Accessibility links

"ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ყველა პირი, ვინც მისი საქმე განიხილა და გამამტყუნებელი მსჯავრი გამოუტანა, პასუხისგებაში მიეცეს"


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შენობა სტრასბურგში

არჩილ კობიაშვილი პოლიციელებმა 2004 წლის 4 ივლისს დააკავეს მუხიანის დასახლებაში. მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა. არჩილ კობიაშვილი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

2005 წელს რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი.

მსჯავრდებულმა უზენაეს სასამართლოსაც მიმართა და 2006 წელს უარი მიიღო საკასაციო საჩივრის განხილვაზე. იმავე წელს მისმა ადვოკატებმა ლია მუხაშავრიამ და ვახტანგ ვახტანგიძემ მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ევროკონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტზე.

სტრასბურგისთვის მიმართვიდან 13 წელი გავიდა. არჩილ კობიაშვილმა სასჯელი მოიხადა. 2019 წლის მარტში ევროსასამართლომ დაადგინა მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

2019 წლის 11 ოქტომბერს კი თბილისის საააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული არჩილ კობიაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და იგი უდანაშაულოდ ცნო.

ადვოკატი ლია მუხაშავრია იხსენებს ცამეტი წლის წინანდელ ამბავს, როცა მან და მისმა კოლეგამ ევროსასამართლოში არჩილ კობიაშვილის უფლებების დაცვა გადაწყვიტეს:

„ეს საქმე ჩვენთვის საყურადღებო იყო სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით იმის გამო, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი ტიპური დანაშაული, როცა ყველას, ვინც თვალში არ მოუვიდოდათ, ე.წ. ნარკოტიკის ჩადებით უშვებდნენ ციხეში. ასეთი იყო კობიაშვილის საქმეც. როცა ჩვენამდე მოვიდა მასალები.

ეს ადამიანი ყველა ინსტანციის სასამართლოში დაბეჯითებით და ზედმიწევნით აღშფოთებული ითხოვდა, რომ სასამართლოს არ მიეღო მტკიცებულებად ჩხრეკის ოქმი, რომლითაც თითქოს დასტურდებოდა, რომ მას ამოუღეს ჯიბიდან ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. მისი ეს პროტესტი უყურადღებოდ დარჩა სასამართლოებში.

მას გამოუტანეს მსჯავრი, თუმცა, სასამართლომ ვერ გაბედა ის ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიეცა პასუხისგებაში და ხულიგნობით და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გაასამართლეს“.

ლია მუხაშავრიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ყურადღება მიიქცია არჩილ კობიაშვილის დაკავების ოქმმა, რომელიც დაცვამ წარადგინა:

„ევროსასამართლო ხაზგასმით მიუთითებს მთავარ მტკიცებულებაზე, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ დასაბუთებისთვის. ეს იყო ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია. ის როცა გაჩხრიკეს და დააპატიმრეს, არ არსებობდა სასამართლოს ბრძანება და, თითქოსდა, გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში მოხდა მისი დაკავება და ჩხრეკა. ოქმი, რომლითაც ეს გადაუდებელი ღონისძიება ჩაატარეს, იყო ამობეჭდილი ბლანკი და ცარიელი იყო ადგილი პირის სახელისა და გვარის ჩასაწერად. იქ ხელით იყო ჩაწერილი „არჩილ კობიაშვილი“.

ანუ, ეს დაბეჭდილი ბლანკი ჰქონდათ გამზადებული და ვინც შეხვდებოდათ, ან თვალში არ მოუვიდოდათ, მერე წერდნენ ხელით სახელს. ამაზე დეტალურად აქვს ნამსჯელი სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლოში მთავრობა ცდილობდა, დაესაბუთებინა, რომ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ეს ადამიანი ნარკოტიკს დამალავდა და არ იყო დრო, რომ სასამართლოში წასულიყო პოლიცია და იქიდან გამოეთხოვა მისი დაკავების და ჩხრეკის ნებართვა. ეს მტკიცებულება, რომელიც საქმეში იდო, ადასტურებდა, რომ თავად ეს ოპერაცია არ ტოვებდა დამაჯერებელ შთაბეჭდილებას და სახელისა და გვარის ხელით ჩანაწერი მიუთითებდა, რომ ეს იყო ტიპური მიდგომა და კონკრეტულად ამ პირის წინააღმდეგ არანაირი ოპერაცია არ იყო დაგეგმილი“.

ლია მუხაშავრია წუხილს გამოთქვამს, რომ არჩილ კობიაშვილს სრულად მოუხდა სასჯელის მოხდა, ვიდრე მის მიმართ სამართლიანი განაჩენი დადგებოდა. ევროსასამართლომ სახელმწიფოს 3500 ევროს გადახდა დააკისრა. ადვოკატი თვლის, რომ იმ მორალური და მატერიალური ზიანისთვის, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიადგა, ეს ძალიან მცირე თანხაა, თუმცა, აღნიშნავს, რომ გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე, არჩილ კობიაშვილს შეუძლია, ეროვნული სასამართლოს დონეზე მოითხოვოს იმ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მას უსამართლო განაჩენით მიადგა. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ „ასეთი ამბები უკვალოდ არ უნდა ქრებოდეს“:

„არჩილ კობიაშვილმა ამ ამბის შემდეგ დატოვა საქართველო და დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანს სამშობლოზე ააღებინეს ხელი და აიძულეს, დაეტოვებინა ქვეყანა, მას შემდეგ, რაც თავს გადახდა“.

ევროსასამართლოში საქართველოს მოქალაქეები ხშირად ასაჩივრებენ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, მაგრამ არჩილ კობიაშვილის საქმეს გამოარჩევს ერთი რამ:

„კობიაშვილის საქმე არის ერთადერთი, როცა ევროსასამართლოში მე-6 მუხლის მოგების შემდეგ, ჩვენმა სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და მისი გამამტყუნებელი განაჩენი სრულად გაუქმდა. ეს აძლევს კობიაშვილს საფუძველს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და არა მარტო ეს - მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ დღეს, უკვე სასამართლოს დადგენილების ძალით, რომ ეს ადამიანი მართალი იყო და მაშინ არასწორად გაამტყუნა სასამართლომ, ყველა პირი: გამომძიებელი, პოლიციელი, პროკურორი, მოსამართლე, რომლებმაც მისი საქმე განიხილეს და გამამტყუნებელი მსჯავრი გამოუტანეს, პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სისხლის სამართლის წესით, ასევე მათ გადახდეთ ყველა ის კომპენსაცია, რომელიც ან უკვე მიიღო კობიაშვილმა, ან მომავალში მიიღებს. ეს პრეცედენტული საქმეა და არ ვაპირებთ ამ ეტაპზე და აქ გაჩერებას“.

ლია მუხაშავრია მიუთითებს საკანონმდებლო ხარვეზებზე, რაც ასეთ რეალობას შესაძლებელს ხდის:

„ის სიმახინჯეები, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს პარლამენტმა კანონმდებლობაში ჩადო, დღემდე მუშაობს, დღემდე გამოსასწორებელია და იყენებენ მას ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევისათვის. ამაზე თუ არ იქნება საზოგადოების რეაგირება და უფლებადამცველებს დაძაბული შრომა, ესენი იოლად არ შეიცვლება და უკეთესი სამართლებრივი ვითარება ამ ქვეყანაში არ გვექნება“.

საკანონმდებლო ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას არჩილ ჩოფიკაშვილიც, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი და ადვოკატი. ის რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„სამწუხაროდ, დღეს უარესი ვითარება გვაქვს. იმ პერიოდისათვის, როცა ამ ადამიანის ჩხრეკა ჩატარდა, საპროცესო კოდექსი მეტ გარანტიას იძლეოდა, შეიძლება ითქვას: საჭირო იყო ორი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოწმის დასწრება ჩხრეკაზე. ეს გარანტია იდო საპროცესო კოდექსში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. 2006 წელს დიდი ზარზეიმით გაუქმდა ეს რეგულირება და დღეს გვაქვს ვითარება, როცა არანაირი დამოუკიდებელი დამსწრე არ არის საჭირო ჩხრეკისათვის და მხოლოდ პოლიციას შეუძლია ჩაატაროს ჩხრეკა, რაც, რა თქმა უნდა, ზრდის რისკს, რომ მეტად იქნება ადამიანის უფლებები დარღვეული“.

არჩილ ჩოფიკაშვილი პარალელს ავლებს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულთა საქმეებთან, როცა მათი დაკავება და მათთვის პატიმრობის მისჯა „კონვეიერულად“ ხდებოდა და სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიციელების ჩვენებებს ენიჭებოდა:

„ამ აქციის შემდეგაც მქონდა რამდენიმე საქმე და იქაც ანალოგიური განმეორდა - პოლიციელებმა ვერ წარმოადგინეს ვიდეოჩანაწერი, მაგრამ მაინც პოლიციელების ჩვენების მიხედვით გადაწყდა საქმე. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია და მომავალში შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს. თუ პოლიციელს მოუნდება, ფაქტობრივად გამოდის, რომ მართლმსაჯულება არ გვაქვს. ანუ, სასამართლო არაფერს აკეთებს: არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, არ რეაგირებს ადამიანის უფლებების დარღვევაზე - სათანადოდ არ განიხილავს პრეტენზიებს, როცა ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას.

ამ მოცემულობით, მართლმსაჯულების ამ შემადგენლობით და ამ საკანონმდებლო რეგულირებით, ნებისმიერ დროს შესაძლებელია მასობრივი ხასიათი მიიღოს ასეთი ტიპის დარღვევებმა და თუ იქნება ნება ზემოდან, ფაქტობრივად არანაირი შემაკავებელი არ არსებობს. შემაკავებელი საკანონმდებლო დონეზე არ გვაქვს და შემაკავებელი მოსამართლეების დონეზე არ გვაქვს“.

რაც შეეხება არჩილ იაკობაშვილის საქმეს, არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, ის, რაც გააკეთა ევროსასამართლომ, უნდა გაეკეთებინა უზენაეს სასამართლოს, რომელმაც საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარი თქვა:

„ამ საქმის შიდა წარმოების ისტორია იყო ის, რომ პრეტენზიები, რომლებზეც ადამიანი აცხადებდა - რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკი - არც ერთ ეტაპზე ჯეროვნად არ ყოფილა განხილული და მეტიც, უზენაესმა სასამართლომ საერთოდ თქვა, რომ ეს საქმე არ განსხვავდება აქამდე განხილული საქმეებისგან და საერთოდ არ განიხილა საკასაციო საჩივარი...

უზენაეს სასამართლოს უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა ევროსასამართლომ. ანუ, შესულიყო პრეტენზიების განხილვაში და შეეფასებინა ისინი კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც ჰქონდა იმ ეტაპზე სასამართლოს“.

კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პრეცედენტულობაზე მიუთითებს:

„ძალიან შორს იჭერდა ევროსასამართლო თავს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცედურების შეფასებისგან სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში, თუმცა ამ საქმეში, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ევროსასამართლო შევიდა გადაწყვეტილების განსჯაში - რამდენად სწორი და დასაბუთებული იყო ის. ამიტომ, ეს საქმე ამ კუთხითაც პრეცედენტულია და მიღებული გადაწყვეტილებაც და მასში ასახული დებულებები ფაქტობრივად ეროვნულ სასამართლოს აღარ უტოვებდა სხვა ალტერნატივას, გარდა პირის გამართლებისა“.

please wait

No media source currently available

0:00 0:27:59 0:00
Direct link


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG