Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეგრელთა საქმე“, ანუ „იების კრეფის“ სეზონი


1951 წელს, სტალინმა წამოიწყო რეპრესიების ციკლი, რომელიც შემდეგმეგრელთა საქმით” გახდა ცნობილი. ერთიმეორის მიყოლებით აპატიმრებდნენ მეგრელებს, რომლებსაც იმ პერიოდში საქართველოში ცენტრალური თანამდებობები ეჭირათ. მათ ბრალი ნაციონალური დაჯგუფების შექმნასა და ღალატში ედებოდათ. დაპატიმრებების სერია 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შეჩერდა.

70 წლის წინ ცკ-ის მდივანი მიხა ბარამია მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში იმ იმედით ჩაჯდა, რომ სტალინს შეხვდებოდა და პირადად აუხსნიდა, თუ რამდენად აბსურდული იყო მეგრელთა საქმეში ჩამოწერილი ბრალდებები. კომპარტიის ბელადთან შეხვედრა მან ვერ მოახერხა. მოგვიანებით სტალინმა კანდიდ ჩარკვიანს უსაყვედურა, მოსკოვში საერთოდ რატომ გამოუშვითო.

მოულოდნელი ბრძანება

1951 წლის 9 ნოემბერს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ცენტრალურმა კომიტეტმა გამოსცა დადგენილება „საქართველოში მექრთამეობისა და ამხ. ბარამიას ანტიპარტიული ჯგუფის შესახებ“, რომელშიც ეწერა:

უკანასკნელ ხანში სკპ ()ცკ-ში შემოვიდა ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოში ძალიან არის გავრცელებული მექრთამეობა... საქართველოს კომპარტიის ცკ- შიგნით, ისევე როგორც ცკ- აპარატისა და მთავრობის შიგნით, არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მფარველობს მექრთამეებს და ცდილობს ყოველგვარი საშუალებით დაიხსნას ისინი. ფაქტები მეტყველებს, რომ ამ ჯგუფის სათავეში დგას საქართველოს კომპარტიის ცკ- მეორე მდივანი მიხეილ ბარამია. ეს ჯგუფი მეგრელი ნაციონალისტებისაგან შედგება“....

დადგენილება გრძელია და მასში ბარამია მოხსენიებულია, როგორც მექრთამე მეგრელთა მფარველი და მეგრელების შეფი. ამას მოსდევს წინადადება, ჩამოაშორონ აღნიშნული პირები თანამდებობებს, დაემხოს ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა.

მარცხნიდან: ვასო გოგუა, მიხა ბარამია, ზაქარია ჩხუბიანიშვილი, კანდიდ ჩარკვიანი
მარცხნიდან: ვასო გოგუა, მიხა ბარამია, ზაქარია ჩხუბიანიშვილი, კანდიდ ჩარკვიანი

ეს დადგენილება მაშინდელ პოლიტიკურ ელიტას თავზე მეხივით დაეცა. ყველა სათითაოდ ამბობდა, რომ ის არავისთან იყო შეთანხმებული, მათ შორის არც საქართველოს და არც მოსკოვის ცენტრალური კომიტეტის მდივნებთან: ლავრენტი ბერიასთან, გიორგი მალენკოვთან ან კანდიდ ჩარკვიანთან. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებს სტალინი აწერდა ხელს, ბევრმა ვერც მაშინ და ვერც მერე ვერ დაიჯერა, რომ ამ საქმის ინიციატორი თუ არა, მთავარი როლის შემსრულებელი სწორედ ის იყო.

დედას ბოლომდე სჯეროდა, რომ სტალინი მოატყუეს“! - ამბობს სერგო ბარამია, მიხეილ ბარამიას უმცროსი შვილი, რომელიც მაშინ ათი წლისაც არ იყო. სკოლაში დაეცა და „ლეჩკომბინატში“ მკურნალობდა. მიხა ბარამია სწორედ საავადმყოფოდან გამოსული დააპატიმრეს, სადაც ის შვილის სანახავად იყო მისული. მოგვიანებით დააკავებენ მის მეუღლესაც და დასაც. - „დედაჩემს მამაჩემზე მძიმე სტატია ჰქონდა მიყენებული - შპიონაჟი. ვითომ ომის დროს მამა დედაჩემის მეშვეობით თურქეთში რაღაც [საიდუმლო] მასალებს აწვდიდა“.

ალექსანდრა იოსავა, მიხა ბარამიას მეუღლე
ალექსანდრა იოსავა, მიხა ბარამიას მეუღლე

საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ყვება, რომ დაკავებულებს ბრალდებოდათ კავშირი დასავლეთსა და ქართულ ემიგრაციასთან. თუმცა იყო მხოლოდ ბრალდებები, არ იყო სამხილები.

„ამგვარი ბრალდებები საბჭოთა პარტიისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. სტალინის რეალური მიზანი ძალაფლების შენარჩუნება გახლდათ. ის მუდმივად მიმართავდა მსგავს ხერხს იმისთვის, რომ ვინმე ზედმეტად არ აღზევებულიყო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ვინ შეიძლება აღზევებულიყო? ყველა ეჭვი მიდიოდა ლავრენტი ბერიამდე. მას ჯერ საქართველოში და შემდეგ მოსკოვში წამყვანი თანამდებობები ეჭირა: იყო სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი, სსრკ-ის შინაგან საქმეთა კომისარი, ხელმძღვანელობდა ატომური ბომბის შექმნის პროცესს. მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ უკვე სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერიას ხელისუფლებიდან ჩამოცილება მხოლოდ შეთქმულებითა და მისი ლიკვიდაციით მოხერხდა.

24 ტომის მასალები

1989 წელს გერმანე ფაცაციამ „სახალხო განათლებაში“ გამოაქვეყნა წერილი „უზნეობის ზეიმი“.

„ეს წერილი რომ წავიკითხე, მაშინ დავინტერესდიმეგრელთა საქმით“. თან ძალიან ახლოს ვიცნობდი ოთარ ხატიაშვილს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსი იყო. ვისარგებლე ამ ნაცნობობით და ვთხოვე არქივში შევეშვი. უარი არ უთქვამს. მერე აირია ქვეყანა და არქივიც დაიწვა. ერთ დღესაც დამირეკა მაშინდელმა გენერალური პროკურორის მოადგილემ ვახტანგ გვარამიამ, მოდიო. მივედი და ვხედავ, კაბინეტში 24 ტომი უდევს. შენ რომ გაინტერესებს, ეს ის საქმეა და იმუშავეო. თურმე არქივი რომ დაიწვა, იქ მყოფმა მეგრელებმა ეს ტომები გამოიტანეს და გადაარჩინეს“, - ამბობს „საქართველოს რესპუბლიკის“ პასუხისმგებელი რედაქტორი ალეკო ასლანიშვილი, რომელმაც ამ საარქივო მასალებზე დაყრდნობით წიგნი დაწერა - „მეგრელთა საქმე“. აქ დეტალურადაა მოთხრობილი იმ რეპრესიების შესახებ, რომლებიც 1951-1953 წლებში ჩაატარეს. კერძოდ, წერია, რომ მეგრელებს ხსნიდნენ თანამდებობებიდან, რიცხავდნენ პარტიიდან, აპატიმრებდნენ, ძირითადად იჭერდნენ მოქმედ ან ყოფილ რაიკომის მდივნებს. ამ პერიოდში თურმე მწარე ხუმრობაც გავრცელდა: „საქართველოში იებს კრეფენო“, რაც იმას ნიშნავდა, რომ იაზე დაბოლოებული გვარის პატრონებს „კრეფდნენ“.

საარქივო მასალებმა შემოინახა დაპატიმრებულ პირთა ვინაობა

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი კოტე ბზიავა, რესპუბლიკის პროკურორი ვლადიმერ შონია, იუსტიციის მინისტრი ჭიჭიკო რაფავა, კომპარტიის ცკ-ის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია, თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის მდივანი ნინა ჟვანია, უშიშროების თანამშრომელი გრიგოლ კარანაძე, ცკ-ის მდივანი პეტრე შარია, ცხაკაიას (ახლანდელი სენაკი) ყოფილი რაიკომის მდივანი ალექსანდრე კვარაცხელია, წალენჯიხის რაიკომის ყოფილი მდივანი მიხეილ კვარაცხელია, ხობის რაიკომის მდივანი მიხეილ სორდია, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი მარიამ ჭკადუა, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი ალიოშა მირცხულავა, ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივანი გრიგოლ კოკაია, უშიშროების სამინისტროს ზუგდიდის რაიგანყოფილების უფროსი ლ. გაბისონია, გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილი) რაიკომის ყოფილი მდივანი პართენ კორთხონჯია, ცხაკაიას რაიკომის მდივანი ვალერიან გუგუნავა, ზემო სვანეთის რაიკომის მდივანი ვლადიმერ სიჭინავა, აჭარის საოლქო კომიტეტის ყოფილი მდივანი კირილე ბეჭვაია, აბაშის რაიკომის მდივანი სევერიან ებრალიძე, ჩხოროწყუს რაიკომის მდივანი მამანტი პაჭკორია, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გამგე მამია ზოდელავა, ფოთის პორტის უფროსი კოსტანტინე რეკვავა, მიხეილ ბარამიას და ლიდია ბარამია, ჩხოროწყუს რაიკომის ყოფილი მდივანი ვარლამ მზარელუა, გალის რაიკომის მდივანი ანტიფო ჭეჟია, აჭარის საოლქო კომიტეტის ყოფილი განყოფილების გამგე აკაკი კილასონია, აფხაზეთის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვ. კალანდია, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ე. ჯიქია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი გ. პაპასქუა, აგარის შაქრის ქარხნის დირექტორი რაფიელ კვირკველია და ა. შ. - დაახლოებით, 40 კაცამდე.

რეპრესიების გატარება დიდწილად დაევალა მაშინდელი უშიშროების მინისტრს, ნიკოლოზ რუხაძეს, და საქართვლოს ცკ-ის პირველი მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს.1952 წელს მოსკოვში მიიჩნიეს, რომ კანდიდი საქმეს კარგად ვერ უძღვებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად აკაკი მგელაძე დანიშნეს. კიდევ უფრო გვიან სტალინი რუხაძესაც (როგორც მორიგ აღზევებულს) ციხეში ჩასვამს და დახვრეტას მიუსჯის, იგი განაჩენის აღსრულებამდე გულის შეტევით გარდაიცვლება.

რაც შეეხება თავად ლავრენტი ბერიას:

ბერია არ ერეოდა. არ სურდა, ამ ქსელთან მისი რამე კავშირი გამოჩენილიყო. ყველა ხვდებოდა, რა იყო ამ წმენდის მიზეზი, მაგრამ არავინ იცის ეს დამთავრდებოდა უშუალოდ ბერიას ლიკვიდაციით თუ, უბრალოდ, საზღვრების დაწესებით და ქსელის მონაწილეების სხვა პირებით ჩანაცვლებით“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ლავრენტი ბერია
ლავრენტი ბერია

ალეკო ასლანიშვილი წერს, რომ პატიმრებს აწამებდნენ და სთხოვდნენ „თანამზრახველები“ დაესახელებინათ. ბრალდებები ერთმანეთზე აბსურდული იყო. მაგალითად, კირილე ბეჭვაია ჩვენებაში წერს: პოლკოვნიკმა სტეპანოვმა ბრალად დამდო, რომ მე ვარ თურქეთის, ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთის ჯაშუში. ბოლოს რატომღაც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, ბრაზილიის ჯაშუშიც ხარო, რის თაობაზეც მოგვიანებით სპეციალურად დამკითხეს“.

პატიმრები უმეტესად სამარტოო საკნებში ისხდნენ, მათ არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას, თვეობით არ ხსნიდნენ ბორკილებს, ურტყამდნენ - ავქსენტი რაფავას ყოფილ ცოლს ორჯერ სცემეს, რომ პატიმარს მისი წივილ-კივილი მოესმინა.

დაპატიმრებული იყო მიხეილ ბარამიას მეუღლე ალექსანდრა იოსავაც.

ერთხელ დედა დაკითხვაზე ჰყავდათ გაყვანილი. ალბათ, ვერ პასუხობდა იმას, რაც იმათ სჭირდებოდათ. ამ დროს ქალის კივილი მოესმა, ეს შენი ქალიშვილიაო, უთხრეს. სინამდვილეში, ჩემი და არ იყო დაჭერილი. დედა 8-9 თვე მარტო იჯდა საკანში, მუდმივად ჰკითხავდნენ, ღამეც იძახებდნენ... მე მაინც მგონია, რომ მამაჩემზე იყო ზეწოლა (წამება), არასდროს ამაზე არ უსაუბრია, მაგრამ რაღაც იყო მასში ისეთი... მოსკოვიდან, რეაბილიტაციის შემდეგაც, ეგრევე არ გამოუშვიათ, ორი კვირა მკურნალობდნენ“, - იხსენებს სერგო ბარამია.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წამების ყველა სახეს იყენებდნენ, პატიმრებმა ზეწოლას დიდხანს გაუძლეს, რის გამოც ბევრი, ვინც შეიძლებოდა მათ კვალდაკვალ დაეჭირათ, გადარჩა. თუმცა მეგრელთა საქმე მაინც ასობით ადამიანს შეეხო. ზოგი მათგანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ზოგი პარტიიდან გარიცხეს, ზოგი კი დააქვეითეს.

ნინა ჟვანია
ნინა ჟვანია

ამასობაში გაჩნდა შიში, რომ სტალინს შესაძლოა მთელი სამეგრელო აეყარა და გაესახლებინა.

არსად ჩანს მასალებში კვალი, რომ ზოგადად მეგრელების გადასახლება იყო დაგეგმილი. ეს უფრო არის გამოძახილი იმისა, რომ პარალელურად მიმდინარეობდა მასობრივი რეპრესები და ხალხიც მიჩვეული იყო იმას, რომ მოულოდნელად გარკვეული ნიშნით შეიძლებოდა ხალხი გადაესახლებინათ“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

სურათი შავი არშიით

არავინ იცის, რით და როგორ დასრულდებოდა „მეგრელთა საქმე“, მოულოდნელად სტალინი რომ არ მომკვდარიყო. პროლეტარიატის 74 წლის ბელადი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. მაშინვე ჩამოაყენეს ეშელონი და მეგრელთა საქმეზე დაკავებული 40-მდე ადამიანი მოსკოვში გაამგზავრეს. ბნელ, დახურულ ვაგონში ისე შეყარეს, არც უთქვამთ, სად და რატომ მიდიოდნენ. სადგურზე შავარშიაშემოვლებული სტალინის სურათი დაინახეს, იკითხეს, რა მოხდაო, უპასუხეს, რომ მოკვდა.

წარმოიდგინეთ, კომუნისტები, ბოლშევიკები იყვნენ - ტირილი დაიწყეს. მთელი ვაგონი გლოვობდა“, - ამბობს სერგო ბარამია. მატარებლის მგზავრებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ სწორედ სტალინის სიკვდილმა იხსნა ისინი დახვრეტისგან თუ არა, ხანგრძლივი პატიმრობისგან მაინც. მოსკოვში, სადაც საბოლოოდ ჩავიდნენ, მათი საქმე კომისიამ ხელახლა განიხილა. - სრული რეაბილიტაცია მოხდა, ის ხელფასიც კი გადაუხადეს, რომელიც ამ წლების განმავლობაში არ აეღოთ“.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წლის 27 მარტს, გამოიცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც საბჭოთა პატიმრების თითქმის ნახევარმა ციხეები დატოვა. ამნისტია შეეხო მილიონზე მეტ ადამიანს, მაშინ როცა პატიმართა სრული რიცხვი იმ მომენტისთვის ორ მილიონს აჭარბებდა. დღემდე ეს ითვლება ყველაზე ფართომასშტაბიან ამნისტიად საბჭოთა კავშირის და შემდეგ რუსეთის არსებობის ისტორიაში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG