Accessibility links

site logo site logo

ულიფოდ - რა ფასს იხდიან ქალები თავისუფლებაში


სულ რამდენიმე სანტიმეტრი ნაჭერი, პლასტმასის დეტალები, რკინის შესაკრავი, მაქმანები და „გუბკა” - ამ კომბინაციის სხვადასხვა ვარიანტს ქალების უმეტესობა ყოველდღე იცვამს.

ზაფხულში სხეულზე მჭიდროდ მოტმასნილი ლიფი იშვიათადაა მოსახერხებელი. ზოგადადაც - თუ ვინმემ არ იცის - ლიფის ტარება ძირითადად დისკომფორტია. აი, რას ამბობენ ქალები, რომლებიც ფეისბუკზე გამოვკითხე:

„ზაფხულში მცხელა და ოფლი გამდის, ზამთარში ხელს აწევ და ყელამდე აგყვება ტანსაცმლიანად“.

„ოფისებში ხდება, რომ მსუქან გოგოს შენიშვნას აძლევენ, გამხდარს არა. ძუძუსთავი თუ არ გიჩანს, არ გეუბნებიან არაფერს, მარა მტრისას, თუ დიდი მკერდი გაქვს და ლიფი არ გაცვია“.

„ზოგს ეკომფორტულება. პირადად ჩემზე, მაგალითად, მეზიზღება ლიფი და თუ მაიკა მაძლევს საშუალებას, არ ვიცვამ, უმეტესად სანტავიკს ვიკრავ თავებზე, რო ვინმეს ზედმეტად თვალში არ მოვხვდე. აი, ასეთი საწყალი ამბავია“.

„ძალიან დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, აი, მგონია, აზღუდი ტყუილად არ ქვია ქართულად. უბრალოდ ზოგიერთ ტანსაცმელს უხდება და მაგ დროს ვიცვამ ხოლმე“.

ლიფის ჩაცმა-არჩაცმას მთელი სტრატეგია აქვს, თუ არ გინდა მწველი მზერის სამიზნე გახდე. სადა, სხეულზე მომდგარ ტანსაცმელში არჩაცმა თითქმის გამორიცხულია; აი, ფართო, ორნამენტიან ნაჭერში უფრო „დაცული” ხარ იმისგან, რომ კერტები არ დაგეტყოს. დამატებით გიწევს იმაზე ფიქრი, დღეს სად ხარ მისასვლელი და რა უნდა გააკეთო - მოგიწევს თუ არა დახრა, სირბილი, ხელის აწევის დროს ხომ არ გამოგიჩნდება რამე. მოკლედ, ან თავი უნდა შეიზღუდო, ან მოემზადო იმისთვის, რომ ყველგან, სადაც წახვალ, დაუფარავი განსჯის ან ზურგსუკან გაკიცხვის ობიექტი გახდები.

რაც ეპატიებათ კაცებს, არ ეპატიებათ ქალებს

მარიტა რომ ათი წლის იყო, ცეკვის გაკვეთილზე მასზე ოდნავ პუტკუნა გოგოს, მარიტას ჯგუფელს კაცმა მასწავლებელმა მთელი ჯგუფის თანდასწრებით უთხრა, უკვე დიდი მკერდი გაქვს და ლიფი ჩაიცვიო. მარიტამ მაშინვე გადაწყვიტა, რომ ამ მასწავლებელთან აღარ ივლიდა - ვის უნდა, უფროსი კაცების ბულინგის მსხვერპლი იყოს?! 17-18 წლის ასაკიდან ლიფს მხოლოდ მაშინ იცვამს, როცა საჭიროდ თვლის. ეს არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც მიხვდა, რომ ფემინისტია - იმ გარემოში, სადაც იზრდებოდა, უბრალოდ არ იცოდნენ, რომ ქალმა შეიძლება სხვანაირადაც ჩაიცვას.

მარიტა ყაველაშვილი
მარიტა ყაველაშვილი

„იმას საერთოდ არ ვამბობ, რომ ლიფი უნდა ან არ უნდა გეცვას, მე როგორც მეკოფმორტულება, ისე ვიქცევი. უბრალოდ არ მინდა, რომ როცა არ ვიცვამ, მაგას მოყვეს უდიდესი აჟიოტაჟი და ვიღაცამ თითი გამომიშვიროს და თქვას, რომ თუნდაც "ულიფო კახპა" ვარ, როცა მაგის იქით ძალიან ბევრი ღირსება მაქვს, ბევრისთვის ვიბრძვი და ბევრს ვშრომობ“.

არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობ, რა ასაკის ხარ და რა პოზიცია გიკავია - ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში განკიცხვის ობიექტი ხდები რეალურ და ონლაინსივრცეში. აქტივისტი ანა სუბელიანი ხშირად გენდერული ნიშნით შეურაცხმყოფელი კომენტარების სამიზნე ხდება. ის ფიქრობს, რომ ქალ აქტივისტებს და პოლიტიკოსებს არათანაბარ პირობებში უწევთ უფლებებისთვის ბრძოლა.

ანა სუბელიანი
ანა სუბელიანი

„ზოგადად ქალების მიმართ კრიტიკა ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმას, თუ როგორ აცვიათ, როგორ გამოიყურებიან, და მსგავს კრიტიკას ჩვენ არ ვაწყდებით მამაკაცებთან მიმართებაში, რაც, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტია და არის ერთ-ერთი ფორმა გენდერული ჩაგვრის. ქალებს ყოველთვის მეტს სთხოვენ - თუ "ლამაზად" გამოიყურები, აუცილებლად ამის გამოც გახდები აგრესიის ობიექტი... ძალიან ბევრ ფრონტზე უწევთ ქალებს ბრძოლა და ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ მწვავე, შემაწუხებელი და უსამართლო“, - ამბობს ანა სუბელიანი.

კოლექტიურმა გაკიცხვამ, რომელიც აქამდე რეალურ სამყაროში მიმდინარეობდა, ახლა სოციალურ ქსელებშიც გადაინაცვლა. ქალების მიზანში ამოღებას თავად სოციალური ქსელის წესებიც „ეხმარება” - ფეისბუკი და ინსტაგრამი ბლოკავს სურათებს, სადაც ქალებს ძუძუს კერტები უჩანთ, მაშინ როცა კაცების ანალოგიური სურათები ქვეყნდება.

„წელზევით გახდილი კაცები ქუჩაშიც კი დადიან ხოლმე და მათ თუ ეუხერხულებათ ჩემი სხეული, მე რატომ არ შეიძლება მიქმნიდეს დისკომფორტს მათი ყურება. კაცის გახდილი სხეული თითქოს არანაირი სექსუალური ხასიათის მატარებელი არ არის და თუ ეგ არ არის, მარტო ქალის რატომ არის - პარადოქსია“, - ამბობს მარიტა ყაველაშვილი.

რატომ აქვს პრეტენზია საზოგადოებას ქალების სხეულზე

გოგოების სექსუალიზება საკმაოდ ადრე იწყება. ძალიან პატარა, რამდენიმე თვის, ერთი წლის ბავშვების საცურაო კოსტიუმებიც კი ორ ნაწილადაა დაყოფილი - ქვედა და ზედა ნაწილად, რომელიც არარსებულ მკერდს ფარავს. გოგოების უმეტესობა ლიფის ტარებას სკოლაში იწყებს, თანაც ისეთის, რომელიც სილამაზის სტანდარტს შეესაბამება - მაგალითად, 2000-იანების დასაწყისში მოდაში დიდი მკერდი იყო, ამიტომ გოგოები, რომლებსაც პატარა მკერდი ჰქონდათ, ღრუბლით ამოვსებულ, push-up ლიფს ატარებდნენ. არადა, ერთი ათწლეულით ადრე გამხდარ სხეულზე ძლივს შესამჩნევი მკერდი ითვლებოდა ეტალონად - ამას 90-იანების სუპერმოდელების გარეგნობა მოწმობს.

ფემინისტებმა ლიფთან, როგორც ქალების ტანსაცმლის აუცილებელ ატრიბუტთან „ომი” 60-იანი წლების მიწურულიდან დაიწყეს. 1968 წელს „მის ამერიკას” კონკურსის პროტესტზე აქტივისტებმა ლიფები, სხვა „ქალურ” პროდუქტებთან ერთად, ნაგვის ურნაში მოისროლეს - მათი აზრით, ეს თავს მოხვეული ფემინურობის საგანი იყო. ლიფებთან ბრძოლა ფემინიზმის შემდეგ ტალღებშიც გაგრძელდა. თანამედროვე ფემინიზმი ცდილობს, ქალის მკერდს სექსუალური ობიექტის იარლიყი მოაცილოს და, შესაბამისად, მოშალოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც ქუჩაში ულიფოდ სიარულზე ვრცელდება.

„ვერც კი ვიტყვით ზუსტად, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გვიკონტროლებს ამას - იმდენად გამჯდარია სტერეოტიპები კულტურაში, რომ ხმასავითაა, რომელიც მუდმივად გასდევს ფონად ჩვენს არსებობას“, - ამბობს ანა ნიკოლაძე, ფემინისტი აქტივისტი და მწერალი.

პატრიარქალური ცხოვრების წესი, რელიგია, რომელიც ქალისგან მორჩილებას მოითხოვს, სოციალური მედია და მოდის ინდუსტრია - რთულია ერთი დამნაშავის გამოკვეთა. თავად ქალებიც სტერეოტიპების გამტარები არიან.

ანა ნიკოლაძე
ანა ნიკოლაძე

„ქალებს ხშირად თავადაც არ ესმით საკუთარი სექსუალობა, განსაკუთრებით ისეთ პატრიარქალურ რელიგიურ საზოგადოებაში, სადაც დემონიზება ხდება ქვეცნობიერი სურვილების. რა თქმა უნდა, ქალებიც არიან სექსუალური არსებები. სურვილის ქონა თავად არ არის არავითარი პრობლემა - ვიღაცა დაინახე და მოგეწონა, ამაში არაფერია ცუდი. დასაძრახია ქცევა, რომელიც ამ იმპულსის შემდეგ მოდის. განსხვავება ხომ არის, 1-2 წამით შეგხედავს ვიღაცა თუ ნახევარი საათის განმავლობაში მოგაშტერდება? ქცევა განგვასხვავებს ინსტინქტებს მიყოლილი ცხოველებისგან. ის რომ "თავი ვერ გავაკონტროლე", არ არის არგუმენტი“, - ამბობს ანა ნიკოლაძე.

მოკლედ, თუ ულიფოდ გახვედი და „დაგეტყო”, ფიზიკური კომფორტი მაინც გერღვევა, ლიფით თუ არა, გარშემომყოფების მზერით. თითქოს, რაც არ უნდა აკეთო, მაინც დათმობაზე მიდიხარ. მსგავსი დილემის წინაშე დგებიან გოგოების მშობლებიც - გინდა, რომ შენმა შვილმა თავისუფლად იცხოვროს და ის ატაროს, რაც უნდა, მაგრამ მისი დაცვა გსურს მოძალადეებისგან და საზოგადოების გაკიცხვისგან.

„სამწუხაროდ, შეუძლებელია წინასწარი ზომები მივიღოთ, რომელიც ნებისმიერ ქალს - არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ეცმევა და მოიქცევა, დაიცავს შევიწროებისგან. მაშინ უბრალოდ სახლიდან არ უნდა გავიდეს. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ვუთხრათ შვილებს, ეს არ ჩაიცვა, იმიტომ რომ შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს, უფრო მნიშვნელოვანი მგონია, რომ ვასწავლოთ, როგორ მოიქცეს, როცა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება. ეს უკვე სექსუალური განათლების თემაზე გადის - მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს შეეძლოთ პოტენციურად საფრთხის შემცველი სიტუაციები ამოიცნონ და იცოდნენ როგორ მოიქცნენ”.

ანა თვლის, რომ ქალის სხეულის გათავისუფლებისთვის მეტი საჯარო საუბარია საჭირო. „ნელ-ნელა უფრო მეტს ვლაპარაკობთ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში და კარგი იქნება, თუ უფრო ავიმაღლებთ ხმას”.

მავნებელია თუ არა ლიფი ჯანმრთელობისთვის?

„საერთოდ როგორ მოგაფიქრდათ ასეთი კითხვა?! ლიფი იმისთვის გამოიგონეს, რომ მკერდი ჩანდეს ლამაზად“, - მითხრა ერთ-ერთმა ცნობილმა (კაცმა) მამოლოგმა და ტელეფონი გამითიშა, როცა ვეცადე გამერკვია ლიფის ტარებასა და ჯანმრთელობის კავშირი.

რამდენად ემსახურება ლიფი სილამაზეს, სადავოა, თუმცა თვალსაზრისი, რომ ლიფმა შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს, ცალსახად მცდარია. ამაზე პასუხი სხვა სპეციალისტმა, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მამოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ გამცა.

„ლიფის ტარება არანაირ კავშირში არაა სარძევე ჯირკვლის კიბოსთან, ეს არის მითი. უბრალოდ უნდა მოხდეს ზომის შერჩევა ადეკვატურად, რომ არ იყოს ზეწოლა მკერდზე”.

ამ დრომდე ლიფის ტარებაზე ყველაზე მასშტაბური კვლევა საფრანგეთში, ფრანშ-კონტეს უნივერსიტეტში ჩატარდა. კვლევაში, რომელიც 15 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა, 320-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ცალსახა დასკვნა მაინც არ მოჰყოლია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 18-დან 35 წლამდე ქალებს, რომლებსაც ლიფი მთელი წლის განმავლობაში არ ჩაუცვამთ, მკერდი დაახლოებით 7 მმ-ით აეწიათ. კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ ჟან-დენი რუიონის ჰიპოთეზით, ლიფის ტარება მკერდის კუნთს ადუნებს, რაც დროთა განმავლობაში მის ჩამოწელვას იწვევს. ამასთანავე, ის ამბობს, რომ კვლევა მხოლოდ ახალგაზრდა ქალებში ჩატარდა და სრულფასოვანი დასკვნისთვის 300 000 ქალი მაინც არის საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG