Accessibility links

"ნაცვლად იმისა, ფილმის საკითხზე შედგომოდნენ მსჯელობას - პორნოგრაფიაა თუ არა, დაეწყოთ დაკითხვაზე დაბარება ამ ადამიანების"


მარი კაპანაძე, GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი

სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად გამოეხმაურა 8 ნოემბერს ფილმის „და მერე ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და სახელმწიფოს რეაგირებას.

სამოქალაქო პლატფორმა „არა - ფობიას“ უარყოფითად აფასებს ხელისუფლების უყურადღებობას ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი განცხადებების მიმართ.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მარი კაპანაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ ეს შემთხვევაც და უნდა დავინახოთ, ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა როგორია ამ ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ და ვნახავთ, რომ სახელმწიფოს ფაქტობრივად პოლიტიკა, როგორც ასეთი, არ გააჩნია, არა მხოლოდ სამართალდამცავ უწყებებს, არამედ სახელმწიფოს.

ვხედავთ მზარდ ტენდენციას, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები უფრო მეტად ძლიერდებიან და აქ არის კიდევ მეორე პრობლემა და კონკრეტულად ის, რომ მათ უკან დგას რუსული ინტერესებიც. როგორც მინიმუმ, ვხედავთ ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთ ორგანიზატორად დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც არის ევგენი პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი. ამ ძალადობრივი ჯგუფების ნარატივი, რასაც უპირისპირდებიან, ფაქტობრივად, თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივთანაც“.

მარი კაპანაძე ლაპარაკობს იმაზე, რა უნდა გაეთვალისწინებინა და მოემოქმედებინა ხელისუფლებას:

„კარგი იქნებოდა, როცა ძალადობისკენ მოწოდება წინასწარ იყო დაანონსებული ორგანიზატორების მხრიდან, ნაცვლად იმისა, ფილმის საკითხზე შედგომოდნენ მსჯელობას - პორნოგრაფიაა თუ არა, დაეწყოთ დაკითხვაზე დაბარება ამ ადამიანების. ეს სწორედაც შეიძლებოდა ყოფილიყო მკაცრი სიგნალი, რომელიც, როგორც მინიმუმ, ეფექტს იქონიებდა ამ ჯგუფის მონაწილე კონკრეტულ ადამიანებზე - რომ თუკი ისინი მართლაც დაიწყებდნენ ძალადობრივ ქმედებებს სხვა ადამიანების წინააღმდეგ, მათ მიმართ განხორციელდებოდა კონკრეტული ზომები...

მეორე, რაც ჩვენი, სხვა ორგანიზაციების და სახალხო დამცველის რეკომენდაციაც არის, ის, რომ პოლიციელების კორდონი ასე ახლოს არ უნდა ყოფილიყო და უფრო თავისუფლად შეძლებოდათ ფილმზე დამსწრე პირებს კინოთეატრებში შესვლა“.

მარი კაპანაძე გამოხატვის თავისუფლების აქტიური დამცველია, თუმცა, განმარტავს ზღვარს:

„გამოხატვის თავისუფლების დიდი თაყვანისმცემელი ვარ და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებსაც, რაც უნდა რადიკალური შეხედულებები ჰქონდეთ, აქვთ უფლება, გამოვიდნენ, გააპროტესტონ და გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. მაგრამ მაშინ, როცა მათი მხრიდან ისმის კონკრეტული ძალადობისკენ წახალისება და არის ძალადობის ფაქტები, ეს უკვე არის ზღვარი, როცა შეიძლება ამ თავისუფლებაში ჩარევა“.

GDI-ს წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ისიც, რომ მან მკაცრად არ უპასუხა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს ადრინდელ აქციებთან დაკავშირებით:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში იყო, რომ სახელმწიფოს გაეგზავნა მკაცრი მესიჯები კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფების მისამართით, რომელთა მხრიდანაც ბოლო პერიოდში გახშირდა ძალადობრივი მოწოდებები, ქმედებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანებს სურთ კონკრეტული სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა კონკრეტულ საკითხებზე, იქნებოდა ეს გავრილოვის ღამე და აქცია „სირცხვილია“, „თბილისი პრაიდის“ ჩატარება, ერთი წლის წინანდელი „ბასიანის“ აქცია და ა.შ.“.

ამ ეტაპზე მარი კაპანაძე და „არა - ფობიას“ მნიშვნელოვნად თვლის კიდევ ერთ საკითხს:

„კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოძიებებს, რომლებიც დაიწყო, დაემატოს სიძულვილის მოტივის კვალიფიკაცია, რადგან რა გამოძიებაც მიმდინარეობს, მაგალითად, ანა სუბელიანის წინააღმდეგ და სხვა პირთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე, არის მხოლოდ ზოგადი მუხლებით - ძალადობა, ხულიგნობა. ჩანს, რომ ამ ადამიანების მოტივი სწორედ იყო დისკრიმინაციული, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს სწორედ ეს სიძულვილის მოტივი, რომელიც ზოგადად პრობლემაა ხოლმე და ხშირად არ იყენებს მას სახელმწიფო“.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ უნდა დადგეს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი:

„მეორე ჩვენი მოწოდება იყო, რომ ორგანიზატორების წინააღმდეგაც დაწყებულიყო გამოძიება, რომ ისინი დანაშაულის თანამონაწილეები იყვნენ როგორც ორგანიზატორები და მათაც უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების გამო“.

please wait

No media source currently available

0:00 0:20:45 0:00
Direct link


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG