Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: გიორგი მელაშვილი

რთულია, რომ თბილისს წყნარი ქალაქი უწოდო. ლამაზი - არის, თავისებური - ნამდვილად, საინტერესო - უდავოდ, წყნარი - ვერანაირად. თვე არ გადის, რომ თბილისში ან პროტესტი, ან შიმშილობა, ან მარში არ ჩატარდეს. თბილისში პოლიტიკა იგრძნობა ყველგან - სკვერში, მარშუტკაში, სახლში; პოლიტიკით გაჟღენთილია ჰაერი - ახლა კი მან ანდერგრაუნდში, ჩვენებურად - „მიწისქვეშეთში“ - შეაღწია და კლუბებიდან ადამიანები ქუჩაში გამოყარა.

12 მაისის რეიდთან დაკავშირებით ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება დარჩება; ან, რომც გაეცეს პასუხი, საზოგადოების ნაწილისთვის ეს პოლიციის ქმედებების გასამართლებლად მოგონილი ფალსიფიკაცია იქნება, ნაწილისთვის კი უბრალოდ მორიგი კანცელარული განმარტება. ამ კითხვებს შორის მთავარი ორია - იყიდებოდა თუ არა ნარკოტიკი კლუბებში, და რამდენად პროპორციული იყო პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა კლუბებში მყოფი ადამიანების მიმართ.

თუ ნარკოტიკი კლუბებში მართლა იყიდებოდა, და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ იცოდა, უნდა დავსვათ კიდევ ორი შეკითხვა - რატომ არ დააკავეს გამყიდველები კლუბის გარეთ, რისთვის გახდა აუცილებელი ძალის დემონსტრირება - მითუმეტეს, რომ ანალოგიური კითხვები არც-ისე დიდი ხნის უკვე წამოიჭრა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს; მეორე კითხვა უფრო მარტივია - თუ კლუბებში ნარკოტიკის გაყიდვა იმდენად ფართო მოვლენა იყო, რომ მას საპოლიციო რეიდი დასჭირდა, რატომ მოახერხეს სამართალდამცველებმა კლუბში მხოლოდ 1 ადამიანის დაჭერა?

ფაქტია, რომ 12 მაისს სახელმწიფომ გადაწყვიტა ძალის დემონსტრირება; მიზანიც ძალიან კონკრეტული იყო - იმის ჩვენება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძალოვანი სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია და მზად არის გამოიყენეოს ძალა და რომლისთვისაც არ არსებობს შეუვალი ზონები; ეს იყო სისტემის ძალის მანიფესტაცია, რომელიც მოულოდნელ წინააღმდეგობას გადაეყარა. ძალის დემონსტრაციის სამიზნეც ლოგიკურად იყო არჩეული - კოლექტიურ აზროვნებაში კლუბი ასოცირდება ანდერგრაუნდთან, სოდომისა და გომორის ფილიალთან, სადაც ყველა ეწევა, ყლაპავს და აღვირახსნილობით კავდება დემონური მუსიკის ფონზე. ამ აზროვნებას, ისევე, როგორც ყველა მითს, გარკვეული საფუძველი, რა თქმა უნდა აქვს: პირველი საფუძველი არის ჩვენი წარსული - საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა, როდესაც მუსიკა - ჯერ ჯაზი, მერე როკი - იყო აკრძალული, ხოლო კდემამოსილება და ფარისევლობა პატიოსნებაში იყო აღრეული; როდესაც წითელჰალსტუხიანი კომკავშირელები დასდევდნენ გრძელთმიან და გრძელწვრერებიან ბიჭებს, ხოლო ჯინსის ჩაცმა სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო. მაშინაც სისტემა ებრძოლა განსხვავებულებს - ნებისმიერი, ვინც გამოირჩეოდა, ნებისმიერი, ვისაც სურდა, ყოფილიყო მასისაგან განსხვავებული, იყო სისტემის მტერი. სისტემა კი მტრებს ანადგურებდა, ჯერ ფიზიკურად - რეპრესიების დროს; მერე მორალურად - ფარაჯანოვის მსგავსად. ამ დამოკიდებულებამ შექმნა კომპლექსები და სიღრმისეული, ქვეცნობიერი შიშები; ამანვე გაამრუდა სწორისა და არასწორის, სიკეთისა და ბოროტების აღქმა, დაუდო საფუძველი რწმენას აბსოლუტურ დოგმატებში და შეამცირე რაციონალური გააზრების სურვილი. მეორე მითი არის შიში - დღეს საქართველოში ძალაუფლება ხელში აქვს თაობას, რომელსაც კარგად ახსოვს 90-იანი წლები, სიბნელე, სადარბაზოში დაგდებული შპრიცები და სადარბაზოშივე მოხარშული „წამალი“. ბევრს ეშინია ამ დროის დაბრუნება, ხოლო კლუბი მისი ერთგვარი პროექციის როლს იძენს. შედეგი სახეზეა - სისტემა საკუთარი ძალის მანიფესტაცია მარგინალიზებულ, ნარკოტიკებთან ასოცირებულ სივრცეზე ახდენს. ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია კითხვა, მართლა იყიდებოდა თუ არა კლუბში ნარკოტიკი: კოლექტიური აზროვნება მზადაა ამ აზრისთვის, სისტემა კი მას იყენებს.

ამ ფონზე დაიბადა წინააღმდეგობის მუხტი. კლუბებიდან გამოყრილმა ადამიანებმა გამოიჩინეს სოლიდარობა და შეკრება დაიწყეს. ადამიანებმა გამოიჩინეს სოლიდარობა უსამართლობის წინააღმდეგ - როდესაც ისინი უსამართლოდ გამოყარეს მათი სივრციდან. აქციამ მალევე მეორე მუხტი შეიძინა: სისტემასთან ბრძოლის, თავისუფლების მხარდაჭერის. მაგრამ აქციის მესიჯი მალევე ჩაიკარგა:აქციაზე, რომლის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო თავისუფლება, პოლიციის ძალადობისა და უფლებების გადაჭარბების გაპროტესტება, თავისუფლების ცნება, მისი დაცვის აუცილებლობა და ერთიანობის შეგრძნება, ეს თემები გადაიფარა, ჩანაცვლდა ვიწრო ნარკოპოლიტიკით. სისტემამ მოახერხა დისკუსიის მისთვის მომგებიან მოედანზე გადატანა - თავისუფლების დაცვა ჩაანაცვლა ნარკოპოლიტიკამ; როგორც კი დაიკარგა თავისუფლების მუხტი და წინ წამოიწია კონკრეტულმა და ვიწრო საკითხმა - ნარკოპოლიტიკამ - სისტემამ ლავირების საშუალება მიიღო. ნარკოპოლიტიკა, თავისუფლებისგან განსხვავებით, არ არის აბსოლუტური ღირებულება; მისდამი დამოკიდებულება საზოგადოებაში არაერთგვაროვანია, და აქციის მონაწილეებს მალევე მიეკერა ნარკოტიკების მომხმარებლებისა და ბარიგების მცველების იარლიყი; არადა, ადამიანთა უმრავლესობა სწორედაც რომ პოლიციის ძალადობას აპროტესტებდა.

ამაში ბრალი არამარტო ორგანიზატორებს მიუძღვის, არამედ ასევე იმ უზარმაზარ ანტიკამპანიას, რომლისთვისაც ისინი მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და რომელმაც წარმატებით შემოსა თავისუფლებისთვის მებრძოლები ნარკოპოლიტიკის დაღით. მინისტრმა და აქციის დაშლამ კი საბოლოოდ გაამყარა ეს შეგრძნება.

ამის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითია ანტისაოკუპაციო და ნარკოტიკული ნარატივების შემოგდება: ოკუპანტისგან განთავისუფლებისთვის მებრძოლები დაუპირისპირეს ინდივიდის თავისუფლებისთვის მებრძოლებს; კიდევ უფრო უსამართლო და ამაზრზენი კი ისაა, რომ ამ ნარატივშიც კი, ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციებზე ზუსტად იგივე ხალხი დგას, ვინც პოლიციელების ძალადობას აპროტესტებდა.

მეორე მაგალითია 9 აპრილის მონუმენტზე მოცეკვავე გოგონა - რომელიც ტრადიციების შეურაცხყოფის ნიმუში გახდა - არადა, აქამდე ამ ადგილზე ქართველები ქართველებს ტანკებით დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ყველა პოლიტიკურ მიტინგზე ამ მემორიალზე ძვრებოდნენ და დროშებს იქნევდნენ: ამ მოვლენების შემდეგაც, კონტრ-აქციის წევრმა სიგარეტის „ბიჩოკი“ ჩააგდო, ხოლო ამავე კონტრ-აქციის წევრები ქაშვეთის ტაძრის ეზოდან ლანძღავდნენ და აგინებდნენ საკუთარ თანამემამულეებს.

ამ სიტუაციაში, ანას ცეკვაზე მეტად, ეს დაპირისპირება შეურაცხყოფს 9 აპრილს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის შეწირულ ადამიანებს; ზოგადად, ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება ასუსტებს ქვეყანას - ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ თან ჩვენ უნდა განსხვავოთ შუმპეტერისეული კრეატიული და დაპირისპირება; პირველი არის პროგრესის, წინსვლის საფუძველი, მეორე კი - სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების.

სამწუხაროდ, ჩვენ დაპირისპირების ხანგრძლივი ტრადიცია გვაქვს - რისი ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო სოხუმის დაცემა ლოთი ქობალიას ზვიადისტებისა და შევარდნაძის შეუთანხმებლობის გამო. ჭკუა კიდევ ვერ ვისწავლეთ, ერთმანეთს სასიკვდილოდ ვიმეტებთ.

როგორც კი სისტემამ მიიღო ლავირების საშუალება, მან გამოიყენა მის ხელთ არსებული რესურსი. მძლავრი კამპანიის შედეგად პარლამენტის წინ მდგომნი შეირაცხნენ „ბარიგების მცველებად“ და „ნარკომანებად“, რასაც მოყვა მოსალოდნელი შედეგი: „ბარიგების“ წინააღმდეგ გაერთიანდა პატრიოტული, ნაცისტური, ეკლესიური ძალების; ერთიანობის შეგრძნება და სულისკვეთება გაიხლიჩა: ჩვენთვის დამახასიათებელმა მანიქეურმა დაყოფამ თავისი საქმე გააკეთა, ფართო საზოგადოების აზრით პარლამენტის წინ ორი აქცია მიმდინაროებდა: ერთი, ნარკოტიკების მომხრეების, მეორე ნარკოტიკების მოწინააღმდეგეების; ამ ნარატივში საზოგადოება არა თავისუფლების მცველებისა და პოლიციური ძალადობის მომხრეების მხარე დაიჭირა, არამედ ნელ-ნელა სიმპატიით განეწყო ნარკოტიკების მოწინააღმდეგეებისკენ. როგორც კი აქციამ დაკარგა საზოგადოების მცირე მხარდაჭერაც კი, მისი ბედი გადწყვეტილი იყო.

იმისთვის, რომ გავიაზროთ 12 მაისის აქცია და მისი მნიშვნელობა, უნდა უარი ვთქვათ სისტემის მიერ შემოგდებულ ნარატივზე. იმ ადამიანების საქციელი, ვინც რუსთაველზე იდგნენ, გაცილებით უფრო ადრინდელი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბრძოლის - მამათა და შვილთა ბრძოლის გამოვლენა იყო. მათი მთავარი ფასეულობა არა ნარკოტიკი, არამედ თავისუფლება იყო. ისინი იბრძოდნენ სახელმწიფოს ძალადობისა და მანიპულაციების წინააღმდეგ - მაგრამ თავად შეეწირნენ მანიპულაციას. სამწუხაროდ, გამოუცდელობამ, პროპაგანდამ და მოუმზადებლობამ გადაფარა სიმართლე; თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - პროგრესის შეჩერება კი შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG