Accessibility links

ხელოვნური ინტელექტი - ეფექტიანი, სწრაფი ეკონომიკისთვის


სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შვედურ-ქართულმა კომპანია „ნეირონმა“ საქართველოში დააფუძნა ხელოვნური ინტელექტის აკადემია. მისი რექტორია ლევან ბოძაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლების მსმენელი იცნობს პოლიტიკიდან - როგორც კონსტიტუციონალისტს, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შვედურ-ქართულმა კომპანია „ნეირონმა“ საქართველოში დააფუძნა ხელოვნური ინტელექტის აკადემია. მისი რექტორია ლევან ბოძაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლების მსმენელი იცნობს პოლიტიკიდან - როგორც კონსტიტუციონალისტს, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს. ის თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკის წარმატება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წინსვლის გარეშე წარმოუდგენელია. გასულ წელს ლევან ბოძაშვილმა გადაწყვიტა გაევლო „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის ბიზნესადმინისტრირების სპეციალური კურსი და დღეს მოწადინებულია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ცოდნის გავრცელებას საქართველოში:

„დღეს ბიზნესი ვერ იარსებებს, წარმატებული ვერ იქნება, თუ არ იყენებს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს, გადაწყვეტებს როგორც ანალიტიკაში, წარმოების პროცესში, მიწოდების პროცესში, ასევე უამრავ რამეში, რაც ავტომატიზაციას ეხება და საჭიროა, რომ კომპანიამ სწრაფად და ეფექტიანად იმუშაოს.

აღარაფერს ვამბობ საგანამანთლებლო სფეროზე. ყოველდღე შეგვიძლია ვნახოთ უამრავი განაცხადი ვაკანსიაზე, წლიური ხელფასით 100-დან 150 ათას დოლარამდე. ძალიან დიდი შესაძლებლობებია ამ მხრივ, რომ ადამიანმა ცხოვრება მოიწყოს ინდივიდუალური ცოდნის პირობებში.

თუ შევხედავთ გიგანტებს, ადამიანებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ტექნოლოგიურ სფეროში, დავინახავთ, რომ „პეიპალი“, რომელიც შექმნა ილონ მასკმა, შემდეგ გაყიდა 160 მილიონად, შემდეგ შექმნა „ტესლას“ ქარხანა, გაყიდა მეორე პროგრამა, შემდეგ შექმნა „სპეისექსი“, გააფრინა კოსმოსში, გუშინ 800 მილიონი დოლარის ხელფასი აიღო...

ტექნოლოგიის და მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთ ადამიანს შეუძლია რეალურად შეცვალოს სამყარო და ამის შესანიშნავი მაგალითია ილონ მასკი“.

რა მდგომარეობაა ხელოვნური ინტელექტის სწავლა-სწავლების მხრივ საქართველოში და რის საჭიროებას ხედავს ყველაზე მეტად „დილის საუბრების“ სტუმარი:

„ჩვენ გვყავს უამრავი ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესებულია ამ ყველაფრით, რომელიც სწავლობს პროგრამირებას, სწავლობს ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიას, იყენებს თავის საქმიანობაში და არის დასაქმებული ამ სფეროში.

აკადემიის შექმნა არ უკავშირდება მხოლოდ სწავლების პროცესს, არამედ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ეკოსისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. თუ არ იქნება ეკოსისტემა, ჩვენ ვნახავთ უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ისწავლის და წავა საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნების ბაზრებზე, ჩვენ კი ექსპერტიზა ისევე არ გვექნება ამ სფეროში, როგორც დღეს არ გვაქვს.

მაგალითად, როცა ვლაპარაკობთ ინვესტიციებზე და გვინდა გიგანტი კომპანიები შემოვიდნენ (დღეს ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩინეთიდან ეს კომპანიები გამოდიან, სადღაც უნდა წავიდნენ და აქ შემოვიყვანოთო), ვინ იმუშავებს ამ კომპანიებში? გვაქვს თუ არა ადამიანური რესურსი? თუ ამ კომპანიებმა სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს მუშახელი, დაუჯდებათ სამჯერ მეტი. ამიტომ ასეთი ტიპის შეთავაზებით ჩვენ მათ ვერ მოვიზიდავთ. ჩვენ გვჭირდება კადრები, გვჭირდება ინჟინრები, პროგრამული გადაწყვეტის ძალიან ბევრი მცოდნე, რადგან გიგანტ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ თავიანთ საქმიანობაში პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, ბლოკჩეინს, საგანთა ინტერნეტს და ა.შ., ბუნებრივია, ადგილზე სჭირდებათ სამუშაო ძალა, რომელიც შეასრულებს მათ ამოცანებს. ამიტომ, თუ ჩვენი ბაზარი არ იქნება მზად ამისთვის და ეკოსისტემა არ იქნება, რომელიც ამ ყველაფრის განვითარებას ხელს შეუწყობს, მაშინ ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებზე ლაპარაკი უბრალოდ უნდა დავასრულოთ, რადგან ეს არის თავის მოტყუება“.

საქართველოში ბევრი სიფრთხილით და შიშითაც უყურებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა, შეიძლება არც კი აცნობიერებდეს, რომ ის არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი:

„ხელოვნური ინტელექტი მაინც არის პირობითი დასახელება. ნიშნავს პროგრამულ ალგორითმს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს კონკრეტული ამოცანის შესასრულებელ მოქმედებებს. ამის მაგალითად გამოდგება, ყოველდღიური შეხება რასთანაც გვაქვს, ე.წ. „გონიერი კამერები“, რომლებიც ჩვენს გზებზე მრავლად არის, წერს ჯარიმებს, ანუ ავტონომიურ რეჟიმში წყვეტს ადამიანის ბედს. შეუძლია გამოუწეროს ჯარიმა ადამიანს, რომელსაც შეიძლება ამის გადახდის საშუალება არც ჰქონდეს. ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური ინტელექტი და არის კიდევ მეორე განზომილება, უფრო მნიშვნელოვანი - ხელოვნური სუპერინტელექტი, რომელიც დღეს არ არსებობს“.

როგორ უნდა დაუკავშირდეს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარება ეკონომიკის წინსვლას?

„ხელოვნური ინტელექტი ეხება ყველა ინდუსტრიას, ყველა სფეროს, რომელშიც შეაქვს ხელშეწყობა, რომ პროცესი იყოს იაფი, ეფექტიანი და სწრაფი. ეს არის სამი ძირითადი მახასიათებელი. ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა მივუდგეთ ისე, თითქოს ეს არის რაღაც რევოლუციური, „ტერმინატორული“ მოვლენა, არამედ როგორც ინტერნეტი გახდა რამდენიმე ათეული წლის წინ და დღეს ინტერნეტის გარეშე ვერც ერთი ოფისი ვეღარ მუშაობს, ისე იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც სულ მალე, რამდენიმე წელიწადში.

ვერც ერთი კომპანია ვერ მოახდენს ინტეგრაციას გლობალურ ბაზარზე, თუ მას არ ექნა ალგორითმული ტიპის გამოყენება: საწარმოო პროცესი, ხარისხის დადგენა, სერტიფიკატების მინიჭება. ასე რომ, როცა შეთანხმებებით გვაქვს გახსნილი ჩინეთის ბაზარი და ევროპის ბაზარი, ამას სჭირდება შესაბამისი უზრუნველყოფა როგორც სურსათის უვნებლობის, ისე უამრავი სხვა სტანდარტის თვალსაზრისით, რისი ავტომატიზაცია და განხორციელება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს.

ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია სერიოზულად ვისაუბროთ სტრატეგიული ეკონომიკური მიმართულებების რეალურ განვითარებაზე. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა იღებს უამრავ ვალს და ჩვენ გვჭირდება სამჯერ, ოთხჯერ იმაზე მეტი წარმოება, რომ ქვეყანას შეეძლოს ამ ვალების ნელ-ნელა გასტუმრება, ვიდრე გვაქვს“.

„დილის საუბრებში“ ლევან ბოძაშვილი ხსნის იმ გამოწვევებსაც, რაც ხელოვნური ინტელექტის უკვე არსებულ და მზარდ გამოყენებას ახლავს თან და ეს არის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი. ერთ-ერთ მაგალითად ისევ ე.წ. გონიერ კამერებს იშველიებს:

„დამერწმუნეთ, გონიერი კამერების მიერ გამოყენებული ალგორითმები წინააღმდეგობაშია ევროპული კონვენციის მუხლებთან. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

და მეორე - რომელ კანონში წერია, რომ ადამიანის დასჯადობა, მის მიამრთ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლია ისეთ რამეს, რომელიც სუბიექტი არ არის. ხელოვნური ინტელექტი არ არის სუბიექტი

რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან, რომელიც ასევე იურისტია, ჩემსავით სწორედ ხელოვნური ინტელექტია მისი მეორე სპეციალობა და გონიერი კამერების თემა სწორედ მისი საუბრიდან წამოვიდა“.

ინტერვიუს დასასრულს ლევან ბოძაშვილი უბრუნდება განათლების სფეროს და ამბობს:

„ძირითადი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანას აქვს, არის არასათანადო განათლება, არაადეკვატური განათლება, თანამედროვე მოთხოვნების შეუსაბამო განათლება, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე.

ორი დღის წინ გვქონდა განათლების მინისტრთან საუბარი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ გასული წლის დეკემბერში, როცა IBM-თან ერთად მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის შევადგინეთ ხელოვნური ინტელექტის სწავლების საბაზისო სილაბუსი. ეპიდემიამ გააჩერა ეს საკითხი. გუშინწინ კი გვქონდა მინისტრთან საუბარი, რომ ამ პროექტის განხორციელება დავიწყოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდამ ხელოვნური ინტელექტი ისწავლოს, არამედ იმიტომ, რომ ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, პრაქტიკულად შეუძლებელია ეს პროცესი გავწელოთ წლების განმავლობაში. ჩამოვრჩებით. აქ მთავარი ამოცანაა, რომ ეს - კურსები იქნება თუ სასწავლო პროცესი - იყოს ადაპტირებული უნარების გამომუშავებაზე. ადამიანებს, რომლებსაც არ ექნებათ ჯვარედინი განათლება ამ სფეროში, გარდა თავიანთი ძირითადი პროფესიებისა, ვეღარ იქნებიან მოთხოვნადი ბაზარზე. მთელი განათლების სისტემა ამ კუთხით უნდა აეწყოს.

იმისათვის, რომ დაიცვათ დოქტორის ხარისხი ხელოვნურ ინტელექტში, თქვენ ვერ ნახავთ ხელმძღვანელს. ლიტერატურა არ არის ქართულად. ყველაფერი არის ინგლისურად და ადამიანს სჭირდება ენის ცოდნა, პირველ რიგში, თუმცა, თუ ადამიანს აქვს მათემატიკის და ფიზიკის საბაზისო ან, მითუმეტეს, კარგად განვითარებული ცოდნა, ის ამას გააკეთებს. ენის ცოდნა ისეთი პრობლემა არ არის.

ჩვენ სასკოლო და შემდეგ უკვე საუნივერსიტეტო ეტაპზე მაქსიმალურად შერჩეული, სპეციალურად მომზადებული კურსებით უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ მათ მიიღონ სპეციალური ცოდნა, მზად იყვნენ დასაქმებისთვის, შეეძლოთ კონკრეტული გადაწყვეტების მომზადება. ამას ჰქვია ხელოვნური ინტელექტის უმცროსი ინჟინერი, რომელსაც ჩვენ აკადემიაში ვამზადებთ.

ვაპირებთ გავხსნათ აკადემიის ფილიალები ყველგან საქართველოს მასშტაბით, რომ ადამიანებს მივცეთ მაქსიმალური საშუალება ეზიარონ ამ ცოდნას. უკრაინის მაგალითია ძალიან კარგი, სადაც 22 ფილიალი აქვს ჩვენს პარტნიორ მსგავს აკადემიას, რომელმაც ერთ წელიწადში 25 ათასი ადამიანი გადაამზადა. ერის საინვესტიციო მზაობისთვის საჭიროა შესაბამისი კადრები ჰყავდეს ქვეყანას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG