Accessibility links

მართლა დაძლია თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის კრიზისი?


ხალხი დამცველ ნიღბებს ხმარობს პეკინის მეტროში. 2020 წ. 10 მარტი.

ჩინეთის ხელისულების მიერ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრისას ხშირად იყენებენ ხოლმე ისეთ გამოთქმებს, როგორებიცაა „დრაკონული“ და „მაოს სტილის სოციალური კონტროლი“.

მას მერე, რაც ჩინეთმა აღიარა ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სახიფათო დაავადება COVID-19-ის სწრაფი გავრცელება, პეკინმა ვირუსს დაუნდობელი ომი გამოუცხადა უმკაცრესი კარანტინით, იზოლაციით და ასობით მილიონი მოქალაქის თვალთვალით.

20 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ „უჰანი იმედს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ყველაზე მძიმე ვითარების შემობრუნებაც შესაძლებელია.“

ჩინეთში გაეროს ეპიდემიოლოგთა მისიის თანახმად, ეს იყო „შესაძლოა, დაავადების შეკავების ყველაზე ამბიციური, სწრაფი და აგრესიული მცდელობა ისტორიაში.“

და, როგორც ზოგი ამტკიცებს, ასეთი რამ მხოლოდ ჩინეთისნაირ ავტორიტარულ სახელმწიფოში არის შესაძლებელი.

მაგრამ ფაქტია, რომ, როგორც ამ დღეებში გამოქვეყნებული მონაცემები ნათელყოფს, მკაცრმა მეთოდებმა გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ჩინეთში კორონავირუსთან სამთვიანი ბრძოლის განმავლობაში მთავარი გარდატეხა მოხდა 18 მარტს, როცა ოფიციალურმა მონაცემებმა არ აჩვენა ადგილობრივი ინფიცირება და გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე ათეული ინფიცირებული, რომლებიც უცხოეთიდან ჩავიდნენ ჩინეთში.

ამ ცნობიდან ერთი დღის შემდეგ კი ევროპაში კორონავირუსის აფეთქება შეინიშნებოდა. სიკვდილიანობით მარტო აღებულმა იტალიამაც გადაასწრო ჩინეთის მაჩვენებელს 3245-ს.

19 მარტს ჩინელი მეცნიერები იმასაც ამბობდნენ, რომ უჰანში ჩატარებული ახალი გამოკვლევის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულთა სიკვდილის ალბათობა საშუალოდ 1,4% არის. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა.

ექვს სხვა ქვეყანაში - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ირანსა და საფრანგეთში, ამჟამად COVID-19-ით დაავადების საერთო რაოდენობა აჭარბებს ჩინეთისას, სადაც 23 მარტისთვის 72 703 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

„ახალი რესპირატორული პათოგენის გავრცელების შეკავებისადმი ჩინეთის თამამმა მიდგომამ შეცვალა სწრაფად მზარდი და სასიკვდილო ეპიდემიის კურსი“, ნათქვამია ინფექციური დაავადებების სფეროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის ექსპერტთა საერთო მისიის ანგარიშში, რომელიც თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა - მაშინ, როცა ვირუსი ჯერ კიდევ იწყებდა ძალის მოკრებას იტალიაში, რომელიც რამდენიმე კვირაში ევროპაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი უნდა გამხდარიყო.

მეორე ტალღა?

მაგრამ ასეთი ქებისა და იმის ნიშნების მიუხედავად, რომ 1,4 მილიარდმა ჩინელმა გადალახა სერიოზული ინფექციური ბარიერი, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მასობრივი კარანტინები მომავალშიც პრაქტიკულად გარდაუვალი იქება, ყოველ შემთხვევაში, მომავალ წელს მაინც.

მათი თქმით, მოსალოდნელია ინფექციის მეორე ტალღა ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ახერხებენ პირველი აფეთქების შეკავებას.

23 მარტისთვის მსოფლიოში 375438 ინფიცირებული იყო აღრიცხული. გარდაიცვალა 16363.

„რა თქმა უნდა, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ვითარება შეიძლება შემოტრიალდეს“, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ღებრეიესუსმა.

ამასწინანდელმა სასიხარულო ცნობებმა შესაძლოა დაჩრდილოს მწვავე კრიტიკა ჩინეთის ხელისუფლების მიმართ, რომელმაც, როგორც ამბობენ, უარი თქვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციის გაზიარებაზე. პეკინს აკრიტიკებენ ასევე იმ მეცნიერთა და მოქალაქეთა მიჩუმებისთვის, რომლებიც ხვდებოდნენ, რა საფრთხეს წარმოადგენს COVID-19.

ასეთი კრიტიკის მიუხედავად პეკინმა საკუთარი ექსპერტული გამოცდილება და სამედიცინო აღჭურვილობა შესთავაზა დანარჩენ მსოფლიოს.

ექთანი COVID-19-ით არის დაავადებული ჩვილი ბავშვით. ვუჰანის საბავშვო საავადმყოფო, 2020 წ. 16 მარტი.
ექთანი COVID-19-ით არის დაავადებული ჩვილი ბავშვით. ვუჰანის საბავშვო საავადმყოფო, 2020 წ. 16 მარტი.

თავიდან ჩინეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაშვებული შეცდომებისთვის აკრიტიკებდა სხვა ქვეყნებს. მაგრამ შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა და ჩინელებმა დახმარების ხელი გაუწოდეს აშშ-სა და ევროპას, რომელიც უკვე დაავადების ეპიცენტრად ჩამოყალიბდა.

როგორც Politico შენიშნავს, ეს „არც ისე ფაქიზი პიარ კამპანია“ იყო პეკინის მხრიდან.

ახალი უცნობი მტერი

როგორც ვარაუდობენ, ახალი კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანს პირველად გადაედო დაახლოებით 2019 წლის ნოემბრის მესამე კვირაში. ამაზე მეტყველებს ვირუსის გენეტიკური ანალიზი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში დაავადების გაჩენისას ჩატარდა.

დღეისთვის არ მოიპოვება მედიკოსთა მიერ ნებადართული ვაქცინა ამ კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელიც პნევმონიის მსგავს დაავადებას იწვევს და მისი მკურნალობა ძირითადად მიმართულია პაციენტის სამედიცინო მხარდაჭერაზე და არა ვირუსის განადგურებაზე.

ექსპერტთა უმრავლესობის თქმით, სანდო ვაქცინის ფართოდ დანერგვამდე, სულ მცირე, ერთი წლიდან 18 თვემდე გვაშორებს.

ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ 3 თებერვალს აღიარა, რომ ეპიდემია „ჩინეთის მართვის სისტემისა და უნარის დიდი გამოცდა იქნება“.

კომუნისტურმა პარტიამ საჯაროდ დაგმო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ექიმ ლი ვენლიანისადმი მოპყრობა, რომელიც კორონავირუსის გაჩენიდან მალე მიხვდა, რასთან გვქონდა საქმე.

ვუჰანის დაცარიელებული ქუჩები. 2020 წ. 10 მარტი.
ვუჰანის დაცარიელებული ქუჩები. 2020 წ. 10 მარტი.

ლი ვენლიანს ინფექციაა შეეყარა და ის COVID-19-ით გარდაიცვალა ერთი თვის შემდეგ. მანამდე მან გააპროტესტა ჩინოვნიკების უმოქმედობა და ის, რომ მათ არ სურდათ მზარდი პრობლემის დანახვა. მაგრამ ლი ვენლიანმა თავისი ონლაინ პროტესტებით მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიქცევა, რამაც, როგორც ჩანს, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩინეთის ხელისულფებამ მოქმედება დაიწყო.

როგორც ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა, სტენფორდის ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელმა დინ უინსლოუმ უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, ჩინეთის ხელისუფლების მიერ თავდაპირველად პრობლემის უგულებელყოფის შედეგად უჰანში სწრაფად იმატა დაავადებულთა რიცხვმა, მაგრამ საბოლოოდ პეკინმა უმკაცრესი ზომების გატარება დაიწყო. მთლიანად ჩაკეტეს როგორც უჰანი, ისე სხვა ქალაქები.

შუაში გამოჭერილი

ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომები გაატარა აგრესიული კარანტინებით, საწარმოების დაუნდობელი დახურვითა და სათვალთვალო მეთოდების გამოყენებით.

New York Times-მა გამოთვალა, რომ, სულ მცირე, 760 მილიონი ჩინელი აღმოჩნდა ოჯახური იზოლაციის პირობებში.

როგორც იტყობინებიან, პეკინმა გამოიყენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი (AI) და სხვა, ე.წ. "big data" იმისთვის, რომ გაეკონტროლებინა დაწესებული მკაცრი საკარანტინო წესები.

„ჰიუმან რაიტს უოჩმა“ ჩინეთის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა 30 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„ეს არ არის სიმკაცრე“

19 მარტს იტალიაში ინფორმაციის გასაცვლელად ჩასულმა ჩინეთის წითელი ჯვრის წარმომადგენელმა სუნ შუოპენმა ილაპარაკა უჰანში დაავადებულთა რიცხვის კლებაზე, რაც მკაცრი ზომების შემოღებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო. „აქ მილანში, COVID-19-ით ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რეგიონში, საკარანტინო რეჟიმი არ არის ძალიან მკაცრი“, ასეთი იყო მისი შეფასება.

ჩინეთის მხრიდან კრიტიკას დასავლეთში სხვადასხვა არგუმენტს უპირისპირებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესია ის, რომ დასავლეთში შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოებაზე იმ ხარისხის კონტროლის დაწესება, როგორიც ჩინეთში არის შესაძლებელი, ვინაიდან დასავლეთში პიროვნული თავისუფლებები და პროფესიული ამბიციები უფრო მეტად არის დაცული.

ერთადერთი ბრძოლა

თავდაპირველად გაჩენილი ეჭვის მიუხედავად ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ „ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობის კლება რეალურია“. ბოლო დღეების სტატისტიკამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია პასუხი გავცეთ შეკითხვას, ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში ვითარება მომავალშიც ასე შენარჩუნდება თუ არა.

მითები კორონავირუსის წარმომავლობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:35 0:00

ჰუბეის პროვინციაში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, განვლილ კვირაში დაიწყეს აკრძალვების შემსუბუქება, გაუქმდა საკონტროლო-გამშვები პუნქტები და მოიხსნა შეზღუდვები რეგიონის შიგნით მოგზაურობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პეკინისგან მოითხოვს, გულდასმით დააკვირდეს COVID-19-ის ახალი შემთხვევების შესაძლო გამოჩენას, ვინაიდან შეკავების მთავარი ელემენტები უკვე შესუსტებულია.

„როგორც ჩანს, დრო გვაჩვენებს“, ამბობს უინსლოუ. „როგორც მესმის, ისინი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ზომას არ აუქმებენ, ამიტომ მათი პასუხი შეიძლება მართლაც საკმარისი იყოს ‘მეორე ტალღის’ თავიდან ასაცილებლად, როგორც ეს მოხდა 1918-1919 წლებში ‘ესპანური გრიპის’ პანდემიისას.“

დიდი ბრიტანეთის იმპერიული კოლეჯის COVID-19-ზე რეაგირების ჯგუფი, რომელიც ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობებს უფრო მკაცრი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს სოციალური კონტაქტების შემცირებით პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე აცხადებს, რომ სწორედ ეს ე.წ. „არაფარმაცევტული ჩარევის“ ზომები (თვითიზოლაცია და სოციალური თავშეყრის ადგილების დახურვა) მოწყვლადია, ვინაიდან ძნელია მათი შენარჩუნება დროის დიდ მონაკვეთზე: „მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ზომების შენარჩუნება იმდენ ხანსაა აუცილებელი, სანამ მოსახლეობაში ცირკულირებს ვირუსი ან სანამ ვაქცინა გახდება ხელიმისაწვდომი.“

მაიკ ოსტერჰოლმმა, - რომელიც თავის წიგნში „სასიკვდილო მტერი: ომი მკვლელი ბაქტერიების წინააღმდეგ“ 2017 წელს წერდა, რომ ადრეული კორონავირუსები, როგორებიცაა SARS-ი და MERS-ი, „მომავალი მოვლენების მომასწავებლები არიან“, - ამ დღეებში თქვა, რომ ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლა ჰგავს „ქარის შეჩერების მცდელობას“.

ოსტერჰოლმის თქმით, მას მერე, რაც გადაივლის სოციალური დისტანცირებისა და სხვა მკაცრი ზომები, მას მერე, რაც ხალხი კვლავ დაიწყებს მოგზაურობას, თვითმფრინავების, მატარებლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ თავშეყრის ადგილების გამოყენებას, კორონავირუსი ჩინეთშიც კი დაბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG