Accessibility links

"პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი გადადგებოდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს პასუხისმგებლობა"


ლაშა ტუღუში, "ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორი

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება“, - ასე აფასებს „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ დირექტორი, ლაშა ტუღუში შს მინისტრის პრესკონფერენციას და თვლის, რომ გიორგი გახარია „შეცდომას უშვებს“, რომ არ იღებს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას:

“ჩვენ ვლაპარაკობთ მის გადადგომაზე არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი გადადგებოდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს პასუხისმგებლობა”.

ლაშა ტუღუში ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი არ არის პოლიტიკოსების აქცია:

„მე დავინახე უამრავი ახალგაზრდა. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ ვუსმენდი მათ გამოსვლებს - რამდენად გაზრდილია თაობა. ესაა განათლებული თაობა, რომელსაც უნდა დემოკრატიაში ცხოვრება, სხვა ხარისხის მთავრობა, სხვა ხარისხის პარლამენტი, სხვა ხარისხის პარტიები, სხვა ხარისხის განვითარება.

როცა ვაკრიტიკებ, არ ვამბობ, რომ ყველა მინისტრი ცუდია, ყველა დეპუტატი ცუდია, ყველა პარტია ცუდია. უბრალოდ, ჩვენ მეტი ხარისხი გვჭირდება და ეს თაობა ვერ მოითმენს ასეთ საქციელს ვერავისგან“.

ლაშა ტუღუშის შეფასებით, საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს მორალურად აბსოლუტურად გამართული პოზიცია აქვთ და გიორგი გახარიამ უნდა მოუსმინოს მათ და მიიღოს გადაწყვეტილება:

“მგონი, კარგად ესმის, რასაც ეუბნებიან და რაც მალე გააკეთებს ამას, უკეთესია“.

„ლიბერალური აკადემია - თბილისის“ დირექტორის შეფასებით, რაც უფრო დააგვიანებს შს მინისტრი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, მით უფრო მტკივნეული იქნება მისთვის:

„არ არიან ესენი [აქციის მონაწილეები] პარტიულები, სიძულვილით შეპყრობილები და რევანშიზმით შეპყრობილები.

რაც უფრო გაჯანჯლდება ეს პროცესი, მით უფრო მტკივნეული იქნება გახარიასთვის წასვლა. რაც უფრო გვიან წავა, უფრო მძიმე იქნება მისთვის.

ასეთი პრესკონფერენციები კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას“.

ლაშა ტუღუში აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესი დასრულდეს და ტემპერატურამ დაიწიოს, რადგან ეს ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG