Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მთავარი მიზანი კრემლის აღებაა” - რა ვიცით რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან?


კადრი ვიდეოდან: რუსი პარტიზანები დებენ პირობას, რომ გაათავისუფლებენ ქვეყანას პუტინის რეჟიმისგან
კადრი ვიდეოდან: რუსი პარტიზანები დებენ პირობას, რომ გაათავისუფლებენ ქვეყანას პუტინის რეჟიმისგან

პუტინის ომმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. კრემლი ამტკიცებს, რომ ბელგოროდის ოლქს “უკრაინელი დივერსანტები” უტევდნენ. თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსულმა შენაერთებმა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან. ეს პირველად არ ხდება.

22 მაისს კრემლმა სპეცოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ბოლო წელიწად-ნახევარში უკვე მეორედ. მაგრამ ამ ჯერზე მიზანი არა მეზობლისთვის ტერიტორიების წართმევა, არამედ საკუთარის დაცვა იყო. უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში ბრძოლები ორ დღეს გაგრძელდა.

"ისეთივე რუსები"

“მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობავ! დარჩით სახლში, არ გაგვიწიოთ წინააღმდეგობა და არ შეგეშინდეთ: მტრები არ ვართ. ისეთივე რუსები ვართ, როგორც თქვენ.” - ამბობს შეიარაღებული კაცი, მეტსახელად კეისარი. ეს ნაწყვეტია ვიდეომიმართვიდან, რომელიც მოხალისეთა ბატალიონის “სვობოდა როსიი” (თავისუფლება რუსეთს) ტელეგრამარხმა 22 მაისს, დილით გაავრცელა.

ცოტა ხანში, ბელგოროდის ოლქში შეჭრის შესახებ განაცხადა კიდევ ერთმა ფორმირებამ, “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა”. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები სროლების შესახებ საზღვრისპირა დასახლებებში: დრონოვკაში, გლოტოვოში, კოზინკაში და გორა-პოდოლში.

ტელეგრამარხების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში პარტიზანები ტრაბახობენ, რომ ხელში ჩაიგდეს რუსული სამხედრო ტექნიკა. თქვეს, რომ დაახლოებით 30 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია “გაათავისუფლეს პუტინის რეჟიმისგან”.

“ნოვაია გაზეტა ევროპას” ინფორმაციით, რამდენიმე საათში რუსეთმა ბრიანსკში თავი მოუყარა დაახლოებით ოთხი ათას ჯარისკაცს და საბრძოლო ტექნიკის 60 ერთეულს.

“კონტრტერორისტული სპეცოპერაცია” დასრულებულად მხოლოდ 23 მაისს გამოაცხადეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ განადგურებულია ოთხი ჯავშანმანქანა, ხუთი პიკაპი და მოკლულია “70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი”. დანარჩენებმა, უწყების მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე დაიხიეს.

აი, გამოცემა “ნიუ-იორკი ტაიმსი” თავის წყაროზე დაყრდნობით კი წერს, რომ ეს გაბერილი რიცხვებია და სინამდვილეში რუსი მოხალისეების დანაკარგები გაცილებით მწირია.

უკრაინა თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. თუმცა პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ კიევი “ცნობისმოყვარეობით აკვირდება” მიმდინარე მოვლენებს.

მან ასევე სარკასტულად დაამატა, რომ “მსგავსი ტანკების ყიდვა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება”.

2014 წელს ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ ყირიმი რუს ჯარისკაცებს არ დაუკავებიათ და მათი (მწვანე კაცუნების) ფორმაც “ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება”.

მთავარი მიზანი - კრემლი

“როდესაც უკრაინაში არიან, ბუნებრივია, ემორჩილებიან [უკრაინის] სამხედრო ხელმძღვანელობას. მაგრამ როდესაც რუსები მიდიან სახლში, ეს უკვე ჩვენი, შიდა საქმეა”, - ეუბნება რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ალექსეი ბარანოვსკი, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას “რუსეთის შეიარაღებული ოპოზიციის პოლიტცენტრი”.

მან განმარტა, რომ თანამშრომლობს ორივე სამხედრო შენაერთთან და ამ ჯერზე ამოცანა დემილიტარიზებული ზონის შექმნაა უკრაინის საზღვართან. თუმცა “ჩვენ ჯერ მოვლენების არათუ პიკს, პლატოსაც კი არ მივუახლოვდით. მთავარი მიზანი კრემლის აღება და პუტინის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემაა”.

რამდენად რეალისტურია ეს მიზანი? ბარანოვსკი ამბობს, რომ ამას დრო გვიჩვენებს. რაც უნდა იყოს, უკვე ისიც გამარჯვებაა, რომ რუსებმა ბელგოროდში ჯარი გადატყორცნეს. ანუ ეს ჯარისკაცები უკრაინაში ომს გამოაკლდნენ.

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანი მოწინააღმდეგის დემორალიზებაცაა. “პლუს იმ სისუსტეების დანახვება მსოფლიოსთვის და თავად რუსული აუდიტორიისთვისაც, თუ რაოდენ ადვილი არის რუსეთში შეჭრა და რა დაუცველია სინამდვილეში მათი საზღვრები”, - ამბობს ის.

ხუთი ძებნილი

ვინ არიან და რამდენნი? ამაზე დაზუსტებული ცნობები თითქმის არ იძებნება. თუმცა “ქარენთ თაიმმა” შეტევის ხუთი მონაწილის იდენტიფიცირება შეძლო. ხუთივეზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული. უმრავლესობაზე, ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნის ბრალდებით.

  • ალექსეი ლიოვკინი, 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა “ექსტრემისტული დაჯგუფების” შექმნისთვის. უკრავდა ბლექ-მეტალ ჯგუფში, რომელსაც “ჰიტლერის ჩაქუჩი” ერქვა.
  • ილია ბოგდანოვი, ეფესბეს ყოფილი ოფიცერი. 2014 წლიდან უკრაინის მხარეს ომობდა აღმოსავლეთ უკრაინაში. მასზე ძებნის გამოცხადების მიზეზი გასაიდუმლოებულია.
  • კირილ კანახინი, ყოფილი მსახიობი. ასევე ძებნილი. ადრე ომობდა უკრაინის ნაციონალისტურ შენაერთ “აზოვში”.
  • ალექსეი დოლგოვი. იანვარში რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადრე, მშენებლობაზე მუშაობდა, შემდეგ კი უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა. ომობს უკრაინის მხარეს 2022 წლის გაზაფხულიდან.
  • მაქსიმილიან ანდრონიკოვი, იგივე “კეისარი”. განათლებით - მასწავლებელი. თავდაპირველად უცხოელი მოხალისეების ბატალიონში არ მიიღეს, შემდეგ “სვობოდა რასიის” შეუერთდა. ახლა არტილერისტია და ასევე ევალება საზოგადოებასთან ურთიერთობა.
მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი ლიოვკინი, ილია ბოგდანოვი, კირილ კანახინი, ალექსეი დოლგოვი, მაქსიმილიან ანდრონიკოვი - იგივე “კეისარი”.
მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი ლიოვკინი, ილია ბოგდანოვი, კირილ კანახინი, ალექსეი დოლგოვი, მაქსიმილიან ანდრონიკოვი - იგივე “კეისარი”.

“ბიბისი” წერს, რომ “მოხალისეთა კორპუსი”, ძირითადად რუსი ნაციონალისტებისგან შედგება, მისი ლიდერები კი ადრე რუს ნეონაცისტურ ჯგუფებთან იყვნენ კავშირში. გამოცემის ინფორმაციით, ნოემბერში კორპუსში იყო დაახლოებით 120 ჯარისკაცი.

“სვობოდა როსიის” სიმბოლო თეთრ-ლურჯი დროშაა, რომლის ქვეშაც ბოლო წლებში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ერთიანდებიან.

რუსი პარტიზანები საზღვრისპირა რეგიონში პირველად არ იჭრებიან. მარტის დასაწყისში “მოხალისეთა კორპუსი” ბრიანსკში შევიდა. მაშინაც კრემლმა ისინი “უკრაინელ დივერსანტებად" მოიხსენია.

გარდა ამისა, გამუდმებით ვრცელდება ცნობები რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევების შესახებ. იგივე მოხდა 24 მაისის ღამესაც. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ოლქზე “მასირებული შეტევა” მიიტანეს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG