Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემეკმა დენის ტარიფი საშუალოდ 5 თეთრით გააძვირა - 17%-დან 33%-მდე

გაძვირება დეკემბერშიც იყო დაანონსებული, თუმცა ტარიფების ზრდა მაშინ სამი თვით გადადეს.
გაძვირება დეკემბერშიც იყო დაანონსებული, თუმცა ტარიფების ზრდა მაშინ სამი თვით გადადეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ელექტროენერგიის დადგენილი ტარიფები დაახლოებით ხუთი თეთრით გაზარდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

კატეგორიების მიხედვით ზრდის პროცენტული მაჩვენებელი თბილისსა და რეგიონებში 17-დან 33%-მდე მერყეობს.

ეს გადაწყვეტილება სემეკმა გამოაცხადა ორშაბათს, 30 მარტს, გამართულ სხდომაზე.

დენის გაძვირება ადრეც იყო დაანონსებული, თუმცა 2025 წლის 30 დეკემბერს გადაწყვეტილება სამი თვით გადადეს.

1 აპრილიდან დენის დანახარჯის გამოთვლა უკვე ახალი ტარიფებით დაიწყება.

დენის გაძვირება, - ბენზინის გაძვირებასთან ერთად, - სავარაუდოდ, პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე
დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე

რამდენით იზრდება ტარიფი

სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი თბილისში ასეთია:

  • 3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 5 თეთრით, 31,647 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 19%-ს შეადგენს;
  • 220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) - 5,329 თეთრით 35,261 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 18%-ია;
  • 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე თითქმის 5 თეთრით, 20,041 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 33%-ია;
  • 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) ასევე 5 თეთრით - 24,953 თეთრამდე. ზრდა 26%-ია;
  • 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით ძვირდება - 28,537 თეთრამდე. ზრდა 21%-ს შეადგენს;

რა ხდება რეგიონებში?

დენის ტარიფი გაიზარდა რეგიონებშიც.

„გადადებული“ გაძვირება

სემეკი ელექტროენერგიის საფასურის ზრდას დეკემბრის შუა რიცხვებში პროგნოზირებდა.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ ელექტროენერგიის საფასური არ გაიზრდებოდა.

ბოლოს, 29 დეკემბერს, - როდესაც სემეკის სხდომა გაიმართა, - გადაწყდა მომდევნო სამი თვით ტარიფის შენარჩუნება.

მან რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, მათ შორის მთავრობასთან კონსულტაციები.

„გაზრდილი მოხმარება“

სემეკის თავმდჯომარე დავით ნარმანიამ ტარიფის ზრდას უწოდა „დაბალანსებული გადაწყვეტილება“. ხოლო ზრდის „უმთავრეს“ საფუძვლად დაასახელა:

  • ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება,
  • საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასები;
  • ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში.

მისი განმარტებით, ტარიფში გათვალისწინებულია კომპანიების ის ხარჯები, რაც ელექტროგადამცემი ხაზების/ქსელის გამართვას გულისხმობს:

„გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - თქვა ნარმანიამ.

პროდუქცია, სავარაუდოდ, გაძვირდება

იმ დროს, როდესაც ირაკლი კობახიძის მიერ პროდუქტების სიძვირეზე ხაზგასმის შემდეგ, პარლამენტში მეორე თვეა მუშაობს ფასების შემსწავლელი კომისია, ხოლო სუსმა გამოძიება დაიწყო ამ საკითხზე, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას, სავარაუდოდ, ჯაჭვური რეაქცია ექნება.

დენის ფასის ზრდა, - სხვა თანაბარ პირობებში, - წარმოების ხარჯების ზრდას გამოიწვევს, რამაც ინფლაციის ტემპზე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ამჟამად ინფლაცია 4,6%-ია.

დენის ფასის ზრდამ, - თუკი შინამეურნეობები მეტს დახარჯავენ როგორც დენის ყოველთვიურ გადასახადზე, ისე გაძვირებულ პროდუქტებზე, - შესაძლოა მსყიდველუნარიანობის შემცირება გამოიწვიოს.

ესე იგი, მომხმარებელმა - რომლის თვიური შემოსავალიც არ გაზრდილა, - შესაძლოა ვერ მოახერხოს იმ ოდენობით პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა, რასაც აქამდე აკეთებდა.

ამან, თავის მხრივ, მოთხოვნის შემცირება და, უფრო შორეულ პერსპექტივაში, ეკონომიკური ზრდის შენელება შეიძლება გამოიწვიოს.

დაწყებულია საწვავის გაძვირებაც

მარტის მეორე ნახევრის შემდეგ უკვე გაზრდილია საწვავის ფასებიც, რისი მიზეზიც არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, - აშშ-ისა და ისრაელის იერიში ირანზე და ირანის პასუხი.

  • ირანის ძალებმა შეუტიეს ისრაელს და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებს.
  • თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.

ქართულ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. მატება ზოგ შემთხვევაში 50 თეთრსაც აღწევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG