Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩერდება მეტრო? - თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და დავის დაწყებას აპირებენ


თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების 20%-იან ზრდას მოითხოვენ და კოლექტიური დავის დაწყებას აპირებენ სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ. თუ კი ისინი დამსაქმებელთან ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა, გაიფიცონ. ხოლო მეტრო, რომელსაც საშუალოდ 500 000 ადამიანი გადაჰყავს ყოველდღიურად, გაჩერდეს.

„ერთხელ უკვე მივედით გაფიცვამდე“, - ამბობს აჩიკო ლაბაძე, პროფკავშირის წარმომადგენელი და ამატებს: „არანაირი ლოგიკით არ უნდა მოხდეს მეტროს გაჩერება. ატყობთ როგორი [სატრანსპორტო] კოლაფსია ქალაქში. ვიმედოვნებთ, რომ მოგვარდება სიტყვიერად, მაგიდის გარშემო საუბრით“.

დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, „ერთობა 2013“ - რომელიც 600 დასაქმებულს აერთიანებს - სამშაბათს, 29 ნოემბერს განაცხადა დავის დაწყების გეგმის შესახებ. თუმცა მათივე თქმით, ბრიფინგის წინა ღამით, კომპანიამ მათთან შეხვედრისა და გარკვეული შეთავაზების განხილვის ინიციატივა გამოთქვა. შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაიწყებს თუ არა პროფკავშირი შრომითი დავის პროცედურას.

პროფკავშირის „ერთობა 2013“ წევრებმა, დიდუბის მეტროსთან განაცხადეს საკუთარი მოთხოვნების შესახებ. 29 ნოემბერი, 2022.
პროფკავშირის „ერთობა 2013“ წევრებმა, დიდუბის მეტროსთან განაცხადეს საკუთარი მოთხოვნების შესახებ. 29 ნოემბერი, 2022.

ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, თუ მედიაციის პროცესში მხარეები ვერ მორიგდებიან დასაქმებულებს გაფიცვის უფლება ექნებათ.

თბილისის მეტრო, რომელიც, დაახლოებით, 2 200 ადამიანს ასაქმებს, პირველად გაჩერდა 2018 წლის ივნისში, მემანქანეების გაფიცვის გამო. 23 სადგურისა და 54 კმ-ისგან შემდგარი მიწისქვეშა ტრანსპორტის ქსელის გაჩერებამ ქალაქის პარალიზება გამოიწვია. მაშინ დასაქმებელმა მათ ხელფასები 10-30%-ით გაზარდა.

2022 წლის იანვარში მათ კიდევ 15%-ით მოემატათ ხელფასი, თუმცა აჩიკო ლაბაძის თქმით, მაღალი ინფლაციის პირობებში, მათი ანაზრაურება მათი შრომის შეუსაბამოა.

„გვინდა იმ ხელფასის მომატება, რაც ინფლაციამ შეჭამა“, - ამბობს ის.

აი, რას ჰყვება მეტროპოლიტენის ზოგიერთი თანამშრომელი:

მარინა მიხანაშვილი, კონტროლიორი

55 წლის მარინა მიხანაშვილი მეტროსადგურ 300 არაგველზე ესკალატორზე მგზავრების უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს. ორი საათი მიწისქვეშა ჯიხურშია, ორიც - ზევით. ქვევით უჰაერობაა, ზევით - ორპირი ქარი. დღეში 12 საათი მუშაობს. დღე არ გავა, რომ რამე ინციდენტი არ მოხდეს - ზოგი ესკალატორზე საპირისპირო მიმართულებაზე შედის, როცა ტელეფონით ლაპარაკობს. ხანაც ნასვამი კაცი დაგორებულა. ვიღაცამ ძაღლი ალიკაპის გარეშე შეიყვანა ვაგონში…

ინციდენტის დროს, კონტროლიორის მოვალეობაა, სწრაფად გააჩეროს ესკალატორი.

„ხშირად რომ უყურებ [ესკალატორს] თითქოს თავბრუ გეხვევა. ან კიდევ გგონია, რომ გაჩერებული ესკალატორი მოძრაობს. ასეთი შეგრძნებაა და დამღლელია ძალიან თვალისთვისა და გონებისთვის“, - ამბობს ის.

16 წელია, რაც მარინა კონტროლიორად მუშაობს. მისი ხელფასი 700 ლარამდეა.

მგზავრების ნაკადი, მარინას დაკვირვებით, წელს ერთი ორად გაიზარდა. მათთან ერთად, პრობლემები და პასუხისმგებლობაც. გადატვირთული ტრანსპორტით უკმაყოფილო და გაღიზიანებული მგზავრები ხშირად მარინასთან გამოხატავენ პრეტენზიებს.

„დაძაბული, ფსიქო-ემოციური დატვირთვა გვაქვს, გარდა იმისა, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ“, - ამბობს ის.

იმ დღეებს, როცა ისვენებს, მარინა მეორე სამსახურში - ნახევარფაბრიკატების საწარმოში მუშაობს.

„ყველას საბანკო ვალდებულებები გვაქვს. ვითმენთ, იქნებ უკეთესი იყოს. იქნებ, იქნებ, მაგრამ ისე გადის ცხოვრება, რომ... უკვე 16 წელი გავიდა. რაც მოვედით, იმაზე რაღაცა უკეთესობა კი შეიცვალა თითქოს, მაგრამ ცხოვრება, სამომხმარებლო კალათა ისე გაძვირდა ყველაფერი. კომუნალურებს და ბანკს ვიხდით და არსებობაც გვინდა“, - ამბობს ის.

ხათუნა ჩიტიშვილი, ცენტრალური საგუშაგოს მორიგე

როცა პარასკევს საღამოს ხათუნა ჩიტიშვილის ცვლა დაიწყო მეტროპოლიტენში, მას ერთი სამსახური უკვე მოლეული ჰქონდა. ეს ღამე უნდა გაათენოს.

„ამ დაღლას, რაც გუშინ დავიღალე, მე დღეს ვერ ავინაზღაურებ, იმიტომ, რომ ოჯახი მაქვს და აქაც სჭირდებათ შვილებს დედა, ოჯახში საჭიროა ქალი“, - ამბობს ის.

300 არაგველზე, ბაქანზე, გვირაბთან ახლოს, აზბესტის ფილებით გადახურულ პატარა ოთახში, სადაც ორი ადამიანიც გაჭირვებით ეტევა, ხათუნა კომპიუტერის ეკრანზე უყურებს მატარებლების მოძრაობას პირველ და მეორე ხაზებზე. მას ევალება მატარებლის შეფერხების აღმოფხვრა, მისი ჩიხში შეყვანა. საბჭოთა ტექნიკით გაწყობილ, ჩახუთულ ოთახში ხათუნა 12 საათს ატარებს.

მეტროში ხათუნა 2006 წლიდან მუშაობს. ახლა მისი ხელფასი 900 ლარამდეა.

„ადმინისტრაციისგან სულ მესმის - რას აკეთებთ, სულ ზიხართ. ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა ჯდომით უნდა შევასრულო და ვუყურო იმ მონიტორს, სადაც ვუყურებ მატარებლების მოძრაობას. ასევე მაღლა სამმართველოში სულ ზიან, მაგრამ ჩემზე მეტი ათასებით აქვთ ხელფასი. და მე რატომ არ უნდა მქონდეს?“ - ამბობს ის.

რობერტ მარგიშვილი, პნევმატური საამქროს ოსტატი

„რამ მაყიდინა ეს ახალი მაცივარი. ორკამერიანი. არ ივსება, სულ ცარიელია“, - ამბობს რობერტ მარგიშვილი და ამატებს: „ამ დღეში ვართ ყველა. თვიდან თვემდე წამლის ფული არ გაქვს და გაიაფების დღეებს ელოდები აფთიაქში“.

რობერტი ყოველ დღეს, 8 საათს დეპოში ატარებს, სადაც მეტროს მოძრავ შემადგელობას ემსახურებიან, არემონტებენ. მისი სამუშაო მძიმე და მონოტონურია.

„შენთვის უცნობ ადამიანებზე - ზოგიერთი ნაცნობია, შენი ოჯახის წევრი - იღებ პასუხისმგებლობას. ერთი მუშა კაცი, რომელიც თავისი შრომით, გარჯით დაღლილია, ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ მიდი-მოდის. ამ კაცს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული თავის ბეჭებზე“, - ამბობს რობერტი და ამატებს: „ღირსების გრძნობა ამ რუტინას გალახინებს. ღირსეული კაცი ხარ. შენ ქალაქს კარგად ემსახურები. შენ ნაცნობებს, უცნობებს ყველას კარგად ემსახურები და რახან შენ ხარ ღირსეული ადამიანი, შენ მიმართ დამოკიდებულებასაც ღირსეულს ითხოვ“.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10% იქნება. თუმცა მეტროში დასაქმებულები ორციფრიან ეკონომიკურ ზრდას საკუთარ თავზე ვერ გრძნობენ

„მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ. რატომღაც ჩვენ, მშრომელი ხალხი, ამ ყველაფერს ვერ განვიცდით. თუ ქალაქისთვის ასეთ საჭირო საქმეს ვაკეთებ, რატომ ვრჩები ამ თხრილში და ორმოში ამოუსვლელი?“, - ამბობს ის.

***

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ მეტროს პროფკავშირებთან ჩანიშნულ შეხვედრას. კომპანიაში ამბობენ, რომ დასაქმებულებთან 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ხელფასების მატებას განიხილავენ.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედია გარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG