Accessibility links

მესამე დიდი აქცია ჟონეთში - ისევ ნამახვანჰესის წინააღმდეგ


საპროტესტო აქცია

უწყვეტი პროტესტის 29 დღეს, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, იმ ადგილზე გამართეს აქცია, სადაც კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთათვის მდინარის ჭალაში კოტეჯები ააშენა.

მდინარე რიონის ხეობის სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ მსვლელობა დაიწყო სოფელ ნამახვანიდან, ადგილიდან სადაც მშენებელი კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა, ერთი თვის წინ კი ადგილობრივებმა იქ კარვებში გაშალეს და მას შემდეგ მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ღამეებს ათევენ.

პროტესტის დაწყებიდან, 25 ოქტომბრიდან დღემდე, ეს უკვე მესამე ხალხმრავალი აქციაა. 29 ოქტომბერს, პირველ დიდ აქციაზე ხალხმა იმ ადგილზე ,სადაც მძიმე ტექნიკით კლდის ნაწილი მოჭრეს, ჯვარი აღმართა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იმ ადგილიდან კომპანია „ენკამ“ ტექნიკა გაიყვანა.

მეორე, 14 ნოემბრის აქცია, როცა ჯაჭვით ჩაბმულმა აქციის მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გადაკეტეს, პოლიციამ დაშალა.

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, უწყვეტი პროტესტით ითხოვენ საფრთხის თავიდან აცილებას, რაც, შესაძლოა, ჰესის მშენებლობას მოჰყვეს. გოლეთიანის თქმით, ამ დრომდე მათ არ ხვდება არც ერთი პასუხისმგებელი პირი, ვინც ჰესის მშენებლობის უსაფრთხოებას დაასაბუთებს.

ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

„აქამდე არ ასაჯაროვებენ დოკუმენტებს - გარემოზე ზემოქმედების გეგმას, თუ დოკუმენტი აქვთ, რატომ არ არის ჩვენთვის ცნობილი, ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეჩერდეს ჰესის მშენებლობა და კომპანია „ენკამ“ დატოვოს ტერიტორია. ჩვენმა უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და მხარდამჭერები გვემატება, რომლებიც ხედავენ სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან არაკანონიერ ქმედებებს“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

აქციის მონაწილის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთათვის საცხოვრებელი კოტეჯების მოსაწყობად კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისგან, რაც დაუშვებელია:

„ეს არის მეხუთე ტიპის მშენებლობა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გაეცა ნებართვა. მოსამზადებელი სამუშაოების ნებართვა ისეა გაცემული, თითქოს კომპანიამ დოკუმენტაცია უნდა დააწიოს მშენებლობას, რაც არასწორია“.

ნამახვანჰესის მშენებლობა
ნამახვანჰესის მშენებლობა

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მსგავსი მშენებლობისას ჯერ უნდა შემუშავდეს დოკუმენტები სრულფასოვნად და შემდეგ დაიწყოს მშენებლობა:

„ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს კორუფციულ გარიგებაზე და ვითხოვთ, მთავრობამ და ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გაგვცეს პასუხი კითხვაზე, თუ რამდენადაა დაცული დიდი ჰესის მშენებლობის სტანდარტები და წესები“.

მესამე მასშტაბურ აქციას, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეურთდნენ. თამარ ასათიანი, რომელიც აქციაზე ქუთაისიდან ჩავიდა, ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და სხვადასხვა ადგილზე გამართავენ აქციებს, რათა მეტ ადამიანს მიაწვდინონ ინფორმაცია მათი მოთხოვნებისა და ჰესის მშენებლობით შექმნილ საფრთხეებზე.

მესამე დიდი აქცია ჟონეთში - ისევ ნამახვანჰესის წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:50 0:00

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, არავის დაუთვლია, თუ რა ზარალს მიიღებენ რიონის ხეობის მცხოვრებნი ჰესის მშენებლობის შემდეგ, როგორ ზემოქმედებას მოახდენს კასკადი ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე, ან გადარჩება თუ არა თუნდაც ყურძნის ავთენტური ჯიშები კლიმატის ცვლილების პირობებში.

ჟონეთში გამართული აქციისას თქვეს, რომ რიონის ხეობის სოფლების მოსახლეობას საკუთარი უსაფრთხოების დაცვა პროტესტის უკიდურესი ფორმით უწევს, რადგან სახელმწიფო და ინვესტორი მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

22 ნოემბერს გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა. აქციის მონაწილეები ავტომანქანებით ქუთაისში წამოვიდნენ და ქალაქის ცენტრში ანთებული ფარებით მსვლელობა გამართეს.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

კომპანია ენკა-მ ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენელო სამუშაოები 2020 წლის მაისში დაიწყო და ამჟამად ერთდროულად ოთხ ადგილზე მიმდინარეობს. ნამახვანის ჰესების კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, სოფელ ნამოხვანში 111 მეტრი იქნება. სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ. ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი 2025-2026 წელია, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG