Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის მნიშვნელოვანი გზა მეორე ტურამდე?


"რას წარმოადგენს ეს მთავრობა, ან რას შეიძლება წარმოადგენდეს ის, გამოჩნდება ახლა - როგორ მოიქცევა ის", - ამბობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინის ფონზე ლევან ცუცქირიძე, "მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის" (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი. რაც შეეხება პირველი ტურის შედეგს, ის თვლის, რომ ამით ამომრჩეველმა დაინახა საკუთარი ძალა: "ვნახეთ რა ფასი აქვს ამ ჩვენს ბიულეტენს - ტყვიასავით არის". ლევან ცუცქირიძე მთავარ სირთულეებს ელოდება არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე პერიოდში. პოლიტოლოგის აზრით, ხელისუფლებას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მისაღები: როგორ ჩაატაროს მეორე ტური? - "შეიძლება შეეცადოს არჩევნების მოგებას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით, დაიბაროს მერები და გამგებლები და საქმე გაარჩიონ - როგორ ჩატარდეს უკეთ, გამოუშვას ფული და დაარიგოს სხვადასხვა სახით. შავი ფული დიდ როლს ასრულებს პოლიტიკაში და ამით, რაღაც კომბინაციით აიძულოს ამომრჩეველი რაღაცნაირად მოუტანოს, აჩუქოს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა. მეორე არჩევანი არის უფრო სწორი და პრაგმატულად გამართულიც "ქართული ოცნებისთვის": შეეშვას ამ რესურსების გამოყენებას და იდეაში გარისკოს ის, რომ მან შეიძლება წააგოს ეს საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ იმდენად არ გააბრაზოს, გააღიზიანოს ან დაამციროს ამომრჩეველი, რომ მან გარისკოს საკუთარი პოლიტიკური მომავალი. 2020 წელი ძალიან ახლოს არის. არავის დაავიწყდება როგორ ჩაივლის მეორე ტური და ჩემი აზრით, მთავრობის ქცევა მეორე ტურის წინ იქნება მისი მომავალი იდენტობის განმსაზღვრელი. რას წარმოადგენს ეს მთავრობა, ან რას შეიძლება წარმოადგენდეს, გამოჩნდება იმით - ახლა როგორ მოიქცევა ის", - ამბობს "დილის საუბრებში" EECMD-ის ხელმძღვანელი. ლევან ცუცქირიძე ლაპარაკობს აგრეთვე პრეზიდენტობის კანდიდატების წინაშე მდგარ ამოცანაზე - კარგად გაიაზრონ სავარაუდო პრეზიდენტობის პასუხისმგებლობა და ამოცანა, რაც მათ ქცევასა და რიტორიკაზეც აისახებოდა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG