Accessibility links

ლენდ-ლიზის დავიწყებული როლი საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში


ამერიკელი და საბჭოთა პილოტები ამერიკულ „აეროკობრასთან", რომელიც საბჭოთა კავშირს გადაეცა ლენდ-ლიზის პროგრამით. 1943 წელი

საბჭოთა პერიოდში ტრადიციულად მიღებული იყო აგდებით ლაპარაკი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს ლენდ-ლიზის სახელწოდებით ცნობილი დახმარების მნიშვნელობაზე.

1948 წელს გამოსულ „დიდი სამამულო ომის მოკლე ისტორიაში“, სახელდობრ, წერია, რომ „ომის დროს ლენდ-ლიზით სსრკ-მ, მართლაც, მიიღო გარკვეული შეიარაღება, სახალხო მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი მოწყობილობა, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო საშუალებები, საწვავი, ქიმიკატები და ფერადი მეტალი, მაგრამ ეს ყველაფერი არანაირად არ ყოფილა მნიშვნელოვანი და არანაირად არ შეეძლო გადამწყვეტი გავლენა მოეხდინა დიდი სამამულო ომის მსვლელობაზე“.

საბჭოთა „გოსპლანის“ ხელმძღვანელი და პოლიტბიუროს წევრი, ნიკოლაი ვოზნესენსკი, ამტკიცებდა, რომლენდ-ლიზის ფარგლებში გაწეული დახმარება საბჭოთა კავშირისათვის მისი ეკონომიკის 4 %-ს თუ შეადგენდა.

მარშალ გიორგი ჟუკოვის აღიარება

სინამდვილეში, ლენდ-ლიზის როლი მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში იმაზე ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ამას საბჭოთა თუ დღევანდელი რუსეთის ისტორიოგრაფია ხატავს. არსებობს კაგებეს მიერ საბჭოთა კავშირის მარშლის, გიორგი ჟუკოვის, საუბრის საიდუმლო ჩანაწერი, რომელშიც „გამარჯვების მარშალი“ გულახდილად ლაპარაკობს აშშ-ის დახმარების მნიშვნელობაზე:

„აი, ახლა ამბობენ, მოკავშირეები ჩვენ არასოდეს დაგვხმარებიანო... მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ამერიკელები ჩვენ გვიგზავნიდნენ იმდენ მასალას, ურომლისოდაც ვერ შევძლებდით რეზერვების ფორმირებას და ომის გაგრძელებას... ჩვენ არ გვქონდა დენთი, არ გვქონდა ასაფეთქებელი, არ გაგვაჩნდა შაშხანების ტყვიების დასატენი საშუალება. ამერიკელები ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარნენ დენთითა და ასაფეთქებლით. და რამდენი ფურცლოვანი ფოლადი გამოგზავნეს! განა ჩვენ სწრაფად მოვახერხებდით ტანკების წარმოების აწყობას, ამერიკელებისგან დახმარების სახით ფოლადი რომ არ მიგვეღო? ახლა კი საქმეს ისე წარმოადგენენ, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ საკუთარი გვქონდა და, თანაც, თავზესაყრელად“.

ფრანკლინ რუზველტი ხელს აწერს კანონს ლენდ-ლიზის შესახებ კანონს. 1941 წელი
ფრანკლინ რუზველტი ხელს აწერს კანონს ლენდ-ლიზის შესახებ კანონს. 1941 წელი

გიორგი ჟუკოვის სიტყვების სინამდვილეს არსებული სტატისტიკაც სავსებით ადასტურებს.

პირველ რიგში, მოკლედ იმაზე, თუ რა იყო ლენდ-ლიზი.

აღსანიშნავია, რომ ლენდ-ლიზი - ეს არის ამერიკული პროგრამა, სწრაფი გადახდის გარეშე, იმ ქვეყნების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, სურსათითა და ნედლეულით უზრუნველსაყოფად, რომელთა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანი იყო აშშ-ისათვის.

ამასთან, საბრძოლო მოქმედებების დროს განადგურებული საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა გადახდას საერთოდ არ ექვემდებარებოდა.

1940 წელს აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აღწევდა 101,4 მილიარდ დოლარს, ხოლო ამერიკის მიერ მისი მოკავშირეებისათვის ლენდ-ლიზის ფარგლებში გაწეული სამხედრო-ტექნიკური დახმარება შეადგენდა 50,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს. აქედან საბჭოთა კავშირის დასახმარებლად გაღებული წილი შეადგენდა 11,36 მილიარდს, დიდი ბრიტანეთისათვის - 31,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს.

გარდა ამისა, ლენდ-ლიზის საკუთარი პროგრამა ჰქონდა კანადას, რომელმაც ბრიტანეთსა და სსრკ-ს 4,7 მილიარდი დოლარის ღირებულების მასალები მიაწოდა. ლენდ-ლიზის პროგრამით სსრკ დახმარებას ღებულობდა ასევე ბრიტანეთისგან, მაგრამ, სინამდვილეში, ისიც ძირითადად ლენდ-ლიზის პროგრამით აშშ-ისგან ბრიტანეთში გაგზავნილი დახმარების ნაწილს შეადგენდა.

საბჭოთა კავშირის დახმარების ამერიკული რუკა
საბჭოთა კავშირის დახმარების ამერიკული რუკა

ახლა ეს შედარებაც ვნახოთ: 1940 წლისთვის საბჭოთა კავშირის მშპ-ის მოცულობა, დაახლოებით, 16,9 მილიარდ დოლარს უდრიდა. შესაბამისად, ლენდ-ლიზის პროგრამით საბჭოთა კავშირისათვის გაწეული შეღავათიანი დახმარების მუცულობა(11,36 მილიარდი) რუსეთის წლიური მშპ-ის 78,4 %-ს უტოლდება.

და თუ ავიღებთ საბჭოთა კავშირის მშპ-ს ოთხი წლის განმავლობაში, მაშინ ლენდ-ლიზის მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, მის 19,6 %-ს, რაც, დაახლოებით, ხუთჯერ მეტია საბჭოთა „გოსპლანის“ ხელმძღვანელისა და პოლიტბიუროს წევრის, ნიკოლაი ვოზნესენსკის მიერ ნახსენებ 4 %-ზე.

ამერიკული სატვირთოები მიემართებიან საბჭოთა კავშირისკენ ირანის გავლით. 1943 წელი
ამერიკული სატვირთოები მიემართებიან საბჭოთა კავშირისკენ ირანის გავლით. 1943 წელი

ლგენდარული პოკრიშკინის ამერიკული "აეროკობრები"

მაგრამ ლენდ-ლიზის მნიშვნელობა სულაც არ გამოიხატება იმით, თუ რამდენს შეადგენდა ის ფულად განზომილებაში საბჭოთა კავშირის იმდროინდელ მშპ-სთან შედარებით.

ლენდ-ლიზი ავსებდა საბჭოთა ეკონომიკაში არსებულ ძირითად ხვრელებს და ეხმარებოდა ომში მყოფ ქვეყანას ბენზინისა და ასაფეთქებელი ნივთიერების წარმოებაში, ამარაგებდა ქარხნებს ალუმინით, ფერადი ლითონებით, რადიოსადგურებით, ურომლისოდაც საბჭოთა ეკონომიკა ვერ გასწვდებოდა საჭირო რაოდენობით ტანკის, თვითმფრინავის, საარტილერიო დანადგარის, ბომბისა და ჭურვის წარმოებას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირი ლენდ-ლიზის პროგრამით ასევე ღებულობდა აშშ-ისა და მოკავშირეებისაგან თვითმფრინავებსა და ტანკებს, რომლებიც ომში არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, როგორც ამას საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, წითელი არმიის შესაბამის მოდელებს.

ცხადია, ამერიკული ტექნიკა გაცილებით უფრო რთული სამართავი იყო და მათი ექსპლუატაციაც არ იყო იოლი გამოუცდელი საბჭოთა ოფიცრებისათვის,

მაგრამ ნამდვილი პროფესიონალებისათვის რთული არაფერი იყო.

ტვირთავენ ბრიტანულ ტანკებს ("მატილდა") საბჭოთა კავშირში გასაგზავნად.
ტვირთავენ ბრიტანულ ტანკებს ("მატილდა") საბჭოთა კავშირში გასაგზავნად.

ღირს აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის სამგზის გმირი, ალექსანდრ პოკრიშკინი, თავისი წარმატებული რეიდების უმეტესობას ამერიკული „აეროკობრით“ ასრულებდა.

რაც შეეხება დახმარების სახით ლენდ-ლიზის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ამერიკულ ტანკებს, მათი საბრძოლო პოტენციალის მნიშვნელობას წითელი არმიის ჯავშანსატანკო ძალების მარშლის, იაკობ ფედორენკოს, ეს სიტყვებიც ადასტურებს: „წითელი არმიის შეიარაღებაში ამ დროისათვის არსებული სატანკო ტექნიკის ნიმუშებიდან ღირს გამოვყოთ ამერიკული საშუალო ტანკი „ შერმან" М4А2 , მასზე დამაგრებული დიდი სიმძლავრის 76,2-მმ-იანი ქვემეხით, და კანადური მსუბუქი ტანკი „ვალენტინ МК-9“, შეზღუდული უკუცემის 57-მმ-იანი ქვემეხით. ეს ნიმუშები სამამულო წარმოების ტანკებისაგან გამოირჩევა მართვის სიიოლით და მომსახურების სიმარტივით, ხოლო მათი შეიარაღება, ჯავშანი და მობილურობა შესაძლებლობას იძლევა გადაიჭრას ყველა ის ამოცანა, რომლებიც ჯავშანსატანკო ძალების წინაშე დგას“, - წერდა 1946 წლის მარტში მარშალი იაკობ ფედორენკო.

სტალინი: „ლენდ-ლიზით მიღებული მანქანების გარეშე ჩვენ ომს წავაგებდით“

მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა ლენდ-ლიზის როლს. 1943 წლის 30 ნოემბერს თეირანის ცნობილ კონფერენციაზე, უინსტონ ჩერჩილის დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო სადილზე, სტალინმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „მინდა გითხრათ თქვენ, თუ რა გააკეთა, რუსეთის თვალსაზრისით, აშშ-ის პრეზიდენტმა ომში გამარჯვებისათვის. ამ ომში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მანქანების წარმოებაა. აშშ-მა დაამტკიცა, რომ თვეში 8 000-დან 10 000-მდე თვითმფრინავის წარმოება შეუძლია. რუსეთს შეუძლია თვეში, ყველაზე მეტი, 3 000- თვითფრინავის წარმოება. ინგლისი აწარმოებს თვეში 3 000-3 500-მდე თვითმფრინავს, ძირითადად მძიმე ბომბდამშენებს. ამრიგად, აშშ - ეს არის მანქანების ქვეყანა. ლენდ-ლიზით მიღებული ამ მანქანების გარეშე ჩვენ ამ ომს წავაგებდით“, - განაცხადა სტალინმა თეირანში.

დაახლოებით, იგივე უთქვამს სტალინს სიცოცხლეში ნიკიტა ხრუშჩოვისთვის, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელისათვის 1953-1964 წლებში. „აშშ რომ არ დაგვხმარებოდა, ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებდით: ჰიტლერულ გერმანიასთან ერთი-ერთზე დარჩენილები ვერ გავუძლებდით მის შეტევას და ომს წავაგებდით. ოფიცალურად ამ თემას ჩვენთან არავინ ეხებოდა და სტალინსაც, ჩემი აზრით, არ დაუტოვებია თავისი მოსაზრების შესახებ წერილობითი კვალი, მაგრამ მე აქ ვაცხადებ, რომ მან ჩემთან საუბარში რამდენჯერმე აღნიშნა ეს გარემოება“.

რეალურად რომ შევაფასოთ ლენდ-ლიზის მნიშვნელობა საბჭოეთის გამარჯვებაში, საკმარისია წარმოვიდგინოთ, თუ რით იბრძოლებდა საბჭოთა კავშირი დასავლელი მოკავშირეების დახმარების გარეშე.

ლენდ-ლიზის გარეშე წითელ არმიას არ ექნებოდა საბრძოლო მასალების ერთი მესამედი, თვითმფრინავებისა და ტანკების ნახევარი.

იმ პილოტების მემორიალი, რომლებმაც ამერიკული თვითმფრინავები გადაიტანეს ალასკიდან ციმბირში ლენდ-ლიზის პროგრამის ფარგლებში.
იმ პილოტების მემორიალი, რომლებმაც ამერიკული თვითმფრინავები გადაიტანეს ალასკიდან ციმბირში ლენდ-ლიზის პროგრამის ფარგლებში.

გარდა ამისა, მუდმივად იარსებებდა შეფერხება ავტოსატრანსპორტო საწვავის მომარაგებაში, პერიოდულად პარალიზებული იქნებოდა რკინიგზა. ამერიკული რადიოსადგურების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა არმიის სრულყოფილი მართვა, ხოლო საბჭოთა ჯარისაცები მუდმივად იშიმშილებდნენ ამერიკული ლორის, კვერცხის ფხვნილისა და ჩაშუშული ხორცის კონსერვების გარეშე.

ცხადია, ლენდ-ლიზი არ იყო ომში გამარჯვების ერთადერთი პირობა.

საჭირო იყო ასევე ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ თვითმფრინავებს, ტანკებს, ქვემეხებსა და სხვა აღჭურვილობას მოკავშირეებისაგან მიღებული ნედლეულისა და მასალებისგან. საჭირო იყო მრავალმილიონიანი წითელი არმიის ფორმირება და საომრად მისი შეიარაღება. გამარჯვება საჭიროებდა ვეებერთელა საბჭოთა ტერიტორიას, რომლის ოკუპირებაც გერმანელებმა ვერ მოახერხეს, ომამდელი საბჭოთა არმიებისა და დიდი ადამიანური რესურსების განადგურების მიუხედავადაც კი. საჭირო იყო ადამიანური დანაკარგებისა და სამხედრო მარცხის მიმართ გულცივი პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც შეეძლო იძულებული გაეხადა საკუთარი ხალხი ებრძოლა თუნდაც უიმედო პირობებშიც კი.

მაგრამ შეეძლოთ კი დასავლეთის მოკავშირეებს ჰიტლერზე გამარჯვება სსრკ-ის დამარცხების შემთხვევაში? ვფიქრობ, რომ შეეძლოთ, ოღონდ ეს მათ დაუჯდებოდათ გაცილებით უფრო დიდი ადამიანური დანაკარგის ფასად, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს სინამდვილეში გაიღეს.

დაბოლოს, ცხადია, ლენდ-ლიზი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ქველმოქმედებას დასავლელი მოკავშირეების მხრიდან. ეხმარებოდნენ რა სტალინს ჰიტლერის წინააღმდეგ ომში, აშშ-მა და ბრიტანეთის იმპერიამ ასეულ ათასობით საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG