Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინჩის წესი - როდის ხდება ხალხი მოსამართლე და მკვლელი?


ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევები საქართველოში - ექსპერტები აცხადებენ, რომ სახალხო სამართალი საზოგადოების უმწიფრობასა და პოლიციის უსუსურობაზე მეტყველებს.

რამდენიმე დღის წინ მარტვილში დაწვეს სახლი, რომელიც პედოფილიაში ბრალდებულ მამა-შვილს ეკუთვნოდათ. მამა-შვილი 23 ივნისს დააკავეს. მეორე დღესვე ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა, - 65 წლის მამაკაცის ცოლმა და რძალმა, 4 შვილთან ერთად, - სოფლის მოთხოვნით, სოფელი დატოვეს. მომდევნო დღეს კი, 25 ივნისს, სახლს ცეცხლი წაუკიდეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსახლეობა თავად ასამართლებს ადამიანს, თავად განსჯის მის ბრალეულობას და შემდეგ ან სახლს უწვავს, ან, საერთოდ, სიკვდილით სჯის. მაგალითად, 2015 წელს იმერეთში სოფელმა არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის სახლ-კარი გადაწვა.

„ლინჩის წესით ადამიანების გასამართლების ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას. ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ დანაშაულშია ბრალდებული, ასამართლებს სახელმწიფო, მართლმსაჯულება და არა კერძო პირები. როგორი მორალური თუ სხვა არგუმენტები არ უნდა ჰქონდეთ კერძო პირებს, მათ არანაირი უფლება არა აქვთ განახორციელონ მართლმსაჯულება“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.

ლინჩის წესი განსაკუთრებით საშიშია იმის გამო, რომ არცთუ იშვიათად ხალხის მიერ გასამართლებული ადამიანები შეიძლება უდანაშაულონი აღმოჩნდნენ. ალეკო ცქიტიშვილი ამის მაგალითად ე. წ. რუსთაველი მანიაკის საქმეს ასახელებს.

რუსთაველი მანიაკის საქმე

2000 წელს პოლიციამ დააკავა პაატა სხირტლაძე, რომელსაც რუსთავში რამდენიმე ადამიანის გაუპატიურება და მკვლელობა ედებოდა ბრალად.

მაშინ სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ჩიკოტილოს არ დაიცავდა. ეს ძალიან სამარცხვინო იყო“, - ჰყვება ალეკო ცქიტიშვილი.

ციხეში სხირტლაძეს სასტიკად გაუსწორდნენ, ყური ჩამოათალეს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკავებული უდანაშაულო იყო. მალევე პოლიციამ იმავე ბრალდებით დააკავა ფრიდონ პირტახია, თუმცა გასამართლებამდე საქმე არც ამ შემთხვევაში მისულა. ოფიციალური ინფორმაციით, პირტახიამ ციხეში ვენები გადაიჭრა.

სერგო კვარაცხელიას საქმე

შემთხვევა 1998 წელს წალენჯიხაში მოხდა. მოსახლეობამ ეჭვი მიიტანა, რომ მესაფლავე სერგო კვარაცხელიამ ერთ-ერთი საფლავი გაძარცვა - მიცვალებულს ჯიბიდან ამოუღო 100 დოლარი, რომელიც მას დაკრძალვისას ჩაატანეს. ყოველგვარი გამოძიების გარეშე სერგო კვარაცხელია ადგილობრივებმა წამებით მოკლეს.

ყვარელში დახოცილი ბავშვების საქმე

ალეკო ცქიტიშვილი იხსენებს ორი არასრულწლოვანის საქმეს, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გააშუქა. 1993 წელს პოლიციამ დააკავა კახა და ზაქრო ღელეღუტაშვილები, მათ სატყეო მეურნეობის თანამშრომელ ნიკოლოზ კუპრაშვილის მკვლელობა ბრალდებოდათ. მაშინ კახა 16-ის, ხოლო ზაქრო 13 წლის იყო.

ეს ბავშვები ლინჩის წესით დასაჯეს. მათი და ითხოვდა პასუხისგებაში მიეცათ ინიციატორები, მაგრამ არათუ პასუხისგებაში არ მისცეს, ამ ბავშვების დის თქმით, ერთ-ერთი მათგანი თანამდებობაზეც დაინიშნა“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

ხანუმ ჯეირანოვას საქმე

2014 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა მეზობლებმა და ქმრის ნათესავებმა ქუჩაში დაიჭირეს, ფეხსაცმელი და წინდები გახადეს და „უნამუსოს“ ძახილით სოფელში ჩაატარეს. მას ქმრის ღალატს ედავებოდნენ. ამ შემთხვევას შეესწრნენ ჯეირანოვას შვილებიც. მოგვიანებით ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

აქცია გორში

2018 წლის 5 ნოემბერს გორის ცენტრში აქცია გაიმართა. ორიოდე კვირით ადრე გორში 8 წლის გოგონა მოკლეს. მალევე დააკავეს ორჯერ ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედება და მკვლელობა წარედგინა. აქციაზე მისული ხალხი ნებიერიძის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა. ამ მოთხოვნებს ისმენდნენ ბავშვებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს თან ჰყავდათ მოყვანილი.

ფაქტობრივად, ჩვენ ამით ბავშვს ვასწავლით, რომ ძალადობრივად უნდა მოგვარდეს სიტუაცია. ეს საშინელებაა. თუ მოქალაქემ არ გააცნობიერა, რომ არსებობს კანონი, რომელიც არის უზენაესი და ყველამ უნდა დავიცვათ იგი, დიდი პრობლემაა, მოქალაქეობრივი პრობლემაა, სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის პრობლემაა", - უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას ფსიქოლოგმა ნინო ბალოიანმა.

ტერმინი „ლინჩის წესი“ ამერიკიდან მოდის და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას, ძირითადად ჩამოხრჩობას გულისხმობს. საქართველოში სახალხო შურისძიება სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, დანაშაულში ეჭვმიტანილის მოკვლით დაწყებული, მისი და მისი ოჯახის გაძევებითა და ქონების განადგურებით დამთავრებული.

სახალხო შურისძიების ფაქტები აქ ჩამოთვლილზე გაცილებით მეტია. ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ პოლიცია ხშირად თავად ესწრება ამგვარ ფაქტებს. იყო შემთხვევებიც, როდესაც დაკავებულები პოლიციის განყოფილებიდან გამოიყვანეს ან პოლიციამ თავად გადასცა ისინი მოსახლეობას. მისი თქმით, ლინჩის წესით ანგარიშსწორების მაგალითები განსაკუთრებით 90-იან წლებიდან გახშირდა, როდესაც ყველა საჯარო სამსახური, მათ შორის პოლიციაც დასუსტდა და მოსახლეობამ მის მიმართ ნდობა დაკარგა.

„სამეგრელოში რაც მოხდა, ამან აღძრა კითხვა, რატომ ვიქცევით ასე ქართველები? ლინჩის წესი, მისი სახელიდან გამომდინარე, ქართული ფენომენი არ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენი ლინჩის წესი გვაქვს. ჩვენ არა ვართ ის საზოგადოება, რომელიც კანონზეა დაფუძნებული და ამას თავისი ისტორიული ფესვები გააჩნია“, - ამბობს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია.

ისტორიულ ფესვებში იგულისხმება საკანონმდებლო ვაკუუმი. მაგალითად, თუნდაც ვახტანგ მეექვსის კანონები აღმოსავლეთ საქართველოში კი მოქმედებდა, მაგრამ დასავლეთში - არა. რაც შეეხება საბჭოთა კანონებს, სოციოლოგის თქმით, მის შექმნაში ხალხს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ბოლომდე ვერც ამ კანონების გათავისება მოხერხდა.

ჩვენ დღეს ვსწავლობთ როგორ უნდა ვიცხოვროთ კანონის ბატონობის პირობებში, ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ დღეს ხალხს აქვს ერთმანეთის ლინჩის წესით გასამართლების სურვილი“.

ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ სამართლის მყისიერად აღსრულების მოთხოვნილება და ამას აღასრულებს კიდეც, თუკი საზოგადოებას კანონზე დაფუძნებულ სოციუმში ცხოვრების გამოცდილება არა აქვს და, ამასთან, არ არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ამ კანონის აღსრულებას უზრუნველყოფენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG