Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ოთინაშვილის დედას შვილის კარგად ყოფნის არ სჯერა


გალინა ქელეხსაევა
გალინა ქელეხსაევა

ცხინვალის ციხეში მყოფი მაია ოთინაშვილის დედამ, გალინა ქელეხსაევამ, შვილის ვიდეოკადრები არაერთხელ ნახა. ეს კადრები ოსური და რუსული მედიით გუშინ, საღამოს გავრცელდა. კადრებში ოთინაშვილი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, კოლონიაში ნორმალურ პირობებშია და სახლში დაბრუნება სურს.

გადმოწერა

ოსურმა მედიამ ოთინაშვილის შესახებ რეპორტაჟი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ მოამზადა, მანამდე ცხინვალის ციხეში “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შეუშვეს, რომლებსაც დაკავებულის ოჯახთან აქვთ კონტაქტი. ოთინაშვილის დედას არ სჯერა, რომ შვილი ნორმალურ პირობებშია და ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს. გალინა ქელეხსაევა ამბობს, რომ შვილი გამხდარი და გატეხილია.

გალინა ქელეხსაევამ “წითელი ჯვრის” დახმარებით ცხინვალის ციხეში შვილთან წერილი უკვე გაგზავნა, პასუხს კი ახლო მომავალში ელოდება. “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი მაია ქარდავა აცხადებს, რომ ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

შავშვების დევნილთა დასახლებაში დღეს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის, GCRT -ის, წარმომადგენლები ჩავიდნენ და ოჯახს დახმარება შესთავაზეს. მათი აზრით, აუცილებელია პირველი დახმარება ბავშვებს გაეწიოთ, გათავისუფლების შემდეგ კი მაია ოთინაშვილსაც.

არასერიოზულია ლაპარაკი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავებული ქალი გათავისუფლდეს.

„ჩვენი ინტერესია, რომ დაკავებული ქალი გათავისუფლდეს. ასევე ჩვენი ინტერესია, რომ ადამიანებს საკუთარ სახლსა თუ ბაღში გადაადგილების საშუალება გააჩნდეთ; რომ ოსებსა და ქართველებს, ამ ხელოვნური მავთულხლართებისა და ბარიკადების ორივე მხარეს, ერთმანეთთან მისვლის გზები და გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენს ინტერესშია, რომ მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტები არ ხდებოდეს. ამისათვის ყველანაირი მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. 2 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამავე კომიტეტის მტკიცებით, მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს მოქალაქეებს. მოგვიანებით ქართულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ეცნობა, რომ მაია ოთინაშვილს არა ორთვიანი, არამედ ათდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გუშინ კი ცხინვალიდან კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა ოთინაშვილისთვის ერთთვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ყველა ბერკეტია ამოქმედებული უკანონო პატიმრობიდან მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG