Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"80% ემხრობა იმ აზრს, რომ საქართველოში საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა"


ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი
ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი

"ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი აჩვენებს საყოველთაო იმედგაცრუებას არსებული პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების მიმართ. ჩვენი გამოკითხვით ჩანს, რომ 80% ემხრობა იმ აზრს, რომ საქართველოში საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რაც ცალსახად უსვამს ხაზს იმას, რომ გარკვეულწილად იმედგაცრუებულია და მობეზრდა მოსახლეობას დიქოტომიური, ორპოლუსიანი სივრცე საქართველოში - "ქართული ოცნება" ერთი მხრივ და "ნაციონალური მოძრაობა" მეორე მხრივ. ყველა ხვდება, ვისაც მოსახლეობასთან შეხება აქვს, რომ ადამიანები ახალ გამოსავალს ეძებენ ამის დაბალანსებისთვის. ამიტომაც არის პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა დაბალი და იმედიც დაბალი. ამომრჩეველი ვერ ხედავს თავის ფავორიტს", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი "დილის საუბრებში".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მსგავს გამოკითხვებს ყოველ წელს ატარებს და აქტუალურ საკითხებზე მოსახლეობის განწყობებს იკვლევს:

"ვიკვლევთ საჯარო პოლიტიკის მიმართულებებს და ვიყენებთ ამ გამოკითხვების შედეგებს ჩვენს ანგარიშებში. ადვოკატირებისთვისაც გამოგვდგომია ასეთი შედეგები - როცა ესაუბრები ხელისუფლებას და გინდა პოლიტიკა შეაცვლევინო, თუ მოსახლეობის აზრი ზურგს გიმაგრებს, უფრო იოლია ადვოკატირება".

ერთ-ერთი კითხვა საარჩევნო სისტემას შეეხებოდა - კერძოდ, მოსახლეობის დამოკიდებულებას 2020 წელსვე სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის იდეის მიმართ:

"45% არ არის მცირე რაოდენობა. წინა კვლევებს თუ შევადარებთ, სადაც ზუსტად ასეთი კითხვა არ დაგვისვამს, მაგრამ მაინც - უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა პროპორციულ სისტემას. ეს მონაცემი რამდენიმე დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს - საკმაოდ დიდი ნაწილი იაზრებს პროპორციული არჩევნების მნიშვნელობას. ჩვენი და ოპოზიციური პარტიების მცდელობას ამაოდ არ ჩაუვლია. მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი - 22% არ არის ჩამოყალიბებული რომელ საარჩევნო სისტემას ანიჭებს უპირატესობას. ეს აჩვენებს აგრეთვე, რომ დიდი ნაწილი მოსახლეობის არ იცნობს საარჩევნო სისტემებს. არ იცის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს მიგვითითებს, რომ მეტი სამუშაოა გასაკეთებელი".

საგარეო პოლიტიკის საკითხებიდან გამოკვლევაში ყურადღებას იქცევს ერთი მონაცემი: მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი, მტერი და საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, სრულად ეთანხმება ან ეთანხმება გამოკითხულთა 46%. მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთან ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეთანხმება ან სრულად ეთანხმება 44%. ლევან ნატროშვილი განმარტავს, რომ ამ საკითხის მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულება ერთი წლის წინაც იგივე იყო:

"ეს კითხვა შარშანაც დავსვით და იგივე შედეგებია წელსაც. აქ კარგად ჩანს, რომ მოსახლეობა გაყოფილია ამ თემასთან დაკავშირებით. ესეც შედეგია ისტორიული ფაქტებისა, რაც ჩვენსა და რუსეთს შორის განვითარდა. სამუშაო აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ამ თემაზე".

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG