Accessibility links

„ამ ადამიანების უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოუხდა სახლის გაყიდვა"


მარიამ ჯაჭვაძე, "ინდიგოს" ავტორი

„ინდიგოს“ ავტორთა ჯგუფი მუშაობს პროექტზე “უსახლკაროდ”, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ფილმი უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე. პროექტის მონაწილე, მარიამ ჯაჭვაძე რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, თუ რამდენად იოლია დღეს ადამიანმა დაკარგოს სახლი და ქუჩაში აღმოჩნდეს. რა ხდება შემდეგ?

„ინდიგოს“ ჯგუფი (მარიკა ეჯიბია, მარიამ ჯაჭვაძე, თამარ ბაბუაძე, ლაშა ცერცვაძე) იმყოფებოდა ლილოს თავშესაფარში, ორხევის სოციალურ საცხოვრისში და აგრეთვე სხვადასხვა ადგილას, სადაც ადამიანები თვითნებურად არიან შეჭრილები დაუმთავრებელ შენობებში:

„ამ ადამიანების უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოუხდა სახლის გაყიდვა. მაგალითად, გავიცანით ნოდარ ღვინიაშვილი, რომელსაც საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. გორის თეატრის მსახიობი იყო და მაშინ, როცა შვილს დაუდგინდა სიმსივნე და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, სახლი გაყიდა. შვილი გარდაეცვალა. უსახლკაროდ დარჩა და რამდენიმე ღამის ქუჩაში გათევაც მოუწია. როგორც თვითონ ყვება, პატრულმა იპოვნა და შესთავაზა ლილოს თავშესაფარში გადასვლა. მგონი, უკვე ორი წელია იქ არის. ლილოს თავშესაფარში გავიცანით მარინა კაჭარავა, რომელსაც ჰქონდა თსუ-ს ერთ-ერთ კვლევით პროექტში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება. პროფესიით მათემატიკოსია. მანაც შვილის ოპერაციის გამო გაყიდა სახლი. ის ქუჩაში არ დარჩენილა. რამდენიმე თვე ათევდა ნათესავთან, მეგობართან. მას შემდეგ, რაც მერიაში შეიტანა განაცხადი და უსახლკაროს სტატუსი მიიღო, ლილოს თავშესაფარი შეთავაზეს. ასეთი ადამიანი უამრავია. ყველა შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემა არ არის უსახლკარობის მიზეზი. არიან ისეთები, ვინც ბანკის ვალდებულება ვერ შეასრულა და სახლი გაუყიდეს...“.

ფილმში ადამიანები ყვებიან თავიანთ ისტორიებს. მარიამ ჯაჭვაძე კიდევ ერთ ნიუანსზე:

„კიდევ ერთი საერთო, რაც ამ ადამიანების ისტორიებშია არის ის, რომ, ვიდრე თავშესაფარში ან სოციალურ საცხოვრისში მოხვდებიან, ბევრი ბინა აქვთ ქირით გამოცვლილი. ყვებიან როგორ გადადიან ისნიდან სამგორში, სამგორიდან ფონიჭალაში, ფონიჭალიდან ნავთლუღის ქუჩაზე, ამ გადაადგილების დროს როგორ კარგავენ საკუთარ ნივთებს და ამ საცხოვრისში მიდიან ერთი ჩანთით. ეს ძალიან თვალში საცემი იყო, რომ, სანამ იქ მოხვდებიან, როგორ ვერ ხედავს სისტემა ამ ადამიანებს. უსახლკარო არ არის მხოლოდ ის, ვისაც იმ წუთში ჭერი არ აქვს. უსახლკაროა ისიც, ვინც ამ რისკის წინაშე დგას და ხვალ ან ზეგ შეიძლება დარჩეს ღია ცის ქვეშ...“.

მარიამ ჯაჭვაძე პროექტზე - "უსახლკაროდ"
please wait

No media source currently available

0:00 0:16:04 0:00
Direct link


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG