Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოლიგარქი ვაკუუმში, სადაც არ არის სახელმწიფო, რომელიც მას ალაგმავდა“ - მარკ გალეოტი ივანიშვილზე, პუტინზე, პრიგოჟინსა და უკრაინის ომზე


რუსეთისა და რეგიონის ბრიტანელი მკვლევარი და ავტორი მარკ გალეოტი
რუსეთისა და რეგიონის ბრიტანელი მკვლევარი და ავტორი მარკ გალეოტი

„თუ პუტინი მართლაც დაემხო, ეს დამხობა იქნება კატასტროფული, შექსპირისეული მასშტაბის დაცემა, ეს იქნება მეფე ლირი ჰააგაში ანაც მეფე ლირი, რომელიც გავეშებულ ბრბოს გაურბის. მაგრამ ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ის ან ტახტზე მოკვდება, ან ერთადერთი, რაც ტახტზე საკუთარი ნებით ათქმევინებს უარს - ჯანმრთელობა იქნება“, - ეუბნება რუსეთისა და რეგიონის ბრიტანელი მკვლევარი და ავტორი მარკ გალეოტი რადიო თავისუფლებას.

„გეოპოლიტიკური საათის ქანქარა რუსეთისკენაა გადახრილი“, - ასე პასუხობს ის კითხვას საქართველოზე. ვაჟა თავბერიძემ მარკ გალეოტისთან ინტერვიუ მისი ბოლოს წიგნის შესახებ კითხვით დაიწყო:

პუტინმა „შინაური კაცი გადააგდო“, ეს კი „პა პანიაწიამ“ არ მოსულა.

რადიო თავისუფლება: ერთგვარი აღიარებით უნდა დავიწყო - იშვიათად, ისე შემბრალებოდეს ავტორი, როგორც თქვენ, როდესაც პრიგოჟინზე დაწერილი თქვენი წიგნი ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო, ის კი „ცაში“ გაემგზავრა, უკანასკნელ მოგზაურობაში. თითქმის ერთი წლის შემდეგ, სწორედ ეს წიგნი, რა თქმა უნდა, უკვე განახლებული და განვრცობილი, შემდეგ კვირას ოფიციალურად გამოიცემა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: საბოლოოდ დამთავრდა პრიგოჟინის საგა?

გალეოტი: [იცინის] კი, თავიდან ნამდვილად რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი დაგვეხმარა იმაში, რომ წიგნის ბოლო თავი დაგვეწერა და თავდაჯერებით დაგვესვა ბოლო წერტილი. რაც შეეხება იმას, დამთავრდა თუ არა მისი საგა: ერთი მხრივ, კი - მიუხედავად კონსპირაციული თეორიებისა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოცხალი აღარ არის და სადმე პლაჟზე მზეს არ ეფიცხება. მაგრამ, მეორე გადმოსახედიდან, პრიგოჟინის „საქმე“ გრძელდება: მისი ჩრდილი ჯერ კიდევ აწევს რუსეთს. ამის ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც შოიგუს ხელქვეითი რუსი მაღალჩინოსნების დაპატიმრებები, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში ვნახეთ: ეს ცხადყოფს, რომ ბევრი რამ, რასაც პრიგოჟინი გაიძახოდა, სიმართლე იყო. რა თქმა უნდა, საძაგელი ადამიანი გახლდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასაც ამტკიცებდა, სიცრუე იყო. კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი იყო ის შოკი, რომელიც სრულიად რუსეთის მმართველმა ელიტამ მიიღო, როდესაც პრიგოჟინი საიქიოს გაისტუმრეს. პუტინმა სიტყვა გატეხა! შიდა წრის კაცთან, რომელსაც ჯერ შეუთანხმდა, გარანტიები მისცა, შემდეგ კი გადააგდო. ეს არაა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, ანაც საერთაშორისო შეთანხმებების ფეხებზე დაკიდება - პუტინმა „შინაური კაცი გადააგდო“, ეს კი „პა პანიაწიამ“ არ მოსულა. და როდესაც პუტინმა სიტყვა გატეხა, გატყდა სხვა რამეც - მის მიმართ ნდობა, განცდა, რომ პუტინის სიტყვას ფასი აქვს. ვფიქრობ, რომ თანდათან, რაც უფრო და უფრო ბრეჟნევისეული ხდება მისი მმართველობის სტილი, ამ ინციდენტის მნიშვნელობაც გაიზრდება, როგორც ერთგვარი რისკფაქტორისა. ასე რომ, თავად პრიგოჟინი - კი, მორჩა-დამთავრდა, მაგრამ მისი საქმე, მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ცოცხლობს.

„ბრაზი გროვდება, და სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან ამოხეთქავს"

რადიო თავისუფლება: კიდევ ერთ გარდაცვლილზე მინდა გკითხოთ - ამჯერად ადამიანზე, რომელიც, პრიგოჟინისგან განსხვავებით, გმირად მიიჩნევა, თუმცა, სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ პრიგოჟინსაც ჰყავს თავისი მიმდევრები, ვისთვისაც ის გმირია. საუბარია ალექსეი ნავალნიზე, რომელსაც ამ კვირაში 48 წელი შეუსრულდებოდა. პოლიტიკური სცენიდან ნავალნის გასვლის შემდეგ, როგორ გამოიყურება რუსული ოპოზიციის მომავალი და პერსპექტივები?

გალეოტი: ემიგრაციაში მყოფ რუსულ ოპოზიციას თუ გულისხმობთ, ვფიქრობ, მათ წონა დაკარგული აქვთ, რაც უნდა სამწუხარო იყოს ამის აღიარება. რაც შეეხება თავად რუსეთს, პუტინმა მოახერხა და მთლიანად ამოძირკვა ორგანიზებული ოპოზიცია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბედნიერია. პირიქით, უკმაყოფილება იზრდება, უბრალოდ არ არსებობს ოპოზიციის ლიდერი, რომელსაც პუტინი გაურიგდებოდა ანაც ციხეში უკრავდა თავს და ამით სხვებს გაკვეთილს მისცემდა. ასე კი ხალხში დაგროვილი ბრაზი ნელა, მაგრამ განუხრელად მატულობს და ეს [პუტინისთვის] თავის ტკივილის მიზეზად შეიძლება იქცეს. ომი და მობილიზაციის შიში, იმის ყურება, თუ როგორ მდიდრდებიან სხვები, მაშინ როდესაც შენ უფრო და უფრო გიჭირს და, ბოლოს და ბოლოს, ყელში ამოსული ბერიკაცი, რომელსაც აგერ უკვე 25 წელიწადია ხედავ ტელევიზორში, ის კი არსად წასვლას არ აპირებს და უკვე ეჭვობ, რომ შესაძლოა, საერთოდ უკვდავი იყოს. ეს ბრაზი გროვდება და, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან ამოხეთქავს - კარგი პარალელის გავლება შეიძლება პოლონეთთან, თავად რუსებისგან მომისმენია ხოლმე ეს - ვინ იფიქრებდა, რომ ვიღაც ელექტრიკოსი, ლეხ ვალენსა მოულოდნელად ხალხის ჩემპიონად და რჩეულად მოგვევლინებოდა?

რადიო თავისუფლება: გულახდილად რომ თქვათ, რა შანსებია, რომ მართლაც ასე მოხდეს ყველაფერი?

გალეოტი: დღეს ან ხვალ? არანაირი. მაგრამ ვფიქრობ, გარდაუვალია კრიზისები - მათ აუცილებლად ვიხილავთ, რადგან განუხრელად იზრდება ომის როგორც ეკონომიკური, ასევე ადამიანური ფასი, და ორივეს გადახდა პირველ რიგში სწორედ რიგით რუსს უწევს.

კრიზისები გარდაუვალია - პუტინის ჯანმრთელობა იქნება ეს თუ უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა, ან კიდევ ეკონომიკური კოლაფსი.

რადიო თავისუფლება: რა უფრო მოსალოდნელია - ერთბაშად ჩამოშლა თუ ნაწილ-ნაწილ რღვევა?

გალეოტი: ისევ ბრეჟნევთან რომ გავავლო პარალელი - ვფიქრობ, ბრეჟნევისეული ეპოქის მსგავს ნელ დაცემას და სტაგნაციას ვნახავთ, უფულო ხალხს, ფული წავა ომსა და თავდაცვის სტრუქტურაში, განვითარების, კვლევისა და ინვესტიციების ხარჯზე. ხალხი უბედური იქნება, მაგრამ ისე კატასტროფულად უბედურიც არა, რომ ქვეყანა ერთბაშად ჩამოიქცეს. მაგრამ პროცესი დაწყებულია და ვფიქრობ, კრიზისები გარდაუვალია. ზუსტად რა ფორმის კრიზისს ვიხილავთ პირველად - პუტინის ჯანმრთელობა იქნება ეს თუ უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა, ან კიდევ ეკონომიკური კოლაფსი, ეს ძნელია იწინასწარმეტყველო, ისევე როგორც დრო და თარიღები - შესაძლოა, პუტინმა ივლისის ერთ დილას ვეღარ გაიღვიძოს. ან დღეიდან ორი წლის შემდეგ, ეკონომიკამ ვეღარ გაუძლოს. რა ფორმის კრიზისი „მოასწრებს“ მოსვლას სხვებს - სწორედ ეს განსაზღვრავს რუსეთის მომავალს.

თითოეული რუბლი, რომელიც მოპარვას გადაურჩება, დაიხარჯება ომზე.

რადიო თავისუფლება: ზემოთ თქვენვე ახსენეთ რუსი მაღალჩინოსნების დაპატიმრებები - ამაზე მინდა გკითხოთ, და კიდევ, ბოლოდროინდელ სამთავრობო ცვლილებებზე. რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია - რა შეიცვალა კრემლში? ვინ დაეცა და ვინ აღზევდა?

გალეოტი: პირველ რიგში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პუტინის რეჟიმი გრძელვადიანი მომავლისთვის აწყობს გეგმებს - მომავლისათვის, სადაც რუსეთი მარადიულად ომში ჩაბმულ ქვეყნადაა მოაზრებული. ეს არ ეხება მარტო უკრაინას, უკრაინა მხოლოდ ერთი ფრონტია, რუსეთი თვლის, რომ ის რეალურად დასავლეთთან ჩაება ომში, დასავლეთს ერკინება. შესაბამისად, თუ შევხედავთ თავდაცვის სამინისტროს, აშკარაა, რომ ცდილობენ კორუფციას ნაწილობრივ მაინც გაუმკლავდნენ - ამოძირკვის ამბიცია და ილუზიები არავის აქვს, იმდენად დიდი მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი, მაგრამ თითოეული რუბლი, რომელიც მოპარვას გადაურჩება, დაიხარჯება ომზე. კიდევ ერთი ცვლილება ეხება ე.წ. სტრუქტურულ პოლიტიკას. 50-60 წლის პოლიტიკური ელიტა თანდათან უფრო და უფრო მოუთმენელი ხდება, იმის შემხედვარე, რომ პუტინი და მისი 70 წელს გადაცილებული შიდა წრე არსად წასვლას არ ჩქარობს, მათი დრო არა და არ დგება. ამავდროულად, ეს 50-60 წლის სეგმენტი ძირითადად კლეპტოკრატები არიან, დასავლეთთან დიადი, ეგზისტენციალური ომის გაჩაღება დიდად არ ხიბლავთ. მათ სურდათ, სახლში მოეპარათ და საზღვარგარეთ დაეხარჯათ, ახლა კი ეს აღარ გამოდის.

რადიო თავისუფლება: რა აზრი აქვს მოპარვას, თუ შენს გემოზე ვერ დახარჯავ?

გალეოტი: ზუსტად, ზუსტად. ძველი დრო უნდათ, როდესაც მოგზაურობდნენ, ერთობოდნენ, საერთაშორისო ელიტად მოჰქონდათ თავი, უახლესი მოდელის მანქანები და ა.შ. და იქიდან გამომდინარე, რომ არც პუტინი ჩქარობს სადმე წასვლას და ეს ძველი დროც არ ბრუნდება, ეს ხალხი უკმაყოფილოა, შესაბამისად, მათ „საქმე“ უნდა გამოუნახონ, უფრო სწორად, სამიზნე, რომელზეც ენერგიასა და რესურსებს დახარჯავდნენ. ამიტომ სერგეი კირიენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, უშუალოდაა დაკავებული შედარებით ახალგაზრდა თაობის კულტივირებით და პუტინიზებით - საუბარია ისეთ ხალხზე, როგორიცაა მაგ. დმიტრი პატრუშევი, ნიკოლაი პატრუშევის შვილი, ბორის კოვალჩუკი, პუტინის უახლოესი მეგობრის და ოლიგარქის, იური კოვალჩუკის შვილი, ალექსეი დიუმინი - პუტინის ყოფილი პირადი მცველი და ტულის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც 51 წლის კია, მაგრამ ითვლება, რომ ოქროს წლები წინ აქვს. ამ ამბიციურ ხალხს, რომელთაც სახელის დამკვიდრება სურთ, პუტინი სათავისოდ გამოიყენებს, იმ „გაყავი და იბატონე“ თამაშისთვის, რომელიც ასე ძალიან უყვარს და ასე კარგად გამოდის. 40-იანებს მიუქსევენ 60-იანებს, მინიგარქებს მიუქსევენ ოლიგარქებს და ა.შ.

რადიო თავისუფლება: და არავის დარჩება დრო, ცარის ტახტს შურით მიაჩერდეს.

გალეოტი: რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. ერთმანეთში ძიძგილაობით იქნებიან დაკავებულნი.

უკრაინის დამარცხება უკვე ისე ტრაგიკულად აღარ აღიქმება, როგორც ადრე...

რადიო თავისუფლება: ამაზე კიდევ გკითხავთ, მაგრამ მანამდე დასავლეთზე მინდა ჩაგეძიოთ: აი, პუტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რუსეთი ომში ჩაბმული ქვეყანა უნდა იყოს, მომავალი წლების, შეიძლება ათწლეულების განმავლობაშიც კი. ამ ყველაფერს ალბათ დასავლეთშიც ხედავენ და იაზრებენ, მაგრამ იღებენ თუ არა საჭირო ზომებს, რათა თავადაც დარჩნენ ბრძოლაში?

გალეოტი: გულწრფელი და მოკლე პასუხი იქნება - არა. და ეს მეტწილად იმიტომ, რომ დასავლეთში არავის სურს აღიაროს, რომ უკრაინის კონფლიქტი არც ისე მნიშვნელოვანია დასავლეთის მომავლისთვის - ყველა, რა თქმა უნდა, საპირისპიროს გვეუბნება, გვეუბნებიან, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის კონფლიქტია, რომ მასზეა დამოკიდებული ევროპის უსაფრთხოების მომავალი, მაგრამ სიტყვები ერთია, საქმით კი არავინ იქცევა ისე, თითქოს ეს სიმართლე იყოს. აი, მაგალითად - რუსები მთლიანი შიდა პროდუქტის 6.9 პროცენტს ხარჯავენ თავდაცვაზე, და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ რეალურად ეს რიცხვი უფრო მაღალია - მაშინ როდესაც დასავლეთში ჯერ კიდევ ბლომადაა ქვეყნები, რომლებიც ჯერ ნატოს მოთხოვნას, მშპ-ს 2%-საც არ ხარჯავენ თავდაცვაზე. [დასავლეთში] არც მზად ვართ და არც გვსურს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ტოტალური რეორიენტაცია იმ ომისთვის, რომელიც რეალურად უკვე აღარ წარმოადგენს დიდ საფრთხეს დასავლეთისთვის. უკრაინის დამარცხება უკვე ისე ტრაგიკულად აღარ აღიქმება, როგორც ადრე და აი, რატომ - სერიოზულად აღარავინ ფიქრობს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ნიშნავს, რომ მალევე რუსული ტანკები რუმინეთის საზღვარს მიადგებიან. უკრაინის დამარცხება დღეს რეალურად ასე გამოიყურება: რუსეთი მიიტაცებს გარკვეულ ტერიტორიას და ეცდება, დანარჩენი უკრაინა პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციოს. აი, ესაა ყველაზე ცუდი სცენარი დღეს და გამიჭირდებოდა თქმა, რომ ეს სცენარი დასავლეთს განადგურებას უქადის. ის დღეები, როდესაც რუსეთს შეეძლო უკრაინისთვის რამდენიმე დღესა თუ კვირაში გადაევლო, კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა. ასეთივე ძნელად წარმოსადგენია, რომ უკრაინელები მოახერხებენ თითოეული რუსი ჯარისკაცის გაგდებას ქვეყნიდან და დაკარგული ტერიტორიების მთლიანად დაბრუნებას. უკრაინის გამარჯვება და დამარცხება ამ ორი რადიკალური სცენარის სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ.

უკრაინის ომი დაემსგავსება რინგს, სადაც ორი ქანცგამოცლილი მოკრივე ძლივსღა დგას ფეხზე და შიგადაშიგ ძალას იკრებენ მუშტის კიდევ ერთხელ მოსაქნევად.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება უკრაინას, თქვენს ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ცდილობთ იწინასწარმეტყველოთ, თუ როგორი იქნება რუსეთი 2030 წელს. უკრაინაზე კი წერთ, რომ ის კორეის მსგავსად გაიყოფა, და ნებისმიერ მომენტში ისევ შეიძლება იქცეს სამხედრო დაპირისპირების კერად. თუ მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, ომი დღეს მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ სად გაივლება გამყოფი ხაზები?

გალეოტი: ამ სცენარის ალბათობა დიდია. თუმცა ძალიან მსურს, ვცდებოდე და ასე არ აღმოჩნდეს. ვფიქრობ, არცერთ მხარეს არ შესწევს ომის ამ ტემპით გაგრძელება განუსაზღვრელი დროით. მაქსიმუმ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლონ ამ ტემპის შენარჩუნება, ამის შემდეგ კი, როგორც ეკონომიკური, ასევე ადამიანური მიზეზებიდან გამომდინარე, კონფლიქტი არ შეწყდება, მაგრამ ომი დაემსგავსება რინგს, სადაც ორი ქანცგამოცლილი მოკრივე ძლივსღა დგას ფეხზე და შიგადაშიგ ძალას იკრებენ მუშტის კიდევ ერთხელ მოსაქნევად. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი გაარკვევს, სად გაივლება ხაზები და ასევე, როგორი იქნება ახალი უკრაინა, რომელიც ამ ბრძოლის ველზე დაიბადება - გაჩანაგებული, მარიონეტი-სახელმწიფო, როგორიც პუტინს სურს და რომელიც გამუდმებით ახალი თავდასხმის რისკის ქვეშ იქნება თუ ძლიერი, შემდგარი სახელმწიფო, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება.

რადიო თავისუფლება: გასაგებია. ისევ პუტინს დავუბრუნდეთ - იმავე სტატიაში წერთ, რომ ის ერთი მემკვიდრის ნაცვლად, მემკვიდრეებს შეარჩევს და შემდეგ ერთმანეთს შეაჯიბრებს. ეს მეტაფორა რომ განვავრცოთ, რამდენია იმის შანსი, რომ საბოლოოდაც მეფე ლირივით დაასრულებს, ყველასგან მიტოვებული?

გალეოტი: [იცინის] რა კარგი იქნებოდა, არა? კარგი კითხვაა. ვშიშობ, ჩემი პასუხი უფრო არა იქნება, რადგან სისტემა კარგადაა „დაზეთილი“ იმისთვის, რომ ცარის უსაფრთხოება უზრუნველყოს - რაც ამ შემთხვევაში თავად სისტემის უსაფრთხოებასაც ნიშნავს. უპატრონოდ მიგდებული ცარი კარგს არაფერს ამბობს სისტემის სიცოცხლისუნარიანობაზე. მაგრამ ვფიქრობ, აქ ორი ექსტრემალური სცენარიდან ერთ-ერთს ვიხილავთ: პირველი - თუ პუტინი მართლაც დაემხო, ეს დამხობა იქნება კატასტროფული, მართლაც შექსპირისეული მასშტაბის დაცემა, ეს იქნება მეფე ლირი ჰააგაში ანაც მეფე ლირი, რომელიც გავეშებულ ბრბოს გაურბის თავის გადასარჩენად. მაგრამ ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ის ან ტახტზე მოკვდება, ან ერთადერთი, რაც ტახტზე საკუთარი ნებით ათქმევინებს უარს - ჯანმრთელობა იქნება.

ივანიშვილი, მდიდარი კაცი ხედავს, სად უფრო მეტს გამორჩება, სად უფრო დაცული იქნება მისი პირადი ინტერესები და აკეთებს იმას, რაც აწყობს, კრემლში კი არ ეშლებათ მდიდრებთან, კლეპტოკრატებთან და ავტორიტარებთან მოქცევა.

რადიო თავისუფლება: რადგანაც ერთხელ უკვე „შეცდით“ და 2030 წლის რუსეთის წარმოდგენა-წინასწარმეტყველება სცადეთ, მეც გამოვიყენებ შანსს და გკითხავთ - როგორი წარმოგიდგენიათ მოლდოვა და საქართველო 2030 წელს, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით?

გალეოტი: საქართველოთი დავიწყებ. ვფიქრობ, რომ საქართველო ორად იხლიჩება ერთი მხრივ, რუსეთთან გეოგრაფიულ და პრაგმატულ მიჯაჭვულობასა - როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით - და, მეორე მხრივ, დასავლეთთან ერთგვარ იდეურ-ფილოსოფიურ ბმას შორის, რაც მოიცავს დასავლურ ღირებულებებს, დემოკრატიას, კეთილდღეობას და ა.შ. და ამ მომენტისათვის, ვფიქრობ, საათის ქანქარა რუსეთისკენაა გადახრილი, რაც, მინდა ვთქვა, რომ მოსკოვში მოფიქრებულ მზაკვრულ გეგმად ან პოლიტიკურ სპეცოპერაციად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, ბევრად უფრო მარტივადაა საქმე - ივანიშვილი, მდიდარი კაცი ხედავს, სად უფრო მეტს გამორჩება, სად უფრო დაცული იქნება მისი პირადი ინტერესები და აკეთებს იმას, რაც აწყობს, კრემლში კი არ ეშლებათ მდიდრებთან, კლეპტოკრატებთან და ავტორიტარებთან მოქცევა. მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი დროებითია - არ მგონია, რომ ახალი ქართული რევოლუციის მომსწრე გავხდებით, მაგრამ ვფიქრობ, 2030 წლისთვის ეს გეოპოლიტიკური ქანქარა ისევ დასავლეთისკენ იქნება გადმოხრილი. გარკვეულწილად იმიტომ, რომ რუსეთი განუხრელად სუსტდება და 2030 წელს - ის ისევ დარჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ რეგიონში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ნაკლები დრო, რესურსები და ხალისი ექნება საქართველოში პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

რადიო თავისუფლება: რუსეთზე ათწლეულებია წერთ, დარწმუნებული ვარ, არაერთი ოლიგარქი შეგისწავლიათ. საინტერესო იქნებოდა მარკ გალეოტის მიერ დახატული ივანიშვილის პორტრეტისთვის თვალის შევლება.

გალეოტი: ჩემთვის ძნელია მას არ შევხედო, როგორც რუს ოლიგარქს, რომელსაც უბრალოდ ქართული პასპორტი აქვს ჯიბეში. მაგრამ არის ძირეული განსხვავება: რუსი ოლიგარქები ქედს უხრიან სისტემას, კრემლს, რომელიც მათ ზედმეტ თავგასულობას არ პატიობს. რუს ოლიგარქებს ასევე უწევთ ანგარიშის გაწევა კოლეგებისთვის, რომლებიც ისეთივე ძლიერები და დაუნდობლები არიან, როგორც თვითონ. მაგრამ როდესაც ივანიშვილზე მიდგება საქმე, ეს არის ოლიგარქი ვაკუუმში, გარემოში, სადაც არ არის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მას ალაგმავდა.

კაცს მორგებული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკა აღებ-მიცემობაა და არა ხალხის ნების გამოხატულება.

რადიო თავისუფლება: კუნძული, სადაც მასზე მონადირე ბუნებრივი მტაცებლები არ არიან.

გალეოტი: სწორედ ასეა. ამიტომ, ცხადია, ის ითვისებს ყველა არსებულ სივრცეს. ეს, სხვათა შორის, ძალიან დამახასიათებელი ნიშანია იმპერიული წყობისა - კაცს მორგებული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკა აღებ-მიცემობაა და არა ხალხის ნების გამოხატულება, არენა, სადაც მოწინააღმდეგე არ ჩანს.

რადიო თავისუფლება: მოლდოვა დაგვავიწყდა.

გალეოტი: დიახ, და მოლდოვაც ძალიან საინტერესო შემთხვევაა - გასაოცარი რამე ხდება დნესტრისპირეთში. ლამის ომის დაწყების დღიდან უკრაინელები მოლდოვას ევედრებიან - შეგვიშვით დნესტრისპირეთში, ავიღებთ და უკან დაგიბრუნებთ, გარდა შეიარაღების უზარმაზარი საწყობისა, რა თქმა უნდა. და მოლდოველები ამბობენ - არა, გთხოვთ, კიდევ უფრო არ დაამძიმოთ ვითარება. დნესტრისპირეთის დღევანდელი მთავრობა არსებული სტატუს-კვოთი კმაყოფილია, რადგან ამით ბევრ ფულს აკეთებენ, მაგრამ რაც უფრო გაიზრდება ევროკავშირში შესვლისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების შანსი, მით უფრო რეალური გახდება სცენარი, რომ დნესტრისპირეთი საბოლოო სახლს მოლდოვაში იპოვის. განსაკუთრებით, თაობათა ცვლის ფონზე. და ასევე, დროთა განმავლობაში მოლდოვა სულ უფრო მეტად დაუკავშირდება რუმინეთს.

რადიო თავისუფლება: ანუ მოლდოვის მომავალი უკეთ გამოიყურება, ვიდრე საქართველოსი.

გალეოტი: კი, ვფიქრობ, ასეა. მოლდოვას გეოგრაფიულად გაუმართლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ როდესაც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ამ მხრივ დაწყევლილია.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG