Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელი გახდა, რომ ნამახვანჰესზე მთავრობა უკან დახევას არ აპირებს - ინტერვიუ ლინა ღვინიანიძესთან


9 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თითქმის 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხზე. პასუხად 10 135 მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პეტიციისა. პეტიციის მიხედვით, ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას. პარლამენტში ამ საკითხზე მოხსენებები ჰქონდათ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს. როგორ ჩაიარა მინისტრების მოსმენამ და რამდენად დამაჯერებელი გამოდგა მათი არგუმენტები სხდომაზე შეკრებილი საზოგადოებისთვის, რომელთა შორის იყვნენ რიონის ხეობის „მცველები” და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გთავაზობთ ინტერვიუს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ლინა ღვინიანიძესთან.

იყო თუ არა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ღირებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც საგანგებოდ ამ სხდომისთვის ჩამოვიდნენ რიონის ხეობიდან?

ეს საკომიტეტო მოსმენა იყო დაგვიანებული. იმიტომ, რომ ეს არის პირველი მცდელობა საქართველოს მთავრობის წევრების ანგარიშვალდებულებისა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე. ნამახვანჰესის პროექტს, მთლიანად ამ პროცესს ახლავს ძალიან მძიმე კონფიდენციალურობა. ყველა დოკუმენტი, ყველა პროცესი, ყველა გადაწყვეტილება იყო დახურული, ის არ იყო ღია და ძალიან ბევრი, 10 000-ობით ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა და ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფის ოთხთვიანი ღამისთევა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია დაეწყო საქართველოს მთავრობას ადამიანებთან და მინიმუმ მცდელობა ჰქონოდათ, რომ პასუხი გაეცათ კითხვებზე. ამდენად, შეხვედრა პარლამენტში იყო იძულება მთავრობის, რომ მათი სრულიად დახურული გადაწყვეტილებები ღიად გამოვიდეს საზოგადოების წინაშე.

რამდენად მიაღწიეს აქტივისტებმა და სხვა დაინტერესებულმა ადამიანებმა ამ მიზანს?

რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო არა შინაარსიანი მსჯელობა, არამედ უბრალოდ კიდევ ერთხელ პოზიციების დაფიქსირება და ჩვენება იმისა, რომ ეს მოთხოვნა ღიაობის, კი, ბატონო, დაკმაყოფილდა, თუმცა ეს არის ფორმალური დაკმაყოფილება. მთავარი პრობლემა ამ კომიტეტის იყო ის, რომ ჩვენ ვერცერთ კითხვაზე სიღრმისეული მსჯელობა ვერ მოვახერხეთ ვერც ტექნიკურად, პროცედურულად და, მეორე მხრივ, ჩვენ ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება დოკუმენტაციის გასაჯაროებას, ამ მიმართულებით თუ მიაღწიეთ წარმატებას?

კომიტეტზე არანაირი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. ანუ ის დოკუმენტები, რომლებიც გახდა ცნობილი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ეს არის ძირითადად შეთანხმება, ხელშეკრულება მთავრობასა და კომპანია „ენკას” შორის, ცნობილი გახდა გამომძიებელ ჟურნალისტთა ძალისხმევით. და ასევე განკარგულება მიწის უფლებების გადაცემის თაობაზე, რომელიც ცოტა უფრო ადრე გახდა ცნობილი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი მსჯელობის. თუმცა ჩვენ ვითხოვდით ასევე ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების წარმოდგენას, რომელიც ამ დრომდე დახურულია. ეს არის ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ფისკალური ხარჯების შესახებ, ეს არის იუსტიციის სამინისტროს დასკვნა და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის ხარჯთსარგებლიანობის დოკუმენტი, რომელიც უნდა ჰქონოდა მთავრობას, სანამ ამ ხელშეკრულებას გააფორმებდა. ეს არის არსებითი ხასიათის ანალიზი დოკუმენტურად მომზადებული, რომელიც ყველა რისკს, ყველა სარგებელს, ყველა საფრთხეს, ყველაფერს შეწონის და, საბოლოო ჯამში, აყალიბებს მთავრობის პოზიციას. ეს არის სამი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც დღემდე დახურულია და გუშინ ძალიან ვცდილობდით, რომ ჩვენ მიგვეღო პასუხები და ვითხოვდით მის საჯაროობას, თუმცა ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხები ეკონომიკის მინისტრისგან, როდის იქნება ეს დოკუმენტები საჯარო. ამდენად, გუშინდელ შეხვედრას ახალი, კვლევაზე დაფუძნებული ან რაიმე დოკუმენტზე დაფუძნებული არგუმენტი არ შეუქმნია მთავრობის მხრიდან.

რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მაშინ ამ პროცესს?

ალბათ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება მთავრობის პოზიციონირება პარასკევს გასამართ შეხვედრაზე, რომელიც დაანონსებულია ქუთაისში. თუმცა მე არ მაქვს მაღალი მოლოდინები ამ შეხვედრაზე. ჩვენ გუშინ ცხადად დავინახეთ ორი რამ - დავინახეთ ერთი ის, რომ მთავრობა მხოლოდ მცირე ხარვეზებზე საუბრობს, ის ფაქტობრივად არ აღიარებს იმ არსებით პრობლემებს, რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით არსებობს. გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ძალიან ცხადად თქვა, რომ ის არ აპირებს არსებითი ცვლილებების შეტანას ამ პროექტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მცირე ცვლილებების განხორციელებისთვის მზად არიან, თუმცა მცირე ცვლილებები ვერ იქნება ის, რაც გამოასწორებს იმ ჩავარდნებს, რომელიც ნამახვანის ჰესების პროექტს აქვს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უმძიმესი შეთანხმება, დათმობილი სახელმწიფო ინტერესებით, ეს არის უმძიმესი შეთანხმება მაღალი და განუსაზღვრელი ფისკალური რისკებით, რომელიც შეუძლებელიც კი არის, რომ სრულად დაითვალოს და იყოს განჭვრეტადი, რამხელა ფინანსურ რისკებზე მოაწერა ხელი სახელმწიფომ. ამდენად, ეს არის ფუნდამენტურად არასწორი პროექტი, დახურულად გაკეთებული, ძალიან მძიმე ტვირთებით და სახელმწიფო ინტერესების დათმობით. ამდენად, ამ საკითხებზე ჩვენ გუშინ ვცდილობდით, მიგვეღო ეკონომიკის მინისტრისგან პასუხები, მაგრამ ამაზე არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

მცირე დათმობებში რას გულისხმობთ?

მაგალითად, გუშინ პირველად ეკონომიკის მინისტრმა ცხადად აღიარა, რომ კომპანიას არ აქვს აღებული საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ვალდებულება. და ეს არის სუსტი შეთანხმება მთავრობასა და კომპანიას შორის. გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ასევე თქვა, რომ სოციალური დაცვის ღონისძიებები ასევე არ არის „ენკასთვის” სავალდებულოდ. ორი საკითხი დაასახელა, სადაც შეიძლება მთავრობამ გადახედოს და მათ შორის მოელაპარაკოს „ენკას“ გარკვეული ცვლილებების შეტანაზე შეთანხმებაში ან მათ შორის კომუნიკაციაში. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ არის არსებითი და მთავარი საკითხები ან ერთადერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ და ის ჯგუფები ვაყენებთ, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული. ამდენად, ეს დამოკიდებულება, რომ მცირე ცვლილებები შესაძლოა იყოს, მაგრამ ფუნდამენტურად ეს პროექტი ვერ გადაიხედება, არის აბსოლუტურად აცდენილი იმ განწყობებს, იმ მოთხოვნებს, იმ არგუმენტებს, რომლებიც აქეთ ჩვენს მხარეს დგას და რომელსაც ვერ პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო.

ოპონენტების კრიტიკისას ეკონომიკის მინისტრმა სამი ტიპის არგუმენტები გამოიყენა. მათ შორის მან ახსენა ზოგადად უარყოფითი მიდგომა „ჰესების მიმართ“ და უცხოელი ინვესტორის მიმართ ჰომოფობიური და ქსენოფობიური დამოკიდებულება. რამდენად ელოდით მის ამგვარ შეფასებებს?

ამაზე ვსაუბრობ, რომ მისი რიტორიკა იყო, მსუბუქად რომ ვთქვა, უცნაური და მძიმე. ეს ადამიანები ძალიან ცხადად ეჭვის ქვეშ აყენებენ კონკრეტულ ჰესს, რომელიც არის ნამახვანის ჰესების პროექტი და ამ ეჭვის ქვეშ დაყენებას ზურგს უმაგრებს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი არგუმენტი. ეკონომიკის მინისტრის რიტორიკა იყო მძიმე და ამაში ვგულისხმობ ასევე გრძელ შესავალს ქსენოფობიაზე და ჰომოფობიაზე. ალბათ ჰომოფობია მცდარად იქნა გამოყენებული მისი მხრიდან და ეკონომიკის მინისტრს უნდა ესმოდეს ესეთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების სახელდებები ზუსტად, როგორიც არის ჰომოფობია და ქსენოფობია. ცხადად უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნამდვილად არის ქსენოფობიური განწყობები, ინიცირებული და წამოსული სწორედ ამ პროექტთან კავშირში, და ეს უკავშირდება ინვესტორის წარმომავალ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა, ეს არის ზოგადი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და ამ შემთხვევაშიც გარკვეულ ჯგუფებში ამან იჩინა თავი, თუმცა მთავარი საკითხი არის ის, რას აკეთებს სახელმწიფო. რატომ შეიძლებოდა, ეს ნიადაგი თუნდაც ქსენოფობიური განწყობებისთვის ყოფილიყო სასურველი ნიადაგი, და სახელმწიფომ ამგვარ განწყობებს უნდა დაუპირისპიროს არა ის, რასაც ის უპირისპირებს, არამედ ღიაობა, გამჭვირვალობა, მათ შორის, შეთანხმების გამჭვირვალობა, მათ შორის, მიწის უფლებების გადაცემის თაობაზე განკარგულების გამჭვირვალობა და ასე შემდეგ. და, ბუნებრივია, ამ დახურულობამ ასევე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ამგვარი განწყობების შექმნაში. სახელმწიფომ თავის თავში უნდა ეძებოს პრობლემა, როგორ შეუწყო ხელი ამის გაღვივებას და რა შეიძლება ეხლა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ძლიერი არ გახდეს.

ასეთ ფონზე, როგორ ფიქრობთ, გაიმართება თუ არა საპროტესტო აქცია 14 მარტს?

ეს, ბუნებრივია, არის დამოკიდებული რიონის ხეობის მოსახლეობაზე, იმ მოძრაობაზე, რომელიც რიონის ხეობის გადარჩენისთვის იბრძვის. მე ვფიქრობ, რომ დღეს მათთვისაც გახდა ცხადი, რომ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს დაცვის სამინისტროს სახით, პრინციპში, უკან დახევას არ აპირებენ. დღეს მათი რიტორიკა იყო საკმაოდ მკაცრი, უხეში, მათ დღევანდელ პოზიციასთან სრულიად შეუთავსებელი. ჩვენ დავინახეთ ძალიან ხისტი ტონი, ძალიან თავდაჯერებული ტონი, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. მგონია, რიონის ხეობის მოძრაობისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის დღეს ცხადი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს მთავარი მოთხოვნების გათვალისწინებას ამ ჯგუფის, ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს აქცია იქნება, იქნება ძალიან ხალხმრავალი და ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG