ბიძინა ივანიშვილის პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვებით, “მედიის კანონის” მიზანი “ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად” და “BBC-ის სტანდარტებით”, მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დადგენაა.
მდინარაძემ დაამატა, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, მედიაორგანიზაციებს უცხოური წყაროებიდან დაფინანსებაც შეეზღუდებათ, თუმცა იქვე განმარტა, რომ “ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს”.
“ქართული ოცნება” ამ ცვლილებების მიღებას სადავო პარლამენტში, ერთი პარტიისა და ამ პარტიიდან გამოყოფილი “ოპოზიციის” მიერ, მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში გეგმავს.
პაპუაშვილი: მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები”. კანონპროექტის ტექსტი ჯერ არ არსებობს, ან არ გასაჯაროებულა. მდინარაძესაც არ დაუკონკრეტებია, როგორი მექანიზმების შემოღებას ფიქრობენ, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ჟურნალისტები ქართულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დასმული კითხვის პასუხის მოსაპოვებლად დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან გადაამისამართა.
“ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ”, - თქვა პაპუაშვილმა 6 ნოემბერს.
მივმართეთ ბრიტანული მედიასტანდარტების შესახებ საჯარო წყაროებს
ბრიტანულ ბეჭდურ და ონლაინ მედიაში სტანდარტების მთავარი გამტარი “მედიის სტანდარტების დამოუკიდებელი ორგანიზაციაა” (Independent Press Standards Organisation (IPSO)), რომლის სარედაქციო კოდექსს ადგილობრივ გამოცემათა უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ნაწილი იზიარებს.
IPSO მედიის თვითრეგულირების კლასიკური მაგალითია. მისი მსგავსია ქართული ჟურნალისტის ეთიკის ქარტია, თუმცა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის 6 თებერვლის კომენტარებიდან ირკვევა, რომ მმართველი პარტია საქართველოში დამკვიდრებული მედიის თვითრეგულირების მექანიზმებით არ არის მოხიბლული. შესაბამისად, წინასწარგამოცხადებული, მაგრამ ჯერ არგაცხადებული, მედიასტანდარტების დაცვის “მექანიზმებში”, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაწესებულება უნდა იგულისხმებოდეს.
ბრიტანული მაგალითით, შესაძლოა, ბრიტანეთის კომუნიკაციების ოფისზე (Ofcom) იყოს საუბარი, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანოა და მისი მანდატი ეროვნული მაუწყებლების რეგულირებაა. მიმსგავსებულ ფუნქციებს საქართველოში კომუნიკაციების კომისია ასრულებს.
BBC-ის სტანდარტი - მთავრობისგან დამოუკიდებლობა
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრისთვის, მათ შორის მდინარაძისთვის, BBC-ის სტანდარტები სანდოობასა და მაღალ ხარისხთან - სამართლიან გაშუქებასთან, ფაქტების სიზუსტესთან, მიუკერძოებლობასა და საჯარო ინტერესის ერთგულებასთანაა ასოცირებული, სარედაქციო პოლიტიკის მთავრობისგან დამოუკიდებლობაა.
სპეციალური კონსტიტუციური დოკუმენტი “სამეფო ქარტია”, ხაზგასმით უკრძალავს მთავრობას მის სარედაქციო პოლიტიკაზე ზემოქმედებას.
დამატებით, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის დამოუკიდებლობის გარანტორია ასევე და არა მხოლოდ ბრიტანეთის კომუნიკაციების ოფისი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და ბრიტანეთის პარლამენტი, არამედ თავად BBC-ის შიდა რეგულაციის სამსახურები, რომლებიც მოქალაქეების საჩივრებს განიხილავენ და მათ გამოთხოვილ ინფორმაციას აწვდიან.
BBC-ის სტანდარტების სადარაჯოზეა ასევე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო, ბრიტანეთის პარლამენტი. BBC საჯარო მაუწყებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოსავლების უდიდესი წილი მათი მაყურებელი და გამომწერი ბრიტანელების გადასახადებითაა უზრუნველყოფილი.
BBC-ის ანალოგი საქართველოში “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია”, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” ერთად, ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სამიზნეა: საზოგადოებრივი ჯგუფების და თავად მისი თანამშრომლების ნაწილის აზრით, მენეჯმენტმა სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების კონტროლს დაუქვემდებარა, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სათანადოდ გაშუქება და მოქალაქეების ინფორმირება ვერ შეძლო და ამის გამო, მისმა ხელმძღვანელობამ თანამდებობები უნდა დატოვონ.
“ქართული ოცნების” მიერ ქართული მედიისთვის “ბრიტანული სტანდარტით რეგულირების“ განზრახვის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებლის “მოამბის” მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილმა წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, საზოგადოებას აუწყა, რომ ის დროებით ჩამოაშორეს ეთერს.
Სანამ “ოცნების” მიერ ზეპირად დაპირებული “BBC-ის სტანდარტის” ქართული დეტალები გაირკვევა, უცნობია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მმართველი პარტია “ბრიტანული სტანდარტების” გავრცელებას სხვა ქართულ მაუწყებლებზეც და მედიაორგანიზაციებზეც ფიქრობს, რომელთა ყველაზე გავლენიანი ნაწილი კერძო კომპანიებია.
და მაინც, რატომ “ბრიტანული სტანდარტი”?
ბრიტანული კომუნიკაციების ოფისის ქართული, უხეში ანალოგი, როგორც ეროვნული მარეგულირებელი, საქართველოს კომუნიკაციების კომისია - კომკომია.
დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ოფისი საჩივრებს მაუწყებლობის შესახებ კოდექსზე დაყრდნობით განიხილავს და შეუძლია, მაუწყებელს ინფორმაციის სათანადო წესით გასწორება დაავალოს, ხოლო სერიოზული ანდა განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში, მაუწყებელი დააჯარიმოს ან მას ლიცენზიაც შეუჩეროს.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ბრიტანეთში მოქმედ კომუნიკაციების ოფისთან შედარებისას, არსებითი სხვაობები ჩანს. მაგალითად, ქართული კომისიისგან განსხვავებით, ბრიტანულ სააგენტოს გამოქვეყნებული ფაქტების სიზუსტის ან საინფორმაციო მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის უფრო ფართო მანდატი აქვს; ის ასევე მომხმარებელთა უფლებების და უსაფრთხოების კუთხით, ციფრულ და სოციალური მედიის პლატფორმებსაც უფრო აქტიურად არეგულირებს. თუმცა, ქართულ უწყებასთან უმთავრესი სხვაობა არც მისი მანდატის ჩარჩოებშია და არც ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაში.
მედიის რეგულირების გაფართოების ან სულაც შეკვეცის შეფასებისას, ამოსავალი წერტილი არა სხვა სახელმწიფოში მოქმედი მარეგულირებლის ან კანონმდებლობის არსებობაა (ბიუროკრატიულ ენაზე, “კარგი პრაქტიკები”), არამედ ეროვნულ კანონმდებლობაში შემოთავაზებული ცვლილებების საჭიროების და მიზნის დასაბუთება - რა პრობლემის გადაჭრას ემსახურება ინიციატივა, როგორ მოახერხებს ამას და როგორ დააზღვევს თანმდევი რისკებისგან?
პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, “ფეიკ ნიუსებთან” ბრძოლა თანამედროვე დემოკრატიებისთვის “ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა”. არც პაპუაშვილს და არც მის პარტიას დღემდე არ უღიარებია, რომ ბოლო თვეებში არაერთ ქართველ ჟურნალისტზე დღემდე გამოუძიებელი თავდასხმა პრობლემაა, ხოლო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა საგამოძიებო თუ სამაუწყებლო ინსტიტუციებზე მათი პარტიის და მისი მილიარდერი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენაა.
ბრიტანული სააგენტოსგან განსხვავებით, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მედიის ექსპერტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მრავალი კითხვა აქვთ. მედიაორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ როდესაც “ქართული ოცნება” ინიციატივას “ფეიკ ნიუსებთან” ბრძოლის სურვილით ასაბუთებს, ასეთში, არსებითად, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის გაშუქებას გულისხმობს. შესაბამისად, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების მიერ ხშირად გავრცელებულ დეზინფორმაციას არაფერი ემუქრება - ამჯერად, შესაძლოა, არც კომპანია Meta-სგან.
თუმცა, შესაძლოა, მედიის რეგულირების ლიბერალურმა ამერიკულმა პრაქტიკამ და თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ცენზურისადმი დამოკიდებულებამ “ქართული ოცნება” ალბიონამდე მიიყვანა.
ცილისწამება
“ქართული ოცნების” მმართველობისას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო ნორმების მიღების მოთხოვნა, სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან ხშირად ისმის. ახალი ინიციატივის ფონზე “ცილისწამების“ საბაბით მედიის და ინდივიდუალური ჟურნალისტების დასჯის საფრთხეც შესაძლოა რეალური გახდეს.
ბოლო წლებში, ბრიტანეთმა ცილისწამების კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ გააუმჯობესა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის გაცილებით უფრო მკაცრად მიიჩნევა, ვიდრე საქართველოში მოქმედი რეგულაციები.
ამავე დროს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა სასამართლო პრაქტიკის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, და კანონმდებლობის დახვეწის საერთო ტენდენციით უფრო ფასდება.
ერთი საკითხია, თუ რამდენად “მედია-მეგობრულია” კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა და რას აკეთებენ კანონმდებლები სიტუაციის გაუმჯობესებისთვის; სულ სხვა საკითხია, რამდენად ხშირად უჩივის აღმასრულებელი ხელისუფლება მედიას “ცილისწამების” გამო სასამართლოში მასზე შურისძიების მიზნით ან რამდენად ძლიერია ამის აღქმა.
დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში, ცილისწამების გამო ჩივილით, მედიაზე შურს ხშირად დიდი კორპორაციები იძიებენ - მათთვის ფინანსური ზარალის მისაყენებლად ან უბრალოდ დასაშინებლად. ეს განსაკუთრებული პრობლემაა ბრიტანეთშიც, სადაც მომჩივანს, გავრცელებული დაკვირვებით, მედიის წინააღმდეგ საჩივარი უბრალოდ დაშინების ან მედიის რესურსების გაფლანგვის მოტივით არ შეაქვს - ხშირად, მოგების იმედი აქვს.
2023 წელს, ბრიტანეთმა ეკონომიკური დანაშაულისა და კორპორაციული გამჭვირვალობის აქტი მიიღო, რომელმაც ბიზნესჯგუფებს ცილისწამების გამო სასამართლოში ჩივილით მედიაზე შურისძიება საგრძნობლად შეუზღუდა. თუმცა, ევროკავშირში არსებული კანონმდებლობა შედარებით უფრო პროგრესულია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში დასანერგად, სადაც ბიზნესი კი არა, არამედ, პირველ რიგში, მთავრობები არ სწყალობენ დამოუკიდებელ მედიას.
მედიის ექსპერტები, ამ კუთხით, საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციაზე მიუთითებენ.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) დაკვირვებით, “ცილისწამების” მუხლით მედიაზე შურისძიების საფრთხე 2021 წლიდან უკვე შემდგარ პრობლემადაა ქცეული. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ამ პერიოდიდან, საქართველოში ცილისწამების მოტივით მედიის და უფლებადამცველების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავები და სასამართლოს მიერ მომჩივნის სასარგებლოდ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები საგრძნობლად მოხშირდა.
პოლიტიკურად მოტივირებულ ასეთ სამართლებრივ დავებს მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაციები SLAPP-ს (slap - ალიყური) უწოდებენ (Strategic Litigation against Public Paritipation - სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სამართალწარმოება).
GDI ასევე ერთ საინტერესო ტენდენციას აღნიშნავს: ჟურნალისტების წინააღმდეგ ხშირად არა თავად პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები, არამედ მათთან დაახლოებული ან, სავარაუდოდ, გარიგებული პირები ჩივიან; ამის გამო, სასამართლო დავები, ერთი შეხედვით, კერძო დავებია და ფორმალურად, მთავრობის მიერ ცენზურისკენ გადადგმულ ნაბიჯად არ გამოიყურება.
ცილისწამების საწინააღმდეგო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საფრთხე რეალისტურად გამოიყურება იმის ფონზე, როდესაც საქართველოში მოხშირებული SLAPP-ები მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ავლის შედეგია: კორუფციასა თუ სხვა დანაშაულში მხილებული ბიზნესმენები, თანამდებობის პირები თუ მათთან დაახლოებული პირები პირდაპირ სასამართლოს მიმართავენ.
წინა კვირას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის დაანონსებისას, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მედიის თვითრეგულირების მექანიზმები არაეფექტური იყო.
კონტექსტი მთავარია
მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო გეგმები ნოემბრის ბოლოდან მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 5 თებერვალს გამოაცხადა, მალევე, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მიერ გაკრიტიკებული სხვა ცვლილებები მიიღო.
მედიის ახალი რეგულაციების პარალელურად, მდინარაძე საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირებისთვის ამერიკულ FARA-ს კანონთან (“უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი”) კიდევ უფრო მიმსგავსებული ვერსიის, “პირდაპირი ასლის” მიღებასაც დაჰპირდა. “ქართული ოცნების” მიერ გამოცხადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს შორისაა ასევე ცვლილებები, რომლებიც საჯარო მოხელეებს ხელმძღვანელის უნებართვოდ უცხოური დაფინანსებით “სარგებლის მიღებას“ აუკრძალავს, ხოლო მმართველ გუნდს კანონმდებლობაზე მუშაობისას არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის ვალდებულებას გაუუქმებს.
მმართველი პარტია FARA-ს ზედმიწევნით კოპირებაზე საუბრობდა მაშინაც, როდესაც შარშან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს იღებდა. FARA-სთან გავლებული პარალელები იმთავითვე, ჯერ კიდევ 2023 წელს, ფართო კრიტიკის საგანი გახდა. შარშანწინ და შარშან, სამთავრობო პარტიამ ვერ შეძლო კრიტიკოსების გადარწმუნება, რომ ის ინიციატივა, პირველ რიგში, რუსეთში მიღებული “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონმდებლობით და შესაბამისი, მტრული რიტორიკით არ იყო შთაგონებული. ამ თვალსაზრისით, ბევრი არაფერი შეცვლილა.
“უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ ცრუ და ქვეყნის გარედან თავმოხვეული ბრალდებებისგან, პროპაგანდისგან, და უზრუნველვყოთ ისეთი მედიასტანდარტის დაწესება, როგორიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთშია”, განაცხადა 5 თებერვალს მდინარაძემ.
რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის მიღების, კრიტიკოსებზე გახშირებული ძალადობისა და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების “გადავადების“ შემდეგ, მმართველ პარტიას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება სხვების დარწმუნება, რომ ახალი რეგულაციები რუსეთში გატარებული რეპრესიული პოლიტიკის სრული მასშტაბით ამოქმედებას არ მოასწავებს.
ცუდი მოლოდინებისა და ბრალდებების გაქარწყლება უფრო მეტად რთულდება ამ თვეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე, რითაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფაზე სასჯელი გამკაცრდება.
2011 წელს, რუსეთში, საჯარო მოსამსახურეების - მათ შორის, პოლიციელებისა და მოსამართლეების - შეურაცხყოფაზე სასჯელები გამკაცრდა, 10 წლის შემდეგ კი, 2020-2021 წლებში, “ფეიკ ნიუსებთან” ბრძოლის საბაბით, კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.
ფორუმი