Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უფრო მტკივნეულია ხელისუფლებისთვის


თუკი პოლიტიკური მოტივით დაკავებულ ოთხ პირს არ გაათავისუფლებენ, ხოლო სხვების მიმართ პოლიტიკური დევნა არ შეწყდება, შეიძლება ჩაიშალოს ძლივს მიღწეული შეთანხმება საარჩევნო სისტემის გარშემო. ოპოზიცია „ქართულ ოცნებისგან“ დაპირების შესრულებას მოითხოვს, „ქართული ოცნება“ კი - დაპირების მიცემის ფაქტს უარყოფს.

რა ვადას აძლევს ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული დაპირების შესასრულებლად? კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები გადამწყვეტ შეხვედრაზე? როგორ გამოიყურება პროცესები საერთაშორისო პარტნიორების თვალით?

თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ შეასრულებს დაპირებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ფუჭი იქნება საარჩევნო სისტემის გარშემო მიღწეული შეთანხმებაც - ასეთია ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლების პოზიცია.

  • ორი დოკუმენტი იმიტომ შეიქმნა, რომ ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს... ნაწილობრივი შესრულება არ არსებობს... თუ ასეთი რამ მოხდა, რაც მე არ მინდა... პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები საკვანძო საკითხი იყო, საარჩევნო სისტემასთან ერთად - მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“;
  • „თუ [ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებების დროს დადებული] პირობები არ დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, შეთანხმება ვერ ჩაითვლება შემდგარად და არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, თუ არ შესრულდა მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება პოლიტიკურ დევნას“ - სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ზუსტად იმდენი დრო აქვს, რაც ახალი საარჩევნო სისტემის კონსტიტუციაში ასახვასა და კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებას სჭირდება. ეს პერიოდი დაახლოებით ორ თვეს გულისხმობს.

გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და ბესიკ თამლიანი - როცა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ოპოზიცია ამ ოთხ კონკრეტულ გვარს ასახელებს.

ამ ოთხიდან, მხოლოდ გიგი უგულავაა მსჯავრდებული და მისი გათავისუფლების იმედები შეწყალების მექანიზმს უკავშირდება.

  • 8 მარტის ერთობლივი განცხადების ტექსტში გვარები ჩამოთვლილი არ არის, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ (საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით გამართული შეხვედრის ფარგლებში) ხელისუფლებამ კონკრეტული დაკავებულების გათავისუფლების დაპირება დადო. ბოლო დღეებში ეს ფაქტი ოპოზიციური ერთობის ბევრმა წარმომადგენელმა დაადასტურა.
  • მათი თქმით, ერთობლივი განცხადების შინაარსი ასევე შეეხება ყველა იმ პოლიტიკოსსა და მედიასაშუალების დამფუძნებელს, რომლებსაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ასამართლებს - უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ოპონენტებს მატყუარებს უწოდებს. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, დაკავებულთა ბედს პოლიტიკოსები არ წყვეტენ და, შესაბამისად - ვერც დაკავებულთა გათავისუფლების დაპირება გაიცემოდა.

„გავა ერთი კვირა, ორი კვირა და თქვენ თავად გექნებათ იმის გადამოწმების შესაძლებლობა, რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდის ოპოზიცია საზოგადოებას“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, 9 მარტს გამართულ ბრიფინგზე. ეს სიტყვები ზოგმა ისეც გაიგო, რომ - არავინ გათავისუფლდება.

პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფს და გათავისუფლების დაპირებასაც, მაგრამ გარკვეულწილად განსხვავებულია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ასევე 9 მარტს გაკეთებული კომენტარი.

ირაკლი კობახიძე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00

კერძოდ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა თქვა:

  • „საქართველოში არიან დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გამოძიებაზე, შემდეგ - სასჯელის შეფარდებაზე და შესაბამისად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები... სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია ამოსავალი წერტილი“;
  • „თუ ამ პრინციპის ფარგლებში რაიმე ზომების მიღება შეგვიძლია პოლიტიკური სტატუსის მქონე პირებს, ამ ზომების მიღებაზეც შეიძლება იყოს საუბარი“;
  • „როდესაც ადამიანი არის მხილებული თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, ის უნდა გავიდეს პოლიტიკიდან... ეს არის უმარტივესი პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში... საქართველოში ეს პრინციპი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“.

ანალიტიკოსების ნაწილი დარწმუნებულია, რომ შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ეჭვებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იოლად ვერ აარიდებს თავს.

მართალია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დაძაბულობა გარკვეულწილად მოიხსნა, მაგრამ კვლავაც ღიად რჩება ამ თემაზე ამერიკასა თუ ევროპაში დასმული მრავალი შეკითხვა. თბილისის გასაგონად გაკეთებულ განცხადებებში ხშირად კონკრეტული გვარებიც იყო მითითებული.

საქართველოს მიმართ ყურადღება რომ არ მოდუნდება, ეს კარგად ჩანს საერთაშორისო პარტნიორების მიერ (საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების გამო) კმაყოფილების ნიშნად გამოქვეყნებულ განცხადებებშიც. ხაზი ესმევა სასამართლოს თემასაც.

„მემორანდუმზე ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება, რომ ჩაატარებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და თავიდან იქნება აცილებული ნებისმიერი ქმედება, რაც შესაძლოა ინტერპრეტირებული იქნეს, როგორც საარჩევნო და სასამართლო პროცესების შეუფერებელი პოლიტიზების მცდელობა“, - ნათქვამია ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატების განცხადებაში.

„ისევე, როგორც არ შეასრულა სრულად პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული დაპირება, შეიძლება ხელისუფლებამ არც ეს (სასამართლოს პოლიტიზებასთან დაკავშირებული) შეთანხმება შეასრულოს...

მაგრამ მას, წესით, არ უნდა უღირდეს ამ ხალხის ციხეში დატოვება და არასანდო პარტნიორის იმიჯის ქონა საერთაშორისო პარტნიორების თვალში... სხვა საკითხია, რამდენად მტკივნეულია ამ დაპირების შესრულება შიდაპოლიტიკურ ჭრილში, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ნოდია.

ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, უკვე წავიდა უფრო მტკივნეულ კომპრომისზე:

  • „ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად უფრო მტკივნეული იყო შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხელისუფლების დაკარგვის შანსს სერიოზულად ზრდის“;
  • „ვიღაცის ციხიდან გამოშვება კი, ყოველთვის შეიძლება, რომ ხელისუფლებამ ჰუმანიზმითა და კიდევ სხვადასხვა მოსაზრებით გაამართლოს“.

10 მარტს, მედია განსაკუთრებული ყურადღებით ელოდებოდა 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული პირის, ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესს - როგორც ერთგვარ ტესტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაჩაღებული დისკუსიის ჭრილში. თამლიანი დანაშაულს არ აღიარებს.

წინასწარი ინფორმაციით, 10 მარტის პროცესზე ადვოკატს თამლიანისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უნდა მოეთხოვა, მაგრამ ეს არ მომხდარა. პროცესი 13 მარტს გაგრძელდება და ახლა ბევრის ყურადღება ამ დღისკენ არის მიმართული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG