Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთოთხმეტე პაციენტის სიკვდილი - კითხვები, პასუხები და უპასუხო კითხვები


65 წლის კაცი, მეთოთხმეტე პაციენტი, რომელიც საქართველოში COVID19-ით გარდაიცვალა, 71 დღე იწვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. საუნივერსიტეტო კლინიკამდე ოთხი დღე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გაატარა. მანამდე, თითქმის ერთი კვირა - ე.წ.თვითიზოლაციაში. ის ერთ-ერთ ცნობილ კლასტერს, ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენდა და მარტის მიწურულს, რამდენიმე დღის განმავლობაში, თანამშრომლებთან ერთად „კოლექტიურ თვითიზოლაციაში“ ბანკის მიერ ნაქირავებ სახლში, დიღომში ცხოვრობდა. ვირუსის ნიშნები სწორედ თვითიზოლაციაში ყოფნისას გამოუვლინდა. ისევე, როგორც მასთან ერთად მცხოვრებ კიდევ ექვს თანამშრომელს.

65 წლის კაცი 13 ივნისს გარდაიცვალა. ის 14 ივნისს, კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის პროტოკოლის მიხედვით დაასაფლავეს. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი სასაფლაოზე პირდაპირ საავადმყოფოდან წაასვენეს.

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რადიო თავისუფლებას უსახელებს ვირუსით გამოწვეულ იმ გართულებებს, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია: ჰემოდიმანიკის დარღვევა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, ვეგეტაცია, სეპტიური ენდოკარდიტი, პნევმოფიბროზი, პნევმოთორაქსი.

ჰქონდა თუ არა 65 წლის პაციენტს თანმდევი დაავადებები, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ კითხვაზე ლევან რატიანი გვპასუხობს:

„ანამნეზში ჯანმრთელი იყო თუ არა, ვერ გეტყვით. მე ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რაც ჩემს თვალწინ ხდება და რისი დადასტურებაც შემიძლია. ჩვენთან შემოსვლისთანავე ტომოგრაფიამ აჩვენა ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, მას ჰქონდა მაქსიმალური, 24 ბალიანი დაზიანება. მე ამ ბატონს, სამწუხაროდ, წინა ცხოვრებაში არ ვიცნობდი და არ ვიცი, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მანამდე“.

გამოიწვია თუ არა მისი მდგომარეობის გართულება დაგვიანებულმა ჰოსპიტალიზაციამ? რადიო თავისუფლების ამ კითხვას კი ლევან რატიანი პასუხობს: „ვერ გეტყვით, გამოიწვია თუ არა ასეთი დამძიმება გვიანმა რეაგირებამ“.

14 ივნისს, გარდაცვლილი კაცის ოჯახის წევრმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს:

„ძალიან ბევრ არასასიამოვნო და გულის ამრევ კომენტარს ვაწყდები, რომ თითქოს უამრავი თანხმლები დაავადება ჰქონდა და საერთოდაც კორონა არ არსებობს... ძალიან ცდებით და უტიფრები ხართ!! ეს ადამიანი 65 წლის ასაკშიც კი ისეთი ჯანმრთელი და ახალგაზრდა იყო, ბევრ ჩემ თანატოლს ჯობნიდა!!! უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა, როდესაც სეფსისის ცენტრში დააწვინეს უკვე მძიმე იყო, მათაც უფრო დაუმძიმდათ, რადგან თურმე რეანიმაცია არ ქონდათ და თადარიგი ვერ დაიჭირეს, რის გამოც მოხდა ფილტვის უმძიმესი დაზიანება და მთელმა ორგანიზმმა მიიღო უჟანგბადობის შოკი! რატიანი რასაც ამბობს ეს გართულებები ამის ნიადაგზე განუვითარდა და არა მანამდე!“

14 ივნისსვე მან რამდენიმე მედიასაშუალებას კომენტარი მისცა, სადაც არ გამორიცხავს, რომ გარდაცვალების ფაქტს სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს, თუმცა, სხვა, დამატებით დეტალებზე გარდაცვლილის ოჯახის წევრი დღეს აღარ ლაპარაკობს და ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს იკავებს.

რა გახდა 65 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების მიზეზი?

მარტის მიწურულს, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები ე.წ. „კოლექტიურ თვითიზოლაციაში“, ბანკის მიერ ნაქირავებ სახლში გადავიდნენ. უკვე 2 აპრილს კი ეროვნული ბანკი ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, თვითიზოლაციაში მყოფ შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ მათ შორის იყო 65 წლის კაციც, რომელიც 13 ივნისს გარდაიცვალა.

ის ეროვნულ ბანკში მექანიკოსად მუშაობდა და ფულის სათვლელ მანქანებს არემონტებდა. რადიო თავისუფლება შეეცადა აპრილის დასაწყისში, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ ახალ ამბებსა თუ ტელე-სიუჟეტებზე დაყრდნობით აღედგინა სურათი, თუ როდის გამოუვლინდა კაცს ვირუსის პირველი ნიშნები და როდის გადაიყვანეს ის კლინიკაში.

აპრილის დასაწყისში, ტელეკომპანია „მთავარისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, ეროვნული ბანკის თანამშრომელი ქალი, რომელიც ბანკის მიერ ნაქირავებ სახლში სხვა თანამშრომლებთან ერთად ცხოვრობდა და ისიც დაინფიცირდა, ამბობს, რომ 65 წლის კაცმა თავი შეუძლოდ შაბათს, ანუ 28 მარტს იგრძნო, დაუკავშირდა ოჯახის ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ სეზონური ვირუსი ჰქონდა და ურჩია მიეღო სიცხის დამწევი პრეპარატები. ამავე წყაროს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამსახურში სიარული არ შეუწყვეტიათ. მისი თქმით, 28 მარტს, კაცმა სწორედ სამსახურიდან მობრუნებულმა იგრძნო თავი შეუძლოდ, გაიზომა სიცხე და მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა. 65 წლის კაცი ვირუსის ნიშნების გამოვლენიდან მხოლოდ მესამე დღეს, გვიან ღამით, 30 მარტს გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სწორედ იქ დაუდასტურდა მას კორონავირუსი.

რატომ გადაამისამართა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკამ მძიმე პაციენტი სხვა კლინიკაში?

ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა მეორე ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს იმ ღამეს, როდესაც პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს. ის ყვება, რომ კაცი კონტაქტური იყო და პირადად ელაპარაკა მას. როგორც ლია გოლიაძე გვეუბნება, პაციენტმა იცოდა, რომ მას ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი ჰქონდა და სიცხის დამწევი პრეპარატები უნდა მიეღო:

„30 მარტს გვიან ღამით შემოვიდა პაციენტი. 31 მარტს ავუღეთ ანალიზი, იმ პერიოდში, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია აკეთებდა ანალიზებს და პირველ აპრილს უკვე დადებითი პასუხი მოვიდა. პაციენტმა მითხრა, რომ სიმპტომები თვითიზოლაციაში ყოფნისას გამოუვლინდა. რამდენადაც ვიცი და როგორც მან მითხრა, ტელეფონით უკავშირდებოდა ვიღაცას, არ ვიცი, ეს ოჯახის ექიმი იყო თუ ვინ და ეს პირი ეუბნებოდა, რომ არ არის პრობლემა, გაგივლით სიმპტომებიო. როდესაც მისი მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა, მან თავად გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც უკვე 30-31 მარტის ღამეს ჩვენთან გადმოიყვანა. მას შემოსვლისთანავე დაუფიქსირდა ფილტვების ორმხრივი ანთება და მძიმე პაციენტად შეფასდა“.

ლია გოლიაძე გვეუბნება, რომ პირველ ეტაპზე, მკურნალობის ფონზე, პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა, 4 აპრილს, დილით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, უფრო კონკრეტულად კი სუნთქვითი პარამეტრები გაუარესდა, კლინიკამ დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

რატომ არ დატოვეთ მძიმე პაციენტი თქვენს კლინიკაში, არ გქონდათ მისი მართვის საშუალება? რატომ გადაამისამართეთ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში? ამ კითხვაზე ლია გოლიაძე გვპასუხობს:

„აპრილის დასაწყისში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ზოგადად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მძიმე პაციენტი გადადიოდა საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში. უფრო ზუსტად კი ამ გადაწყვეტილებით, ჯერ უნდა გავსებულიყო პირველი რიგის კლინიკების, მათ შორის, საუნივერსიტეტოს რეანიმაცია, რესპუბლიკურის რეანიმაცია, ინფექციურის რეანიმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი საჭირო გახდებოდა, უნდა დაწყებულიყო დანარჩენი კლინიკების რეანიმაციების გამოყენება. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო რეანიმაცია გვაქვს ქალაქში, თუმცა, იმ პერიოდში იყო ასეთი დადგენილება, რომ რეანიმაციული პაციენტებით პირველ რიგში ის კლინიკები უნდა გავსებულიყო, რომლებიც დაგისახელეთ. ჩვენგან რომ წაიყვანეს პაციენტი იყო აბსოლუტურად გონზე და იყო აბსოლუტურად ადეკვატური“.

ჰქონდა თუ არა პაციენტს სხვა თანმდევი, ქრონიკული დაავადებები? რადიო თავისუფლების ამ კითხვას, ლია გოლიაძე პასუხობს:

„როგორც მან მითხრა, ის იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი. პირველად ვარ საავადმყოფოშიო. შესაძლოა, ჰქონდა რაიმე დაავადებები, რომლებიც მას არ აწუხებდა, მაგრამ მისი სიტყვებით, ის არასდროს არაფერს შეუწუხებია“.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიერ ნახსენებ დადგენილებას მძიმე პაციენტების პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადამისამართების შესახებ, ამგვარ დადგენილებას რადიო თავისუფლებამ ვერ მიაკვლია. კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი კი გვეუბნება:

„დიახ, გიდასტურებთ, იმ პერიოდში, კრიტიკული და მძიმე პაციენტები მოდიოდნენ ჩვენთან. ვისი გადაწყვეტილება იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა მძიმე პაციენტს იღებდა ჩემი რეანიმაცია. თანამედროვე რეანიმაცია გვაქვს, 40 საწოლზე გათვლილი. რეანიმაცია იყო სრულად დაცლილი და ამიტომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი, რომლებიც ყველაზე მძიმე პაციენტებს ვიღებდით“.

ეროვნული ბანკის ზოგადი პასუხი კონკრეტულ კითხვებზე და სამძიმრის წერილი სამ წინადადებაში

გარდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკისა, გარდაცვლილის ოჯახის წევრს კითხვები აქვს ეროვნულ ბანკთან და არ გამორიცხავს, რომ საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს.

რადიო თავისუფლებამ ეროვნულ ბანკს რამდენიმე კითხვით მიმართა:

  • გარდაცვლილის ოჯახის წევრი ამბობს, რომ მამამისი სამსახურში სიცხიანი დადიოდა: „უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა“, - შეესაბამება თუ არა ეს განცხადება სინამდვილეს?
  • ბოლოს როდის იყო გარდაცვლილი სამსახურში და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
  • ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც ეთერში 10 აპრილს გავიდა, ეროვნული ბანკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი „კოლექტიური თვითიზოლაციის“ ზონიდან სამსახურში დადიოდნენ. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
  • ვინ ზრუნავდა კარანტინში მყოფი თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგზე? ბანკის თანამშრომლები და მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრიც ამბობს, რომ ოჯახის ექიმმა მას უთხრა, რომ სიცხე, რომელიც მას თვითიზოლაციისას დაუფიქსირდა, სეზონური ვირუსის ბრალი იყო. ოჯახის წევრი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ დაგვიანდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, რამაც საბოლოოს მისი ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია.

ეროვნულმა ბანკმა რადიო თავისუფლების კითხვებს წერილობით უპასუხა:

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ კორონავირუსის ინფექციის შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოჯახის წევრთა ემოციურ განცხადებებზე კომენტარი არ მიგვაჩნია მართებულად. გვერწმუნეთ, ეს ამბავი ეროვნული ბანკის თითოეული თანამშრომლისთვისაც უმძიმესია.

რაც შეეხება ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე დროს, ჩვენი თითოეული ნაბიჯი სრულდებოდა ჯანდაცვის პროფესიონალებთან შეთანხმებითა და მათი რეკომენდაციების სრული დაცვით, რის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებასაც არაერთხელ მივაწოდეთ“.

აქვს თუ არა კითხვები ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ ბანკთან და გარდაცვლილი პაციენტის ისტორიასთან დაკავშირებით?

ამ კითხვებზე პასუხის მოძიება რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მარტიდან მოყოლებული ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით გადამზადდა ასობით ოჯახის ექიმი, რათა მომხდარიყო ინფიცირების დროული იდენტიფიცირება, მეთოთხმეტე გარდაცვლილის შემთხვევა აჩენს კითხვის ნიშნებს ამ რგოლის გამართულად მუშაობასთან დაკავშირებით, რაკიღა როგორც თავად პაციენტი, ისე მისი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ 65 წლის კაცი სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდა ოჯახის ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ საქმე სეზონურ ვირუსთან ჰქონდა და სიცხის დამწევი საშუალებების დალევა ურჩია.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ ეროვნული ბანკის თვითიზოლაციაში მყოფი თანამშრომლები, დამსაქმებლის დავალებით სამსახურში დადიოდნენ და ეს მაშინ, როდესაც თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არ აქვთ საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვების უფლება, ამ საკითხს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში გამოეხმაურა და მეტად ბუნდოვანი განცხადება გააკეთა:

„ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ დაკვირვების ქვეშ, სანამ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომები, რის შემდეგაც მოხდა მათი ტესტირება და დადასტურდა კოვიდინფექცია, სამსახურში დადიოდნენ. უბრალოდ, მათ ამ დროისთვის არანაირი ჩივილი არ ჰქონდათ, შესაბამისად, არც დამსაქმებელს და არც ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, აეკრძალა ამ ადამიანებისთვის მუშაობა. უბრალოდ, ისინი იცავდნენ თვითიზოლაციისა და საკარანტინე პირობებს, რომელიც მითითებული იყო ჩვენი მხრიდან. ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე მათ დამსაქმებელთან. ისინი ასრულებდნენ ყველა მითითებას“.

ჯანდაცვის მინისტრის ციტატის დამატებითი განმარტება რადიო თავისუფლებამ სამინისტროსგან ვერ მიიღო.

რაც შეეხება თვითიზოლაციისა და საკარანტინე წესების დარღვევას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის თანახმად, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, გადადიან მკაცრ თვითიზოლაციაში ან კარანტინში, რომლის თვითნებურად და იძულებით დატოვების შემთხვევაში, სოლიდური ჯარიმებია დაწესებული როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG