Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება არჩევნებისთვის - რომელი არჩევნებისთვის?


ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგი საქართველოს პარლამენტის წინ.
ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგი საქართველოს პარლამენტის წინ.

„ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტში შევა და შედეგად - საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. მმართველი პარტიის სიის მე-17 ნომერმა, ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებების ფორმატში - „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს არცკი განიხილავს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან სწორედ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული კომპრომისული წინადადების მოლოდინშია.

  • რა დრო რჩება ჩიხიდან გამოსასვლელად? რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

„ვფიქრობ, მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ორივე მხარე, ანდა შეგვიძლია ვთქვათ - 9-ვე მხარე („ქართული ოცნება“ და 8 ოპოზიციური პარტია) - მოვა იმ გადაწყვეტილებით, რომ აუცილებელია კომპრომისის გამონახვა, რადგან ეს ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო... ჩვენც გვაქვს მისატანი (კომპრომისული წინადადება) და მათაც აქვთ მოსატანი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-17 ნომერი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ყოფილი უფროსი - ნიკოლოზ სამხარაძე.

რის დათმობას აპირებს „ქართული ოცნება“ და აპირებს თუ არა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვას, ოპოზიციის მოლოდინის შესაბამისად?

ამ შინაარსის შეკითხვებზე ნიკოლოზ სამხარაძე გვპასუხობს შემდეგს:

  • „ვადამდელი არჩევნები ვერ იქნება განხილული, რადგან არჩევნები სულ რაღაც ორი დღის წინ დასრულდა. შემდეგი არჩევნები კი, გვექნება 2021 წელს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“;
  • „ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნებისმიერ სხვა საკითხზე, გარდა ვადამდელი არჩევნებისა... ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია... დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება“;
  • „თუკი არჩევნების შედეგებში ეპარებათ ეჭვი, ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ პარლამენტში შექმნან საგამოძიებო კომისია და ამ გზით მიაღწიონ შედეგების (ბიულეტენების) ხელახალ გადათვლას“;
  • „პარლამენტში (ოპოზიციასთან ერთად) შეგვიძლია, ჩვენ ასევე ვიმუშაოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წესების ცვლილებაზე - დავხვეწოთ წესები და გავაუმჯობესოთ გამჭვირვალობა - შეგვიძლია ელექტრონული კენჭისყრის კომპონენტებიც შემოვიტანოთ, რომ არჩევნების შედეგებმა შეკითხვები აღარავის გაუჩინოს“.

რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის მოლოდინი. ხელისუფლების ოპონენტები კვლავაც უცვლელ პოზიციაზე რჩებიან - მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

24 ნოემბერს არ გამართლდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართებოდა. სამაგიეროდ, ოპოზიციონერი ლიდერები პარტია „ლელოს“ ოფისში ერთმანეთს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მათთვის ბოიკოტი თვითმიზანი არ არის, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გადაილახება წითელი ხაზი, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე გადის.

  • „ასეთ ვითარებაში გამორიცხულია, ოპოზიციამ პარლამენტში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ ბოიკოტი გაგრძელდება და გაგრძელდება მანამ, ვიდრე - არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები... მეორე ალტერნატივაა ჩრდილოეთ კორეის პარლამენტი, სადაც „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო“ - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“;
  • „სხვა გზა ფიზიკურად არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში - ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“ - ზაალ უდუმაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „გამოსავალი არის პოლიტიკური შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მისი ჩატარების წესებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით - იგულისხმება ცესკოს ადმინისტრაცია“ - ბადრი ჯაფარიძე, „ლელო“.

ოპოზიციის ერთსულოვნების ფონზე, „ქართულ ოცნებაში“ მაინც სჯერათ, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების გარეშეც შევა პარლამენტში.

პირადად ნიკოლოზ სამხარაძეს ამ მხრივ აიმედებს ოპოზიციური პარტიების ცალკეული წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც, მისი თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბოიკოტის იდეის მართებულობას.

იმედიანი განწყობისთვის სამხარაძეს მეორე არგუმენტიც აქვს - „თუკი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკა არის მართლაც დასავლური და პროევროპული, მათ ძალიან გაუჭირდებათ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ წასვლა და ისინი შემოვლენ პარლამენტში... მაშინ მათი მიზეზები უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ვიღაცას რომ არჩევნების შედეგი არ მოსწონს, ვერ იქნება მკაფიო მიზეზი“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის სასურველია მრავალპარტიული პარლამენტის მუშაობა და მათგან პარლამენტში არშესვლის მოწოდებები უფრო გასაკვირი იქნებოდა, მაგრამ - ეს პრობლემა პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რადგან არჩევნები მან გააყალბა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით უნდა დაუბრუნდეთ წართმეული ხმები ამომრჩევლებს.

სოციალურ ქსელებში ჩანს საზოგადოების ინტერესი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებისადმი. ფეისბუკში გამართული დისკუსიები აჩვენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა ბევრმა ოპოზიციის გადაწყვეტილებების სიმტკიცედ აღიქვა.

  • 21 ნოემბერს დისკუსიების დღის წესრიგიდან მოიხსნა შეკითხვა - მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში - მეორე ტურმა ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ჩაიარა;
  • ახლა საზოგადოება ელოდება პასუხს მეორე მთავარ შეკითხვაზე - შევლენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ახალ პარლამენტში - ამჟამად ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ შეკითხვას უარყოფითი პასუხი გაეცემა (მით უფრო - ხელისუფლების მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმის პირობებში).

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ყველაზე გვიან - 20 დეკემბერს გაიმართება. კანონის თანახმად, სხდომა ინიშნება 10 დღის ვადაში ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ. თავის მხრივ, არჩევნების შედეგები ყველაზე გვიან 10 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. ამ ვადის ხანგრძლივობა საარჩევნო დავების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს - სპეციალისტების შეფასებით, ვადამდელი რიგგარეშე არჩევნების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტის ამოქმედების შემდეგ. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის ორი გზა არსებობს და ორივე მათგანი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას უკავშირდება.

24 ნოემბერს, „ლელოს“ ოფისში შეხვედრაზე, ოპოზიცია სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავდა პარლამენტის სხდომის პირველი დღის გეგმებსაც. იყო საუბარი მასშტაბური მიტინგის გამართვასთან დაკავშირებით და როგორც პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა თქვა - „თუ არაფერი შეიცვლება და მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, საკანონმდებლო ორგანოში შეკრების დღეს იქნება ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა. ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“.

თუკი „ქართული ოცნება“ სულ მარტო შევა პარლამენტში - რა პრობლემები შეექმნება ერთპარტიულ პარლამენტს და სრულფასოვანი იქნება თუ არა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა?

ამ შინაარსის შეკითხვებზე პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, სიის მე-17 ნომერი ნიკოლოზ სამხარაძე გვეუბნება, რომ პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა პრაქტიკულად არ შეიზღუდება, მაგრამ, მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ - პარლამენტი მნიშვნელოვან არსს დაკარგავს.

„პარლამენტის არსი თავისთავად არის ის, რომ იქ უნდა იყოს დებატები, იქ უნდა იყოს დისკუსია და იქ უნდა იყოს კამათი. თუ ოპოზიციური პარტიები არ შემოვლენ პარლამენტში, ეს ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის საქმიანობისთვის, აღარ იქნება, მთლიანად ჩაეხსნება პარლამენტს და ეს იქნება ძალიან ცუდი...

ჩვენი პარლამენტი ისედაც არ გამოირჩეოდა 20 წლის განმავლობაში ჯანსაღი და საგნობრივი დისკუსიით, მაგრამ მრავალპარტიულობა სწორედ იმისთვის იყო საჭირო, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასულიყო ... ეს თუ არ მოხდება, რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება. იურიდიულად პარლამენტის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშლება“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG