Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ სსრკ არ მოსწონს, რატომ „აკოპირებს“ მის მეთოდებს? - ევროპარლამენტარი ლუაზო კობახიძეზე


ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო პასუხობს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ევროპარლამენტი საბჭოთა ინსტიტუტებს შეადარა.
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო პასუხობს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ევროპარლამენტი საბჭოთა ინსტიტუტებს შეადარა.

ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (ჯგუფი „განაახლე ევროპა“ (Renew Europe) ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც მან ევროპარლამენტი „საბჭოთა ინსტიტუტებს“ შეადარა.

„თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ „აკოპირებს“ მის მეთოდებს? რატომ აპატიმრებს მშვიდობიან მომიტინგეებს, რატომ აჩუმებს დამოუკიდებელ მედიასა და ოპონენტებს გაყალბებული არჩევნების შემდეგ?“ - წერს ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე.

„ასეთი რამ ევროკავშირში არ ხდება. და საერთოდაც, - ის არ იყო, რომ თვალთმაქცობდა, თითქოს მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას, სანამ გადაიფიქრებდა და საქართველოს მომავალს მოიპარავდა?“ - წერს ნატალი ლუაზო.

რამდენიმე საათით ადრე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტზე, - რომლის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც მისი გუნდისადმი მორიგი კრიტიკული ანგარიში დაამტკიცა, - განაცხადა:

„ევროპარლამენტის რეზოლუციები აბსოლუტურად უინტერესოა. თუკი რამე საბჭოთა ინსტიტუტს წააგავს, ეს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტია, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან არაფრით განსხვავდება“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ევროკავშირის ინსტიტუტებს საბჭოთა კავშირისას ადარებს. მან 2023 წელსაც შეადარა ევროპარლამენტის ერთ-ერთი რეზოლუცია საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს.

2025 წლის 4 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კრიტიკული ანგარიში საქართველოს შესახებ.

შეჯერებულ დოკუმენტს კენჭისყრაზე მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა - შესწორებებით, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა. კომიტეტში 79 წევრია.

„გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის დაბლოკვის შესახებ, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტებისა, რომლებიც ანგარიშში მოხვდა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, საკითხის მომხსენებელმა.

ანგარიშში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოხსენიებულია, როგორც „გაყალბებული არჩევნები“, რომელიც გახდა „ავტორიტარული რეჟიმისკენ შემობრუნების წერტილი“, რის შემდეგაც მოხდა „სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული დაცვის მექანიზმების უკანონო მიტაცება“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კანდიდატის სტატუსი საქართველოს პირობებით მიენიჭა, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არ ჰქონია პროგრესი პრიორიტეტულ მიმართულებებში - პირიქით, „რეგრესიც კი განიცადა“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG