Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ცდილობს ჰესების აშენება წაახალისოს - შეძლებს?


ელექტროენერგიის გენერაციის სხვადასხვა წყარო - ფოტოილუსტრაცია
ელექტროენერგიის გენერაციის სხვადასხვა წყარო - ფოტოილუსტრაცია

საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ ქვეყანა სრულად გადაიყვანოს ადგილობრივი წარმოების დენის მოიხმარებაზე და ამ მიზნით ჰესების მშენებლობის წახალისებას ცდილობს. რამდენად სწორად არის დაგეგმილი ეს სტრატეგია, რა ვადა დაითქვა და რამდენად რეალისტურია ხელისუფლების გათვლა?    

დღეს საქართველოს ენერგოსისტემას ჰესები, თბოსადგურები და ერთი ქარის სადგური შეადგენს. აქედან გამომუშავებული დენის 70%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, 23% - თბოსადგურებზე, ერთადერთი ქარის სადგურის წილი კი ქვეყნისთვის იმდენად უმნიშვნელოა, რომ შეიძლება არ გავითვალისწინოთ.

ქვეყანა, რომლის მოთხოვნილებაც დენზე წლიდან წლამდე იზრდება, თბოსადგურებს რთავს და დენს ყიდულობს, ზაფხულის თვეებში ჰესები იმდენს გამოიმუშავებს, რომ სრულად ჰყოფნის და რჩება კიდევაც. თუმცა 2023 წლის 11 თვეში დენის მოხმარება შემცირდა, რადგან მეტალურგიის დარგმა და მაინინგკომპანიებმა ელექტროენერგიის მოხმარება შეამცირეს.

ჯერ კიდევ 2022 წელს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას აქვს სქემა, რომლითაც ერთი მხრივ აითვისებს ჰიდრორესურსებს, მეორე მხრივ კი, გადაჭრის ენერგოუსაფრთხოების საკითხებს.

„ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ბოლო რამდენიმე თვე ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც, ეს სქემა, რომელსაც წარმოგიდგენთ, შეთანხმებულია და გავლილი“, - თქვა მან მთავრობის სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საქართველომ თითქმის 1.5 მილიარდი კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა (ექსპორტის 80%-ზე მეტი თურქეთში გადის) 103 მილიონ დოლარად, რაც რეკორდულად ბევრია, ზოგჯერ დენს მაინც ყიდულობს.

ბოლო წლებში ელექტროენერგიის ძირითადი მიმწოდებელი რუსეთია. იქ ნაყიდი ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთზეც ნაწილდება. მაგალითად, შარშან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 682 მლნ კვტ.სთ იყო, რაც თითქმის სრულად აფხაზეთმა მოიხმარა.

შარშან დანარჩენმა საქართველომ იმპორტს, სავარაუდოდ, თბოსადგურების ხარჯზე აარიდა თავი. თუმცა თბოსადგურების გამოყენებაც სხვის რესურსებზე დამოკიდებულებას ნიშნავს. ძირითადად იაფ გაზზე, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიის გაზსადენით გატარებული გაზის სანაცვლოდ აზერბაიჯანიდან იღებს.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა ელოდება, რომ ხელშეწყობის ახალი მოდელით 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება ენერგეტიკის სექტორში, ამას გარდა, 3 წელიწადში ქვეყანას 1500 მეგავატი სიმძლავრის ჰიდრო, მზისა და ქარის ელექტროსადგურები შეემატება.

ამ სქემით, აუქციონს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს და 15-წლიან ხელშეკრულებას იმ კომპანიებთან აფორმებს, რომლებიც სახელმწიფოს დენის ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობენ.

ანუ სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იყიდის კონტრაქტში დადგენილ ფასად დენს, თუმცა განსხვავებული პირობებით:

  • ჰესებისგან − წელიწადში 8 თვე
  • ქარის ელექტროსადგურებისგან − წელიწადში 9 თვე
  • მზის ელექტროსადგურებისგან კი − მთელი წელი

„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში აუქციონის დროს ყველა ტექნოლოგია ერთმანეთს ეჯიბრება“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ დირექტორი დათო ჭიპაშვილი. იგი აკრიტიკებს მთავრობის სქემას, რომლითაც აუქციონი ჰესების, ქარისა და მზის სადგურებისთვის ცალ-ცალკე გამოცხადდება.

„ამას გარდა, ამ მექანიზმის მთელი არსი არის ის, რომ ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს ელექტროენერგეტიკის ბირჟა, რადგან ეს მექანიზმი მოჭრილად ტარიფზე შეთანხმებას არ გულისხმობს. ბირჟა თუ არ ირთვება, მაშინ რა აუქციონს ატარებ?!“ - ამბობს ჭიპაშვილი.

საქმე ისაა, რომ ამ სქემით, დენის მწარმოებელს ელექტროენერგია გასაყიდად ენერგეტიკულ ბირჟაზე გააქვს და საბაზრო ფასს ადგენს. სხვაობას საბაზრო და კონტრაქტში ჩაწერილ ფასს შორის კი სახელმწიფო კომპანია ესკო (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) ანაზღაურებს.

მაგალითად, თუ ხელშეკრულება რომელიმე კომპანიასთან დადებულია შვიდ ცენტზე, ბირჟაზე კი დენის ფასი ხუთი ცენტია, მაშინ ესკოს მოუწევს დამატებით ორი ცენტის გადახდა თითოეულ კილოვატსაათში. თუ პირიქით მოხდა და ბირჟაზე ათი ცენტი ეღირება დენი, მაშინ კომპანიას მოუწევს ესკოსთვის სამი ცენტის დაბრუნება.

თუმცა საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა არ არსებობს. მთავრობამ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება ჯამში ექვსჯერ გადადო. ეკონომიკის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბირჟის ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში ესკო ათვლის წერტილად იმ ფასს აიღებს, რა ფასადაც ის იმ მომენტისთვის ჰესებისა და იმპორტიორებისგან ყიდულობს დენს.

ჰესების დაფინანსება საქართველოში 2017 წლიდან შეაჩერეს. მანამდე სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრულ ფასად ყიდულობდა დენს ადგილობრივი კომპანიებისგან.

„ფაქტობრივად ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით დგებოდა ხელისუფლებასა და ინვესტორს შორის. ამიტომ ძალიან დიდი კორუფციული რისკი იყო“, - ამბობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის [GRASS] მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია.

ამის გამო და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შემდეგ, ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება სახელმწიფომ შეწყვიტა.

თუმცა კვარაცხელია ახალ მექანიზმშიც „ვერ ხედავს“ კორუფციული გარიგების აღმოფხვრის გარანტიას: „ქაღალდზე კი მოიხსნა ფასზე შეთანხმების რისკი, მაგრამ პრაქტიკაში რა იქნება, არავინ იცის. ყოველთვის არის შესაძლებელი იცოდე, როგორი გენერაციის ტექნიკური მახასიათებლები აქვს შემუშავებული კონკრეტულ კომპანიას და გამოაცხადო ეს აუქციონი ისეთი ფორმით, რომ იმ კომპანიამ მოიგოს. ანუ ტენდერში ფასზე შეთანხმების რა პრინციპებიც მუშაობს, ისინი აქაც არ არის უგულებელყოფილი“.

ქვეყანაში ჰესები მხოლოდ სახელმწიფოს სხვადასხვა დაფინანსების მექანიზმით ვერ აშენდება. ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით, ჰიდროსადგურების აშენებას მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სხვადასხვა წლებში მოსახლეობის პროტესტის გამო ქვეყანაში სამი დიდი ჰიდროსადგურის მშენებლობა შეჩერდა: ხუდონის, ნენსკრასა და ბოლოს ნამახვანის.

„მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ინვესტორის მიერ ჩადებული ინვესტიცია, მიღებული შემოსავალი და მოგება მხოლოდ მასთან რჩება. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ამ ტიპის რისკებს აზღვევს“, - გვეუბნება განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე. ამ ცვლილებით, ჰესების აშენებით მიღებული ფინანსური სარგებელი ადგილობრივ თემსაც რჩება. თუმცა მელიქიძე ხელისუფლებას სთხოვს, რომ ამ იდეის მიღებაში დაეხმაროს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდის პარალელურად დენის მოხმარება შემდეგ წლებშიც გაიზრდება.

დეკემბრის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის წარმოების უკვე მეორე აუქციონი გამოაცხადა. პირველი აუქციონი 2023 წლის დასაწყისში ჩატარდა. თუ შერჩეული პროექტები აშენდება, ქვეყანას 800 მეგავატი სიმძლავრის სადგურები შეემატება.

მთავრობას ამ სქემით 1500 მეგავატი სიმძლავრის ჰესების აშენების იმედი აქვს, რომელიც სავარაუდოდ ასე გადანაწილდება: 60%-ზე მეტი ჰესებზე, დანარჩენი კი ქარისა და მზის სადგურებზე უნდა მოვიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG