Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გამარტივებულ შესყიდვებს ახლავს რისკი, რომ ბიუჯეტის თანხები კონცენტრირდეს მმართველი პარტიის შემომწირველ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან"


მარიამ გოგიაშვილი, IDFI-ს ანალიტიკოსი
მარიამ გოგიაშვილი, IDFI-ს ანალიტიკოსი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გააანალიზა გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში, რომ დაედგინა რა თანხები იხარჯება კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში უტენდეროდ, რას და ვისგან ყიდულობს სახელმწიფო?

გამოკვლევა შესყიდვების ორ მიმართულებაზე კონცენტრირდება - ჯანდაცვის სფეროსთვის საჭირო შესყიდვებსა და საკარნტინე ზონებად სასტუმროების გამოყენების ხარჯებზე. პირველ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროა შემსყიდველი, მეორეში - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ავტობონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.​

ჯანდაცვის სამინისტროს, 15 აპრილის მდგომარეობით, გამარტივებულ შესყიდვებზე დახარჯული ჰქონდა 10 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი.

IDFI-ს ანალიტიკოსი მარიამ გოგიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ჯანდაცვის შესყიდვები ჩვენ კიდევ დავყავით იმის მიხედვით, თუ რას ყიდულობდა სამინისტრო და ყველაზე დიდი ყურადღება გავამახვილეთ პირბადეებზე. საზოგადოებაში ბევრი კითხვა იყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს დოლბანდის პირბადეები გაჩნდა - ვის ამზადებინებს და ვისგან ყიდულობს სახელმწიფო ამ პირბადეებს? ჩვენი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ დოლბანდის პირბადეები არის სახელმწიფო პროგრამის ნაწილი - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ბენეფიციარი კომპანიები კერავენ პირბადეებს. როგორც ჩანს, როგორც კი კომპანია ავსებს განცხადებას, რომ მზად არის შეკეროს პირბადეები, მას პირდაპირ ხვდება სპეციფიკაცია ნახაზებით როგორი უნდა იყოს ეს პირბადე. ეს არის ის პირბადე, რომელსაც სახელმწიფო აკერინებს კომპანიებს და როგორც აღმოჩნდა, თვითონ აწვდის ყველა საჭირო მასალას.

სახელმწიფო ასევე ყიდულობს პირბადეებს, რომლების სპეციფიკაციაც ასეთი დაზუსტებული არ არის. რადგან გამარტივებული შესყიდვაა, ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებით, აქ არ იტვირთება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა - ტექნიკური ინფორმაცია, ზუსტად რა სჭირდებათ, რაც ჩვეულებრივ დროს საშუალებას გვაძლევს ხოლმე შევადაროთ სხვადასხვა კომპანიის წინადადებები. ამ შემთხვევაში პირდაპირ ხდება ხელშეკრულებების გაფორმება დროის დაზოგვის მიზნით. ყველა აღწერაში მითითებულია „სამშრიანი პირბადე“.

პირბადეებში დახარჯულია 3,5 მილიონ ლარზე მეტი და შესყიდულია რამდენიმე კომპანიისგან. ყველაზე დაბალი ფასი იყო 85 თეთრი. კომპანიასთან შესყიდვა გაფორმდა დოლარში და ხელშეკრულების დადების დღის კურსით არის ნაანგარიშები. ეს არის შპს „უიკენდი“. საინტერესოა, რომ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მმართველი პარტიის შემომწირველი და მას ასევე განხორციელებული აქვს შემოწირულება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მისი ბიზნესპარტნიორები სხვა კომპანიებში ასევე არიან მმართველი პარტიის შემომწირველები.

ჩვენთვის ასეთი ინფორმაციაც საინტერესო იყო - გვენახა ვინ არიან ეს კომპანიები და რაიმე საეჭვო ინტერესები ხომ არ იკვეთება და ა.შ.. ყველაზე მაღალი ფასი სამშრიან პირბადეებზე დაფიქსირდა 1 ლარი და 50 თეთრი. შეკვეთის მიმწოდებელი იყო შპს „სავაჭრო ჯგუფი“, რომელთანაც საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა - მასთან გაფორმებული პირველი შეკვეთა იყო 500 ათას პირბადეზე და ფასი იყო 1 ლარი და 50 თეთრი. შემდეგ ეს ხელშეკრულება დაკორექტირდა და პირბადეების პარტია გაიყო ორ ნაწილად- 400 ათასი პირბადის ფასი შემცირდა და გახდა 1 ლარი და 27 თეთრი, ხოლო 54 ათასი ცალი ისევ 1 ლარად და 50 თეთრად უნდა მიეწოდებინა კომპანიას.

ყველაზე საინტერესოა, რომ სანამ „სავაჭრო ჯგუფთან“ დადებდა ხელშეკრულებას, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული სხვა კომპანიასთან, რომელიც მას მიაწვდიდა პირბადეებს 1 ლარად და 14 თეთრად და ესეც 500 ათას ცალზე იყო გაფორმებული, თუმცა ეს ხელშეკრულება 8 აპრილს დაკორექტირდა და მხოლოდ 100 ათას პირბადეზე გაფორმდა შეთანხმება ამ კომპანიასთან და ზუსტად ამის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასიან კომპანიასთან დაიდო ხელშეკრულება“.

IDFI-ს გამოკვლევაში აგრეთვე წაიკითხავთ:

„გარდა სხვადასხვა სახის ნიღბებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი რაოდენობის ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი შეიძინა. ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც აღნიშნული კომბინიზონების შესყიდვის ხელშეკრულება 6 აპრილს გაფორმდა შპს “ჯეოფერუმია”, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო ლითონის სამშენებლო მასალების რეალიზაციაა. კომპანია 2019 წლს დაარსდა და მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამ შესყიდვით კი “ჯეოფერუმმა” ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო და სანაცვლოდ, 10 სამუშაო დღის ვადაში 14,100 ერთეული ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონის მიწოდების ვალდებულება აიღო.

კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილია. საინტერესოა, რომ ის 100%-იან წილს ფლობს შპს “ჯეოორთოში”, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების იმპორტიორი კომპანიაა და მრავალ ტენდერშიც გაუმარჯვია. სავარაუდოდ, მიზეზი, რის გამოც ლურსმანაშვილმა ამ კომპანიის სახელით ვერ მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ისაა, რომ შპს “ჯეოორთო” ამჟამად შესყიდვების შავ სიაშია შეყვანილი (ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისათვის).

ლურსმანაშვილს 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 25,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის - 10,000 ლარი. ლურსმანაშვილი ფლობს 50%-იან წილს შპს “ტანდემშიც”, რომლის დანარჩენ ორ მეწილეს, დავით კაპანაძესა და მამუკა ხელაიას ჯამში 50,000 ლარი აქვთ შეწირული ქართული ოცნებისთვისა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის“.

IDFI-ს გამოკვლევიდან შეიტყობთ, რომ ბიოლოგიური დაცვის კომბინეზონების გამარტივებული წესით შესყიდვაზე სახელმწიფომ დახარჯა 1 310 950 ლარი; სამედიცინო ტანსაცმელზე - 2 448 403 ლარი; ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატის შესაძენად კი - 616 470 000 ლარი.

რაც შეეხება ტესტებს, მარიამ გოგიაშვილი ამბობს, რომ 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით, ტესტების შესყიდვაზე სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ორგანიზაცია აგრძელებს გამარტივებულ შესყიდვებზე დაკვირვებას და აგრეთვე აპირებს შეისწავლოს სოციალური ხარჯების ნაწილიც, კერძოდ - რა დაუჯდათ მუნიციპალიტეტებს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება.

გამოკვლევის საინტერესო ნაწილია სასტუმროებში საკარანტინე ზონების მოსაწყობად გაღებული ხარჯები, რომლებიც ორ ნაწილად არის გაყოფილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა დ კურორტების დეპარტამენტის მიერ შესყიდული მომსახურებები. მარიამ გოგიაშვილი შესყიდვების ამ ნაწილის მოცულობასა და სპეციფიკაზე:

„რომ გავაერთიანოთ, დაახლოებით 30 მილიონი ლარის შესყიდვაზეა ლაპარაკი, საიდანაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ25 მილიონ ლარზე მეტის შესყიდვაა განხორციელებული. 87 ხელშეკრულება გააფორმა გამარტივებული შესყიდვის წესით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ყველაზე დიდი თანხა გადახდილია „კურორტ საირმეს“ მომსახურებაში - 2 მილიონ ლარზე მეტი. ორთვიანი ხელშეკრულებაა. ეს სასტუმრო ერთი ნომრის ფასითაც (140 ლარი) ლიდერობს. აჭარის ნაწილში ლიდერობს „ბათუმი ველმონდი“ - გადახდილია 600 ათას ლარზე მეტი და მასში შედის ოთახის ღირებულება და კვება, როგორც წინა შემთხვევაში.

ერთი ოთახის ყველაზე მაღალი ფასი - 140 ლარი ჰქონდათ „კურორტ საირმეს“ და გუდაურის „ალპინას“. ყველაზე დაბალი ფასი არის თბილისის „ჰოლიდეი ინი“-ს. 23,6 ლარი იყო ოთახის ღირებულება, რაც, ცხადია, რომ არ არის საბაზრო ღირებულება და სავარაუდოდ თვითონ სასტუმრომ გაუკეთა შეღავათი სახელმწიფოს ამ მომსახურებაში. აჭარაში ყველაზე დიდი ფასი 80 ლარია“.

IDFI ერთი თვის განმავლობაში COVID-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს. კერძოდ:

  • გამარტივებული შესყიდვების დროს, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები კონცენტრირდეს მმართველი პარტიის შემომწირველ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. შესაბამისად, აუცილებელია დეტალურად დასაბუთდეს - რატომ შეირჩა კონკრეტული კომპანია და რა უპირატესობა გააჩნდა მას სხვა კომპანიებთან შედარებით;
  • გამარტივებული შესყიდვებისას არ ხდება შესასყიდი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკაციების სისტემაში ატვირთვა, ისევე როგორც მიმწოდებლის მხრიდან შეთავაზებული პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის მიწოდებული პროდუქციის ხარისხის შეფასებას, რამაც ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პირბადეების შემთხვევაში;
  • კონკურენციის არარსებობიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რა პრინციპით უფორმდებათ კონკრეტულ კომპანიებს ხელშეკრულებები. ხოლო, რადგან შეუძლებელია პროდუქტის ხარისხის შეფასება, ასევე გაურკვეველია, რის საფუძველზე ხდება ამ ხელშეკრულებების შეწყვეტა და იგივე პროდუქტის უფრო მაღალ ფასად სხვა კომპანიებისგან შეძენა.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG