- „დოზა რაც შეუმცირეს, ვეღარ ვაკავებ - ვარდება, იმტვრევა ქალი...“
- „სახლში რომ ვბრუნდები, არ ვიცი, ცოცხალი დამხვდება თუ არა...“
- „სახლიდან გაუთენებელზე თუ არ გავედი, შეიძლება აფთიაქს ვერ მივუსწრო...“
- „თუ ვარ ხოლმე ცოტა უკეთესად, ნახევარ დოზას ვსვამ... ექიმმა იტირა, რომ ვუთხარი...“
- „გაქრა ჩვენი წამალი და რაც შემოიტანეს, არაფრად ვარგა...“
რადიო თავისუფლებამ 10-ზე მეტი პაციენტისა და მათი ოჯახების წევრების მძიმე ისტორიები მოისმინა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული პრეპარატების დანიშვნა, გამოწერასა და შეძენაზე ახალი წესები 1 აპრილიდან აამოქმედა - ნარკომანიასთან ბრძოლის გამკაცრების დეკლარირებული მიზნით.
“კონტროლს არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?!" "რატომ უნდა ხდებოდეს ეს ჩვენს ხარჯზე?!” - გვეუბნებიან პაციენტები, რომელთა ყოფა ამ ახალმა რეგულაციებმა დრამატულად შეცვალა.
რადიო თავისუფლებამ ექიმებსაც მოუსმინა, ცვლილებებმა პრობლემები მათაც შეუქმნა.
2026 წლის 1 აპრილს ძალაში შესული ახალი რეგულაციებით:
- ექიმმა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე რეცეპტი [ზრდასრულებს] ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა გამოუწეროს;
- ექიმმა რეცეპტი უფრო ხანგრძლივ ვადაზეც რომ გამოწეროს - აფთიაქები 14 დღის სამყოფზე მეტს მაინც არ გასცემენ;
- ფსიქოტროპული წამლები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სპეციალიზებულ აფთიაქებში იყიდება;
- ექიმმა უნდა დაასაბუთოს კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა და დააზუსტოს დოზები, პაციენტის სამედიცინო ისტორიაში;
- ექიმებს პრეპარატების დოზების შემცირების დავალებაც მისცეს.
ამას ემატება ისიც, რომ პაციენტმა, რომელიც სახლიდან ვერ გადის, ვინმეს მინდობილობა უნდა გაუფორმოს, რომ მის მაგივრად ჯერ რეცეპტი აიღოს, შემდეგ კი წამალი იყიდოს;
რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, მათ შორის - პაციენტების შეკითხვებით; მაგრამ უწყებამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით გაგვიშვა, რაც ხანგრძლივი და ხშირად უშედეგო პროცესია. პასუხებს, მიღების შემთხვევაში, სტატიას დავამატებთ.
ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ექიმი პაციენტს უნიშნავს ფსიქიკური ან მძიმე ნევროლოგიური დარღვევების დროს: შფოთვითი და პანიკური აშლილობები, დეპრესია, ძილის მძიმე დარღვევები, ფსიქოზები, შიზოფრენია, ეპილეფსია, კრუნჩხვითი მდგომარეობები. ეს მედიკამენტები პაციენტმა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს. რეცეპტის გარეშე ეს წამლები ჩვეულებრივ ქსელურ აფთიაქებში არ იყიდება.
ლალი და მისი 82 წლის დედა ზალიკო
58 წლის ლალი ქაჩიბაიამ საკუთარ თავსაც უნდა მიხედოს და დედაც მოსავლელი ჰყავს - 82 წლის ზალიკო გოგოხია. დედა-შვილი აფხაზეთიდან დევნილები არიან, სოციალურად დაუცველები, ახლა სამტრედიაში ცხოვრობენ.
უკვე ათეულობით წელია, ფსიქოტროპული პრეპარატები ორივეს სჭირდება, მაგრამ ახალი რეგულაციებით - დოზები ორივეს მნიშვნელოვნად შეუმცირეს.
ახალი რეგულაციებით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის "სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს". პაციენტები მტკივნეულად განიცდიან ათეულობით წლის განმავლობაში, თანდათან გაზრდილი დოზების ერთბაშად შემცირებას.
“ადრე დედას ციკლოდოლს უწერდნენ 60 ტაბლეტს თვეში და ახლა 3 თვეში 28 ტაბლეტს უწერენ. დოზა რომ აკლდება - დარბის, ეცემა, იმტვრევა ქალი... ეს ექიმმაც იცის და მეზობლებმაც, ყველამ. კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ... მეც დილა-საღამოს ვსვამდი ზოლომაქსს და შემიმცირეს ახლა - ყოველ 14 დღეში მარტო 14 აბს მიწერენ“, – ლალი თვითონ მეორე ჯგუფის ინვალიდია - ძლიერი ტკივილები, შფოთვა, შიშები, თავბრუს ხვევა, გულისრევა, მეხსიერების დაქვეითება აწუხებს - სოხუმში ავარიაში მოვყევი და მას შემდეგ მუდმივად წამლები მჭირდებაო.
წამლებს სამტრედიაში ვერ შოულობს და ზესტაფონში, სენაკში, ზუგდიდში უწევს ჩასვლა.
„გათენებისას 7 საათზე გავდივარ წამალს რომ მივუსწრო... რატომ არ უნდა იყოს წამლები სამტრედიაში?! შემოიტანონ წამლები სამტრედიაში და დაუბრუნდნენ ძველ წესს... ჯანდაცვასაც [სამინისტროს] მივწერეთ ავადმყოფებმა. პასუხი არ მიგვიღია“, - როცა ლალი წამლის საყიდლად შორს, სხვა ქალაქში მიდის, დედას მარტო დატოვება უწევს - იატაკზე აწვენს ხოლმე, საწოლიდან რომ არ გადმოვარდეს.
ექიმები და პაციენტები ამბობენ, რომ მცირეა იმ აფთიაქების რიცხვი, სადაც ფსიქოტროპული პრეპარატები იყიდება - არ არის ყველა ქალაქში, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბასა თუ სოფელზე. როგორ არის გადანაწილებული აფთიაქების ქსელი თბილისში და რეგიონებში? ღია წყაროებში აფთიაქების სრული სია არ იძებნება.
შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება ჯანდაცვის სამინისტროსაც ვთხოვეთ - პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
დედა-შვილს რეცეპტებს, როგორც ლალი გვეუბნება, ძირითადად ქუთაისიდან სამტრედიაში კვირაში ერთხელ ჩასული ექიმი ფსიქიატრი უწერს; მაგრამ როცა ფსიქიატრი ადგილზე არ არის, რეცეპტისთვის ნარკოლოგთან მიდის, იქვე - სამტრედიაში, „ნარკოლოგიურ კაბინეტში“. რადგან დედა-შვილი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ, ექიმთან ვიზიტი და დანიშნულება მათთვის უფასოა, ფულს სახელმწიფო იხდის.
რეგიონებში პრობლემებს ინფორმაციის ნაკლებობაც ემატება.
ლალიმ ჩვენგან გაიგო ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესის შესახებ, რომ - "ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს [წამლის] არაუმეტეს 5 დღის მარაგი"; თუმცა, როგორც გვეუბნება, ამ წესს ექიმები არ ითვალისწინებენ და შიშობს, რომ უქმე დღეების ან რეცეპტისთვის ზუსტად მე-14 დღეს ვერ მისვლის შემთხვევაში, დედა-შვილი, უბრალოდ, წამლის გარეშე დარჩებიან.
"ვიზოგავთ და ვწვალობთ", - ეუბნება ლალი ქაჩიბაია რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლებამ დედა-შვილის ექიმებთან დაკავშირება ვერ მოახერხა. თუმცა - მათ შორის, ამ ოჯახის მონათხრობზე დაყრდნობით - შეკითხვები ჯანდაცვის სამინისტროს გავუგზავნეთ.
67 წლის მალუ ვეღარ გადის ქალაქიდან
მალუ 67 წლის პენსიონერი ქალია, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა [ურჩევნია, რომ ნამდვილი სახელი და გვარი არ გაამხილოს]. თავის ძაღლთან ერთად, მთელი წელი ელოდება ზაფხულს - ნათესავთან ჩადის ხოლმე თვე-ნახევრით ქობულეთში. წელს უკვე აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, როცა ამ თვე-ნახევარში რეცეპტისთვის ექიმთან მისვლა სამჯერ მოუწევდა.
„ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩამოვქანდე თბილისში?!. ვერ შევძლებ, რომ ვიღაც ექიმი მოვძებნო ბათუმში და მერე იქ აფთიაქში ვიდგე კიდევ რიგში საათობით... ან იქნება ჩემი წამლები იქ და ან არა... საგონებელში ვარ“, - გვითხრა მალუმ, რომელმაც გადაწყვიტა თბილისში დარჩენა მანამდე მაინც, ვიდრე მისი ექიმი შვებულებაში გავა.
მალუ წამლების გამოზოგვას ცდილობს:
„იცით, რას ვაკეთებ ხოლმე?! რომელიღაც დღე თუ ვარ ხოლმე ცოტა უკეთესად, ნახევარ დოზას ვიღებ, რომ გამოვიზოგო... გაგიჟდა ჩემი ექიმი, ცრემლები მოერია ქალს, ეს რომ მოვუყევი... გადაირია ექიმი“.
30 წელზე მეტია, რაც მალუ ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებს - ნევროლოგიურმა სენმა და არასწორმა მკურნალობამ სამუდამო პრობლემები დაუტოვა: ძლიერი ტკივილი, სახის კუნთის დაჭიმულობა, დეფორმაცია, რის გამოც მყარ საჭმელს ვეღარ ჭამს. ამას 5 წლის წინ გადატანილი ინფარქტიც დაემატა.
„ჯოჯოხეთია, რაც გვჭირს. [აპრილში] პოლიკლინიკაში მითხრეს, ფსიქიატრმა უნდა გაგსინჯოს, რეცეპტი რომ გამოვწეროთო. 60 ლარი გადავიხადე და მეგონა ამით მორჩა, მაგრამ არა - 2 კვირაში ისევ ფსიქიატრთან მიშვებდნენ, რეცეპტის გამოწერამდე. თქვენ გაგიჟდით, კიდევ 60 ლარი უნდა გადავიხადო-მეთქი?! ერთი ამბავი დავატრიალე...
ახლა ოჯახის ექიმი მიწერს რეცეპტს - 14-დღიანს. მერე გავრბივარ ჯერ ვაჟა-ფშაველაზე ერთი წამლისთვის, მერე - ავლაბარში მეორისთვის. უნდა ვიჩქარო, თორემ 4 საათზე იხურება რაღაც პროგრამა... ერთხელ 3 წუთი დამაკლდა და ვერა, ვერ მოგცემთო... წარმოგიდგენიათ, ხალხო?!“ - მალუ კოშმარივით იხსენებს აფთიაქის რიგში დგომას.
30 წელიწადზე მეტია, კლონაზეპამსა და ქსანაქსს სვამდა. რადგან ახლა ქსანაქსი აღარ იშოვება, მის შემცვლელად ზოლომაქსს უწერენ. უკმაყოფილოა სომხური წარმოების კლონაზეპამით, რომელმაც ფარმაცევტულ ბაზარზე პოლონური ჩაანაცვლა - არ მშველისო, ამბობს.
მალუ ჯანდაცვის სამინისტროს ძველ რეგულაციებზე დაბრუნებას სთხოვს - არ სჯერა, რომ ახალი რეგულაციები მისთვის პატივსაცემი მინისტრის მოგონილია. ვიღაცებმა ამ რეგულაციების შემოღებით საბოტაჟი მოაწყვესო, ასე ვარაუდობს.
მაია კობახიძე და მისი 34 წლის შვილი
მაია კობახიძეს 34 წლის შვილი, გურამ ცინცაძე ჰყავს მოსავლელი - პირველი ჯგუფის ინვალიდი, ეპილეფსიური გულყრებით; აუტისტური სპექტრიც დაუდგინდა; წართმეული აქვს მეტყველების უნარი. კლონაზეპამი პაციენტისთვის სასიცოცხლო პრეპარატია - გურამი ამ წამალს ღრმა ბავშვობიდან სვამს.
ადრე დედა 3 თვის სამყოფს ერთად ყიდულობდა და მშვიდად იყო - ახლა თვეში ორჯერ უწევს ყიდვა.
ბოლო კვირებში მაიამ შვილი წყნეთში აიყვანა და წამლისთვის ისევ თბილისში დარბის. მინდობილობა მასზეა - წამალს სხვა ვერავინ იყიდის.
„წყნეთში ვისთანაც ვართ - მეგობრის დედას, 87 წლის ქალს დავუტოვე შვილი იმ იმედით, რომ მეორე შვილი მანქანით უცებ მიმიყვანდა აფთიაქში და ამოვბრუნდებოდით უკან სწრაფად“, - გვიყვება მაია, რომელსაც იმ დღეს ავადმყოფ შვილთან დაბრუნება მაინც დაუგვიანდა - ერთ აფთიაქში წამალი არ დახვდა, მეორეში კი 3-საათიან რიგში მოუწია დგომა.
„ეს 14-დღიანი [რეცეპტი] საშინელებაა... ორ კვირაში ერთხელ ასეთი ბავშვების დატოვება სახლში, ძალიან ძნელია... ხან სულ ვერ გავდივარ სახლიდან - ხან შეტევა აქვს, ხან შფოთვაშია, შეტევის წინ... ვერც ვმუშაობ ასეთი მდგომარეობის გამო“, - მაია წინასწარ ნერვიულობს იმაზეც, რომ სრულწლოვან შვილზე გაფორმებულ მხარდამჭერის 5-წლიან სტატუსს ვადა მალე ამოეწურება [ადრე მეურვეობა მუდმივი იყო] - ამ საბუთს სასამართლო გასცემს, ცალ-ცალკე ასაღებ მრავალ შესაბამის საბუთზე დაყრდნობით - „ყველგან ფულია გადასახდელი, უფასო არაფერია“.
რეცეპტისთვის ექიმთან ვიზიტში [სპეციალიზებულ ცენტრში] რეგულარულად 5 ლარის გადახდა უწევს; თუმცა, აპრილის შემდეგ, ერთხელ ნევროლოგთან კონსულტაციაც მოსთხოვეს - ონლაინკონსულტაცია 85 ლარი დაუჯდა.
ნაირა და მისი ქმარი კახეთიდან
“ამბულატორიაში რომ ჩავალ და ავიღებ მიმართვას, მერე ახმეტაში ნევროლოგთან უნდა წავიდე და წამლებიც იქ ვიყიდო .… იქ კიდევ იმხელა რიგებია, იმხელა რიგებია, რომ მთელი დღე სჭირდება… თითო-თითო აფთიაქია ახმეტაში და თელავში - როდის როდის ავიღებ წამლებს… და ორ კვირაში ისევ წასასვლელი ვარ იგივე გზაზე”, - ნაირა ამუზანაშვილი, ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში, 76 წლის ქმარს, შალვა ამუზანაშვილს უვლის, მძიმე ავადმყოფს - “პარკინსონი, გლაუკომა აქვს, ზის - ხელით ვაყენებთ, თავისით ვერაფერს აკეთებს, ვერ ჭამს. 3-ჯერ ინსულტი აქვს გადატანილი”.
ციკლოდოლი, ზოლომაქსი, დიაზეპამი - ავადმყოფს მუდმივად სჭირდება, სხვა ბევრ წამალთან ერთად.
თავად ნაირასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - მენჯის სახსარი აწუხებს, შიშობს, რომ საოპერაციოა - სტრესებისგან და დაღლილობისგან ხშირად ცუდად ხდება, მაგრამ საკუთარი თავისთვის აღარ მცალიაო - გვეუბნება.
„ამის წინ რომ ავედი [ქმრის რეცეპტისთვის] ექიმთან - ცუდადაც გავხდი. გული მაქვს ძალიან ცუდად, თავს ვეღარა ვწევ მაღლა-მეთქი, თავი მაგიდაზე მქონდა დადებული. წნევა გამიზომეს - დაცემული გაქვსო. ექიმმა ყავა მომიდუღა, შავი შოკოლადი გამიტეხა, დამილაგა. მრცხვენოდა, მაგრამ ავიღე ერთი ცალი, შევჭამე - როგორმე აქედან წავიდე სახლში-მეთქი“, - ნაირა საკუთარ ოჯახს ღატაკად თვლის, მაგრამ სოციალური დახმარების ბენეფიციარები არ არიან. მათი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, ჯამში დაახლოებით 850 ლარი.
"მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა", - აცხადებდა 2025 წლის მიწურულს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე. პაციენტები ფსიქოტროპული პრეპარატების სიძვირეს მართლაც არ უჩივიან - გვითხრეს, რომ ბოლო წლებში ფასი საგრძნობლად შემცირდა; თუმცა მათ, როგორც წესი, სჭირდებათ სხვა არაერთი პრეპარატიც - რომელთა დიდი ნაწილის ყიდვა საკუთარი სახსრებით უწევთ. ჯამში, ეს თანხა - ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯია.
პაციენტები პრობლემებს შორის გამოყოფენ: ეფექტიანი მედიკამენტების ნაკლებობას, მათ სიძვირეს და მედიკამენტების დეფიციტს - როცა წამალი ერთ დღეს ბაზრიდან საერთოდ ქრება.
ნაირა გვეუბნება, რომ წამლების ნაწილის დაფინანსებაზეც ბოლოს უარი უთხრა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. თუმცა მათთან დადის შშმ პირებისთვის განკუთვნილი პერსონალური ასისტენტი - სამუშაო დღეებში, საღამოს 5 საათამდე და ცოლიც ქმრის წამლებზე გასვლას სწორედ ამ დროს ახერხებს. შვილები მათგან შორს - ცალკე ცხოვრობენ.
შორენა დავითური და მისი 18 წლის შვილი - ელენე
18 წლის ელენესთვის კლონაზეპამი აუცილებელია - ორი აბი დღეში. უკვე წლებია, ეპილეფსიასთან ერთად, სხვა დაავადებებიც აქვს - პირველი ჯგუფის ინვალიდია. ძირითადად - წევს, მუცელში სტომით; საკვებს ზონდით იღებს, გულყრა ზოგჯერ ხელით შეხებაზეც ემართება და საავადმყოფოში გადაჰყავთ - განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
„ზოგჯერ ყოველდღე შეიძლება დასჭირდეს ჟანგბადის მიწოდება და დღეში რამდენჯერმე [ლორწოს] ამოქაჩვა სასუნთქი გზებიდან. 6 თვიდან სვამს წამლებს, კლონაზეპამის დოზები თანდათან გაუზარდეს და ეს წამალი ვერაფრით ჩავანაცვლეთ. ადრე 3 თვის სამყოფს ერთად ვყიდულობდი. ეს 14-დღიანი რეცეპტი ნამდვილი საშინელებაა...“ - გვეუბნება ელენეს დედა, შორენა დავითური.
როცა დედა წამლის საყიდლად გადის, ბავშვს არასრულწლოვან ძმას უტოვებს და გზაში ორივეზე ნერვიულობს. ხოლო როცა ბიჭი სკოლაშია - ელენეს დატოვება დედას სულ მარტო უწევდა.
ოჯახი სოციალურად დაუცველია, აფხაზეთიდან დევნილები არიან - ექიმთან ვიზიტისთვის არაფერს იხდიან.
მათ პრობლემებს წამლის ხარისხი დაემატა. შორენა გვეუბნება, რომ პოლონური კლონაზეპამი აღარ შემოდის, სომხური წარმოების ეს პრეპარატი [იმავე დასახელებით] - ძალიან სუსტია და შედეგი პრაქტიკულად არა აქვს.
რას ამბობენ ექიმები?
აპრილში შემოსული ახალი რეგულაციები არც იმ ექიმებს მოსწონთ, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა. მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო კლინიკურ გადაწყვეტილებაში ჩაერია.
„ფსიქიატრიაში დოზა, მკურნალობის ხანგრძლივობა და ვიზიტების სიხშირე კონკრეტული პაციენტის მდგომარეობით უნდა განისაზღვროს და არა ყველასთვის ერთნაირი სქემით. ბენზოდიაზეპინებს ნამდვილად სჭირდება მკაცრი კონტროლი - მათ აქვთ ტოლერანტობისა და დამოკიდებულების რისკი. მაგრამ კონტროლი არ ნიშნავს კლინიკური გადაწყვეტილების ჩანაცვლებას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექიმი ფსიქიატრი მარინა გეგელაშვილი და აპრილის რეგულაციების ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურად თვლის ხანგრძლივად ნამკურნალები პაციენტებისთვის დოზის „ხელოვნურად, დაჩქარებულ შემცირებას”.
ექიმი გვეუბნება, რომ სწრაფი შემცირება მძიმე შფოთვას, უძილობასა და აგზნებას იწვევს.
ვინ არის პასუხისმგებელი, თუ დოზის შემცირების გამო, რასაც ექიმი არ ეთანხმება, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება? - ეს შეკითხვა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსაც დავუსვით.
“ექიმი პასუხს აგებს თავის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მაშინ მას ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს”; “თუ მე ვთვლი და ვასაბუთებ, რომ კონკრეტულ პაციენტს [დოზის] უფრო ნელი შემცირება სჭირდება, მაგრამ რეგულაცია ამის საშუალებას არ მაძლევს, შედეგზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ექიმს ვეღარ დაეკისრება… როდესაც ექიმს შედეგზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, მაგრამ თან ვეუბნებით, რომ კონკრეტულ პაციენტთან როგორ მოიქცეს, ექიმის როლიდან რეცეპტის გამომწერის ფუნქციამდე დადის და ეს უკვე მხოლოდ ექიმის პროფესიის დაკნინება არ არის. საბოლოოდ ისევ პაციენტი ზარალდება”, - გვპასუხობს მარინა გეგელაშვილი.
ახალმა რეგულაციებმა ექიმების დატვირთვა გაზარდა. ახლა პაციენტები ყოველ ორ კვირაში ერთხელ მათთან მხოლოდ რეცეპტის გასაახლებლად მიდიან, ხოლო გრძელი რიგების გამო - ეს დრო სხვა პაციენტებს აკლდება.
წამლის რეცეპტის გამოწერისას, ექიმმა ელექტრონულ სისტემაში კონკრეტული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ნებისმიერი მედიკამენტის დანიშვნა და დოზები დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს. ნებისმიერი აცდენა ექიმს შესაძლოა სასჯელად და ლიცენზიის შეჩერებადაც დაუჯდეს.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგ შემთხვევებში, ექიმები ზედმეტადაც იზღვევენ თავს.
„იმის თქმა, რომ რაღაც წამალი ექიმმა არ უნდა გამოწეროს, ანდა, უნდა გამოწეროს შეზღუდული რაოდენობით - სამედიცინო ლოგიკაში არ ჯდება“, - ექიმი ფსიქიატრი ეკა ჭყონია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში ხარისხიანი და ეფექტიანი წამლების არჩევანი ისედაც ძალიან შეზღუდულია.
როგორც კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები გვიყვებიან - ფსიქიატრთან ვიზიტის ხარჯის ასარიდებლად ჯერ ოჯახის ექიმთან მიდიან გადამმისამართებლად და შემდეგ - ფსიქიატრთან თუ ნევროლოგთან. ეს მათთვის დროის ორმაგი დანახარჯია.
პრობლემაა იმ მედიკამენტების დეფიციტიც, რომლებსაც პაციენტი წლების განმავლობაში სვამს.
ექიმი გვიხსნის, რომ, მაგალითად, პრეპარატ ციკლოდოლის გამოწერა აუცილებელია ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ერთად, რათა „არ გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები - კუნთების დაჭიმულობა, შინაგანი დაძაბულობა და უფრო მძიმე შედეგებიც“; მაგრამ „ერთ მშვენიერ დღეს [გაზაფხულზე] ეს პრეპარატი მთელ ქვეყანაში გაქრა“. ამ და სხვა პრეპარატების პერიოდულ გაქრობას შემოტანაზე დაწესებული კვოტებით ხსნის.
ახალი რეგულაციების გავლენით, ექიმებს ერთი და იმავე პაციენტისთვის რეცეპტის გამოწერა დღეში ორჯერაც მოუწიოს.
ეკა ჭყონია იხსენებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტებს აფთიაქიდან ხშირად ისევ ექიმთან აბრუნებენ - რადგან აღმოჩნდება, რომ, ვთქვათ, 1 მლ.გ.-იანი კონკრეტული პრეპარატი აფთიაქებს იმ მომენტისთვის არა აქვთ და რეცეპტი 0.5 მლ.გ.-იანზე თავიდან უნდა გამოიწეროს. ასევე რეცეპტი ზუსტად იმ დასახელების პრეპარატზე უნდა იყოს გამოწერილი, რაც იმ დროს აფთიაქშია - პაციენტს სხვა წამალს არ მიჰყიდიან.
„ელექტრონულ სისტემაში რომ შევდივარ, იქ მედიკამენტების ჩამონათვალში ყველა დოზა წერია - 1 მლ.გ.-იანიც, 2-იანიც, 1.5-იანიც და 0.5 მლ.გ.-იანიც. საიდან უნდა ვიცოდე იმ დროს რომელი [პრეპარატი] იშოვება და რომელი არა?!“ - ეუბნება ეკა ჭყონია რადიო თავისუფლებას.
პაციენტებს გაზრდილი ხარჯები და წამლების შავი ბაზარი
„ჩემთან ვიზიტი 140 ლარი ღირს. მე მხოლოდ 2 კვირის რაოდენობის გამოწერა შემიძლია. ორ კვირაში ისევ უნდა მოვიდეს პაციენტი და ისევ უნდა გადაიხადოს. ესე იგი, თვეში 280 ლარი უნდა გადაიხადოს მარტო ვიზიტში, რომ მე შევძლო 28 დღის სამყოფი რეცეპტის გამოწერა. ეს ქმნის საფრთხეს, რომ პაციენტი წავიდეს შავ ბაზარზე და იქ, კაცმა არ იცის, რას იყიდის. თითქოს ხომ [ახალი რეგულაციების] იდეა იყო კონტროლი, მაგრამ სრულიად უკონტროლო ეს ბაზარიც“, - გვეუბნება ექიმი ფსიქიატრი ეკა ჭყონია.
ფსიქოტროპულ პრეპარატებზე რეცეპტებს, ფსიქიატრების გარდა, ექიმი ნევროლოგები და ოჯახის ექიმები წერენ. სტატიის მომზადებისას, რადიო თავისუფლება კიდევ არაერთ ექიმს დაუკავშირდა - უდიდესმა ნაწილმა ინტერვიუს აარიდა თავი.
თუმცა პირად საუბარში აღწერილი პრობლემები იდენტურია. არავინ უარყოფს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა აუცილებელია და ავადმოხმარებას კონტროლი ესაჭიროება; თუმცა ეს ყველაფერი პაციენტებისა და ექიმების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ვკითხეთ - აქვს თუ არა ინფორმაცია ფსიქოტროპული მედიკამენტების საჭიროების მქონე პაციენტების პრობლემების შესახებ? და ხომ არ იგეგმება ამ რეგულაციების გადახედვა? პასუხი, როგორც უკვე ვთქვით, არ მიგვიღია.
პაციენტები და ექიმები დღეს არსებულ პრობლემებს ჯერ კიდევ აპრილში პროგნოზირებდნენ.
ფორუმი