Accessibility links

”მასწავლებლების ქვეყანა” და მოტყუებული ბავშვები


”კლასი” (2008, ”კედლებს შორის”. ”Entre les murs”, რეჟისორი, ლორან კანტე)

2008 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა, ალბათ, ყველაზე წარუმატებელია ამ კინოფორუმის ისტორიაში. ცუდ ფილმებს ფესტივალის გახსნის დღეს ჩინეთში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრა დაემთხვა. მე პირადად რამდენიმე დღე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ აქ საერთოდ არ ეფესტივალებოდათ. ჟიურის თავმჯდომარემ, შონ პენმა, გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა, მიწისძვრა აუცილებლად იმოქმედებს ჟიურის გადაწყვეტილებაზე, სტიქია და სტიქიასთან ბრძოლა, გარემოს დაცვა კანის კინოფორუმის მთავარი თემები იქნებაო. ასე არ მოხდა. ფესტივალის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჟიურის ასარჩევიც არ ჰქონდა არაფერი. პროგრამა იმდენად ცუდი იყო, რომ ჟურნალისტებმა კანიდან გამგზავრება ფესტივალის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს.

”კედლებს შორის”, რომელიც ჩვენში ამერიკული გაქირავების სათაურიდან თარგმნეს და ”კლასი” უწოდეს, კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ბოლო ფილმი იყო. პრემიერა თითქმის ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართა. როგორც ჩანს, ხალხი, ვინც ლორან კანტეს შემოქმედებას იცნობდა, ამ რეჟისორისგან განსაკუთრებით საინტერესოს არც მოელოდა. ფილმი რომ დასრულდა, დარბაზმა, მგონი, ღრმად ამოისუნთქა: კინოხელოვნება ჯერ მთლად არ დაღუპულა. ერთმა ძალიან საშუალო ფრანგმა რეჟისორმა თავისი მცირებიუჯეტიანი, უპრეტენზიო, კამერული ფილმით, შეიძლება ითქვას, გადაარჩინა კანის კინოფორუმი. ოფიციალური პრემიერის წინ სცენაზე ავიდნენ ფილმის გმირები, პარიზის მეთვრამეტე რაიონის რომელიღაც ”ძნელი სკოლის” მოწაფეები, არაპროფესიონალები, რომლებმაც ეკრანზე თავიანთი თავი ითამაშეს - და ბევრად უკეთ, ვიდრე ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, რომლებიც კანის ფესტივალის გახსნის პირველივე დღიდან წითელ ხალიჩაზე, წვიმიან ამინდში, აქაური პუბლიკის გართობას ცდილობდნენ. შონ პენის ჟიურიმ მაშინ სიმართლეს დაუჭირა მხარი - ”კედლებს შორის” კანის ფესტივალის ”ოქროს პალმით” დაჯილდოვდა.

ამ დღეებში, როცა 15 წლის ბიჭის სიცოცხლის ტრაგიკულ დასასრულზე ვმსჯელობთ, როცა ნერვები გვღალატობს, ვბოროტდებით, ერთ კონკრეტულ დამნაშავეს ვეძებთ (მაშინაც კი, როცა ერთ კონკრეტულ დამნაშავეს ”სისტემას” ვუწოდებთ), პათეტიკას და სიყალბეს ვერ ვუმკლავდებით, ორმა ლოზუნგმა დაუწყო ერთმანეთს ბრძოლა საქართველოში - ”ამ ცხოვრების დედა ვატირე!” და ”ცხოვრება მშვენიერია!”. ლოზუნგი, სამწუხაროდ, ჩვენი არსებობის წესი გახდა. ამას ხედავენ ბავშვები. ხედავენ და ამიტომ კიდევ უფრო მარტოდ და მიტოვებულებად გრძნობენ თავს. ის ხომ მაინც ვიცით, რომ ბავშვები არც კეთილები არიან, არც ბოროტები, არც ანგელოზები და არც ეშმაკები. უფრო მეტიც, ზოგჯერ ძალიან, ძალიან სასტიკები არიან, მაგრამ სიყალბეს და პათეტიკას ნაღდად ვერ იტანენ. ხედავენ ამას. უფროსებზე უკეთ ხედავენ. და იმასაც ხედავენ, როგორ არ ვენდობით მათ.

„კედლებს შორის“ თითქმის მთლიანად ახლო ხედებზე აგებული ფილმია. თუმცა ყველაფერი აწყობილია არა იმდენად სახეებზე, რამდენადაც მზერაზე. ლაპარაკობენ ბევრს, მაგრამ თავისუფლად შეგიძლია ტექსტს აღარ უსმინო და მხოლოდ უყურო „მზერათა ქორეოგრაფიას“. სიტყვა მნიშვნელოვანია, მაგრამ კონფლიქტს, დაძაბულობას არა იმდენად სიტყვა, კამათი, აზრების შეჯახება, რამდენადაც სწორედ მზერათა შეჯახება ქმნის. არადა, არაპროფესიონალები არიან - „მსახიობ ბავშვებს“ თავიანთი სახელებიც კი შენარჩუნებული აქვთ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში რეჟისორები ერიდებიან ხოლმე ახლო ხედებს, მაგრამ ლორან კანტე ენდო ამ ბავშვებს და სწორედ ამ ნდობამ გაამარჯვებინა

ნდობა სამყაროს მიმართ, მაყურებლის მიმართ, ნდობა კინოს მიმართ ლორან კანტეს ფილმის მთავარი ღირსებაა. ამბავი ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელზე, რომელსაც ძირითადად ემიგრანტებით (მათ შორის არალეგალური ემიგრანტებით) სავსე კლასში მოუხდა შესვლა, ისეა გადაღებული, თითქოს რეჟისორმა გამონახა იდეალური კუთხე თავისი კამერისთვის, ”კედლებს შორის” მოათავსა და ასე, ”სიმულტანურად” აღბეჭდა ის, რაც ზედაპირზეა, და ისიც, რაც არ ჩანს, ამ ადამიანების ზურგს უკანაა. კამერის მიმართ ნდობამ, მასზე ძალდატანების უარყოფამ, მთლიანობაში, ობიექტურთან ძალიან ახლოს წარმოგვიდგინა მთელი ფრანგული საზოგადოების მოდელი, თანამედროვე სამყაროს მოდელი, იმ სამყაროსი, სადაც ადამიანებს, თაობებს პირველ რიგში ნდობა აქვთ დაკარგული ერთმანეთის მიმართ. კანტეს სურათში სასწავლო წელი სრულდება, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ გგონია, რომ დაესწარი ერთ გაკვეთილს, ნდობისა და უნდობლობის გაკვეთილს.

ფილმს „კედლებს შორის“ საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების წიგნი, რომლის ავტორი, ფრანგი ჟურნალისტი ფრანსუა ბეგოდო, ლორან კანტემ მთავარი როლის შემსრულებლად აიყვანა. „კედლებს შორის“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ბეგოდო გვიამბობს თავისი ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა სორბონის დიპლომით „ძნელი უბნის“ „ძნელ სკოლაში“ გაანაწილეს. გადაწყვიტა ბავშვებისთვის, როგორც თავად ამბობს, „დემოკრატია ესწავლებინა“, მაგრამ მთელი ეს წვალება ერთი შავკანიანი გოგოს სიტყვებით დასრულდა: „მე ვერაფერი ვისწავლე, მუსიე“.

„წიგნის წერისას სამი ამოცანა დავუსახე ჩემს თავს - წერს ბეგოდო: „არავითარი ფსიქოლოგიზმი, არავითარი „ძალით იუმორი“ და მხოლოდ კონკრეტიკა“. მაგრამ იუმორი მაინც ბევრი გამოვიდა. იუმორი თავად კონკრეტიკამ შექმნა. ფილმის ერთი პერსონაჟი, ესმერალდა, თავისებურად განიხილავს პლატონის „რესპუბლიკას“: „უცნაურ წიგნებს კითხულობდა ეს ხალხი. ის ტიპი რომაა, სოკრატე... კითხვები, რომელსაც ისინი სვამენ, აბნევს ადამიანებს“.

გეცინება ბავშვებზე. გეცინება ერთ-ერთ ყველაზე პესიმისტურ ფილმზე თანამედროვე კინოში. ერთი წელი იწვალა - ანა ფრანკის დღიურები აკითხა, პლატონზეც უამბო, ვოლტერზე, დიდროზე, ფეხბურთი ეთამაშა, მშობლებს შეხვდა... მაგრამ არდადეგების წინ, კითხვაზე, რა დაგამახსოვრდათ იმისგან, რაც ვისწავლეთო, ერთმა უპასუხა, სპერმატოზოიდისგან რომ ვიბადებითო, მეორემ კი - ვერაფერი ვისწავლეო.

დეპრესიაში ჩავარდები, აბა, რა მოგივა! აუცილებლად დაემსგავსები კლოუნს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ხვდება, რომ ვეღარ აცინებს პუბლიკას.

კარგი გრძნობაა ეს. ძალიან კარგი. ამას როცა გაიაზრებ, შეიძლება ახლებურად დაიწყო ცხოვრება. შეიძლება მიხვდე, რომ მასწავლებლობას ისევ მოწაფეობა სჯობს.

ადრე ლევან ბერძენიშვილი წერდა, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველას მასწავლებლობა უნდაო. აი, ახლაც, ასეთი ტრაგედია მოხდა და ხალხი ისევ მასწავლებლობს. ჯერ აიტაცეს ლოზუნგი ”ამ ცხოვრების დედაცო”, მერე შეეშინდათ და შეცვალეს - ”ცხოვრება მშვენიერიაო!”. ეს ჯობია ვუთხრათ ბავშვებსო. ჩავიკუზოთ და ისე ვასწავლოთო, ”მათ ენაზეო”.

თუ მასწავლებლობთ, ჯობია ის ასწავლოთ ბავშვებს, რომ სპერმატოზოიდისგან გავჩნდით. ამაში მაინც ნუ იტყუებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG