Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მამულაშვილი: ჩვენი მებრძოლები უსამართლოდ გამოყარეს ფრონტის ხაზიდან


საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუმცა 31 მარტის კენჭისყრის შედეგებს მოუთმენლად ელიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები - "ქართული ლეგიონის" წევრები, რომლებიც ამჟამად კიევთან ახლოს, ერთ მიტოვებულ სპორტდარბაზში, ცხოვრობენ. რატომ არის, რომ ოფიციალური სტატუსი აღარა აქვთ ადამიანებს, რომლებმაც წლები დაყვეს და იბრძოლეს აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში?

"ორ წელიწადზე მეტი ვიმყოფებოდით შეიარაღებული ძალების სტატუსში ფრონტის ხაზზე და მერე მოხდა ჩვენი დისკრედიტაცია პოლიტიკური ნიშნით. ეს, ფაქტიურად, დაიწყო სააკაშვილ-პოროშენკოს დაპირისპირებით და ამის ფონზე ჩვენში რაღაც საშიშროება დაინახეს. და, სამწუხაროდ, ჩვენი მებრძოლები, მე ვიტყოდი, არასამართლიანად გამოყარეს ფრონტის ხაზიდან", - ამბობს მამუკა მამულაშვილი, რომელსაც კიევში, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ოფისში, შევხვდით.

"ქართული ლეგიონის" მეთაურის თქმით, ეს მოხდა რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

თუმცა მამუკა მამულაშვილი უარყოფს უკრაინაში და საქართველოშიც გავრცელებულ აზრს, თითქოს "ქართული ლეგიონი" პოლიტიკური ნიშნით შექმნილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებული და დღემდე მიხეილ სააკაშვილის ბრძანებებით მოქმედი დანაყოფი იყოს.

"ლაპარაკი პოლიტიკასთან რაღაც კავშირზე საერთოდ ზედმეტია, იმიტომ რომ არ გვქონია. მიხეილ სააკაშვილთან, რომ გითხრათ, რაღაც მჭიდრო კავშირი არ გვქონია. მას აქ, უკრაინაში, რამოდენიმეჯერ შევხვედრივარ. ერთხელ იყო ჩვენ დაჯილდოებაზე, როდესაც უკრაინის პატრიარქმა დაგვაჯილდოვა. მეორედ იყო აღდგომაზე. დაგვპატიჟა მთელი „ქართული ლეგიონი“ რაღაც ღონისძიებაზე. აი, ეს იყო მთელი ჩვენი შეხება უკრაინაში".

ვიდრე იძულებული გახდებოდა დაეტოვებინა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზი, "ქართულმა ლეგიონმა"თითქმის ოთხი წელი დაყო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში.

მონაწილეობდა რამდენიმე სახიფათო ოპერაციაში დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ. დაკარგა ორი მებრძოლი, რამდენიმე დაიჭრა. ქართველ მოხალისეებს დებალცევოს დაცვისათვის მიღებული აქვთ უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები, მათ პატივს სცემენ როგორც უკრაინის მოქალაქეები, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ჩემთვის ისინი გმირები არიან. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო, ქედი მოვიხარო ჩვენი ქართველი მეგობრების წინაშე, საქართველოსა და უკრაინის პატრიოტების წინაშე, რომლებიც არ ზოგავდნენ თავიანთ სიცოცხლეს და უკრაინასთან ერთად იცავდნენ საქართველოსაც რუსეთის ტერორისტული ურდოსაგან. სამწუხაროდ, მათგან ბევრი დაიღუპა და ჩვენ გვახსოვს თითოეული მათგანი. და აქ არ შეიძლება არსებობდეს სხვა რაიმე შეფასება", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ზორიან შკირიაკმა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებში ოთხწლიანი მონაწილეობისა და ასეთი საყოველთაო აღიარების მიუხედავად, როგორც მამუკა მამულაშვილი ამბობს, "ქართული ლეგიონის" წევრებს დღემდე არ აქვთ ოფიციალური სტატუსი სახელმწიფოსგან, არ სარგებლობენ ომის მონაწილისათვის დაწესებული შეღავათებით და ძირითადად შემოწირულებებით გააქვთ თავი.

"შემოსავალი პრაქტიკულად, საერთოდ, არ გვაქვს. ადამიანები, ვინც გვებრძვიან, ცდილობენ ის გზებიც მოგვიჭრან, საიდანაც შეიძლება საარსებო წყარო გვქონდეს. ეს არიან, უბრალოდ, სამოქალაქო მოხალისეები, რომლებიც გვეხმარებიან, რომლებმაც იციან ჩვენი მოღვაწეობის შესახებ ამ ხუთი წლის განმავლობაში ფრონტის ხაზზე და, უბრალოდ, პროდუქტი მოაქვთ. გამოგვიყვეს რაღაც საცხოვრებელი ადგილი და ვცდილობთ იმ მომენტამდე გავძლოთ, სანამ შევძლებთ უკან დაბრუნებას ფრონტის ხაზზე".

მაგრამ ამას "ქართულ ლეგიონს" ჯერჯერობით არც არავინ ჰპირდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში დანაყოფიც აღარ არის ისეთი, როგორიც ერთი წლის წინ იყო. დამღლელ ლოდინს და გაურკვევლობას ბევრმა ვერ გაუძლო. მამუკა მამულაშვილის თქმით, უკრაინის ტერიტორია უკვე დატოვა 27-მა ბრიტანელმა და ათამდე ამერიკელმა მოხალისემ, რომლებიც მანამდე "ქართულ ლეგიონში" ირიცხებოდნენ. ამასობაში რამდენიმე ქართველმა მოხალისემ სხვადასხვა გზით მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში გაწევრიანება.

"ქართული ლეგიონის" ძირითადი ნაწილი, 41 მოხალისე, თავის მეთაურთან ერთად კვლავ ოფიციალური სტატუსის მოლოდინშია და, როგორც მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ არ მოდუნდნენ, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობით ცდილობენ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას:

„რაც შეეხება აქტიურობას, დღეს „ქართულმა ლეგიონმა“ შექმნა თავისუფალი დროის მანძილზე სპორტული კლუბი „ქართული ლეგიონი“, რომლის წევრი ჩვენი ბიჭები უკვე გახდნენ უკრაინისა და ქალაქ კიევის ჩემპიონები და უკვე მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში. შერეულ ორთაბრძოლებზე მაქვს ლაპარაკი".

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG