Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმსაჯულების პოლიტიზება, შერჩევითი სამართალი, ეჭვები მიკერძოებაზე - ამერიკისა და ევროკავშირის აქცენტები


ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმრო განაჩენს მალევე მოჰყვა ამერიკის საელჩოს გამოხმაურება. განცხადების ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევით სამართალზე. ამავე თემაზე და ასევე 14 აპრილს გავრცელდა ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. ოპოზიცია კმაყოფილია - საერთაშორისო პარტნიორებისგან ის სწორედ ასეთ რეაგირებას მოელოდა. ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ კორონავირუსის პანდემიის მძიმე ფონის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიულ ღირებულებებს არ ივიწყებენ.

რა მესიჯებს უგზავნიან ამერიკა და ევროკავშირი ხელისუფლებასა და ოპოზიციას? რა არჩევანი რჩება საქართველოს ხელისუფლებას? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

ამერიკის საელჩოს მიერ 14 აპრილს გავრცელებული განცხადების თანახმად:

  • ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას;
  • 8 მარტის ერთობლივი განცხადება სამართალწარმოების მიუკერძოებლობის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ისახავდა მიზნად;
  • ხელმომწერმა მხარეებმა სრულად უნდა დაიცვან 8 მარტის შეთანხმება.

14 აპრილს, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, განცხადება გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - კარლ ჰარცელმა.

„ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ალბათ ზოგი ფიქრობდა, რომ ახლა, პანდემიის გამო შექმნილ ამ მძიმე ვითარებაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენთვის არ სცალიათ, მაგრამ ამ განცხადებითაც დადასტურდა, რომ ეს ასე არ არის... პანდემიის შედეგად მსოფლიოში შეიძლება შეიცვალოს ეკონომიკური მიდგომები, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ შეიცვალოს პოლიტიკური მიდგომები და ძირითადი ღირებულებები... პანდემია დასრულდება, ადამიანები ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით:

  • ასეთი გამოხმაურება დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ არა მხოლოდ მოდერატორები, არამედ ერთგვარი გარანტორებიც - რომ მხარეები შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს;
  • საერთაშორისო პარტნიორების ამგვარი გამოხმაურება ადასტურებს დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებული იმ შეთანხმების არსებობას, რასაც უარყოფდა „ქართული ოცნება“.

8 მარტის შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებშია ნახსენები, სწორედ აშშ-ისა და ევროკავშირის ძალისხმევით მოხერხდა. შეთანხმება ორკომპონენტიანია: ერთი (ურთიერთგაგების მემორანდუმი) შეეხება უშუალოდ საარჩევნო სისტემას, ხოლო მეორე (ერთობლივი განცხადება) - სასამართლო სისტემის პოლიტიზებისგან დაცვას.

კერძოდ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:

  • „ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას“;
  • „აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“;
  • „მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“.

13 მარტს, 10-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ტექსტში ხაზგასმულია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობა და თხოვნა - „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ - „ეს იქნება აღქმული, როგორც ტესტი ერთობლივი შეთანხმების განხორციელებისა“.

გიგი უგულავას და ახლა უკვე - ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც მსჯავრდებულების, გათავისუფლების ერთადერთი იმედი პრეზიდენტის ხელთ არსებულ შეწყალების მექანიზმს უკავშირდება.

პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ შეწყალების აქტის გამოცემისას არავის თხოვნას არ გაითვალისწინებს და მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნობა.

მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტს შეთანხმებული ერთობლივი განცხადების ტექსტში კონკრეტული საქმეები და გვარები არ არის ნახსენები, ოპოზიცია ერთხმად აცხადებდა, რომ ხელისუფლებისგან მიღებული სიტყვიერი დაპირებით - უნდა შეწყევტილიყო პოლიტიკური ნიშნით გასამართლების პროცესი და უნდა გათავისუფლებულიყო ოთხი დაკავებული - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და ბესიკ თამლიანი.

ამ სიიდან გათავისუფლებულია მხოლოდ 20 ივნისის მოვლენების გამო გასამართლებული ბესიკ თამლიანი. ის 23 მარტს 4-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ოპოზიციას იმ დღეს გაუჩნდა გარკვეული იმედი, რომ ხელისუფლებამ დაპირების შესრულება დაიწყო.

დასავლეთიდან წამოსული მწვავე გზავნილებისა და ღია წერილების გათვალისწინებით, სადაც საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორების არსებობაზეც მიანიშნებდნენ, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძისთვის სავსებით ლოგიკურია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საელჩოს ტექსტი მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის:

  • ხელისუფლებისთვის არის მესიჯი, რომ - პანდემიის მიუხედავად, ამერიკა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, არ აპირებს შეეგუოს მართლმსაჯულების პოლიტიზებას და ძლიერი ინტერესი უკავშირდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების ხარისხიანად ჩატარებას;
  • განცხადების ტექსტის აქცენტები სტიმულს აძლევს ოპოზიციას იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ეს აქცენტი შესაბამისობაშია ოპოზიციის მოთხოვნებთან და ინტერესებთან - პრინციპში, ეს არის ოპოზიციის მხარდაჭერის გამოხატულება.

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ოპოზიციამ ძალიან მკაფიო და ადეკვატურ გზავნილად ჩათვალა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გზავნილები ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს და კერძოდ:

  • „ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს პანდემიის გამო შექმნილი მძიმე სიტუაციით მსოფლიოში და არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რომლის მედიატორები იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“;
  • „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება იყენებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“;
  • „მითითებაა ხელისუფლებისთვის, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება და ეს ეხება, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, მართლმსაჯულების საკითხს, ანუ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“.

„ჩვენ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით, რომ თუ არ იქნება შესრულებული შეთანხმების მართლმსაჯულების ნაწილი, მაშინ ჩვენ არ ჩავთვლით ამ შეთანხმებას შესრულებულად და, შესაბამისად - სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

საგანგებო მდგომარეობის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი ამჟამად შეჩერებულია. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ ხელისუფლებას ჯერ ისევ აქვს დრო სწორი ნაბიჯების გადასადგმელად და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გასათავისუფლებლად.

„მას აქვს კიდევ შესაძლებლობა, რომ ეს შეთანხმება შეასრულოს. არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ პანდემიის საფრთხის გამო რაიმე შეიცვალა... ან შესრულდება შეთანხმება და იქნება პოლიტიკური ნორმალიზაცია, ან ივანიშვილს ელის ძალიან მძიმე პოლიტიკური ბედი, უმძიმესი“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

ერთი სიტყვით, დაკავებულთა გათავისუფლების გარეშე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მხარს არ დაუჭერენ შეთანხმების მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ნაწილს.

თუკი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ვიმსჯელებთ, საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

რას აპირებს ხელისუფლება?

ხელისუფლება განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას სრულფასოვნად ასრულებს, გატარდება საარჩევნო სისტემის რეფორმა; ასევე არ მოხდება მართლმსაჯულების პოლიტიზება და სწორედ ამიტომ არ ერევა ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში.

უშუალოდ აშშ-ის საელჩოს ტექსტის დეტალებზე არაფერი უთქვამს, თუმცა 14 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ზოგადი განცხადება გააკეთა ოპოზიციის მისამართით.

„ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ვეთანხმები სრულად ამ პოზიციას, რომ დაუშვებელია პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ჯგუფი ერეოდეს სასამართლო სისტემაში. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ადამიანები ასევე ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციასვე და ამბობენ იმას, რომ თურმე პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის დაუშვებელი, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და, შესაბამისად, პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი“, - განაცხადა ოხანაშვილმა

„ქართული ოცნების“ ლიდერები იმავეს ამბობდნენ მანამდეც და კატეგორიულად უარყოფდნენ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის რაიმე სახის ზეპირი დაპირების მიცემას.

ვახტანგ ძაბირაძე კი თითქმის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების შესრულება და ეს თუნდაც იმიტომ, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს მდგომარეობა დიდწილად სწორედ იმავე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაზე იქნება დამოკიდებული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG