

წლის მიწურულს ბედნიერად გვამცნეს, რომ ქუთაისის საჭიდაო არენა თბილისის ეროვნულ ორთაბრძოლათა პოლიტ-სპორტ დარბაზს უბრუნდება. მას შემდეგ, რაც დეპუტატ ინაშვილს ნაცუ ბაშო ერგო ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბოლო მოწვევის პარლამენტიდან კარგა ხნით განიდევნა პოლიტიკური ფუნქციონირებისათვის არცთუ უმნიშვნელო პრაქტიკა - სიტყვიერი დებატები. დეპუტატების ნაწილი ისე იღებს ხელფასს, რომ წლებია გამომწვევად დუმს (როგორც წესი, სხდომაზე დაუსწრებლად), მეორე ნაწილი კი უმალ ხელების საქნევად იწევს საპარლამენტო დებატების მცდელობის გაჩენისთანავე... მაგრამ დეპუტატს ხომ ყველაფრის უფლება აქვს! ჩვენი სახელმწიფო ხომ მყარად იცავს მისი "ზურგით" ძველბიჭობის უკვდავ ტრადიციას - იყავი მჩაგვრელი, თუკი შენ უკან მმართველი უმრავლესობა დგას, პასუხს მაინც არავინ მოგთხოვს. დეპუტატს შეუძლია მთელი ქვეყნის დასანახად იყოს აგრესიული, მაგრამ ხახვივით შერჩეს ამგვარი უკულტურობა და სიმდაბლე, ისევე როგორც პოლიციელებს, რომელთაც ადამიანის ცემა და გატაცება ძალუძთ და პასუხი კი არც მათ მოეთხოვოთ. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვითომდა პოლიციელებმა უკანონოდ და უსამართლოდ იძალადეს პოეტ რატიანზე, მაგრამ ჩადენილის გამო მათ პროფესიულ ცხოვრებაში დღემდე არაფერი შეცვლილა - ისევ ისე განაგრძობენ "პროფესიულ საქმიანობას", როგორც ერთი წლის წინ. სამაგიეროდ, ქვეყნიდან წასვლა უსამართლოდ ჩაგრულს მოუწია, რადგან გეგონება ცემა და გატაცება არ იყო საკმარისი, მის რეპუტაციაზე სათანადოდ "იზრუნა" საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც უსამართლოდ ჩაგრულის რეპუტაციული "მკვლელობა" სცადა, რათა მერე ჩვენს უვიც მორალისტებს მისცემოდათ ამის თქმის საბაბი: აბა, რა, ასეთი კი უნდა გაელახათო...

არა უშავს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სამუდამო ამ ქვეყნად არაფერია, მოვა ახალი ხელისუფლება და ძველს ძველებურად შეახსენებს ჩადენილს, რადგან ამ უმუდმივობაში ყოველთვის იქნება "მუდმივი მურუსიძე", რომელიც ისევე მოერგება ახალ "სამართლიანობას", როგორც არაერთხელ მორგებია აქამდე...

4. ისტორიის სული

რაც თავი მახსოვს (თავი კი მახსოვს საბჭოთა ოთხმოციანებიდან), საქართველოს ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ პოლიტიკური პრინციპულობით, ოღონდ ერთგვარად გვიანი ბრეჟნევის ესთეტიკით: როცა დრო სხვაგან მიიწევს და შენ კი სადღაც უკან ჩამორჩები განვითარების პროცესს ბიბლიური დაცემული ანგელოზივით...

ისე ჩანს, რომ ეკლესიის ავტორიტეტული უმრავლესობა არასდროს არაა იქ, სადაც ისტორიის სული მოძრაობს. და ეს თითქოს ახლაც ასეა: ერთი მხრიდან ზნეობრივად დაცემული იმპერიაა, მეორე მხრიდან უკრაინის ეროვნული მოძრაობა (რადგან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა ახლა თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია), ჩვენი ეკლესია კი იმის საშიშროების წინაშე დგას, რომ სწორედ ისტორიის წინაშე დაუშვას შეცდომა... ისეთი შეცდომა, რომელსაც, მართალია, ვინმე წარმავალი კირილე კი მოგიწონებს კრემლის წმინდა მისადგომებიდან, მაგრამ ისტორია ერთმნიშვნელოვნად არ გაპატიებს, რადგან ისტორიაც ისეთივე ცოცხალია, როგორც ის სული, რომელიც წესით, გამბედაობას უნდა გმატებდეს, როცა შენმა გადაწყვეტილებამ საუკუნეებს უნდა გაუძლოს და არა რომელიმე პუტინის მმართველობას.

5. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

სწორედ ზემოთ ხსენებული ლიმიტირებული მმართველი იჯდა იმ საუბილეო კონცერტზე რუსეთში, სადაც სახელოვანმა ქართველმა ბასმა ცანგალას კუპლეტები შეასრულა ოპერიდან "დაისი", მაგრამ სანამ ამ სადღეგრძელოს დაამღერებდა, მანამდე დრო იხელთა და რაკი კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რუსეთის მმართველი პუტინი იმ დანაშაულთა გამო ამხილა სცენიდან, რომელიც მას და მის სისტემას აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე: რუსეთის სამხედრო ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხალხის გატაცება და მკვლელობები, 2008 წლის ომი და სურვილი, რომ საქართველომ დამოუკიდებლად და ცივილიზებულად განვითარება ვერ შეძლოს... ქართველ ბასს ეყო გამბედაობა, რომ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა და თავისი ერის სათქმელი გაეხმიანებინა პოლიტიკური და ისტორიული მოწინააღმდეგის წინაშე. ქართველი ბასი ისტორიაში შევიდა ამ მართლაც ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებით. მართალია, ამ ნაბიჯის გადადგმა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ არც იმდენად დიდთან, რომ ისტორიაში შესვლის შესაძლებლობა გადაეწონა... სხვა მხრივ, ძალიან სამწუხარო და ტრადიციულად უხერხული იქნებოდა ქართულ-საბჭოური დეკადების სტილში სიმღერა პუტინის თანდასწრებით...

ჰოდა, გისურვებთ, რომ მომავალ წელს სხვა თუ არაფერი, მეტ-ნაკლებად მაინც შეგვეძლოს შესაძლებლობების გამოყენება, თორემ შეცდომის დაშვებისგან დაზღვეული არავინაა...

წლის მიწურულს
please wait

No media source currently available

0:00 0:09:03 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG