Accessibility links

IDFI: 2019 წლის ყველაზე დახურული საჯარო უწყება - იუსტიციის სამინისტრო


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) უკვე მეათე წელია ახორციელებს მონიტორინგს სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ორიოდე დღის წინ IDFI-მ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია ყოველწლიურად ათასობით მოთხოვნას გზავნის სხვადასხვა უწყებაში, რომელთაგან, იქნება ეს ცენტრალური თუ რეგიონული დაწესებულება, თითოეული განსხვავებულად უდგება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას.

IDFI-ს პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ გასულ წელს 280-ზე მეტ უწყებას 6200-ზე მეტჯერ მიმართეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით:

„2019-ში მცირედით გაუარესებაა სიტუაციის. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მივიღეთ. დაახლოებით 7%-ით დაიკლო სრულყოფილად მიღებული პასუხების რაოდენობამ“.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მკაფიოდ ჩანს საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში:

„ეს ფაქტობრივად არის დაწესებულებების ადმინისტრაციული გამჭვირვალების მონიტორინგი. პირველ რიგში, უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვას და საკადრო პოლიტიკას. ძირითადად 10-15 სტანდარტული მოთხოვნაა, რომელიც იდენტურია ყველა დაწესებულებისთვის. ესენია, მაგალითად: საწვავის ხარჯი, ავტოპარკის მონაცემები - რა მანქანები ჰყავთ, რა კილომეტრაჟი გაიარეს; პრემიები და დანამატები როგორ გაიცა, რამდენი ადამიანი დაასაქმეს, რამდენი გაუშვეს.

მაგალითად, თვითმმართველობების შემთხვევაში ვითხოვდით ინფორმაციას აიპ-ების შესახებ - რამდენია, ვინ ჰყავთ დასაქმებული და რა საკადრო პოლიტიკას ახორციელებენ აიპ-ებთან მიმართებით. ასევე ვითხოვთ ისეთი შესყიდვების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არ არის მისაწვდომი შესყიდვების ვებგვერდზე - ესენია გადაუდებელი აუცილებლობისას განხორციელებული შესყიდვები და ხელშეკრულებები.

არასტანდარტული მოთხოვნები იგზავნება ხოლმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ყველა საჯარო უწყებაში ინდივიდუალურად. აი, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვა”.

რა სახის ინფორმაციის გაცემა არ უყვართ საჯარო უწყებებს? IDFI-ს ანგარიშში ასეთიც არის გამოკვეთილი:

„2019 წელს ყველაზე დახურული ინფორმაციიის ჯგუფები გამოვყავით, რომლის მოწოდებაზეც ყველაზე მეტმა უწყებამ განაცხადა უარი. მაგალითად, ასეთი იყო სახელმწიფო უწყებების შიდა აუდიტის დასკვნები.

გარდა ამისა: თითქმის ყველა უწყების ხელმძღვანელს ჰყავს მრჩევლები. შეიძლება 7 ჰყავდეს, შეიძლება - 1, მაგრამ თითქმის ყველა უწყებას ჰყავს მრჩეველი. ის არ ინიშნება კონკურსის წესით და პირდაპირ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აჰყავთ. გვაინტერესებდა ამ მრჩევლების ვინაობა - სამუშაო გამოცდილების აღწერა, მათი ხელშეკრულება - რა ანაზღაურებით აჰყავთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, რომელზე ინფორმაციასაც არ გვაწვდიდნენ და ამბობდნენ, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა.

მოქალაქემ რომ მოითხოვოს მინისტრის მრჩეველზე ინფორმაცია, სახელსა და გვარსაც არ მიაწვდიან. ისინი არ არიან თანამდებობის პირები, არ ავსებენ დეკლარაციას და ამიტომაც გვაინტერესებდა. ჩვენ ამაზე კვლევას ვამზადებთ და მალე გამოვაქვეყნებთ. ადრე, როცა მსგავს კვლევას ვაკეთებდით, აღმოჩნდა, რომ ამ ადგილებზე ხშირად ე.წ. „ოდეერები“ იყვნენ ხოლმე გაფორმებულები, რადგან ინფორმაცია დახურულია, კონკურსი არ სჭირდება. ასევე ხშირი იყო, როცა ძალიან ახალგაზრდები - 20-21 წლის პირები აჰყავდათ, სავარაუდოდ, ნათესაური კავშირებით დაახლოებულები. შეიძლება ხელფასი ჰქონდეს 5000 ლარი და არანაირი ანგარიშვალდებულება არ არსებობს. CV-ც იმიტომ გვაინტერესებს, რომ მრჩეველი რაღაც კომპეტენციის უნდა იყოს, რაღაც რომ ურჩიოს ხელმძღვანელ პირს“.

რა გამოავლინა 2019 წლის ანგარიშმა, რომელი უწყება არის საჯარო ინფორმაციის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი გამცემი?

„ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს რაც შეეხებათ, შემიძლია აღვნიშნო, რომ კარგი მაჩვენებლით გამოირჩეოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. ინფორმაციის გაცემის ხარისხი გააუმჯობესეს და ჩვენ ამას ანგარიშვალდებულებას ვეძახით, მაგალითად, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა.

კვლავ ძალიან არაანგარიშვალდებულად, ძალიან დახურულად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. იუსტიციის სამინისტრო უკვე მესამე წელია, რაც საერთოდ არ გასცემს ინფორმაციას. აქ ლაპარაკი არ არის საკუთრივ იუსტიციის სამინისტროზე, აქ ლაპარაკია მის დაქვემდებარებაში მყოფ ათ საჯარო უწყებაზეც. ესენია: საჯარო რეესტრი, საკანონმდებლო მაცნე, სერვისების სააგენტო და ა.შ.. ჯამში მათ 300 მოთხოვნა გავუგზავნეთ და ვერც ერთზე მივიღეთ პასუხი. ვეკითხებით იმავეს, რასაც სხვებს. შსს გვაძლევს ინფორმაციას იმ საკითხებზე, რომლებზეც არ გვაძლევს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის კანონის დარღვევა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ყოველ წელს ვიდაოთ სასამართლოში".

ლევან ავალიშვილი „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ წლების წინ იუსტიციის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა განსხვავდებოდა ბოლოდროინდელისგან:

„2014 წელს იუსტიციის სამინისტრო იყო ძალიან ანგარიშვალდებული უწყება. თანამშრომლობდა ყველასთან. პერიოდი იყო, როცა რეფორმებზე მუშაობდა. მერე რატომღაც შეცვალეს მიდგომა. არ ვიცი, რის გამო, მაგრამ ეს მიდგომა კარდინალურად შეიცვალა სამწუხაროდ. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მოვამზადეთ კანონრპეოქტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, ვითხოვდით უწყების შექმნას, რომელიც დააჯარიმებდა იმ უწყებებს, რომლებიც არ გასცემდნენ ინფორმაციას. ეს შეთანხმებული იყო იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად აიღო ვალდებულება, რომ პარლამენტს წარუდგენდა, მაგრამ ეს მშვენიერი კანონპროექტი, რომლის შექმნაში მეც მივიღე მონაწილეობა, 2014 წლიდან თაროზეა შემოდებული და პარლამენტამდე არც მისულა. მათ შორის, ძალოვანი უწყებებიდან იყო სერიოზული წინააღმდეგობა, რადგან მათზე საჯაროობის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა გავრცელებულიყო, ვიდრე დღეს არის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG