Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზა იასკო: მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე ლეგენდაა


ლიზა იასკო
ლიზა იასკო

ჯერ კიდევ დავის საგანია ის, თუ რის გამო ეთქვა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მომავალ რამდენიმე ათეულ უკრაინელ დეპუტატს.

30 ოქტომბრის დილით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით დამკვირვებლის სტატუსით აპირებდა საქართველოში ჩასვლას 30 ოქტომბერს.

დღის ბოლოს კი გავრცელდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობა, რომლის მიხედვითაც, უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო არ გაუქმებულა. სააგენტოს ცნობით, ამის მიზეზი გახდა ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის მიმართვა.

უკრაინელ დეპუტატთა ჯგუფთან ერთად საქართველოში ჩასვლას გეგმავდა „ვერხოვნა რადას“ დეპუტატი, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, ლიზა იასკო. დღეს სწორედ მასზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, საქართველოს ხელისუფლების უარის გამო ზემოხსენებული რეისის ჩაშლის შესახებ.

საქმის არსში გასარკვევად უკრაინელ დეპუტატს ჩვენ წერილობით გავუგზავნეთ რამდენიმე შეკითხვა.

რატომ მოდიოდნენ საქართველოში უკრაინელი პარლამენტარები?

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ, უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოთ საქართველოში დაგეგმილი რეისის გაუქმების თაობაზე? ვინ გაცნობათ თქვენ აღნიშნული რეისის გაუქმების შესახებ?

ლიზა იასკო: იმ ინფორმაციით, რომელიც დეპუტატებმა მივიღეთ, ჩვენი რეისი საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა. ჩვენ გვაცნობეს, რომ თბილისის აეროპორტი არ იძლევა უფლებას უკრაინიდან თვითმფრინავის მისაღებად. ეს ინფორმაცია მიიღო ავიაკომპანიამ, ხოლო მათმა თანამშრომლებმა ჩვენს დელეგაციას შეატყობინეს. ეს მოხდა კიევის დროით 29-30 ოქტომბრის შუაღამისას.

რადიო თავისუფლება: რამდენად დიდი იყო თქვენი სადამკვირვებლო ჯგუფი და გქონდათ თუ არა წინასწარი შეთანხმება საქართველოს მხარესთან?

ლიზა იასკო: დაახლოებით, 30 კაცი. მათი უმრავლესობა უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“, „ბატკივშჩინისა“ და „ჰოლოსის“ წევრია. ყველანი დავრეგისტრირდით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე, როგორც არჩევნებში დამკვირვებლები.

რადიო თავისუფლება: იცით თუ არა თქვენ, რომ ზოგიერთმა პროსახელისუფლებო ქართულმა მედიასაშუალებამ, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა თქვენი დელეგაცია?

ლიზა იასკო: დიახ, ეს ჩვენთვის ცნობილია. სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაცია თავდაპირველად წამოვიდა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებიდან და ეს ინფორმაცია ჩვენს წუხილს იწვევს. ამ ინფორმაციას არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ჩვენ არ გვაქვს არც სურვილი, არც შესაძლებლობა, რომ ჩავერიოთ ხმის მიცემის ან ხმების დათვლის პროცესში. დამკვირვებლის მისიას წარმოადგენს სადამკვირვებლო პროცესის თვალყურის დევნება და, დარღვევების არსებობის შემთხვევაში, მათი დაფიქსირება.

ჩვენ კიევში გამგზავრებას უკვე 1 ნოემბრის საღამოს ვგეგმავდით, ხოლო თუ პროსახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებებს ჩვენი ეშინიათ და ისინი ჩვენ ჩირქს გვცხებენ, გამოდის, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც ხელს არ აძლევთ პატიოსანი არჩევნები. ამაზევე მეტყველებს გადაწყვეტილება ჩვენი თვითმფრინავის თბილისში არშეშვების შესახებ.

რადიო თავისუფლება: თქვენი ფეისბუკის გვერდზე ასეთი სიტყვები წავიკითხე: „საწყენია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაშინების გზა აირჩია. საქართველო, დიდი ხანია, იმყოფება გამჭვირვალობისა და დემოკრატიიის მდგომარეობაში და ავტორიტარიზმის ხანაში დაბრუნება კარგს არაფერს მოიტანს“. წამოცდენა ხომ არ იყო? თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველო ავტორიტარიზმის დაბრუნების საფრთხის წინაშე დგას?

ლიზა იასკო: მოცემული ციტატა ეკუთვნის ჩემს კოლეგას, სალომე ბობროვსკაიას. აი, მის პოსტს დავიმოწმებ.

ისიც გეგმავდა დამკვირვებლად ჩასვლას საქართველოში. ვფიქრობ, რომ სალომე უკეთეს კომენტარს გააკეთებს თავის ნათქვამზე.

რადიო თავისუფლება: სააკაშვილის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? როგორც რეფორმისტმა, რისი გაკეთება მოასწრო მან უკრაინაში?

ლიზა იასკო: ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე ლეგენდაა. ასეთები თითო-ოროლაა მსოფლიოში. ეს არის არაჩვეულებრივი ლიდერული უნარების მქონე ადამიანი, რომელსაც ძალუძს ააშენოს ქვეყანა და წინ აღუდგეს პუტინს.

ამას უკრაინაში ჩვენ ძალიან ვაფასებთ.

რაც შეეხება უკრაინაში მის მუშაობას, მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისი, რომელსაც ის უდგას სათავეში, მძლავრი ანალიტიკური სტრუქტურაა. იქ მუშაობს იურისტებისა და ეკონომისტების ძლიერი გუნდი. მე და ჩემი მრჩევლები აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ ოფისთან - განვიხილავთ კანონპროექტებს და ვთათბირობთ, თუ როგორ განვავითაროთ რეფორმები პარლამენტში.

კონკრეტულ საქმეებს რაც შეეხება, სააკაშვილმა უკვე მოამზადა რამდენიმე რეფორმატორული კანონპროექტის პაკეტი, რომლებიც პარლამენტის ბოლო სესიაზე იქნება განხილული. ეს არის მიწათსარგებლობის რეფორმა, ენერგოქსელებში ჩართვისა და მშენებლობის ნებართვების გაცემა. ეს არის დიდი და რთული რეფორმები, რაც უკრაინის ბიზნესს, დიდი ხანია, სჭირდება.

კორონავირუსი რომ არ ყოფილიყო, ეს კანონპროექტები დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღებული, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტში ბევრი გვყავს ამ ვირუსით დაავადებული“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

„პოლიტიკური დესანტი“, ელექტროშოკი და პოლიტიკური შოკი

29 ოქტომბერს კიევში პრესკონფერენცია გამართეს საინფორმაციო სააგენტო „Новини України“-ის დირექტორმა, ოლეგ დეინეკომ, და ამავე სააგენტოს პროდიუსერმა, ვალერი ტოვმაჩმა.

უფრო ზუსტად, ეს იყო მონოლოგი, რადგან აუდიტორიიდან არ დასმულა არცერთი შეკითხვა და მასპინძლები წინასწარ მომზადებულ განცხადებას კითხულობდნენ.

ოლეგ დეინეკოს თანახმად, 31 ოქტომბერს, შუაღამით, უკრაინიდან საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო 49 უკრაინელი პარლამენტარისა და სამდივნოს 8 თანამშრომლისაგან შემდგარი „პოლიტიკური დესანტი“, რათა „იმავე დღეს, 31 ოქტომბრის დილის 8 საათიდან ღამის 22.00 საათამდე, მონაწილეობა მიეღოთ საქართველოში ხელისუფლების უკანონო დამხობის „პოლიტიკურ სპეცოპერაციაში“ და რესპუბლიკაში შეიარაღებული ამბოხის შეგნებულ პროვოცირებაში.

დეინეკოს თანახმად, უკრაინის პოლიტდესანტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი ამომრჩევლის ნდობის შერყევა. თითქოსდა, მათ უნდა გამოეცხადებინათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები მასობრივად გააყალბა. ამასთან, უკრაინელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ „ვერხოვნა რადას“ იმ დეპუტატების სია, რომელთაც დამკვირვებლის ფუნქცია უნდა ეკისრათ, შედგა იმის მიხედვით, თუ როგორ უყარეს მათ კენჭი საქართველოს ექსპრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატურას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ არჩევნების დღეს პროვოკაციებს გეგმავს, განუწყვეტლივ იმეორებს მმართველი „ქართული ოცნება“.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში პროვოკაციები იგეგმება. კერძოდ, ირაკლი კობახიძე დამკვირვებლებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს: დევი ჭანკოტაძეს, ნიკა მელიასა და დიმიტრი შაშკინს, რომელთაც, მისი თქმით, ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ მობილიზებული. მისი თქმით, ამ ეკიპაჟების ფორმით მობილიზებული ადამიანების რაოდენობა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეულია.

„ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს“, - ასე გამოეხმაურა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საარჩევნო სიის მესამე ნომრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

კიევში გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ უკრაინელ დეპუტატებს ხმის მიცემის მონიტორინგის პროცესში დაბრკოლებას უქმნის მეგობარი საქართველოს ხელისუფლება. ამასთან, უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურში“ აღნიშნეს, რომ „უკრაინა მზად არის ითანამშრომლოს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პარლამენტთან, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი კონფიგურაცია ექნება მომავალ უმრავლესობას და რა გვარის იქნება პრემიერ-მინისტრი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG