ავტორი: გიორგი მიქავა
გათენდება ისეთი დღე, როცა მიხვდები, რომ ის ადამიანი აღარ ხარ, ვინც გუშინ იყავი.
გათენდება ისეთი დღე, როდესაც ხარი დაამარცხებს მატადორს. მარცხის შემდეგ ხმაურზე რთული სიჩუმე იქნება, მარტო იდგები იმ სამყაროს ფერფლში, რომელშიც აქამდე ცხოვრობდი. მარცხზე რთული იქნება გადაურჩე სიჩუმეს, რომელმაც შენში დაისადგურა.
შენ ადგები და ივლი იქამდე, სანამ ფერფლი შენს ირგვლივ გზად არ იქცევა, ივლი იქამდე სანამ შენი მარცხის ხმაური შორეული ექო არ გახდება, ივლი, რადგან შენ იმისთვის არ გიბრძოლია, რომ შენი ნაშენები სამყაროს ნანგრევებში დაიმარხო სამუდამოდ.
რთულია დააფასო გამარჯვება, როდესაც მარცხი არასდროს გიგემია, მაგრამ ერთ დღესაც ხარმა საწადელს მიაღწია და რქა გამოგკრა. ახლა უკვე იცი რამდენად ძვირფასი იყო შენი ყოველი დღე, როდესაც გამარჯვებული დადიოდი კორიდის ცენტრში.
დგახარ და შენი სხეული სისხლსა და მტვერშია ამოსვრილი, ახლა უკვე შენც იგემე დამარცხების სიმწარე. შენ ისევ დგახარ, ბევრი შენი ერთგული დარჩა, მაგრამ შენ იცი, რომ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მარტო ხარ და ამჯერად შენს პირისპირ ყველაზე ძლიერი მეტოქეა, ვისაც აქამდე შეხვედრიხარ და ეს მეტოქე ხარ შენ.
ახალი სამყაროს შენება უნდა დაიწყო იმ ფერფლისგან, მტვრისგან და სისხლისგან, რაც დარჩა, მაგრამ ამჯერად უფრო ძლიერი ხარ, უფრო ჭკვიანი და რაც მთავარია უკვე იცი, როგორ უნდა დამარცხდე ისე, რომ არ დაეცე, იცი გამარჯვების ფასი.
ყველაფერს თავიდან იწყებ, ირგვლივ წყვდიადია, მაგრამ სწორედ ეს წყვდიადი დაგანახებს რამდენად კაშკაშა ხარ შენ. ყველა იარა გაგახსენებს, რამდენად ახლოს იყავი მარცხთან და როგორ შეძელი წამოდგომა. ფერფლსაც კი, რომლითაც ახალ სამყაროს შექმნი, ყოველთვის ემახსოვრება, რამდენად ძლიერი იყო ცეცხლი.
და შენი დაბრუნება დაიწყება იმ წამიდან, როდესაც დაეცი.
შენი დაბრუნება დაიწყება იმ ადგილიდან, რომელიც ბევრმა შენს საფლავად მიიჩნია.
შენ დაბრუნდები უფრო ძლიერი, რადგან შენ არ ხარ რიგითი მატადორი, შენ ხარ ილია თოფურია.
ფორუმი