- ამ საკითხზე, - რაც ქსელების გადატვირთვასა და მიწოდების შეფერხებას იწვევს, მათ შორის ზამთარში, - მრავალი წელია, ადგილობრივების ნაწილი ჩივის. რადიო თავისუფლება ამაზე 2020 წელს წერდა.
- 2021 წელს მესტიელების ნაწილმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხატზე დაიფიცა, რომ ელექტრო-ენერგიას აღარ გამოიყენებენ მაინერების ასამუშავებლად;
- სემეკის თავმჯდომარე ჯერ კიდევ 2021 წელს აცხადებდა, რომ სვანეთში - სადაც მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, - „უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს“ და „ყველამ გადაიხადოს“ ელექტროენერგიის საფასური.
- არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წლებია, ხელისუფლებას მოუწოდებს სვანეთში კრიპტოვალუტების მოპოვების აღრიცხვისკენ, - ელექტროენერგიის სადენების გადამოწმების გზით, - და გამოვლენილი პირებისთვის დენის გარკვეული ტარიფებით გადახდის დავალდებულებისკენ.
„ქმედითი ნაბიჯები“
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 1 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა:
„საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს“.
„უკანონო კრიპტომაინინგი“
მისი თქმით, „ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა“ არის „უკანონო კრიპტომაინინგის პროცესი“ მესტიის მუნიციპალიტეტში.
მისივე სიტყვებით, ამ პრობლემის გამო მესტიაში:
- „ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია,
- დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს,
- უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო,
- ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც ადგილობრივ მოსახლეობის გარდა ნეგატიურად აისახება ტურიზმზეც“.
რიცხვები
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მლნ კვტ.სთ შეადგინა მაშინ, როდესაც, „მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კვტ·სთ-ს“.
გამოცემა BMG-ის მიერ „ენერგო-პროს ჯორჯიასთვის“ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია ბოლო წლების განმავლობაში. კერძოდ:
- 2020 წელი - 91,117,245 კვტ.სთ;
- 2021 წელი - 101,568,155 კვტ.სთ;
- 2022 წელი - 121,739,191 კვტ.სთ;
- 2023 წელი - 120,275,154 კვტ.სთ
- 2024 წელი – 124,692,913 კვტ.სთ
- 2025 წელი - 132,952,736 კვტ.სთ.
„დამატებით ლარ-ნახევარი ყოველ დღე“
მდინარაძის თქმით, ეს რიცხვები ნიშნავს „ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით“.
„შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, თითოეული აბონენტი ქვეყანაში, ყოველი გადახდის დროს, კონკრეტულად ამ პრობლემის გამო, დამატებით ლარ-ნახევარს იხდის“, - განაცხადა მან.
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ელექტროენერგიის დადგენილი ტარიფები 30 მარტს დაახლოებით ხუთი თეთრით გაზარდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
- კატეგორიების მიხედვით ზრდის პროცენტული მაჩვენებელი თბილისსა და რეგიონებში 17-დან 33%-მდე მერყეობს.
გამრიცხველიანება და ტარიფი „მაინერებისთვის“
მამუკა მდინარაძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება მესტიის მუნიციპალიტეტის „გამრიცხველიანება“ - ანუ ელექტროენერგიის მრიცხველების დაყენება ყოველი მომხმარებლისათვის, რაც დღემდე არ არსებულა.
მდინარაძემ თქვა, რომ ეს „აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა“.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა“, - განაცხადა მან.
და დასძინა, რომ ელექტროენერგია სვანეთში კვლავ „იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში“.
„აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი“, - განაცხადა მან, თუმცა ეს ოდენობა არ დაუსახელებია.
„სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
„პიკს მიაღწია“
2026 წლის იანვარში მესტიის მერია აცხადებდა, რომ „მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც კრიპტომაინინგის უკონტროლო საქმიანობას უკავშირდება, უკიდურესად გამწვავდა და პიკს მიაღწია“.
თუმცა ეს პრობლემა არახალია. 2020 წლის 20 თებერვალს რადიო თავისუფლება წერდა:
- „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან [2019 წელს] სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა.
- კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა“.
კრიპტოვალუტის მწარმოებლებისთვის მიმზიდველია ის გარემოება, ედუარდ შევარდნაძის განკარგულების თანახმად, სვანეთში მოსახლეობისთვის დენი უფასოა, ელექტროენერგიის გადასახადს კი მხოლოდ მეწარმეები იხდიან. „მაინერები“ კი მეწარმეებად არ რეგისტრირდებიან.
„საბოლოო ჯამში, ყველამ [მოსახლეობამაც] უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური“, - აცხადებდა მაშინ ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა.
იმავე პერიოდში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია კი აცხადებდა:
- „ვინც უკანონოდ არის მიერთებული, მათ შორის, მაინინგი, უნდა ჩაიხსნას ქსელიდან;
- მათ მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული ზომები უნდა გატარდეს... თუ მაინინგი გადაიხდის ჩვენ მიერ დადგენილ საფასურსა და ელექტროენერგიის ტარიფს, მათ შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება“.
ფორუმი