Accessibility links

მთავრობის ადმინისტრაცია: ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი იქნება


საქართველოს მთავრობა ახალგაზრდობის სააგენტოს ქმნის. დადგენილება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) შექმნის შესახებ 26 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დადგენილების მიხედვით, სააგენტოს მიზნებს შორის, ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნისა და განხორციელებისთვის გარდა, არის:

  • ახალგაზრდული ცენტრებისა და ორგანიზაციების შექმნა და ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდობის, როგორც სფეროს, ადვოკატირება ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
  • ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების, რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობისა და კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვის ხელშემწყობი საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და სხვა მხარდამჭერი და წამახალისებელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (მათ შორის, ბანაკების მოწყობა);
  • ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, ეროვნული ღირებულებების განვითარებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ახალგაზრდებში ტოლერანტობის კულტურის განვითარების, ახალგაზრდებს შორის არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბების, უმცირესობათა წარმომადგენელი და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას ვერ უთხრეს, რამდენი ადამიანი იქნება დასაქმებული სააგენტოში და რა თანხით განისაზღვრება მისი ბიუჯეტი, მაგრამ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს პრემიერის მრჩეველი ახალგაზრდობის საკითხებში, რეზო ჩარკვიანი.

რეზო ჩარკვიანი, ახალგაზრდობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის კონსულტანტად 2019 წლის აპრილში დაინიშნა. 2012 წლიდან ის არის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ პროფესორი, კითხულობს ლექციებს ბიზნეს სკოლა “ESM”-ში, სტრატეგიული ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით.
2000 წელს დაამთავრა ESM – თბილისი. იყო სარეკლამო სააგენტო „სარკეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი (2009 წლის ბოლომდე).

2018 წლის გაზაფხულზე კლუბებში სპეცრაზმის შესვლის შემდეგ გამართული ხალხმრავალი აქციებისას ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას საპოლიციო სისტემის მიმართ. რადიო თავისუფლების არქივში მოიპოვება იმ დროს ჩაწერილი ვიდეო.

რეზო ჩარკვიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერჯერობით ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ არ არსებობს და ამ ეტაპზე სააგენტოსთან დაკავშირებულ კითხვებს ვერ უპასუხებს, მათ შორის არ ადასტურებს არც მის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის გადაწყვეტილებას. ჩარკვიანი ამბობს, რომ სააგენტოს ბიუჯეტისა და საშტატო პოლიტიკის შესახებ უფრო კონკრეტული პასუხების გაცემას მომდევნო კვირაში შეძლებს.

ახალგაზრდული სააგენტოს წესდების თანახმად პრემიერ-მინისტრმა უწყების ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები დადგენილების მიღებიდან 1 კვირაში უნდა წარადგინოს.

სააგენტო, რომელიც სამი დეპარტამენტისგან შედგება, იქნება განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG